არქივი

დროში მოგზაურობა

rhnc5ly95ucsqtphtoi5

დროში მოგზაურობა დიდი ხნის განმავლობაში იყო ადამიანების ოცნება. ეს ხშირად სხვადასხვა თქმულებებსა და ზღაპრებში ასახულა, მათ შორის ქართულშიც. თანამედროვეობაში კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის უამრავ წიგნსა თუ ფილმში შეხვდებით – “უკან მომავალში”, “დროის მანქანა”, “ტერმინატორი”, “Star Trek” და ა.შ. თუმცა ალბათ იშვიათად თუ იკამათებს ვინმე იმაზე, რომ რეალობასთან ყველაზე მიახლოებულ პასუხს ამ საკითხის შესახებ მეცნიერები გაგვცემენ. მოდით ვნახოთ, როგორია დროში მოგზაურობასთან მიმართებაში დღევანდელი ფიზიკის კანონები და რას გვთავაზობენ მეცნიერები.

tzszk

თეორეტიკოსი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ:

– ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, არ არსებობს ფიზიკის კანონი, რომელიც დროში მოგზაურობას გამორიცხავს. ისააკ ნიუტონი მიიჩნევდა, რომ დრო გასროლილი ისარივით იყო, რომელიც მხოლოდ წინ მიიწევდა და არასდროს უხვევდა ნორმიდან. შემდეგ მოდის აინშტაინი და ამბობს – დრო ეს მდინარის მსგავსია, მდინარეს კი შეიძლება მორევები ჰქონდეს, გაიყოს ორ მდინარედ, დაიტოტოს და კრენდელივით მოიხაროს. აინშტაინს ეჭვები ჰქონდა დროში მოგზაურობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი კოლეგა კურტ გოდელი, რომელიც ბოლო ათასწლეულის საუკეთესო მათემატიკოსი და ლოგიკოსი გახლდათ, იყო პირველი ადამიანი, რომელმაც 1949 წელს აინშტაინის ამოცანას ახსნა მოუძებნა და დროში მოგზაურობა შესაძლებლად წარმოაჩინა. თუკი სამყარო ბრუნავს და შენ მის გარშემო მოძრაობ, დაბრუნდები იმაზე ადრე, ვიდრე მოგზაურობა დაიწყე. აინშტაინმა თავადაც იცოდა, რომ მოძრავი სამყარო დროში მოგზაურობის შესაძლებლობას უშვებდა, მაგრამ როგორც თავის მემუარებში წერდა, მას აწუხებდა ის ფაქტი, რომ სამყარო კი არ ბრუნავს, არამედ ფართოვდება.

ამის შემდეგ გავიდა დრო და აინშტაინის ამოცანას ჩვენ მოვუძებნეთ ასობით ახსნა, რომელიც დროში მოგზაურობას დასაშვებად მიიჩნევს. თუკი გაქვს უსასრულო ცილინდრი და ამ ცილინდრის გარშემო ცეკვავ მაისის ხის მსგავსად, შენ ასევე იმაზე ადრე დაბრუნდები, ვიდრე დაიწყე და შეხვდები შენს მშობლებს იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ არ იყავი დაბადებული.

მეორე გზა არის ჭიის ხვრელის გაკეთება. აიღე ქაღალდის ფურცელი (რომელიც სიმბოლურად დრო-სივრცეა), დასვი მასზე ორი წერტილი და მოკეცე ფურცელი ისე, რომ ეს წერტილები ერთმანეთს მიედოს. ზუსტად ეს არის ჭიის ხვრელი. ალისას საოცრებათა ქვეყანაში ჰქონდა ჭიის ხვრელი, გზამკვეთი დროისა და სივრცის ორ პუნქტს შორის. ამოხსნაც ნაპოვნია: აინშტაინის გამოთვლებს თუ დავეყრდნობით, შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ენერგია, რომელიც საჭიროა დროისა და სივრცის კრენდელის მსგავსად გასაღუნად, შეიძლება შეედაროს აფეთქებული ვარსკვლავისას, შავი ხვრელისას. ენერგია, რომელიც გაცილებით აღემატება იმას, რისი მოპოვებაც დედამიწაზე შეიძლება.


წითელი ხაზი – დროისა და სივრცის გავლა სამყაროში ჩვეულებრივი გზით.
მწვანე ხაზი – მოკლე გზა, ჭიის ხვრელის საშუალებით.

