გასართობისაკითხავისასარგებლო

Diwali-დივალი


დივალი(Diwali), რომელიც დიპავალიდან(Deepavali) არის შემოკლებული, “სინათლის რიგს” ნიშნავს. დივალი აღინიშნება გვიან ოქტომბერს ან ადრე ნოემბერში. ის გრძელდება 5 დღის განმავლობაში და ყველაზე დიდი დღესასწაულია ინდოეთში. ამ დღესასწაულის დროს ინდოელები სახლებს რთავენ სინათლეებით, ერთად იკრიბებიან ოჯახები, ჩუქნიან საჩუქრებს ერთმანეთს და ა.შ. დივალი ინდოელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შობა ქრისტიანებისთვის.

ისევე როგორც სხვა ინდური დღესასწაულები, დივალსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს ინდოეთის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხალხისთვის და ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ რომელ ღმერთს სცემს თაყვანს. თუმცა ამ ფესტივალის მთავარი არსი იმაშია, რომ ის ნიშნავს ახლის დასაწყისს და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას.

დღესასწაულის დაწყებამდე ინდოელები ამზადებენ (რთავენ) თავიანთ სახლებს, ღებავენ სხვადასხვა ფერად იატაკსა და კიბეებს. უმეტესად წითელ და ყვითელ ფერებად, რადგან ინდოელებს სჯერათ, რომ ეს ფერები ბოროტ სულებს განდევნის მათი სახლიდან.

სინათლეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დივალის აღნიშვნისას. ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მეთუნუქეები აკეთებენ თიხის ლამპებს. დივალის პირველივე დღეს, ყველა ოჯახი ყიდულობს ახალ ლამპას, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და ახლის დასაწყისს ნიშნავს. ამ დღეს სინათლეა ყველგან, ქვეყნის ყველა კუთხეში. ინდოელებს სწამთ, რომ ის ვის სახლშიც იქნება სინათლე, ღმერთები ეწვევიან და ამ დღეს ყველა ინდოელის სახლში ფანჯარა ღიაა, ხოლო ფანჯარაში კი ლამპა ანთია, რათა ღმერთებს გაუადვილდეთ სახლის პოვნა. დღესასწაულის ბოლოს კი ფეიერვერკი იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დღესასწაულის ყოველ დღეს ინდოელები იცვამენ ახალ ტანსაცმელს, მორთულები არიან სხვადასხვა სამკაულებით და ასე ლოცულობენ თავიანთ სალოცავებთან, რომელიც თითოეულ ინდოელს აქვს სახლში. სალოცავი მორთულია სხვადასხვა ღმერთების სურათებითა და ქანდაკებებით. ლოცვის შემდეგ ისინი მიდიან თავიანთი ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავების, კოლეგების მოსანახულებლად და ჩუქნიან მათ საჩუქრებს, რომელიც ძირითადად ტკბილეულია. ინდოელებს სჯერათ, რომ ადამიანს თუ ტკბილეულს აჩუქებ, ის მუდამ კარგს იფიქრებს შენზე. საღამოს კი მთელი ოჯახი ერთად იკრიბება საზეიმო ვახშმისთვის, ხოლო შემდეგ ფეიერვერკის დროც დგება.

დასავლეთ ინდოეთში დივალით იწყება ახალი ბიზნეს წელიწადი. ბიზნესმენებს, ვინც ცერემონიაში იღებს მონაწილეობას, წითელი ნიშანი აქვს შუბლზე. დივალის განმავლობაში ისინი სტუმრობენ თავიანთ თანამშრომლებს, ულოცავენ დღესასწაულს და ჩუქნიან საჩუქრებს.

რა თქმა უნდა, დივალს აღნიშნავენ ის ინდოელებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმყოფებიან. ისინი იკრიბებიან თავიანთ ტაძრებში (თუ არის ასეთი, რა თქმა უნდა. ჩვენთან არა მგონია, იყოს) და ლოცულობენ ერთად. ტაძარში მათ ხვდებათ მღვდელი, რომელიც შემოსილია ნათელ ფერებში და მათი მოსვლისთანავე რეკავს ზარებს, რათა ღმერთებს შეატყობინოს მათი მოსვლის შესახებ. ტაძარში ინდოელებს მიაქვთ ტკბილეული, ხილი და სხვადასხვა საჩუქრები.

დივალი მართლაც ერთ-ერთი ულამაზესი დღესასწაულია.ამ დროს ინდოეთში მხოლოდ სიხარულია და ყველას ავიწყდება ის გაჭირვება, რომელშიც ეს ქვეყანა ცხოვრობს. მათთვის ეს მეტია, ვიდრე დღესასწაული. ბევრისთვის ეს არის იმედი ახლის, უკეთესის დასაწყისისა.

loading...
თეგები

trance

asdadasdasd

მსგავსი ამბები

Close
Close