არქივი

ჭადრაკის მეფე და “ბობოქარი” მიჯნური

4b18f9f21b1b

ანდრია დავითის ძე დადიანი (დ. 1850, ზუგდიდი — გ. 1910, კიევი), ქართველი მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი. ეკატერინე ჭავჭავაძისა და სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის შვილი.
პატარა ანდრიასთვის ჭადრაკის თამაში დედას უსწავლებია. ნამდვილი საჭადრაკო სკოლა კი ევროპაში გაიარა, სადაც ჭადრაკის მაესტროებს ხვდებოდა. ანდრიამ გერმანიასა და საფრანგეთში არაერთი საერთაშორისო ტურნირი მოაწყო, თავად კი 1903 წლის მონტე კარლოს ტურნირის დროს გახდა ცნობილი, რომლის პრეზიდენტიც თვითონ გახლდათ. მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზი “ლამაზი პარტიებისთვის”. 1897 წელს ინგლისური ჟურნალი British Chess Magazine წერდა: “სამეგრელოს თავადის, დადიანის საჭადრაკო პარტიები საუცხოოა და საჭადრაკო ლიტერატურაში დარჩება როგორც შედევრი”.

a5c3b205f1ee

დადიანს უთამაშია მსოფლიოს ისეთ ცნობილ მოჭადრაკეებთან, როგორებიც იყვნენ: ბერნსი, იგნაც კოლიში, როზენტალი, დიუბუა, შუმოვი. მიმოწერა ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონებთან, ვილჰელმ სტეინიცსა და ემანუელ ლასკერთან. ანდრია დადიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ასევე დიდ რუს მწერალ ივან ტურგენევთანაც.

ანდრია ოფიციალურად ატარებდა უბრწყინვალესი თავადის, მინგრელსკის წოდებას. მან 1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მსახურობდა ცარსკოე სელოში, ლაიბგვარდიის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ–თურქეთის ომში (1877–1878 წწ.). ბალკანეთის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისას გამოჩენილი მამაცობისთვის ანდრია და მისი ძმა ნიკო ოქროს ხმლებით დაჯილდოვდნენ. 1879 წლიდან ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას რომში, რუსეთის საელჩოში. ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებს. ანდრია ძალიან პოპულარული იყო იმპერიის ელიტარულ საზოგადოებასა და სამეფო კარზე.

თავადი ანდრია იმდენად მიმზიდველი მამაკაცი ყოფილა, რომ გერმანიის ერთ–ერთ გამომცემლობას ფერად საფოსტო ბარათზე მისი ფოტო დაუბეჭდავს დიდი ტირაჟით. ანდრიას არაერთი სასიყვარულო გატაცება ჰქონია და არც ქალები ყოფილან მისდამი გულგრილი. თანამედროვე მოგონებებმა უბრწყინვალესი თავადის რამდენიმე სასიყვარულო თავგადასავალი შემოინახა: “ერთხელ, ნების პროსპექტზე ეტლით სეირნობისას, მოპირდაპირე მხარეს ანდრიას ლამაზი ქალი დაუნახავს. როცა გაცნობაზე უარი მიუღია, თავადს იგი პირდაპირ პროსპექტიდან მოუტაცია. ეს ამბავი პეტერბურგში სკანდალური გამხდარა, რადგან გატაცებული ქალი ერთ–ერთი გრაფის შვილი აღმოჩნდა, რომლის დედაც რუსეთის დედოფლის ფრეილინა იყო. იმპერატორს ანდრია დაუბარებია და ქალის ცოლად შერთვა უბრძანებია, მაგრამ დადიანს სასტიკი უარი განუცხადებია, რის შემდეგაც თავადი დროებით კიევში გადაასახლეს. მიუხედავად ასეთი “სასჯელისა”, ანდრია ქალების დევნას არ შეეშვა. როდესაც ერთ–ერთმა ფრანგმა ქალმა მის სიყვარულზე უარი თქვა, დადიანმა შურისძიება საკმაოდ დამამცირებელი ფორმით გამოხატა. მას, პარიზის ბაღში მოსეირნეს, დაუნახავს მისი უარმყოფელი ქალი, რომელიც კაფეში სხვა მამაკაცთან ერთად შამპანურს მიირთმევდა. ეს სასმელი მაშინ ევროპაში საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იყო. ანდრიამ ოფიციანტს იმავე კაფეში უმაღლესი ხარისხის შამპანური მოატანინა და ქალის დასანახად თავის ცხენს დაალევინა”.

784f03ebc71d

ანდრია საკმაოდ ფიცხი, მაგრამ უბოროტო ადამიანი ყოფილა. რასაც არა მარტო მეგობრები, ოჯახის წევრებიც გრძნობდნენ. როცა მისი ბიძა, კონსტანტინე დადიანი გარდაცვლილა, შეტყობინების მიუხედავად, ანდრია ზუგდიდში რამოდენიმე დღე არ გამოჩენილა. პროცესიას ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იონა მეუნარგია ხელმძღვანელობდა და რადგან დიდხანს ელოდნენ უმცროს დადიანს, გადაწყვიტეს, პროცესია დაძრულიყო.

სულ ცოტა ხანში ანდრიაც გამოჩნდა, ცხენზე ამხედრებული, ულაყს მეგობრებთან ერთად თავგანწირვით მოაგელვებდა. უბრწყინვალესი თავადი ხმალამოღებული მოჰქროდა…

მეუნარგიას ეს რომ დაუნახავს, გრიგოლ დადიანისთვის უჩურჩულია, მგონი დავიღუპეო და ბალდახინის ქვეშ შემძვრალა. იონა ისე გაპარულა თბილისში, რომ არავის უნახავს. ანდრია კი დიდხანს ემუქრებოდა იონას ყურის მოჭრით, როგორ თუ არ დამელოდა და ჩემს დაუტირებლად ბიძის დაკრძალვა გაბედაო.

სიცოცხლის ბოლო ოცი წელიწადი მინგრელსკიმ კიევში გაატარა, სადაც მდიდრული ორ სართულიანი სასახლე ააშენა. ადრე დაავადდა, ხელის დამბლა მიიღო და ენა წაერთვა. გარდაიცვალა მარტოხელა. მისი ცხედარი დამ – სალომე მიურატმა საქართველოში ჩამოასვენა და მარტვილის საკათედრო ტაძარში დაკრძალა.

წყარო: ჟურნალი “ისტორიანი” და ჩემი ბიბლიოთეკა.

Tornike.Gelashvili

ბეთჰოვენი მეხუთე სტიქიაა!.

მსგავსი ამბები

Back to top button