საკითხავისაქართველო

კინტო – აკრძალული თემა?

ამ კვლევის ავტორის მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა ან დამცირება. ეს – ადამიანების ან მოვლენების ისტორია თანამედროვე შეფასების მიღმა, შეიძლება ველური ან უხერხული მოგეჩვენოთ, მაგრამ ის – ისტორიაა.

80-იანი წლების შუახანებში გამიტაცა ვასილი ვერეშჩაგინის, მე-19 საუკუნის რუსი მხატვრის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ. ის საბჭოთა პერიოდში ოფიციალურად იყო აღიარებული “დიდ ჰუმანისტად”, მისი შეხედულებების ილუსტრაციად კი საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი იყო მისი სურათის “ომის აპოთეოზის” რეპროდუქცია. ალბათ გეხსომებათ: მთა რამდენიმე ათასი ადამიანის თავის ქალისგან და მინაწერი – “ეძღვნება ყველა დიდ დამპყრობელს – ყოფილებს, ახლანდელებს და მომავლებს”. ვერეშჩაგინი ნამდვილად იყო ნიჭიერი და ღირსეული მხატვარი, კლასიკური რეალიზმის მიმდევარი, ბრწყინვალე მკვლევარი, რომელიც სიუჟეტებს წვრილმან დეტალებში აღწერდა.

მწერალზე წიგნის წერას მას შემდეგ დავანებე თავი, რაც მის წიგნში წავაწყდი ფრაზას მხატვრული კრიტიკოსის, ვლადიმირ სტასოვისათვის მიწერილი წერილიდან: “მე თვითონ, ვესროდი ადამიანებს, როგორც კაკბებს.” ვერეშჩაგინი წერდა თავისი მონაწილეობის შესახებ სამარყანდის “დაცვაში” 1868 წელს. მე აღარ მქონდა სურვილი მეწერა “დიდ ჰუმანისტზე”, მაგრამ ვერეშჩაგინის ნამუშევრებმა სხვა წიგნზე მუშაობისკენ მიბიძგა – პროსტიტუციის ისტორიაზე ცენტრალურ აზიაში. ვერეშჩაგინი კარგი ეთნოგრაფი იყო და თავის თითოეულ სურათს აღწერდა დღიურებში, რომელთა ნაწილი წიგნად გამოიცა. ერთ-ერთ დღიურში წავიკითხე აღწერა სურათისა “ტყვე ბავშვის მონად გაყიდვა.” მასზე გამოსახულია 5-6 წლის შიშველი ბიჭი და ვაჭრები აზიურ ხალათებში.

ხელოვნებათმცოდნეობის საბჭოთა წიგნებში ვერეშჩაგინის მიერ სიუჟეტის აღწერაზე არაფერი იყო ნათქვამი, ამიტომ სურათი დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენილი იყო როგორც დესპოტიზმის მაგალითი. საბჭოთა კრიტიკოსები დაახლოებით ერთნაირ ტექსტს წერდნენ: “სურათში “ტყვე ბავშვის მონად გაყიდვა” მხატვარი მრისხანედ ამხელს შუა აზიის იმ პერიოდის კიდევ ერთ ბნელ მხარეს – მონებით ვაჭრობას და “ცოცხალი საქონლის” როლში გამოსახავს არა ზრდასრულ ადამიანს, არამედ დაუცველ უსუსურ ბავშვს. ამით ვერეშჩაგინი თემის ტრაგიკულობას აძლიერებს “.

