არქივი

სამცხე ჯავახეთი

b40bc573bec8

სამცხე-ჯავახეთი საქართვლოს უძველესი კუთხეა. ამ ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური ძეგლია. შეიძლება ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი მრავალ საიდუმლოს ინახავს და მისი ვრცელი ტერიტორიები  გამოსაკვლევია.

არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო რომ ადამიანს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია. რეგიონის ტერიტორიაზე მრავალი ადრე ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ყორღანული სამარხი იქნა აღმოჩენილი. აქ ვხვდებით ციკლოპური ტიპის-უზარმაზარ ლოდებიდან მშრალად ნაშენ ციხე ნამოსახლარებს,  გალავნებს, კოშკებსა და აკლდამებს.

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კულტურულად დაწინაურებული პროვინცია იყო. სახელწოდება სამცხე წარმოდგება მესხთა ტომის სახელისაგან სა-მესხე, სა-მცხე. ისტორიულ წყაროებში ჯავახეთი (ზაბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის, არგიშთ I-ის წარწერაში. უძველესი დროიდან ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო, ხოლო მის კულტურულ და რელიგიურ ცენტრს წუნდა წარმოადგენდა. წუნდას ნაქალაქარი დღევანდელი ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად, წუნდა დააარსა საქართველოს ერთ-ერთმა ეთნარქმა – ჯავახოსმა. აქედან მომდინარეობს ტოპონიმი ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის შემადგენლობაში შედიოდა.
6aa104186ddc
მესხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელ პირობას ქმნიდა ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური  განვითარებისათვის. იგი ხელს უწყობდა კავშირის დამყარებას საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ ძველ კულტურებსა და მცირე აზია-მახლობელი აღმოსავლეთის ცივილიზაციის ცენტრებს შორის.

სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ჩანს ინტენსიური კულტურული განვითარების კვალი. ქალაქ ახალციხის მახლობლად მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე გათხრილ ენეოლით-ბრინჯაოს ხანის ნასახლარის – ე.წ. ამირანის გორის სამხრეთ კალთებზე აღმოჩნდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. III ათასწლეულის)

ტერასულად განლაგებული ნასოფლარი, მადნის გამოსადნობი სახელოსნოთი, მსხვერპლის შესაწირავი მოედნებით, სამაროვნებითა და სხვ. არქეოლოგიური მასალით ირკვევა, რომ ძვ. წ. II ათასწლეულში სამცხე-ჯავახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთური დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურის გავლენის სფეროში იყო. აქ შეიქმნა ამ კულტურის მესხური ლოკალური ვარიანტი. მეტალურგიის განვითარებამ სამცხე-ჯავახეთში განაპირობა ლითონის დამზადების მაღალი ხელოვნება, რაც გამოვლინდა დისკოსებრი გულსაკიდების სხვადასხვა ტიპის საკინძებისა და სატევრების მესხური ტიპის ჩამოყალიბებაში.

განათხარი სარიტუალო ნივთების შესწავლით სამცხეში-ჯავახეთში დასტურდება დიფერენცირებული რელიგიური პანთეონის არსებობაც, სადაც ერთმანეთისგან გამიჯნულია ქალი-მზე და მამაკაცი-ცის და ამინდის ღვთაებები.  ქალი_ღვთაებებისადმი მიძღვნილ რიტუალში აქტიურია მზის დისკოსებური გულსაკიდები, მამაკაცი-ღვთაების რიტუალში კი კოლხური ცული და კვერთხი.

ისტორიული მესხეთი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთით ესაზღვრებოდა საბერძნეთს და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა I-V საუკუნეებში ირან-ბიზანტიის ბრძოლებში, რაც ირანის გამარჯვებით დამთავრდა  VI საუკუნეში – 532 წელს ირანმა იბერია დაიპყო და მეფობა მოსპო. ბიზანტია იბერიისთვის ბრძოლას განაგრძობდა და 626 წელს მან იბერიიდან ირანელები განდევნა. VII საუკუნის შუა წლებში  ბიზანტია-ირანის ქიშპობას ბოლო მოუღო არაბების შემოსევებმა. VIII სუკუნეში არაბებმა ეს კუთხე დაიპყრეს (ჭოროხის ხეობის გარდა). IX-X საუკუნიდან გავლენის მოპოვებას სამცხეზე ცდილობდა ჯერ ბიზანტია, შემდეგ თურქეთი და ხშირად ისინი მიზანსაც აღწევდნენ. XII საუკუნეში კი დავით IV აღმაშენებელმა მესხეთი და მასში შემავალი სამცხე-ჯავახეთი შემოიმტკიცა. 1124-1213წ.წ თამარ მეფის დროს კი იგი გადაიქცა სამხედრო მოქმედების მთავარ ასპარეზად, ამავე დროს, აქ ამ ხანებში მძლავრი კულტურული ცხოვრება დუღდა. აქ შეიქმნა ქართული სამართლის ბრწყინვალე ძეგლი ე.წ. ბექა-აღბუღას ფეოდალური სამართლის წიგნი.

4c2f6a75f295
XIII საუკუნის ბოლოდან საქართველოში მონღოლთა შემოსევები დაიწყო. მონღოლებმა საქართველოს დაპყრობის შემდეგ სამცხე-ჯავახეთიც დაიმორჩილეს. XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფემ გიორგი V ფაქტობრივად გათიშული სამცხის სამთავრო შემოიერთა მის მთავრად თავისი აღზრდილი დასვა, სპასალარობა დაუბრუნა და ათაბაგობის პატივიც უწყალობა. ხოლო XV საუკუნეში საქართველოს ჯავახეთიც შემოუერთდა, მაგრამ ასეთმა მდგომარეობამ დიდხანს არ გასტანა. XVI საუკუნის ბოლოს სამცხე-ჯავახეთი თურქებმა დაიპყრეს. ოსმალების მზაკვრულმა პოლიტიკამ დააჩქარა ამ კუთხის ისლამიზაცია, რომელმაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი XVII საუკუნის შუახანებიდან მიიღო. ბევრმა გამაჰმადიანებულმა ქართველმა ენაც დაივიწყა. ოსმალებმა აქ ათაბაგის ტიტული ფაშის ტიტულით შეცვალეს. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას მაინც არ შეუწყვეტია კავშირი აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობასთან.

ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილების ნაწილი იძულებული გახდა ისლამი მიეღო, უმეტესობა კი ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით ქრისტიანი კათოლიკე გახდა. თურქებს შეთანხმება ჰქონდათ კათოლიკურ ეკლესიასთან, რომლის ძალითაც თურქები ვალდებულები იყვნენ არ შეევიწროვებინათ მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები კათოლიკეები.

XIX საუკუნეში კი სამცხე-ჯავახეთში თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა კომპაქტურად დასახლდა. იმავე პერიოდში რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან ჩამოასახლეს დუხობორები. დუხობორები უკიდურესად პროტესტანტულ სექტას წარმოადგენენ. ისინი არ იცავენ არანაირ წეს-ჩვეულებებს გარდა ქორწინებისა და საგანგებო შეკრებების დროს სპეციალურ ფსალმუნებს კითხულობენ.

სამცხე-ჯავახეთი XIX საუკუნის I მეოთხედამდე თურქეთის შემადგენლობაში იყო, ხოლო 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად იგი კვლავ საქართველოს დაუბრუნდა.

წყარო: samepo.ge

Back to top button