არქივი

პენტაგრამა ანუ ოქროს კვეთა

0565dfb47574
პენტაგრამა.

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი ისეთი რამ გვხვდება, რაზეც სწორედ ეს სიმბოლოა გამოსახული, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანისამოსი (უმეტესწილად მაისურები), აქსესუარები, ჭურჭელი (ძირითადად ჭიქები), სვირინგები, როკ-მუსიკის ალბომები, მისტიკური ფილმები და ა.შ. ადამიანები მას სოციალური ქსელების ავატარადაც იყენებენ და ბოლო პერიოდში კი შევნიშნე, რომ ამ თემაზე უამრავი პოსტი იწერება, მათ შორის ჩვენს ბლოგზეც. აშკარაა საზოგადოების ინტერესი ამ მისტიური სიმბოლოს მიმართ და მეც ამიტომ გადავწყვიტე გამეზიარებინა ჩემი ცოდნა მათთვის. ჩემს მიერ წაკითხული ინფორმაციის დიდი ნაწილი პენტაგრამას უკავშირებს მაგიას, სატანიზმს, სუბკულტურებსა და საიდუმლო ორდენებს. მე კი მინდა თქვენი ყურადღება სულ სულ სხვა თემაზე გადავიტანო. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, როგორც ჩანს ძალიან ცოტამ იცის, რომ ამ სიმბოლოს აქტიურად იყენებდნენ ანტიკურ საბერძნეთში. პითაგორელები მას ბედნიერების, ჯანმრეთელობის, სიმტკიცის სიმბოლოდ თვლიდნენ და მათი კავშირის სიმბოლოც სწორედ პენტაგრამა იყო.

პითაგორელებმა აღმოაჩინეს პენტაგრამის უნიკალურობა იმ თვალსაზრისით, რომ ის ერთადერთი გეომეტრიული ფიგურაა, რომელსაც ახასიათებს “ოქროს კვეთა”, ანუ მთელი ისე იყოფა არათანაბარ ნაწილებად, რომ დიდი ნაწილი ისე შეეფარდება მთელს, როგორც მცირე ნაწილი – დიდს. ეს იდუმალი, მაგიური პროპორციულობის თვისება, როგორც ისინი უწოდებდნენ მას, გამოისახება შემდეგი ფორმულით a:x=x:b ჯამი კი 0,618-ის ტოლია. სწორედ ამგვარი პროპორციულობა გახდა მიზეზი, ეღიარებინათ იგი მისტიკურ ციფრად არამარტო პითაგორელებს, არამედ იმ მეცნიერებსაც სადაც შემგომ დამკვიდრდა იგი.

“ოქროს კვეთის” პრინციპი აღმოაჩინა პითაგორას მოსწავლემ ჰიპასოს მეტაპონტელმა. (მონაკვეთის გაყოფა “ოქროს კვეთას” საფუძველზე მოცემულია ევკლიდეს “საწყისების” მეორე წიგნის 11-ე წინადადებაშიც). მოგვიანებით კი ჯერ ბიზანტიაში, შემდეგ კი ევროპაში გავრცელდა. შუა საუკუნეების ევროპაში ითვლებოდა რომ პენტაგრამას შეეძლო დაეცვა ისინი ავი, ბოროტი სულების ზემოქმედებისგან, როგორც თილისმას. რასაც გოეთეს ფაუსტიც ადასტურებს. თვალსაჩინოებისთვის აჯობებს მაგალითი ფაუსტისა და მეფისტოფელის საუბრიდან მოვიყვანოთ:
მეფისტოფელი  – უნდა გამოვტყდე! უკან გასვლაში
ხელს მიშლის მცირე რამ დაბრკოლება,
ჯადოქრის ტერფი თქვენი ზღურბლის წინ.
ფაუსტი – პენტაგრამაა, შენ რომ გაწვალებს?
მითხარი ეი, ქვესკნელის შვილო.
თუ ეს შენ გბოჭავს, როგორ მოხვედი?
როგორ მოტყუვდა ასეთი სული?
მეფისტოფელი – სწორედ განსაჯე! ცუდად შეგითხზავს:
ერთ-ერთი კუთხე, გარ მიქცეული
როგორცა ხედავ ოდნავ ღიაა.

7bae68660b38
ფაუსტი.
როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, “ქვესკნელის შვილმა” ფაუსტის სახლში მხოლოდ იმიტომ შეძლო შეღწევა, რომ პენტაგრამა დაუდევრად იყო შესრულებული და გარე კუთხე ღია ჰქონდა, შიდა – დახურული. ამიტომაც ვეღარ გადიოდა სახლიდან მეფისტოფელი. ცნობილია, რომ გოეთეს სახლის სადარბაზო კარის წინ პენტაგრამა იყო გამოსახული, შუაში კი წარწერა – salve ამშვენებდა.