ამ ცნობილი სურათის გარდა, რომელიც 1872 წლით თარიღდება, უფრო ადრე, 1868 წელს ვერეშჩაგინმა დახატა კიდევ ერთი “ბაჩა თავის თაყვანისმცემლებთან ერთად”. მაგრამ, მისი პარიზში გამოფენის და კრიტიკოსების მიერ პრესაში გამოხატული მრავალლრიცხოვანი შენიშვნებს შემდეგ, სურათი განადგურებულ იქნა. მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეიქმნა სხვა, უფრო ცნობილი სურათი. ვერეშჩაგინმა კი, თავის წიგნში “მოგზაურობიდან შუა აზიაში”, რომელიც სანკტ-პეტერბურგში 1883 წელს გამოიცა, როგორც ყოველთვის, სიუჟეტი აღწერა. “… ასეთი, ქალების უკიდურესად დამამცირებელი მდგომარეობა, სხვათაშორის ისეთი არანორმალური მოვლენის მიზეზი ხდება, როგორიც არის ადგილობრივი “ბაჩა”. პირდაპირ თარგმანში “ბაჩა” ნიშნავს ბიჭს. მაგრამ რადგან ეს ბიჭები ასრულებენ რაღაც უცნაურ და, როგორც უკვე ვთქვი, არც თუ ნორმალურ როლს, სიტყვა “ბაჩა”-ს აქვს კიდევ სხვა მნიშვნელობაც, რომელიც ასახსნელად ცოტა უხერხულია. მოცეკვავე-ბაჩა როგორც წესი, ხდება კარგი გარეგნობის ბიჭი, დაახლოებით 8 წლის ასაკიდან. ხანდახან ცოტა უფროსებიც. იმ მშობლებისგან, რომლებისთვისაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს რითი იშოვნიან ფულს, ბავშვი ხვდება ერთ, ორ ან რამდენიმე სილამაზის მოყვარულის ხელში. ეს ადამიანები ნაწილობრივ, თაღლითებიც არიან. ისინი უკვე ძველი, თავისი კარიერადამთავრებული მოცეკვავეებისა და მომღერლების მეშვეობით ასწავლიან ამ ხელოვნებას თავიანთ აღსაზრდელებს. უკვე გაწვრთნილებს უვლიან, აცმევენ, როგორც თოჯინას, აზიზად ზრდიან, ანაზებენ და აქირავებენ მსურველებზე საჯარო წარმოდგენებისთვის. ასეთი საჯარო წარმოდგენა “თამაშა” მე ბევრჯერ მინახავს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა პირველად ნანახი ერთ მდიდარ ვაჭართან ვინმე ს.ა.-სთან.


“თამაშა” თითქმის ყოველ დღე იმართება ქალაქის ამა თუ იმ სახლში, ხანდახან კი რამდენიმეში ერთდროულად. მთავარი დღესასწაულის, ბაირამის მარხვის წინ. ამ დროს ემთხვევა ყველაზე მეტი ქორწილიც, რომლებსაც ჩვეულებრივად თან ახლავს მსგავსი წარმოდგენები. ამ დროს ქალაქის ყველა ნაწილში ისმის დაირის და დოლის ხმა, შეძახილები და რიტმული ტაში, რომელიც აყოლილია ბაჩის სიმღერის და ცეკვის ტაქტს. მაშინ, როდესაც ქალაქში ჯერ კიდევ ცოტა ნაცნობი მყავდა მე ვთხოვე ს.ა.-ს სპეციალურად მოეწყო “თამაშა”. ერთხელაც, გვიან საღამოს, მან შემატყობინა, რომ წარმოდგენა მზად არის და მალე დაიწყება. მე რამდენიმე კაცის თანხლებით მასთან სახლში წავედი.

ჭიშკარში და ალაყაფის წინ ბევრი ხალხი იყო; ეზოც სულ სავსე იყო; მხოლოდ შუაში იყო დარჩენილი დიდი მოზრდილი მრგვალი მოედანი, რომლის გარშემოც მიწაზე ისხდნენ მაყურებლები წარმოდგენის მოლოდინში; ეზოს მთელ დანარჩენ სივრცეში ხალხი ისე მჭიდროდ იდგა, რომ მხოლოდ მათი თავები ჩანდა; ხალხი იდგა ყველა კარში, გალერეებში, სახურავებზე (სახურავებზე უმეტესად ქალები იყვნენ). წრის ერთ მხარეზე, ცოტა ამაღლებულ ადგილას მუსიკოსები იყვნენ. ჩანდა რამდენიმე დიდი დაირა და პატარა დოლები. ამ მუსიკოსების გვერდით, საპატიო ადგილზე ჩვენ დაგვსვეს, ჩვენი ყურების საუბედუროდ. ეზო ნავთის იყო განათებული უზარმაზარი ჩირაღდნით, რომელიც ძლიერი წითელი ალით ანათებდა. ეს ვარსკვლავებით მოჭედილ მუქ-ლაჟვარდისფერ ცასთან ერთად, სცენას საოცარ ეფექტს აძლევდა.

