ახალი ამბებისაკითხავი

რატომ მოკლა “დედამ” 1 წლის ბავშვი, Skype-ში “მეგობართან” საუბრისას ?

2010 წლის ოქტომბერში ნორვეგიაში საზარელი მკვლელობა მოხდა. 26 წლის იასმინ ჩადრიმ 20 თვის საკუთარი შვილი წყლის სათლში ჩაახრჩო… მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დანაშაულიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, ფაქტების სიმრავლის გამო (რომელიც თანდათან ხდება ცნობილი) საქმის გამოძიება გაიწელა და დღემდე მიმდინარეობს.

2010 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე იასმინ ჩადრი თავის ონლაინ “შეყვარებულს” ესაუბრებოდა Skype-ის მეშვეობით. თუმცა ამ დროს ბავშვმა გაიღვიძა და წყვილს საუბარში ხელი შეეშალა. იასმინმა ვერ აიტანა იდილიის დარღვევა, ბავშვი წყლით სავსე სათლში “მოისროლა” და საუბარი მშვიდად გააგრძელა მანამ, სანამ ხროტინი არ მოესმა და მიხვდა, რომ ბავშვი იგუდებოდა. ამის შემდეგ სასწრაფო გამოიძახა და მათ განუცხადა, რომ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა ბავშვი სათლში შემთხვევით ჩავარდაო… თუმცა ნაკლებად სავარაუდოა საღად მოაზროვნე ადამიანს დაეჯერებინა ღამის 3 საათზე 1 წლის ბავშვის სათლში შემთხვევით აღმოჩენის ამბავი. მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით იასმინ ჩადრი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

გამოძიების პროცესში რამდენჯერმე დაიკითხნენ ჩადრი და მისი “მეგობარი” ბრიტანეთის მოქალაქე ამაზ ქურაში, რომელთანაც იმ ღამეს ჩადრი კომპიუტერის მეშვეობით საუბრობდა. დაკითხვისას ჩადრიმ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ბავშვი სათლში ძალით ჩააგდო, მაგრამ მხოლოდ მისი გაჩუმების განზრახვით… რამდენიმე დაკითხვის შემდეგ მან კიდევ დაამატა, რომ ბავშვის მიჩუმების გეგმა Skype-ში 2 საათიანი ბჭობის შემდეგ ამაზ ქურაშთან ერთად დასახა. ამ განცხადებას მოჰყვა აქტიური მოლაპარაკებები ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის, რათა მოხერხებულიყო ამაზ ქურაშის დაკითხვაც. თუმცა ამბავი არც ამით მთავრდება… ამაზის დაკითხვის შემდეგ ჩადრიმ ყველაფერი მას გადააბრალა და განაცხადა, რომ ამაზმა აიძულა ბავშვი სათლში ჩაეგდო, ქურაში კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. ამაზის დაკითხვისას გაირკვა, რომ მან ეს ჩადრის უბრალოდ ხუმრობით, არასერიოზულად უთხრა…

ამ ეტაპზე გამოძიება შეფერხებულია, რადგანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ბრიტანეთიდან ამაზ ქურაშის ექსტრადიციის შესახებ. გამომძიებელს მათი ერთად დაკითხვა სურს იმ მიზნით, რომ იქნებ ამ საშუალებით მაინც გახდეს შესაძლებელი ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ამ ფაქტს ჩადრის ადვოკატიც ადასტურებს, რომელმაც BBC News-ს შემდეგი განუცხადა:

– “ ჩემს კლიენტს ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ედება, თუმცა მისივე სახელით უარვყოფ აღნიშნულს, რადგანაც ბრალდება ნივთმტკიცებებზე არაა დაფუძნებული. ახლა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი კლიენტი და ქურაში ნამდვილად საუბრობდნენ Skype-ში. ასევე არ მინდა კომენტარი გავაკეთო მათ ურთიერთობაზე და თითოეულის როლზე აღნიშნულ საქმეში, თუმცა ჩემი კლიენტის სახელით მოვითხოვ ქურაშის ექსტრადირებას!”

არ შემიძლია საკუთარი მოსაზრება არ გამოვთქვა ამ საზარელ მკვლელობაზე, რომელიც ნებისმიერ მათგანში ზიზღისმომგვრელია იმ ქალის მიმართ, რომელიც ღირსი გახდა დედა რქმეოდა, 9 თვით მომავალი სიცოცხლე ეტარებინა მუცლით, მის გაზრდაში მონაწილეობა მიეღო და პიროვნება აღეზარდა. თუმცა დედობრივმა ინსტინქტმა როგორც ჩანს იასმინ ჩადრში გამოხატულება სხვაგვარად ჰპოვა. საკუთარი შვილი მხოლოდ იმისთვის გაიმეტა, რომ საყვარელთან საუბარში ხელი არ შეშლოდა. ეს კი ნორმალური დედის საქციელს ნამდვილად არ ჰგავს… შვილი დედისთვის როგორც წესი უპირველესი ფასეულობაა და მისთვის სიცოცხლესაც კი გასწირავს, მაგრამ იასმინმა საკუთარი სიცოცხლე კი არა, შვილის სიცოცხლე შეიწირა… ასეთი ქალი დედობის ღირსი ნამდვილად არაა და დარწმუნებული ვარ არც მანამდე იყო ბრწყინვალე დედა… მეორეხარისხოვანია ამ დანაშაულში ამაზ ქურაშის ბრალი, რა თქმა უნდა ისიც იმსახურებს შესაბამის სასჯელს, მაგრამ ვინც არ უნდა გაიძულოს საკუთარი შვილი მხოლოდ იმისთვის გაიმეტო, რომ არასასურველ დროს გაეღვიძა, გაყინულ წყალში უმოწყალოდ ჩააგდო და მიატოვო, ჩემთვის წარმოუდგენელია…

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 20 თვის ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს სრულფასოვნად (ცურვაზე რომ არაფერი ვთქვათ) გადარჩებოდა ცივი წყლით სავსე სათლში ბედის ანაბარად მიტოვებული? ეს ხომ წარმოუდგენელია… ფაქტი სახეზეა: დედამ შვილი გაუაზრებლად აშკარად სიკვდილისთვის გაიმეტა…. მე ვერც ის წარმომიდგენია სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ვერ დაინახო ამ დროს, მაგრამ იმდენად აღტკინებული იყო ჩადრი საყვარელთან შეწყვეტილი საუბარი გაეგრძელებინა, რომ ვეღარც აზროვნებდა და რა დედა, რის შვილი, ვიღას ახსოვდა რომ შვილზე პასუხისმგებელი დედა იყო…

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო 2012 წლის 14 თებერვალსაა ჩანიშნული და საინტერესოა რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე შვილმკვლელ დედას და მის ონლაინ საყვარელს…

წყარო: ბლოგი (არა)იურისტებისათვის

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close