საკითხავისასარგებლო

ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო!

ქალები, რომლებზეც ამ პოსტში გიამბობთ არაფრით გვანან ერთმანეთს. ისინი მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში დაიბადნენ, განსახვავებულ სფეროებში გამოიჩინეს თავი, სტატუსითა და გარეგნობითაც ვერ მიამსგავსებთ ერთმანეთს. ამ ქალებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ, მათ შეძლეს და თავიანთი საქმიანობით მსოფლიო შეცვალეს!

სია შედგენილია რამდენიმე ინგლისურენოვან სტატიაზე დაყრდნობით და დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

1. საფო.

საფო ძველი ბერძენი ლირიკოსი ქალი გახლდათ. იგი ერთ–ერთი პირველია იმ ქალ მწერლებს შორის, რომელთა ნაწარმოებებიც ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. საფო კუნძულ ლესბოსზე, ძვ. წ. დაახლოებით 630-სა და 612 წლებს შორის დაიბადა. მან ბავშვობა ამავე კუნძულზე მდებარე ქალაქ მიტილენში გაატარა. იძენდა საზოგადოებრივ გამოცდილებას, სწავლობდა ლიტერატურას და იღებდა რელიგიურ ცოდნას. ამის შემდგომ საფო თვითონვე შეუდგა წერას. იგი გახდა ავტორი მრავალი სასიყვარულო და ვნებიანი პოემისა, რომელთა დიდი ნაწილიც სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს ეძღვნებოდა. ბერძენ ლირიკოსს ხშირად განიხილავენ, როგორც ლესბოსელური ლიტერატურის პიონერ მწერალს. საფოს რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა მას შემდეგ, რაც მისი სექსუალური ორიენტაცია გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა, იგი 10 საუკეთესო პოეტს შორის დაასახელა. საფო ძვ.წ 570 წელს გარდაიცვალა. არსებობს აზრი, რომ მან თავი მოიკლა, როცა თავისი სატრფოს, ფაონას სიკვდილის ამბავი შეიტყო. თუმცა ამ მოსაზრების დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს.
ჩვენამდე სრული სახით საფოს არცერთ პოემას არ მოუღწევია, მათი დიდი ნაწილი დიაკარგა. მაგრამ ბერძენი ლირიკოსი ქალის სახელი სამუდამოდ შემორჩა ისტორიის ფურცლებს.

2. კლეოპატრა VII.

კლეოპატრა ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი იყო პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან. იგი დამოუკიდებელი მმართველი გახლდათ სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. კლეოპატრა მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნებათმცოდნეობას, ასევე იყო პოლიგოლიტი. ეგვიპტის დედოფალი განსაკუთრებული სისასტიკითაც გამოირჩეოდა. მან სიკვდილით დასაჯა საკუთარი და. შეიწირა 2 ძმის სიცოცხლე, რომლებიც მისი ქმრებიც იყვნენ. სიცოცხლე ძვ.წ 30 წელს თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო.
ეს თავდაჯერებული, დახვეწილი და განათლებული ქალი თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.

3. ჟანა დ’არკი.

ჟანა დ’არკი, ორლეანელი ქალწული 1412 წელს დაიბადა სოფელ დომრემში. იგი საფრანგეთის სახალხო გმირი გახლავთ, რომელიც ინგლისელთა წინააღმდეგ ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა. ჯანას ფანატიკურად მორწმუნე ადამიანადაც მოიხსენიებენ, რომელსაც პატარაობიდანვე სჯეროდა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულება საფრაგეთის ხსნა იყო. 1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს. 1 წლის შემდეგ მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟან დ’არკი გაემგზავრა დოფინთან შინონის ციხეში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. მალე მან რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ინგლისელების მიერ დაპყრობილი ქალაქების გათავისუფლება მოახერხა. 1431 წელს მოღალატეების გამო მისი შეპყრობა მოხეხდა, რის შემდეგაც დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. ჟან დ’არკი „ჯადოქრად“ცნეს და ქალაქ რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს. 1920 წელს თავდადებული, მებრძოლი ქალი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
ჟანა დ’არკმა თავისი მოკლე, 19 წლის ცხოვრების მუხედავად შესანიშნავ წარმატებას მიაღწია. თავისი ერთგულების, სიმამაცის, გამძლეობის, სიჭკვიანის, გამჭრიახობის შედეგად შეძლო და საფრანგეთის ისტორია შეცვალა.