შეიძლება ღია სამყაროში უცხოპლანეტელებს ან ჩვენს შორეულ შთამომავლებს ათვისებული ჰქონდეთ დროში მოგზაურობის ხელოვნება და ამისთვის იყენებდნენ ვარსკვლავების ენერგიას. ასე რომ თუკი ერთ დღეს ვინმე მოგიკაკუნებთ კარზე და დაგიწყებთ მტკიცებას, რომ ის გახლავთ თქვენი შვილთაშვილთაშვილთაშვილთაშვილთაშვილთაშვილთაშვილი და ათასობით წლებით დაშორებული მომავლიდან გეწვიათ, ნუ მიუჯახუნებთ კარებს, რადგან შეიძლება თქვენს შთამომავალს დროის მანქანა ჰქონდეს და მისი შორეული წინაპრის მონახულება გადაწყვიტა.

vo7fz

თეორეტიკოსი ფიზიკოსი პოლ დევისი, ავტორი წიგნისა “როგორ ავაგოთ დროის მანქანა”:

– მოკლე პასუხი იმაზე, არის თუ არა შესაძლებელი მომავალში მოგზაურობა, იქნება – არათუ შესაძლებელია, არამედ ამას ყველანი ვაკეთებთ. ჩვენ ყველანი დროში მოგზაურები ვართ, უბრალოდ ეს მოგზაურობა დროის იმდენად მცირე მონაკვეთების მასშტაბით ხდება, რომ შეუმჩნეველი რჩება.

ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება დროის გაფართოების თეორია. რაც უფრო მეტად უახლოვდები სინათლის სიჩქარეს, მით უფრო ნელა გადის დრო. თუმცა სინათლის სიჩქარე დაუძლეველი ზღვარია – მას ვერ გადააჭარბებ. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სწრაფმავალ მატარებელში დროის ისრები უფრო ნელა იმოძრავებენ, ვიდრე გაჩერებულ, უძრავ საათში. ეს სხვაობა ადამიანისთვის შეუმჩნეველი იქნება, მაგრამ როცა მატარებელი სადგურში გაჩერდება, ამ ორ საათს შორის სხვაობა იქნება წამის რამდენიმე მემილიარდედი. თუკი ეს მატარებელი მიაღწევს სინათლის სიჩქარის 99.999%-ს და მუდმივად ამ მაჩვენებლით იმოძრავებს, 223 წლიანი მგზავრობისას მატარებელში მყოფი მგზავრებისთვის მხოლოდ 1 წელი გავა.

7jjscwb7ig5193iak1rn
დროის მანქანის ერთ-ერთი თანამედროვე ვარიანტი.

მაგრამ სიჩქარე არაა ერთადერთი ფაქტორი, რაც მოქმედებს დროზე. უფრო პატარა მასშტაბებში მასზე მასაც ახდენს გავლენას. რაც უფრო ახლოს ხარ მასიური ობიექტის ცენტრთან, მით უფრო ნელა გადის დრო. სამყაროში დრო ცოტათი უფრო სწრაფად გადის, ვიდრე აქ, დედამიწაზე. ასევე, დრო უფრო სწრაფად გადის შენობის სახურავზე, ვიდრე საძირკველში. ეს გაზომვადი ეფექტია.

დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე არსებული საათები განიცდიან დროის გაფართოების ეფექტს, რადგან ამაზე გავლენას ახდენს ერთი მხრივ მოძრაობის სიჩქარე, მეორე მხრივ ის, რომ თანამგზავრები დაშორებულნი არიან დედამიწის მიზიდულობის ცენტრიდან საკმაოდ დიდი მანძილით. მიზიდულობისა და სიჩქარის ერთობლიობით შესაძლებელია დროში მოგზაურობა. თუკი შენ გაქვს ულევი თანხა, შეგიძლია გადახვიდე მომავალში – 3000 წელში დროის იმ პერიოდში, რამდენშიც მოგესურვება – 1 წელიწადში, 1 თვეში ან რამდენი ხანიც იქნება. ეს მხოლოდ ფულისა და ტექნოლოგიის საკითხია.

ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია მოგზაურობა მომავალში. მეცნიერებს ამის დასატესტად უამრავი ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ. მაგრამ რას ვიტყვით დროში მოგზაურობაზე საწინააღმდეგო მიმართულებით?

წარსულში მოგზაურობა მომავალთან შედარებით ძალიან განსხვავებული საკითხია. ამის შესახებ არაფერს ვხვდებით აინშტაინთან, რომელიც საუკეთესოდ აღწერდა სამყაროსა და დროის თვისებებს. 1915 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ის თავიდან იცილებს ამ საკითხს, მეცნიერები კი ძირითადად გამორიცხავენ, რადგან წარსულში მოგზაურობის საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით კარგად ნაცნობ პარადოქსებს. თუნდაც ასეთი მაგალითი ავიღოთ: მიდიხართ წარსულში და კლავთ საკუთარ დედას. ის ვეღარ გაგაჩენთ თქვენ. მაშინ როგორღა მოახერხებდით უკან გამგზავრებას და მშობლის მოკვლას?

