საკითხავისასარგებლოუცნაური

კლინიკური სიკვდილი

“კლინიკური სიკვდილის დროს ადამიანს სულიერი თვალი ეხილება…”

კლინიკური სიკვდილი ორგანიზმის ისეთი მდგომარებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიცოცხლის ნიშნების არარსებობა. ამ დროს არ ფიქსირდება გულისცემა, სუნთქვა. ადამიანებს ეხილებათ სულიერი თვალი, რისგანაც გამომდინარეობს ის ხილვები, რომლებსაც ისინი კლინიკური სიკვდილის შემდეგ იხსენებენ.

გიორგი როდონაიას მანქანა 1976 წლის 14 სექტემბერს დაეჯახა. ის მერვე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მორგში კი მაშინ გაცოცხლდა, როცა პათანატომები გაკვეთას უპირებდნენ.

გიორგი როდონაია: “სრულ სიბნელეში ვიმყოფებოდი. ჩემ ირგვლივ არ არსებობდა დრო, არ არსებობდა აბსოლუტურად არაფერი, მაგრამ იმავდროულად აღვიქვამდი, რომ თავად მე ვარსებობდი. თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, სად ვიმყოფებოდი.

თავში ერთი კითხვა მიტრიალებდა: როგორ შეიძლება ვარსებობდე, თუკი აღარ ვარსებობ?

უეცრად განათდა და მე დავინახე მოლეკულები, ატომები, პროტონები როგორ დაფარფატებდნენ ჩემ ირგვლივ. მათი მოძრაობა, ერთი შეხედვით, ქაოტური, თუმცა ამავდროულად სიმეტრიული იყო.

გავაცნობიერე, რომ ჩემ თვალწინ სიცოცხლის განსხვავებული ფორმა გადაიშალა. სწორედ ამ მომენტში გამიქრა ინტერესი საკუთარი ფიზიკური სხეულის მიმართ იმიტომ, რომ მივხვდი, ჩემი სხეული ამ უცნაურ თავისუფლებას ზღუდავდა”.

გიორგი როდონაია ამ შემთხვევის შემდეგ რელიგიით დაინტერესდა და მოძღვარი გახდა.

კლინიკური სიკვდილის შესახებ “ამბიონს” ესაუბრა (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური) მამა კონსტანტინე გიორგაძე:
“კლინიკურ სიკვდილს კლინიკური ეწოდება იმიტომ, რომ ბიოლოგიური სიკვდილისგან განსხვავებით, იგი შექცევადი პროცესია და რეანიმაციული ქმედებების ეფექტურობის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, ანუ გაცოცხლდეს. ბიოლოგიური სიკვდილისას კი უკვე უჯრედი, როგორც ერთეული, მთლიანად მკვდარია.

მოდით, გავიხსენოთ ოთხი დღის ბიოლოგიურად მკვდარი ლაზარე, რომელიც უფალმა გააცოცხლა და აღადგინა. აქედან გამომდინარე, კლინიკური თუ ბიოლოგიური სიკვდილი, უფლის ძალის გადმოსახედიდან, მხოლოდ ხორციელების პირობითი კრიტერიუმებია.

რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს კლინიკური სიკვდილი?

გარე ჩარევის გარეშე კლინიკური სიკვდილი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ ათი წუთი, რამეთუ კვდება იმ ორგანიზმის ნერვული უჯრედები, რომელსაც ამ დროის განმავლობაში ჟანგბადი არ მიეწოდება. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც ყველაფერი ინდივიდუალურია, რაც დამოკიდებულია გარდაცვალების პირობებზე, გარემოს ტემპერატურაზე და სხვა.

რას განიცდის სული კლინიკური სიკვდილის დროს?

ასეთი დადგენილი სტანდარტები, თუ რას უნდა განიცდიდეს სული კლინიკური სიკვდილის დროს, არ შეიძლება არსებობდეს. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები კლინიკური სიკვდილის დროს აღნიშნავენ, რომ სული გამოდის სხეულიდან და ისინი თავის სხეულს, ცალკე მდებარეს ზემოდან დაჰყურებენ. ეს იმის დასტურია, რომ გარდაცვალების დროს სული ხორცს ეყრება. თუ სული არ ბრუნდება სხეულში, კლინიკური სიკვდილი გადადის ბიოლოგიურ სიკვდილში, ე.ი ამ დროს ხორცს ფლავენ, სული კი მარადიულობაში ხვდება, რაც დასტურია წმიდა წერილის ჭეშმარიტებისა და მიწა მიწადვე მიიქცევა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს ხორციელი და სულიერი თვალი. წმიდა მამებს, რომლებიც დიდ ღვაწლში იმყოფებოდნენ, დედამიწაზევე ეხილებოდათ სულიერი თვალები და ისინი ხედავდნენ ყველაფერს სამყაროს მიღმა, ხოლო უბრალო ადამიანებს ეს სულიერი თვალი ეხილებათ გარდაცვალების შემდეგ. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ხილვები, რასაც ადამიანები ხედავენ კლინიკური სიკვდილის დროს და შემდეგ გვიამბობენ.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს მეცნიერული ახსნა გვირაბის ნახვის შესახებ, რასაც მეცნიერები შემდეგნაირად ხსნიან: მხედველობის ველის სისხლით მომარაგება სხვა ველებთან შედარებით არის უკეთესი, რაც განსაზღვრავს მილისებურ, ვერტიკალურ მხედველობას. ჰორიზონტალური მხედველობა უკვე წყდება. ამიტომ კლინიკური სიკვდილის პერიოდში ადამიანი ხედავს სიბნელეს შორ მანძილზე და მას შემდეგ კაშკაშა სინათლეს აღიქვამს, რაც ამ ველის ღეროში არსებული უბნების ფუნქციის შენარჩუნების გამო ხდება…

რა თქმა უნდა, რელიგია სრულად მეცნიერებას არ უარყოფს და ხშირად ითვალისწინებს მას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნება მომეცით ეჭვი შევიტანო ამ დასკვნაში, რამეთუ მხედველობის ველის სისხლით მომარაგება და სხვა ფიზიოლოგიური მოვლენები – ეს ხორციელი სუბსტანციის თვისებაა, ხოლო როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდაცვალების შემდეგ ადამიანი სულიერი თვალებით ხედავს ყოველივეს, ამიტომ აქ, ჩემი აზრით, რამდენადმე შეუსაბამობას აქვს ადგილი.

წყარო : www.ambioni.ge

loading...
თეგები

NAMU

nothing

მსგავსი ამბები

Close
Close