“აქეთ წამობრძანდით” – ჩამჩურჩულა ერთმა ნაცნობმა სარტმა (სარტებს უწოდებდნენ ცენტრალური აზიის სპარსულენოვან მცხოვრებლებს) და თან თვალი ჩამიკრა, როგორც ამას აკეთებენ, როდესაც რაიმე აკრძალულ ხილს გთავაზობენ. “რა ხდება, რისთვის?” – “შევხედოთ ბაჩას როგორ აცმევენ”. ერთ-ერთ ოთახში, რომლის ეზოში გამომავალი კარიც დახურული იყო, რამდენიმე რჩეული, ძირითადად ადგილობრივი პატივსაცემი პირი, მოწიწებით იდგა ბაჩას, ძალიან ლამაზი ბიჭის გარშემო, რომელიც წარმოდგენისთვის იმოსებოდა; მას გოგონას იერს აძლევდნენ: დაამაგრეს გრძელი თმები რამდენიმე წვრილი ნაწნავით, თავზე მოახვიეს დიდი ღია ფერის აბრეშუმის თავსაფარი შუბლის ცოტა ზევით და შემდეგ, ეს გაუკრეს წვრილად დახვეული მეორე ხასხასა წითელი თავსაფრით. ბაჩას წინ ეკავათ სარკე, რომელშიც ის სულ კეკლუცად იყურებოდა. ძალიან მსუქან სარტს ხელში ეჭირა სანთელი, დანარჩენები მოწიწებით, სუნთქვაშეკრულები (მე არ ვაჭარბებ) უყურებდნენ ამ ოპერაციას და პატივად მიაჩნდათ მისი დახმარება, როცა საჭირო იყო რამის შესწორება ან დაკავება. ტუალეტის დამთავრებისას ბიჭს წარბები და წამწამები გაუმუქეს, სახეზე რამდენიმე პაკატა კრაველი – signes de beauté – მიამაგრეს და ის, მართლაც ქალად გადაქცეული გამოვიდა მაყურებლების წინაშე. მას მოწონების ხმამაღალი შეძახილებით მიეგებნენ”.

წიგნი პროსტიტუციაზე ცენტრალურ აზიაში – ქალების, მამაკაცების და ზოოფილიაზე თაროზე შემოვდე. მაშინ საბჭოთა დრო იყო, მისი გამოქვეყნება შეუძლებელი იყო, არქივის უმეტესი ნაწილი დაიკარგა, თვით ეს წიგნი კი მიმავიწყდა. მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როდესაც საცხოვრებლად ჩამოვედი საქართველოში და როდესაც ვცადე გამერკვია სიტყვა “კინტოს” წარმოშობა.

ლეგენდები კინტოს წარმოშობის შესახებ დღემდე სხვადასხვაგვარი ჭორების ფორმით არის გავრცელებული. არის საბჭოთა ვერსია იმის თაობაზე, რომ კინტოები იყვნენ დაჩაგრული კლასის წარმომადგენლები, ვაჭრები. ხანდახან ისინი მონაწილეობდნენ გასართობ ღონისძიებებში. არის ვერსია, რომ ისინი ძირითადად იყვნენ თავაწყვეტილი ცხოვრების წესის მიმდევარი ლოთები და თაღლითები. ცოტა უკეთესი დახასიათებით, წვრილი ვაჭრები, ბატონების ხელის მსახურები და ბოლოს, ძალიან იშვიათად, ძირითადად მოხუცთა მონათხრობში შეიძლება გაიგონოთ სხვა შინაარსის ვერსიები, სადაც არის მინიშნება თავისებურ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებული იყო სექსუალურ გართობასთან, ან უკეთეს შემთხვევაში ისეთ საქციელზე, რომელსაც საზოგადოება გმობდა.

