გასართობისაკითხავისასარგებლო

მშვიდობის პატარა დესპანი 2

წინა პოსტში საუბარი მქონდა ამერიკელ ბავშვის , სამანტა სმიტის შესახებ რომელმაც თავისი პატარა წვლილი შეიტანა “ცივი ომის” დასრულებაში. ჩემდა გასაკვირად ვერ ვნახე ვერც ერთი კომენტარი იმის შესახებ, რომ ახსოვს ეს გოგონა. ეტყობა უცნაურის მომხმარებელი ან ძალიან ახალგაზრდაა, ან ხალხს ის უბრალოდ დაავიწყდა . მინდა გიამბოთ კიდევ ერთ ბავშვზე, რომელიც ერთ დროს მთელმა მსოფლიომ ისევე გაიცნო, როგორც სამანტა. სამანტა სმიტის დაღუპვის შემდეგ სიმპატიური, ცისფერთვალა ბავშვი კატია ლიჩოვა გახდა საბჭოთა კავშირის პასუხი ამერიკულ “მშვოდობის პატარა დესპანზე”.

კატიამ მოინახულა ამერიკა და შეხვდა ამერიკის პრეზიდენტს რონალდ რეიგანს. მისი ფოტოსურათები და ინტერვიუები იბეჭდებოდა მსოფლიოს წამყვანი გამოცემების პირველ გვერდებზე. ყველა ტელევიზია, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აჩვენებდნენ მის კადრებს. პატარა პიონერი მოსკოვიდან გაიცნო მთელმა მსოფლიომ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1986 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ ” ბავშვები მშვიდობისათვის” შესთავაზა საბჭოთა კავშირს , რომ შეერჩიათ თავისი მშვიდობის დესპანი. პირობები იყო ის , რომ ბავშვი არ უნდა ყოფილიყო სამანტაზე უფროსი და აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღო მშვიდობისათვის ბრძოლაში. უამრავი საბჭოთა მოსწავლიდან 11 წლის კატია დიდი მონდომებით შეირჩა, მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ კატია პრივილეგირებული, ხელიფუფლებასთან დაკავშირებული ოჯახიდან იყო. ამბობდნენ, რომ ის თითქოსდა იმდროინდელი სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის გრომიკოს შვილიშვილი იყო. თუმცა ეს არ არის სიმართლე, კატია იყო ჩვეულებრივი საბჭოთა ოჯახიდან . მამაც და დედაც მეცნიერმუშაკები იყვნენ. კატიას არჩევაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ კატია კარგად ფლობდა ინგლისურ ენას, ის ინგლისურ სპეცსკოლაში სწავლობდა და იმანაც , რომ ის გადაღებული იყო რამდენიმე საბავშვო ფილმში (ბემბის ბავშვობა, ცოცოხალი ცისარტყელა, რა ხდება სახლში? ). თუმცა რა თქმა უნდა ყურადღება მიექცა იმასაც , რომ ბავშვი უნდა ყოფილიყო ფიზიკურადაც მომხიბვლელი – მას ხომ მთელი მსოფლიო ნახავდა. კატია მართლაც ლამაზი და მიმზიდველი ბავშვი იყო, რომელიც კეთილგანწყობას ბადებდა.

რა თქმა უნდა ბავშვი საბჭოეთიდან ვერ იქნებოდა ისეთივე გახსნილი, გულახდილი და ლაღი, როგორც სამანტა. მან გაიარა საბჭოთა პარტიული “ინსტრუქტაჟი”. ბავშვი წინასწარ შეამზადეს, რა ეპასუხა ამერიკელების შესაძლო “ჩამჭრელ” კითხვებზე, რაზე უნდა ესაუბრა. აქედან გამომდინარე ის მოზომილად, უინტერესოდ საუბრობდა ხოლმე , ძირითადად ლაპარაკობდა წინასწარ მომზადებული ტექსტით მშვიდობაზე და იმის შესახებ თუ რა კარგი ცხოვრებაა საბჭოთა კავშირში.

