საკითხავისამხედროსასარგებლო

ნაი ხანომ ტომი – ადამიანი ლეგენდა

ლეგენდა სიამელ მებრძოლზე

ისეთ უძველეს საბრძოლო ხელოვნებას როგორიც არის მაი ტაი (muay thai) იგივე ტაილანდური კრივი, რა თქმა უნდა ჰყავს უამრავი ლეგენდარული მებრძოლი. სწორედ ერთ ერთი მათგანი იყო ნაი ხანომ ტომი, რომლის სახელიც დღეს ყოველმა ტაილანდელმა ბავშვმა ზეპირად იცის.

მას შემდეგ რაც 1767 წელს სიამი (1939 წლამდე ტაილანდს სიამი ერქვა) ბირმამ დაიპყრო ომის შედეგად, სიამელი ჯარისკაცები ბირმის ციხეში გადაიყვანეს, როგორც სამხედრო ტყვეები. მათ შორის იყო 24 წლის ნაი ხანომ ტომი. პროფესიონალი ტაი-მებრძოლი.

1774 წელს ბირმის მეფე დღესასწაულზე დედაქალაქს ეწვია რელიგიური ცერემონიალის ჩასატარებლად, რომელიც 7 დღეს გრძელდებოდა და მისი ერთ-ერთი შემადგენელი რიტუალი იყო ორთაბრძოლები. მეფე ორთაბრძოლების დიდი მოყვარული და დამფასებელი იყო, ამიტომ უფლება მისცა სიამელ პატიმრებს ტურნირში მონაწილეობა მიეღოთ ბირმელების წინააღმდეგ.

ბირმელებს, როგორც ყველა ერს ქონდათ თავიანთთვის დამახასიათებელი საბრძოლო ხელოვნება, თუმცა ბევრად ჩამოუვადრებოდა მაი ტაის. ბირმელები ორთაბრძოლის დროს ფაქტიურად ვერ ხმარობდნენ მუხლებს და იდაყვებს, მაშინ როდესაც ტაილანდელები თავისუფლად ფლობდნენ სხეულის ამ ნაწილებს. ბირმელების ერთადერთი უპირატესობა მხოლოდ მუშტები იყო.

პირველი ბრძოლისთვის შეარჩიეს ყველაზე ძლიერი ბირმელი მებრძოლი, სიამელი პატიმრის წინააღმდეგ. პატიმრებიდან კი ნაი ხანომ ტომი იღებდა მონაწილეობას რადგან ის პატიმრებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა.

განსხვავება დღევანდელ ბრძოლებსა და იმ დროინდელს შორის, ძალიან დიდია. იმ დროს არ არსებობდა რაუნდები, ხელთათმანების მაგივრობას კანაფის თოკები სწევდა, რომელიც თითებზე ჰქონდათ შემოხვეული და რინგს წარმოადგენდა არენა, აგრესიული ბირმელი ჯარისკაცებით გარშემორტყმული, რომელნიც ჯერ კიდევ ომში გამარჯვების ეიფორიით იყვნენ შეპყრობილნი.

ბრძოლის დაწყების წინ ნაი ხანომ ტომმა სარიტუალო ცეკვა – რამ მაი (ram muay) შეასრულა მოწინააღმდეგის ირგვლივ (ეს რიტუალი დღეს ყოველი მაი ტაი ბრძოლის დროს სრულდება მონაწილეების მიერ). რამ მაი ტაილანდელებისთვის წარმოადგენს ერთის მხრივ შიშის დაძლევას და მომზადებას ბრძოლის წინ, მეორეს მხრივ კი მოწინააღმდეგის პატივისცემას.

ბრძოლა რამდენიმე წამში დასრულდა ნაი ხანომ ტომის გამარჯვებით, მაგრამ ბირმელებმა ეს გამარჯვება არ ჩათვალეს და განაცხადეს რომ პატიმარმა ჯადო გაუკეთა მოწინააღმდეგეს თავისი ცეკვით.

სიამელს კიდევ 10 ბირმელთან მოუწია ზედიზედ ბრძოლა და ყველა ნოკაუტით მოიგო. მეფე იმდენად აღფრთოვანდა მებრძოლით, რომ მას თავისუფლება აჩუქა და შესთავაზა, საჩუქრად აერჩია დიდი ფულადი თანხა ან ლამაზი გოგონები. ნაი ხანომ ტომმა უყოყმანოდ მეორე აირჩია რადგან მიაჩნდა, რომ ფულის შოვნა ბევრად უფრო ადვილია. ამის შემდეგ კი ის სამშობლოში გაუშვეს.

მას შემდეგ ეს ლეგენდა ყველა ტაილანდელისთვის იქცა გამარჯვების, თავისუფლების და მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავი შრომის განსახიერებად. ნაი ხანომ ტომი კი რწმენის და ეროვნული ფასულობების სიმბოლოდ.

ყოველი წლის 17 მარტს ტაილანდში აღინიშნება დღე, რომელსაც ასევე მებრძოლის ღამეს უწოდებენ. ეს არის დღესასწაული რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ მებრძოლს და მამაც ჯარისკაცს – ნაი ხანომ ტომს.

პ.ს. არც ისე დიდი ხანია რაც ამ სპორტით დავინტერესდი და მინდა გითხრათ რომ ყველაზე პრაქტიკული და რეალურია ნებისმიერ ჩხუბში, ნებისმიერ ადგილას.

ასევე გაგაცნობთ მაი ტაი მებრძოლის ფიცს და რამდენიმე ფოტო-ვიდეოსაც შემოგთავაზებთ:

ტაი მებრძოლის ფიცი:

მე ვიზრუნებ რომ ვიყო ყოველთვის სუფთა, ძლიერი და პატიოსნების მატარებელი
მე არასდროს დავჩაგრავ ჩემზე სუსტს
მე განვახორციელებ კარგ საქმეებს ინტერესების სასარგებლოდ და ვიქნები ერის ერთგული
მე ვეცდები მშვიდობიანად ავიცილო თავიდან ნებისმიერი პრობლემა
ჩვენ ვიქნებით ერთიანი და დავეხმარებით ერთმანეთს შეძლებისდაგვარად

პ.ს. პოსტი მომზადებულია ჩემს მიერ სხვადასხვა საიტიდან თარგმნით. იმედია მოგეწონებათ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close