კინტო საქართველოში მიიჩნევა თბილისის ქალაქური კულტურის ნაწილად, ხოლო ცეკვა “კინტოური” პოპულარულია საკონცერტო პროგრამებში. მაგრამ რაც უფრო მეტჯერ ვნახე სხვადახვა ქორეოგრაფიულ დადგმაში “კინტოური”, მით უფრო ხშირად მახსენდებოდა ავღანელი “ბაჩაბოზ”-ების ცეკვა. ანალოგიები ძალიან ახლო აღმოჩნდა. მსგავსია რიტმი, ხელების და ტანის მოძრაობები, თვით ტანსაცმელიც კი. მიუხედავად იმისა, რომ კინტოურს ასრულებენ მამაკაცები ფართო შარვლებში, ხოლო “ბაჩაბოზი” სრულდება ქალის ტანსაცმელში. ვერეშჩაგინის დღიურებში ბაჩაბოზი ასეა აღწერილი: “ბაჩამ ნელა, ნარნარად დაიწყო წრეში სიარული; ის დაირების ჩუმი დაკვრისა და მაყურებელთა რიტმული ტაშის ტაქტში გამოდიოდა, ტანის, ხელებისა და თავის გრაციოზული მიხვრა-მოხვრით. მის დიდ ლამაზ შავ თვალებს და ლამაზ პირს რაღაც გამომწვევი გამომეტყველება ჰქონდა, პერიოდულად ძალიან კადნიერი. ის ბედნიერი მაყურებლები, რომლებსაც ბაჩა მიმართავდა მრავალმნიშვნელოვანი გამოხედვით და ღიმილით, სიამოვნებისგან დნებოდნენ. ასეთი მიმზიდველი ყურადღების საპასუხოდ იღებდნენ შეძლებისდაგვარად დამცირებულ პოზებს, საკუთარ სახეს აძლევდნენ პირფერულ, ნაზ გამომეტყველებას. “ჩემო სიხარულო, ჩემო გულო”, ისმოდა ყოველი მხრიდან. “მიიღე ჩემი სიცოცხლე, – უყვიროდნენ მას, – ის არაფერია შენი ერთი ღიმილის წინაშე” და სხვა. მუსიკას მოემატა ტემპიც და ხმაც. მასთან ერთად ცეკვაც გამოცოცხლდა. ფეხებმა – ბაჩა ფეხშიშველი ცეკვავს – დაიწყეს მოხერხებული, სწრაფი მოძრაობების კეთება. ხელები გველისებური მოძრაობით ააყოლა კორპუსს. დაირებმა ისევ მოუმატეს ტემპს და ხმას. უფრო სწრაფად დაბზრიალდა ბაჩა, იმდენად, რომ ასობით თვალი ძლივს ასწრებდა მისი მოძრაობის დანახვას; ბოლოს მუსიკის მაქსიმალური ხმისა და მაყურებელთა გაშმაგებული ამოძახილის თანხლებით მან ბოლო მოძრაობა შეასრულა. ამის შემდეგ მოცეკვავე (კაცი თუ ქალი, როგორც გენებოთ), ცოტა გაგრილდა მიწოდებული ჩაით და ტანის და ხელების ნარნარი მოძრაობით ისევ შევიდა სცენაზე. ისევ უღიმოდა მაყურებლებს და მარჯვნივ და მარცხნივ აფრქვევდა თავის ნაზ, ეშმაკურ გამოხედვას”.

ცეკვების მსგავსება დასტურდება იმ მონათხრობითაც, რომლებიც საკმაოდ ბევრია ქართულ ისტორიულ წიგნებში, აგრეთვე ქალაქური ლეგენდებითაც. მათში “კინტო” წარმოდგენილია მსუბუქი ქცევის მამაკაცად, რომელიც ართობს კაცებს წვეულებებსა და დღესასწაულებზე. არის ისეთი საოცარი მსგავსებაც, როგორც კინტოების სიმღერის ტექსტში მიმართვა “პატარა ბიჭი”-სადმი. თუმცა კინტოების სასიყვარულო სიმღერების თანამედროვე შესრულების დროს უკვე ფიგურირებს “პატარა გოგო”. ასაკოვან ადამიანებს ჯერ კიდევ ახსოვთ, რომ ადრე ტექსტში იყო პატარა ბიჭი და მისადმი სიყვარულს უმღეროდნენ.