4. კოკო შანელი.

„მოდა არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. მოდა ჰაერშია, ქარს მოაქვს. მას ინტუიციით ხვდებიან. ის არის ცაში და გზაზე.“

გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი ფრანგი მოდის დიზაინერი იყო, რომლის მარტივმა, განსაკუთრებულმა სტილმა მსოფლიოს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად აქცია. დაიბადა 1883 წელს. 12 წლისას მშობლები გარდაეცვალა და ბავშთა სახლში წაიყვანეს. სწორედ აქ ისწავლა კერვა. როცა გაიზარდა მუშაობა ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო, ასვე მღეროდა კაბარეში. ტანსაცმლის კერვას იგი 1916 წელს შეუდგა და მაღაზიაც გახსნა. იგი ამბობდა, რომ „ზედმეტად ბევრი მამაკაცია ამ ბიზნესში და მათ არ იციან, როგორ ჩააცვან ქალებს.“ კოკო შანელმა მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტების გამოყენებით ქალის ახალი და განსხვავებული სტილი შექმნა. უარყო კორსეტი, გადატვირთული კაბები, შემაწუხებელი ვარცხნილობა, პირველმა ჩაიცვა შარვალი, თმა მოკლედ შეიჭრა და შავი ფერი კლასიკად აქცია. შექმნა ლეგენდარული პარფიუმი Chanel No. 5. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც დიზაინერის სახელს ატარებდა და დღესაც, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადია. ის ერთადერთი დიზაინერია, რომელიც XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.
კოკო შენელი ამბობდა: „მე არ ვქმნი მოდას, მოდა მე ვარ!“

5. დედა ტერეზა.

„ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა.“


ყველასათვის კარგად ცნობილი დედა ტერეზას ნამდვილი სახელია აგნეს გონჯა ბოიაჯუ. იგი ალბანელი კათოლიკე მონაზონი იყო, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერები” და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე თვლიდნენ წმინდანად. 18 წლის ასაკში ირლანდიაში წავიდა და მონაზვნად აღიკვეცა. მალე ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა და 20 წლის განმავლობაში წმინდა მარიას ქალთა სკოლაში ასწავლიდა. 1948 წელს ჩამოაყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა. იგი უპოვრებს, უსახლკაროებს, მომაკვდავებსა და მძიმე ავადმყოფებს ეხმარებოდა. 1969 წელს BBC-იმ დედა ტერეზაზე გადაცემა გააკეთა და იმ დღიდან იგი მსოფლიოს ცნობილი ადამიანი გახდა. გადაცემის გასვლის შემდეგ უამრავმა ადამიანმა მასთან თანამშრომლობისა და დახმარების სურვილი გამოთქვა. დედა ტერეზა 1997 წელს კალკუტაში, ქველმოქმედი მისიონერის ოჯახში გარდაიცვალა. ამ დროისთვის უკვე მსოფლიოს 123 ქვეყანაში 4 000 ქველმოქმედი მისიონერი მოღვაწეობდა.

6. ინდირა განდი – “მთვარის ქვეყანა”.