2f286b3e0bc0
იოჰან ვოლფგანგ ვონ გოეთე.
გარდა ამგვარი გავლენისა საზოგადოებაზე, ამ სიმბოლომ და “ოქროს კვეთის” პრინციპიდან გამომდინარე მიღებულმა ე.წ.-მა მისტიკურმა ციფრმა 0,618-მა ასახვა ჰპოვა აღორძინების ეპოქის იტალიურ ხელოვნებაშიც. მას ფართოდ იყენებდა ლეონარდო და ვინჩი. მეცნიერთა ერთი ნაწილი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მონა ლიზას პორტრეტი აგებულია წესიერი ხუთქიმიანი ვარსკვლავის კომპოზიციის მიხედვით. ისევე როგორც მის მრავალ სურათში.

e5adfafcaf64
მონა ლიზა, ჯოკონდა.
ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის ასევე “ოქროს კვეთას” შესახებ დფაწერილი ტრაქტატის ილუსტრაციები, რომელსაც იტალიელმა მათემატიკოსმა ლუკა პეჩელიმ (1445-1514) “ღვთაებრივი პროპორცია” უწოდა. ამავე პრინციპზეა დახატული ტიციანისა და რაფაელის სურათები და დიურერის ავტოპორტრეტი.

b54974fb70c1
დიურერის ავტოპორტრეტი.
ითვლება, რომ ადამიანი ლამაზია, თუ სახის ნაკვთები ისეთი პროპორციითაა განლაგებული, რომლის შეფარდება 0,618-ის ტოლია (ამბობენ, რომ მოდელების შერჩევა მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ ამ პრინციპით ხდებოდა).

არქიტექტურის თვალსაზრისით პირველად ეს პროპორცია გამოყენებულია ათენის პართენონში (ქრ. შ.-მდე Vს). აღნიშნული ძეგლის სიმაღლის შეფარდება სიგრძესთან უდრის 0,618-ს.

a9ea006910c5
ათენის პართენონი
შემდეგ კი ლეოქარის აპოლონ ბელვედერელის ქანდაკება გვხვდება “ოქროს კვეთის” პრინციპზე აგებული (ქრ. შ.-მდე IVს). ამავე პრინციპით არის აგებული იტალიური, ფრანგული და რუსული კულტურის ძეგლი მათ შორის პეტრეს სასახლე მოსკოვში.

5f4ce062f729
მოსკოვი, პეტრეს სასახლე.
გარდა ადამიანის ცნობიერებისა და კულტურისა პენტაგრამამ რელიგიური წარმოდგენებიც თავდაყირა დააყენა და ძალიან მალე გახდა ოკულტური სიმბოლო. ის განასახიერებდა 5 ყველაზე ძლიერი ნიშნის ერთობლიობას – ადამიანის/სულის, ცეცხლის, წყლის, ჰაერისა და მიწის ერთობლიობას. ბოლო ოთხი ნიშანი საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოებია, მაგრამ მეხუთე სიმბოლო, რომელიც მოიაზრება სულის/ადამიანის განსახიერებად, შეიძლება სულაც არ იყოს ადამიანი. ამ საკითხზე უამრავი მკვლევარი მუშაობს და ნაადრევი დასკვნების გამოტანას აჯობებს, მათ ვერსიებს დაველოდოთ.

3eaa22b0129c
პენტაგრამა სიმბოლოებით.

P.s.არ ვიცი რამდენად შევმატე თუნდაც მცირეოდენი სიახლე თქვენს ინფორმაციას, მაგრამ თუ დაგაინტერესდებათ, შემდეგ პოსტებში აუცილებლად გავაგრძელებ ამ თემას და 0,618-ის მიღების ფორმულასაც განვმარტავ და საქართველოში პენტაგრამისა და “ოქროს კვეთის” გამოყენების მაგალითზეც ვისაუბრებ.

გამოყენებული მასალა:
მ. კოპალეიშვილი ციფრების სამყარო;
გ. მაცაბერიძე აღორძინების ეპოქის არქიტექტურა.
ა. გაწერელია სიბრძნის სიმფონია.

evelin_greis

წერა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ვიმედოვნებ მხოლოდ მე არ მომანიჭებს სიამვნებას ეს პროცესი :)

მსგავსი ამბები

Back to top button