თენგიზ ვერულავას სტატიაში მოყვანილია ანალოგიები სპარსულ ტრადიციებთან. ის იმასაც ვარაუდობს, რომ კინტოების ტრადიციები, რომელიც შუა საუკუნეების სპარსეთიდან იწყება, ფიქსირდება კინტოების ქცევის უფრო გვიანდელ აღწერილობებში – “ტყუილი, თაღლითობა”. თუ ისევ მივუბრუნდებით ვერეშჩაგინის დღიურებში ბაჩაბოზის აღწერილობას, ასეთი ქცევის წარმოშობა ცალსახაა: “… კედელთან მედიდურად და ამაყად ზის პატარა ბაჩა. ზევით აწეული ცხვირით და მოჭუტული თვალებით ქედმაღლურად ათვალიერებს გარემოს, თავისი ღირსების შეგრძნებით. მის გვერდით კედლების გაყოლებაზე, მთელ ოთახში ერთმანეთის გვერდზე ფეხმოკეცილები, მუხლებზე სხედან სხვადასხვა სახის, ზომის და ასაკის სარტები – ახალგაზრდები და მოხუცები, პატარები და მაღლები, გამხდრები და მსუქნები – იდაყვები მუხლებზე აქვს მიბჯენილი და მოხრილები ნაზად უყურებენ ბაჩას; ისინი აკვირდებიან მის თითოეულ მოძრაობას, იჭერენ მის გამოხედვას, ყურადღებით უსმენენ მის თითოეულ სიტყვას. ბედნიერი, რომელსაც ბიჭი მიაპყრობს თავის მზერას და უფრო მეტიც სიტყვას, პასუხობს პატივისცემით და მოწიწებით, ამ დროს სახითაც და სხეულითაც ხაზს უსვამს თავის სრულ არარაობას…”

როგორც ჩანს, საქმიანობის თავისებურებამ, კინტოებისა და ბაჩაბოზის პროფესიამ დაღი დაასვა მათ ქცევას, რაც რამდენიმე თაობის შემდეგაც ვლინდება. შემდეგ კი ეს გახდა კინტოების თავისებური სავიზიტო ბარათი, იმის შემდეგაც კი, რაც ისინი მოცეკვავე ბიჭებიდან წვრილ ვაჭრებად გადაიქცნენ. ეს ტრანსფორმაცია თანდათანობით ხდებოდა, ხოლო ისტორიკოსების მონათხრობი შეიძლება შევავსოთ ასი წლის წინანდელ თბილისს სხვადასხვა აღწერილობით. იქ შეიძლება მოვიძიოთ ცნობები იმის თაობაზე, რომ თბილისის უბანი მაიდანი ცნობილი იყო გასართობი დაწესებულებებით, ხოლო ამ დაწესებულებებში შესვლის მოყვარულებს ბრალს სდებდნენ სექსუალურ გარყვნილებაში. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში “კინტოები” ბოლომდე დარჩნენ წვრილ ვაჭრებად, რომლებიც “ყარაჩოხელებთან” ერთად წარმოადგენდნენ თბილისის წვრილ ბიზნესს. “ყარაჩოხელები” იყვნენ ხელოსნები, ხოლო “კინტოები” მხიარული მოვაჭრეები. მაგრამ “კინტოური” და კინტოების ცხოვრების წესი მათ წარმოშობას გვახსენებს.

მეცხრამეტე საუკუნის თბილისურ ფოლკლორში შემონახულია ტექსტი, რომლის ავტორობაც მიეწერება კინტოს – ენაბლუ არტურს:

მა რად მინდა ეს კურტუმა

თუკი კაცს არ გამაადგა?

მაშინ მოკვდეს ბლუ არტურა

თუ ძმაბიჭებს არ წაადგა

ძმანო ყველამ ვიდღეგრძელოთ

კაცს უკნიდან ვინც მაადგა,

ყველა ბოლოს გამართლდება

ჩვენს ნათელ გზას ვინც დაადგა.

მისამღერი:

სილამაზის ტრფიალება

მეკურტუმის ვალია,

ყველა კაცი შინაგანად

ნართის მრთველი ქალია,

თვით ტფილისის ღენერალმა

ჩვენი ჭიქით დალია,

თანაყოფა სიამეა, უკაცობა გალია.

