სასარგებლოსაქართველო

უკონტროლო ინტერნეტი !

ვინ აკონტროლებს დღეს ქართულ ინტერნეტ სივრცეს ?

– არავინ !

აი სწორედ ესაა უბედურება.  ვიღაც წვალობს, შრომობს, ქმნის რაღაც საინტერესოს; ვიღაც კი ამით პოპულარობას(ხშირ შემთხვევაში ფულსაც კი) მოიპოვებს. აქამდე დიდად არ ვინტერესდებოდი ამ პრობლემით, სანამ ბლოგი არ გავხსენი და სტატიების წერა დავიწყე. როგორც ჩანს, რამდენიმე მათგანი საკმაოდ საინტერესო გამომივიდა, რადგან  ბევრი მომხმარებელი მოიზიდა და მკითხველიც გამიჩინა. ამ სასიამოვნო ფაქტს უარყოფითიც თან ახლდა… ინტერნეტში სხვადასხვა საიტის თვალიერებისას ხან სად ვაწყდებოდი ჩემს სტატიებს და ხან სად… საიტების უმრავლესობის მფლობელებს კი აზრადაც არ მოსვლიათ, რომ წყაროს სახით საიტის ბმული ან ბლოგის სახელი მაინც მიეთითებინათ, უარესი – პოსტებს ისიც კი არ აქვს მითითებული, რომ მათი დაწერილი არაა…

– რა ჰქვია ამას ?
– პასუხი ძალიან მარტივია: საავტორო უფლების უხეში დარღვევა !

– ვინ არღვევს ამ უფლებებს ?
– ყველა !!! (არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთადერთი გამონაკლისი ქართული ბლოგებიდან (რომელთანაც შეხება მქონია) – უცნაური ბლოგი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს წყაროს მითითების საკითხს. ასეთი მოწესრიგებულობა როგორც ჩანს დიდი ფუფუნებაა და ამისთვის უცნაური ნამდვილად მადლობის ღირსია)

– მაგრამ მხოლოდ უცნაურის მიერ დაცული საავტორო უფლება ეყოფა ქართულ ინტერნეტ სივრცეს?
– რა თქმა უნდა არა… მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც დაგიცავს და შენს ნაშრომ-ნაწვალებით სხვას არ მისცემს სარგებლობის უფლებას.

განა დიდი რამე დააკლდება საიტის მფლობელს, რომ გადაკოპირებული სტატიის ბოლოს პატარა ბმული მიუთითოს ან სახელი მაინც მიაწეროს? – არა, უბრალოდ საჭიროდ არ თვლის არავინ ამ უფლების დაცვას და ამის მიზეზი მარტივია – საქართველოში ვერავინ მოგთხოვს საავტორო უფლების დაცვას საკუთარი სინდისის გარდა… ამ სინდისს კი ხშირად სტატიის მითვისების სურვილი ჯობნის და  შენი ნაწვალებ-ნაშრომი უცებ სხვისი აღმოჩნდება და საავტორო უფლების დამრღვევიც დიდი სიამაყით იღებს ქება–მადლობას…

აი სწორედ ამიტომ ჩემი სუბიექტური აზრით (შეიძლება ობიექტურიც იყოს)  ჯობია საქართველომ ცივილიზებულ სამყაროსკენ ნაბიჯი გადადგას და მიიღოს კანონი, რომელიც უკონტროლო ქართულ ინტერნეტ სივრცეს გააკონტროლებს. ბევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არცაა საჭირო მოქალაქეების მაღალი მართლშეგნების გამო და რადგან ჩვენდა საუბედუროდ ამ მაღალი მართლშეგნებით ვერ დავიკვეხნით, საქართველოსთვის მსგავსი კანონის არსებობა აუცილებელია… ბევრი მეტყვის: ხომ არსებობს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”? სამწუხაროდ ეს კანონი უბრალოდ შავი ასოებია თეთრ ფონზე. აქ მაინც ყველა იმას აკეთებს რაც სურს და პოსტებიც ათას ბლოგს ეფინება და ათასივე ბლოგის ავტორი თავს დადებს, რომ სტატია მისია.

ვფიქრობ უნდა დაწესდეს სანქცია, რომელიც იქნება ქმედითი და არსებული პრობლემის რეალურად გადაჭრის საშუალება იქნება.

 
სტატიის მიზანი არაა რომელიმე კონკრეტული ბლოგის ან  კონკრეტული საიტის დისკრიმინაცია, უბრალოდ გამოთქმულია ავტორის გულისტკვილი ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებული განუკითხაობის

გამო.წყარო: ბლოგი (არა)იურისტებისათვის 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close