დროისა და ფიზიკის კანონების დღევანდელი აღქმიდან გამომდინარე, წარსულში მოგზაურობა უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ სამყარო ხომ საიდუმლოებებითაა სავსე, ერთ-ერთი მათგანი კი არის ჰიპოთეზური ჭიის ხვრელი, რომელიც შეიძლება იყოს შანსი წარსულში მოგზაურობისკენ.

ეს ორ დაშორებულ ადგილს შორის გაყვანილ გვირაბს ჰგავს. მაგალითად, მე რომ ჩემს სასტუმრო ოთახში მქონდეს ჭიის ხვრელი და მასში ჩავხტე, პენსილვანიის რომელიმე ადგილას კი არ ამოვალ, არამედ გალაქტიკის სხვა მხარეს. მეცნიერებმა ამ საკითხზე მსჯელობისას შეიმუშავეს თეორია, რომ ასეთი გვირაბი დროსა და სივრცის სხვადასხვა წერტილებს შორის შეიძლება იგივე დროის მანქანა იყოს. თუკი ჭიის ხვრელი მართლაც არსებობს და მასში გავლა შესაძლებელია, მაშინ გამორიცხული არაა, წარსულში გამგზავრებაც შევძლოთ. ასე რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, არსებობს თუ არა ჭიის ხვრელები და შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენება. ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიაა.

i42dp

წარსულში მოგზაურობას არ გამორიცხავს ასევე ფართოდ აღიარებული და საკმაოდ ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი. ის აყენებს მოსაზრებას, რომ ჭიის ხვრელები შეიძლება დასაყრდენი წერტილი იყოს დროში მოგზაურობისთვის, ოღონდ მცირე ზომის ნაწილაკებისთვის. თუმცა კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ენდრიუ კლილენდი კოლეგებისგან განსხვავებით, სხვა პოზიციაზეა:

– მე ექსპერიმენტალისტი ვარ, ფიზიკა კი მთლიანად ექსპერიმენტული მეცნიერებაა. ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც დამყარებულია მათემატიკურ გათვლებზე, ლოგიკაზე, ინტელექტზე ან ფილოსოფიაზე, შემოწმებულ უნდა იქნეს ექსპერიმენტებით. ჩემთვის კი ცნობილი არაა რაიმე სახის ექსპერიმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ დროში უკან (წარსულში) მოგზაურობა შესაძლებელია.

წარსულში მოგზაურობას ასევე ეჩხირება მიზეზ-შედეგობრიობის (კაუზალობის) საკითხი. მთელი სამყარო ხომ სწორედ ამ წესზეა აგებული – ხდება რაღაც, შემდეგ კი მისი შედეგი და შედეგის შედეგი ხდება მიზეზი მომავალი შემთხვევებისა. მე კი არ ვიცი ისეთი ექსპერიმენტი, რომელიც ამ წესისგან განსხვავებულად იმოქმედებდა, რომელიც მიზეზ-შედეგობრიობას დაარღვევდა.

თუ დავუკვირდებით, ასტრონომები ყოველთვის დროში მოგზაურობენ. ისინი აკვირდებიან იმ მოვლენებს, რაც ზოგჯერ ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. მაგრამ ხალხი ამით არაა ისე ძალიან აღფრთოვანებული. როცა ვზომავთ კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონს, ჩვენ გადავდივართ 10 მილიარდი წლის წინანდელ წარსულში. სწორედ ამდენი დრო დასჭირდათ სინათლის სხივებს ჩვენამდე მოსაღწევად.

ბევრი კითხვა დროში მოგზაურობის შესახებ უპასუხოდ რჩება. თუკი მომავალში შეძლებენ წარსულში მოგზაურობას, მოვლენ ჩვენს დასახმარებლად? ამის გასაგებად მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩენია. მაგრამ თუკი დროის მანქანად ჭიის ხვრელს გამოიყენებენ, მაშინ ჩვენც უნდა შევქმნათ ასეთი, ანუ მისი მეორე მხარე. ხიდზე ვერ გადახვალ, თუკი მხოლოდ ერთი მხარეა აშენებული, ასე არაა?

თეორიულად, 100 წელზე მეტი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჭიის ხვრელის ორი ბოლო შეიქმნას და მათ შორის სხვაობა 100 წელი იყოს. ასე რომ არ არსებობს გზა, რომლითაც ჩვენი შთამომავლები უკან, ჩვენს დროში დაბრუნდებიან და გვეტყვიან რომ ამ საკითხში ვცდებოდით.

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button