თავისთავად ცხადია, იმდროინდელი კინტოების ილუსტრაციები მე არ მინახავს, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდის ერთი ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ერთ-ერთი თბილისელი კინტო დართო გალუსტიანი, საკმარისად ზუსტად ასახავს ქცევის თავისებურებას. პოზა, კეკლუცობა, ხელის ჟესტი შეერთებული თითებით, ისევე როგორც ქალის საცეკვაო მოძრაობის ნაწილი – შემონახულია “კინტაურშიც”. ყოველ შემთხვევაში ძველ დადგმებში და/ან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაღებულ ნამდვილ კინტაურში.

სახელის – “კინტო” წარმოშობის ძებნას მე სულ უფრო ღრმად მივყავდი იმ პერიოდში, როდესაც ქართულ კულტურაზე და ენაზე დიდ გავლენას ახდენდა სპარსეთი და სპარსული ენა. და თუ სპარსულიდან ქართულში მოხვდა ძალიან გავრცელებული და ჩვეულებრივი სიტყვები “ქუჩა”, “ფული”, “ფანჯარა” და ბევრი სხვაც, ხომ შესაძლებელია სიტყვა “კინტოც” სპარსული წარმოშობის ყოფილიყო?

მაგრამ რატომ “კინტო”? და საიდან მოდის ის? ერთ-ერთი ისტორიული ვერსია “კინტოს” გამოჩენას აკავშირებს როსტომ მეფის (1565-1658) პერიოდთან. “კინტოები” სპარსეთიდან “კულტურული საქონლის” რანგში და შეიძლება, “კულტურული ინტერვენციის” რანგშიც ჩამოიყვანეს. უფრო ზუსტად კი, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, ეს გაკეთდა ხალხის გასარყვნელად, იმდროინდელი სპარსეთის ტრადიციებთან ასიმილაციისთვის, როდესაც სპარსულენოვანი სამყაროს ქალაქებში “ბაჩაბოზით” გატაცება ყვაოდა. ეს სრულიად ბუნებრივი იყო როსტომ მეფისთვის, რომელიც გაიზარდა სპარსეთის შაჰის აბას I-ს კარზე და საქართველოში გადმოიტანა (ქართლშიც და შემდეგ კახეთშიც) სპარსული მმართველობა და ცხოვრების წესი.

მაგრამ, საქართველოში მოხვედრილი “კინტოები” როსტომ მეფის მმართველობის შემდეგ შეიძლება უსაქმოდ დარჩნენ. მათი საქმიანობა საქართველოზე სპარსეთის გავლენის შემცირების შემდეგ შეიძლება აღმოჩნდა მოძლიერებული მართლმადიდებლური ეკლესიის და საზოგადოების დაძაბული ყურადღების ქვეშ. ალბათ სწორედ ამიტომ “კინტოების”, ანუ გართობის მონაწილეთა (მათ შორის სექსუალური გართობისაც) საქმიანობამ თანდათან ტრანსფორმაცია განიცადა და ქალაქის ცხოვრების სრულიად უწყინარ ნაწილად გადაიქცა.

მიუხედავად ამისა, “კინტოს” იმიჯს დღემდე აქვს სექსუალური ელფერი. ამას თავს ვერ აღწევენ ვერც ცეკვა “კინტოურის” თანამედროვე შემსრულებლები. ხოლო ისტორიკოსებს – ეთნოგრაფებს და ფოლკლორისტებს – ახსოვთ უამრავი სკაბრეზული გამონათქვამი, რომელიც იყო “კინტოების” სიმღერების და ქცევის ნაწილი. მათი ხუმრობები და სიმღერები ვულგარული იყო, ხოლო ქცევას საზოგადოება გმობდა.

მაინც დავუბრუნდები მოგონებებს ჩემს წიგნზე, რომელიც საბოლოოდ არც გამოიცა. აღმოსავლეთის ქვეყნების მცხოვრებთა სექსუალური ქცევა არ თუ არ იგმობოდა, არამედ იყო ქალაქელთა კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი როგორც ისლამის დამკვიდრებამდე, ისე მისი გავრცელების შემდეგაც. მაგალითად თანამედროვე ტაჯიკეთის და უზბეკეთის ტერიტორიაზე, რომლებიც თანამედროვე ირანისა და ავღანეთის მსგავსად სპარსულენოვანი სივრცის ნაწილი იყო, ეთნოგრაფები აფიქსირებენ თავისებურ გართობას წვეულებების, პირველ რიგში ქორწილების დროს. ტრადიციულად კაცების და ქალების წვეულებები ცალკ-ცალკე ტარდებოდა, რომელთა მსვლელობის დროსაც მამაკაცთა წრეში სრულდებოდა ქალთა ცეკვები. კაცები ტანზე იხვევდნენ გადასაფარებლებს, რომელთა ქვეშაც იმაგრებდნენ ფიალებს, ქალის მკერდის იმიტაციისთვის. ისინი გამიზნულად მღეროდნენ წვრილი ხმით, ხოლო როცა ცეკვავდნენ, ბაძავდნენ ქალის მოძრაობებს, ათამაშებდნენ თეძოებს და გამოწვევად იკლაკნებოდნენ.