მშვიდობის დესპანის მისიამ არნახული პოპულარობა მოუტანა კატიას მთელს საბჭოთა კავშირში, ამ დროისათვის ის ქვეყანაში ყველაზე უფრო პოპულარული ბავშვი გახდა. საბჭოთა პრესა და ტელევიზია მისგან პირდაპირ კუმირს ქმნიდა. მას გაუჩნდა თაყვალისმცემლების უზარმაზარი არმია, ყოველდღე ღებულობდა იმდენ წერილებს, რომ საფოსტო ყუთში წერილები პრაქტიკულად ვერ ეტეოდა. მოგზაურობდა ყველგან, თაყვანისმცემლებმა აჩუქეს სპანიელი, რომელიც თაყვანისმცემელმავე მოჰპარა. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ის შეხვდა გორბაჩოვსაც. სკოლაში მას ხშირად აკითხავდა სამთავრობო მანქანები და მიჰყავდათ სხვადასხვა ღონისძიებებზე. თუმცა ხალხის სიყვარულის და პოპულარობის პარალელურად ბავშვს უსიამოვნებიც ჰქონდა . მისი პიროვნება იწვევდა ბევრ ჭორს და მითქმამოთქმას. თავრუდამხვევმა პოპულარობამ, ის დააშორა თავის თანატოლებს. მან დაკარგა მეგობრები, რომლებიც ადრე მას ბევრი ჰყავდა , კლასელებს ის არ უყვარდათ და შურის თვალით უყურებდნენ მას , ხშირად საყვედურობდნენ მას იმაში, რომ ის არჩეული იქნა უსამართლოდ, “ზემოდან” ჩარევით.

მიუხედავად დიდი პოპულარობისა კატია მალე, თანდათან დავიწყებას მიეცა, მისი სახე აღარ ჭირდებოდა სისტემას იმ დროისთვის შექმნილ ახალ პოლიტიკურ პირობებში. პერესტროიკამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია მისდამი ინტერსის პრაქტიკულად სრული დაკარგვა. ამას ხელი შეუწყო იმანაც , რომ იმ ქვეყანაში , რომელსაც ის ამერიკელების წინაშე ასე აქებდა და ადიდებდა ის დიდხანს არ გაჩერებულა. დედამ – ერთერთი კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანისაგან მიიღო სტიპენდია. მალე ის დედასთან ერთად საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. კატიამ განათლება სორბონში მიიღო.

2000 წელს ის დაბრუნდა რუსეთში. მუშაობდა რუსეთის ფედერაციის შრომის სამინისტროში. დღესდღეობით ის ავტოვაზის ვიცეპრეზიდენტია და მისი ხელფასი იმდენია , რომ ნებისმიერისთვის შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს. თუმცა პირადი ცხოვრება მან ვერ ააწყო მას არ ჰყავს საყვარელი მამაკაცი. ხოლო ბავშვს, რომელიც მან გააჩინა ზრდის მარტო. თვით კატიას არ უყვარს თავისი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება. ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისთვის უინტერესო იყო, უბრალოდ ის ასრულებდა მისდამი დაკისრებულ დავალებას და იმ პერიოდში პირადად მასზე, როგორც მშვიდობის დესპანზე პრაქტიკულად არაფერი დამოკიდებული არ იყო.

დღეს ეს ორი ისტორია უცნაურად ჩანს. ბავშვების გამოყენება როგორც “კეთილი ნების დესპანებისა” ეს იყო საგანგაშო ნიშანი იმისა , რომ ორი ზესახელმწიფოს დიპლომატების დიალოგი შესული იყო სრულ ჩიხში და ამ ფაქტის გაანალიზება იყო შემდგომი დაახლოების მთავარი ფაქტორი .


კადრი ფილმიდან “ბემბის ბავშვობა”

მასალები აღებულია სხვადასხვა წყაროებიდან

თეგები
Close
Close