საკითხავისასარგებლოსაქართველო

საინტერესო მითები (ნაწილი I)

1.ახტალა– რესპუბლიკური მნიშვნელობის ტალახით სამკურნალო კურორტი ქ. გურჯაანში.. თბილისიდან 122 კმ, ზღვის დონიდან 412 მ. ჰავა ზომიერი კონტინენტური: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 700 მმ. კურორტის სამკურნალო ფაქტორის ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის.

მითი კი რომელიც ახტალას შექმნაზე გვიამბობს ძალზედ საინტერესოა: იქ სადაც დღეს ახტალაა, ძველად კალო ყოფილა. ფერისცვალობის დღეს ერთ ხუცესს კალო ჰქონია გამართული და ძნას ლეწავდა თურმე, ამ დროს ქრისტეს გამოუვლია და ხუცესი დაუწყევლია. ამ წყევლაზე კალომ დააღო პირი და ტალახი ამოასხა, და ამ ხუცესის მთელი კარ-მიდამო ახტალად (ტალახად) აქცია. მას შემდეგ ახტალის ამოდუღებულ ტალახს დედამიწის გულიდან ამოაქვს ხან ნიჩაბი, ხან ბარი და სხვა იარაღი, კალობის დროს რომ იყენებდნენ.

2.ბალიასტომი – უხსოვარ დროში ზესტაფონიდან სოფელ მუჯირითემდე დიდი ქალაქი ,,ბალიასტომი” ყოპილა გაშენებული. ბალია ყოფილა მისი მამასახლისი და ქალაქის მთელი ტომი მას ემორჩილებოდა. ქალაქში სახლები ისე ყოფილა ერთმანეთისგან მიჯრილი, რომ სახურავებზე სვლით შეიძლებოდა მიჯურითამდე მისვლა. ერთ დღეს ბალიასტომის ელესიაში თურმე და-ძმა იწერდა ჯვარს. გაიგო ეს ქრისტემ , გაჯავრდა ხალხზე, ეს რა სამარცხვინო რამ ხდებაო და დააღო პირი მიწამ და ქალაქიც და ეკლესიაც მიწამ შთანთქა. იმწამსვე მოვიდა ნიაღვარი და ნაქალაქარი წაშალა.

ახლა სადაც მიწამ ეკლესია დაიტანა, იქ მიწა სახურავივით არის ამობურცული. ხალხი ისევ რომ დასახლებულა ამ ადგილებში. ნაეკლესარზე ეკლესია მაინც აღარ აუშენებიათ და სასაფლაოსთვის განუკუთნებიათ

3.მექობაური – იყო ერთი განთქმული თუში მონადირე, სახელად მექობაური. ნადირობაში ყოველთვის ბედი სწყალობდა, ამიტომაც ყველა მონადირეს მასთან ერთად სურდა სიარული.ერთხელ მექობაურმა შეკრიბა თორმეტი კაცი, ერთმანეთზე უკეთესი მონადირეები, გაემგზავრნენ და გაუდგნენ გზას.

ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მოხვდნენ ერთ უღრან ტყეში, სადაც მზის შუქიც კი ვერ სწვდებოდა. დაკარგეს ბილიკი, მხარი ექცათ, აღარ იცოდნენ დაით მიდიოდნენ აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, სამხრეთით თუ ჩრდილოეთით. გზის ძებნაში მიადგნენ ერთ ფართო ნაღარს, თითქოს მორი უთრევიათო, და გაჰყვნენ მას, იფიქრეს აქ სადმე სოფელი იქნებაო. ნაღარმა გველეშაპთან მიიყვანა. გაწოლილი იყო და თითქოს რაღაცას უცდიდა. რა ქნან ვერ გადააბიჯებენ. მექობაურს უთქვამს თანამგზავრებისთვის: ეს გველეშაპი გზას მაინც არ გვაძლევს, მოდი, გავყვეთ სადაც წავა, ჩვენც იქ წავიდეთო. იარეს, იარეს და მიადგნენ ერთ დიდ წყალს, ადიდებული არაგვის ოდენა იქნებოდა. რა ქნან, როგორ გადავიდნენ გაღმა? ხედავენ, გველეშაპი ხიდად გაედო მდინარეზე და ანიშნა მონადირეებს, ჩემზე გადმოდითო. პირველად მექობაური, როგორც წინამძღოლი, შედგა გველეშაპის ბოლოზე და ისევ უკან გადმოვიდა: ჯერ რბილიაო. მეორედ რომ ავიდა, ცოტა გამაგრებულიყო, მაგრამ ისევ გადმოვიდა. მესამედ რომ ავიდა, გველეშაპის ზურგი უკვე ძალზე მაგარი იყო და დაუძახა სხვებსაც, მომყევითო. ავიდნენ ყველანი გველეშაპის ტანზე და გადავიდნენ გაღმა. გაღმა მხარეს, ერთ ტაფობში ტბა მდგარა, სადაც სხვა გველეშაპი ბუდბდა და გამვლელ–გამომვლელს შეუჭმელს არ უშვებდა. ამ დროს აღელდა ტბა, აიქოჩრა და ტბიდან ერთი გორის ოდენი გველეშაპი ამოვიდა. ისე მაღლა ეჭირა თავი, რომ ნახევარი ტანი მიწაზე არ ედო. გამოექანა ეს გველეშაპი საშინელი წივილით მონადირეების მეგობარი გველეშაპისკენ, თურმე ერთმანეთის მტრობა ჰქონიათ. ისიც აიძაგრა და წავიდა მტრისკენ, თან მონადირეებს ანიშნა, მომეშველეთო.მიჰყვნენ უკან მონადირეები.შეიბნენ გველეშაპები.