ქალებსაც ჰქონდათ მსგავსი გართობა, მაგრამ შებრუნებულად – ქალები წარმოსახავდნენ მამაკაცებს. ზოგიერთი მათგანი ნახშირით ულვაშებს იხატავდა, კაცის იერსახის სრულყოფისთვის კი კაბის ქვედა ნაწილს ისე იმაგრებდნენ, რომ ფალოსის ფორმა მისცემოდა. თავითავად ცხადია, რომ თუ მღეროდნენ, სპეციალურად იბოხებდნენ ხმას, ხოლო წყვილად ცეკვაში მამაკაცი პარტნიორის როლს ასრულებდნენ.

ამის მსგავსად, სქესის გარეგნული შეცვლა ხანდახან ფიქსირდება სხვადასხვა თანამედროვე ცეკვაშიც, მათ შორის ქართულშიც. მაგრამ რადგანაც მსგავსი იმიტაციის საბაბი დიდი ხანია დავიწყებულია, მოცკვავე ქალის მიერ მამაკაცის პარტიის შესრულება ქალის მამაცობის გამოხატულებაა. “კინტაურში” დღემდე გამოიყენება ქალთა ცეკვის ბევრი ილეთი, მაგალითად ხელისგულების მოძრაობა სახესთან, სცენაზე სიარულის მანერა, რომელიც უფრო ქალის სხეულის აგებულებას ახასიათებს, ვიდრე მამაკაცისას.

მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მე ვიკვლევდი შედარებით მსგავსებას და “კინტოების” საქართველოში გამოჩენის ისტორიულ დადასტურებას, სულ ვცდილობდი თვით სიტყვა “კინტოს” წარმომავლობის დადგენას. ქართულ ლექსიკონში მისი სემანტიკური ახსნა არ არის. ასევე არ მოხერხდა თბილისის სომხურ ქალაქურ კულტურასთან მისი დაკავშირება, თუმცა როსტომ მეფის პერიოდის ქრონიკებში არის ინფორმაცია, რომ პირველი “კინტოები” სპარსეთიდან ჩამოსული სომხები იყვნენ.

ახსნა ვიპოვე ჩემივე გამოუცემელ წიგნში. ოფიციალურ ტერმინ “ბაჩაბოზი”-სთან ერთად თანამედროვე ირანულ ენებში შემორჩა დამცინავი სახელიც: ტაჯიკურში და დარიში ეს არის kunte. ხოლო როგორც ჟურნალისტმა დარიუშ რაჯაბიიონმა ამიხსნა, სპარსული ენის ხორასნულ დიალექტში სიტყვა kundeh ნაწარმოებია სიტყვიდან kun – “უკანალი”. სიტყვასიტყვით კი ეს ნიშნავს უკანალის მიმცემს ანუ პედერასტს, უფრო მარტივ ვარიანტში კი პირს, რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს გამოსახავს. ეს სიტყვა დღემდე გავრცელებულია და მას იყენებენ, როდესაც უნდათ ვინმეს ბრალი დასდონ მამათმავლობაში. ცნობილმა ტაჯიკმა მკვლევარმა მირბობო მირახიმმა, რომელიც ბოლო ოცი წელიწადია ირანში ცხოვრობს, ჩემი ლინგვისტური ანალოგიები დაადასტურა.

მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში კინტოების გამოჩენის ვერსიას, არ ჩანს მიზეზი, თუ რატომ გაქრა სიტყვა “ბაჩაბოზი” და დარჩა “კინტო”. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ქართული სიტყვა “ბოზი” მომდინარეობს “ბაჩაბოზი”-დან, მნიშვნელობის ნაწილობრივი შეცვლით, ხოლო თვით “ბაჩაბოზები” ზიზღის გამოსახატავად მოიხსენიებოდნან დამცინავი ფორმით kunte-თი ან kundeh-ით, რამაც ტრანსფორმირებულ ვარიანტში მოგვცა “კინტო”. მაგრამ სიტყვა “ბოზი” რუსთაველის “ვეფხისტყაოსანშიც” არის. ამას გარდა ქართულში დარჩა კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც ამ სიტყვებთან არის დაკავშირებული – “თამაში”. სპარსულად ეს ნიშნავს გართობას, წარმოდგენას, ყურებას ან მზერით ტკბობას. სწორედ ამ სიტყვით მოიხსენიებენ დღემდე ავღანეთში წარმოდგენებს “ბაჩაბოზის” მონაწილეობით.

მე სიტყვა “კინტოს” წარმოშობის სხვადასხვა ვერსია მომისმენია, მკვლევარების და თბილისის მცხოვრებლების გამოკითხვის დროს, მაგრამ ვერავინ ბოლომდე ვერ ახსნა მისი ეტიმოლოგია. რადგანაც არც ქართულში და არც სომხურში არ არის მსგავსი გამოთქმის მქონე სიტყვები, თუნდ ცოტათი მაინც რომ უკავშირდებოდეს კინტოების საქმიანობას. ამიტომ მე ვვარაუდობ, რომ სიტყვა “კინტო” მომდინარეობს სწორედ სპარსული დამცინავი ტერმინიდან kunte, ან kundeh.

ეს ადვილი ასახსნელია. სპარსეთის უდიდესი გავლენის მიუხედავად, ქართულ სამეფოებში შემორჩენილი იყო ეკლესიის გავლენაც და სხვა ფასეულობებიც, რომლებიც ვერ იღებდა შემოსულ კულტურას, თუ საერთოდ შეიძლება კულტურა ვუწოდოთ “ბაჩაბოზის” ჰომოსექსუალურ ცეკვებს. დიდ ქალაქებში, პირველ რიგში თბილისში, ალბათ მიმდინარეობდა შინაგანი ბრძოლა. მოსახლეობის ნაწილი იღებდა სიახლეებს, რომელსაც მეფე როსტომი ნერგავდა, ნაწილი კი ამას ეწინააღმდეგებოდა. სავარაუდოდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის რეფორმისა და აღორძინების შემდეგ, 1744 წლიდან ქალაქის დიდგვაროვან მამაკაცთა გართობის ფორმებმა თანდათან ცვლილება განიცადა. საზოგადოება გამოხატავდა ზიზღს მსგავსი ტიპის გართობის მიმართ. თვით “კინტოებმა” ნელ-ნელა შეიცვალეს პროფესია, მაგრამ წარსულიდან ბევრი რამ დარჩა. უფრო ფოლკლორში, ცეკვებში და სიმღერებში, აგრეთვე ლეგენდებში, რომლებიც მათ საქმიანობას გარყვნილ სექსუალურ გართობასთან აკავშირებდნენ.

ეს სტატია არ შეიძლება გახდეს დავის საგანი – ხომ არ უნდა მივიჩნიოთ აწი კინტაური “ცუდ” ცეკვად. ნებისმიერი ხალხის კულტურის ისტორია დაკავშირებულია ძველ ტრადიციებთან და რწმენებთან. იმის წინააღმდეგ წასვლა, რაც სახალხო გახდა, შეუძლებელია. ცეკვების ისტორია – ყველაზე უხამსია, სხვადასხვა კულტურაში და ხალხში მათ წარმოშობას თუ შევაფასებთ. ზნეობრივი თვალსაზრისით ტანგოც, ან იგივე ესპანური ფლამენკოც ლამის ყველაზე ეროტიკული ცეკვაა, რომ აღარაფერი ვთქვათ მუცლის ცეკვებით თანამედროვე გატაცებაზე. კინტო და კინტაური, მათი თავისებური წარმოშობის მიუხედავად, საქართველოს კულტურის ისტორიის ნაწილად დარჩება.

წყარო: 24saati.ge

თეგები

spotify

i am george

მსგავსი ამბები

Close
Close