ტბიდან ამოსული ჯაბნიდა და საბოლოოდ დაამარცხებდა, რომ მექობაურს დროზე არ შეეძახნა თანამგზავრებისთვის: არიქა, მივეშველოთ ჩვენს გველეშაპს, თორემ ხომ უყურებთ მარცხდება, თუ მოგვიკლა სიკეთეს არც ჩვენს დაგვაყრის,ყველას ერთიანად გადაგვყლაპავსო. დატრიალდნენ მონადირეები, იშიშვლეს სატევრები და მიეჭრნენ მტერს. დაუწყეს ცემა და ბოლო მოაჭრეს,ეძგერა პატარა გველეშაპიც და მოკლეს. მადლიერმა გველეშაპმა ანიშნა კაცებ, მომყევითო, და მიჰყვნენ ისინიც. წავიდნენ და მიადგნენ ერთ უზარმაზარ სოროს, სადაც მოკლულ გველეშაპს შვილები ჰყოლია. გამაჯვებულმა შვილებიც გაუწყვიტა ერთიანად, მერე სოროდან გამოიტანა საჭურველი – თოფი, ფრანგული და სხვადასხვა აბჯარი და დაურიგა მონადირეებს.მერე სამშვიდობოზე გაიყვანა და გაისტუმრა.

ეს მითოსური ამბავი ხალხს ლექსადაც გამოუთქვამს და, როგორც ყოველი ლექსი, ესეც ლაკონურია, სხარტად გადმოსცემს ამბავს.

ომალოს თუშისშვილებსა არა გეეგო გზისაო.

დაგცილდა, მექობაურო, ამოსავალი მზისაო.

ვეშაპის ნავალს შამაჰყვნენ, ნაქარ ეგონა ხისაო.

ვეშაპ გაიდვა ხიდადა, იქნა ბრძანება ღვთისაო.

გაუძღა მექობაური, ზედ თუშებ გამოდისაო.

ვეშაპი დ’ ვეშაპ შაიბეს, იქნა დაქცევა ცისაო.

„დაჰკარით, თუშიშვილებო! გულო ვისა გაქვ ცდისაო?“

მექობაურის ფრანგული ვეშაპს მორულად სჭრისაო.

4.მეოთხე ჭიქა – “საეშმაკო”: ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შემორჩენილი. მათ შორის – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც კი, სადაც ღვინის დაყენების კულტურა თითქმის არასოდეს არსებულა. თუმცა, ღვინის ნამდვილ ქართულ ფენომენს ფშაველები თუ ხევსურები ბარის ქართველებზე არანაკლებად აღიქვამდნენ. თიანეთში დღესაც შემორჩენილია გამოთქმა: “ჩვენებურს თუ ღვინო მასწყურდა, ვერა კახელი თამადა ვერ გაუძლებსო”. გიორგი იორამაშვილი, თიანეთის რაიონის სოფელი ზარიძეები: “ჩვენთან ერთი ძალიან ძველი ლეგენდაა შემორჩენილი, რომელიც დღეს ახალგაზრდებიდან ცოტას თუ ახსოვს: უხსოვარ დროს, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ცხოვრობდა, გადაწყვიტა, საიქიოდან გამოძევებული და შრომისაგან დაქანცული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა. დაჯდა, იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით, მაგრამ მაინც დააბრუნებდა სამოთხეში. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ღმერთმა ღვინო სამოთხის რამდენიმესაათიანი ილუზიის შემქმნელად გააკეთა. გააკეთა და ღვინის გასასინჯად ყველა ანგელოზი და ეშმაკიც მიიწვია. ღვინო ყველას მოეწონა. მათ შორის ეშმაკსაც. მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკი იქნებოდა, ღმერთს რომ არ გაჯიბრებოდა. მანაც ბევრი იფიქრა და რაკი სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ღმერთის მიერ გაკეთებული ღვინის ნარჩენებით, ანუ ჭაჭით, სხვა, უფრო მათრობელა და ძლიერი სასმელი – არაყი გააკეთა. მერე ამ სასმელის გასასინჯად ღმერთი მიიწვია. მივიდა ღმერთი, დალია ერთი ჭიქა, მეორე, მესამე და მეოთხეც რომ დალია, ეშმაკს უთხრა: “ვინც არაყი დალიოს, სამ ჭიქამდე ჩემსკენ იყოს, სამი ჭიქის მერე კი შენთვის დამითმიაო. თიანეთში მოხუცები ახლა როცა არაყს სვამენ, მეოთხე ჭიქას “საეშმაკოს” ეძახიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ მეხუთე ჭიქაზე. ბევრმა არც კი იცის, რატომ ეძახის მეოთხე ჭიქას “საეშმაკოს”. არადა, ეს გამოთქმა და საერთოდ, ეს ტრადიცია სწორედ იმ ძველი ლეგენდიდან მოდის”

იმედი მაქვს მოგეწონათ და დაგაინტერესათ. მადლობთ ყურადღებისთვის!

წყარო:  wikipedia და ენციკლოპედიები

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close