ინდირა განდი 1917 წელს დაიბადა ინდოეთის ერთ მდიდარ ოჯახში. იგი პოლიტიკურ გარემოში იზრდებოდა, მისი ბაბუა ინდოეთის ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერი იყო, მამა კი დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ–მინისტრი. 1941 წელს ინდირაც ჩაერთო ინდოეთის დამოუკიდებელ მოძრაობაში. 1966 წელს კი იგი თავად დაინიშნა ინდოეთის პრემიერ–მინისტრად. თავიდან მისი მოწინააღმდეგეები ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებდნენ, „სულელი თოჯინაც“ კი შეარქვეს, მაგრამ „მთვარის ქვეყანამ“ მალევე დაამტკიცა როგორ ცდებოდნენ ისინი. უდიდესი ტკივილის მიუხედავად, რაც ჯერ ქმრის, შემდეგ მამისა და უმცროსი შვილის გარდაცვალებამ მიაყენა, იგი მაინც ღირსეულად ასრულებდა თავის მოვალეობას. ძნელი წარმოსადგენია როგორ მოერია ამხელა განსაცდელს, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. თავისი გამძლეობით, სიბრძნით, ჭკუით მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ქალ ლიდერად იქცა.

თუმცა თავისი სიძლიერის და მტკიცე ხასიათის მიუხედავად, პირველ რიგში ის ქალი იყო… 1984 წლის ოქტომბერში საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ჟურნალისტებთან შეხვედრამდე ინდირა დიდხანს ირგებდა სამოსს და ბოლოს გადაწყვიტა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მოეხსნა…

7. მარგარეტ ტეტჩერი – „რკინის ლედი“.

მარგარეტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ 1979-90 წლებში. მან მსოფლიოს თავი სიბრძნით, ძალაუფლების სიყვარულით, მონდომებით, შემართებით დაამახსოვრა. ბევრ ეპითეტს გაიგონებდით მისი მისამართით. სიჯიუტისა და გაუტეხლობის გამო „რკინის ლედი“ შეარქვეს, ზოგი „მოუსვენარ კუდიანსაც“ ეძახდა, მაგრამ საოცარი შრომისმოყვარეობის გამო მარგარეტ ტეტჩერი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. იგი ამბობდა: “არასდროს მძინავს დღე- ღამეში ოთხ-ხუთ საათზე მეტი. ჩემი ცხოვრება – ჩემი სამსახურია. ზოგი მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს, მე კი ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო”. მან ამ პოსტზე ბრიტანეთის ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმები გაატარა. სწორედ მისი ღირსებების დამსახურებით მარგარეტ ტეტჩერს ხელისუფლების სადავეები XX საუკუნის ყველა პოლიტიკურ ლიდერზე მეტხანს ეჭირა.

8. მერლინ მონრო.

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ყველა დროის უმშვენიერესი ქალი, სექს–სიმბოლოდ აღიარებული ნორმა ჯეინ მორტენსონი დაიბადა 1926 წელს ლოს ანჯელესში. მოგვიანებით მან საკუთარი სახელი მერლინ მონროთი შეცვალა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს უფრო შეეფერებოდა მის კარიერას. ერთ დროს ღარიბმა, კარტოფილის მაგვარი ცხვირის, ურჩი თმისა და ფართე მთეძოების მქონე გოგონამ თავისი სხეულის სრულყოფა გადაწყვიტა. მრავალი ქირურგიული ჩარევის შედეგად კი მსოფლიოს უნიჭიერესი, სექსუალური ლამაზმანი მოევლინა. კინოსამყაროში მერლინის გამოჩენას დიდი ხმაური მოჰვა, არაერთი როლი შეასრულა კომედიური ჟანრში, სადაც ძირითადად თავქარიანი ლამაზმანის როლებს ასრულებდა. თუ მის რამდენიმე უიღბლო ქორწინებას, შეწყვეტილ ორსულობებსა და ხელოვნურ ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, ძნელი მისახვედრი არაა თუ რა ხდებოდა მერლინ მონროს პირად ცხოვრებაში. საბოოლოდ ცხოვრება საკუთარ სახლში, 1962 წლის აგვისტოში დაასრულა. მის სიკვდილთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება გამოითქვა. იყო ვერსიები მკვლელობის, თვითმკვლელობისა და უბედური შემთხვევის შესახებ. თუმცა ასე იყო თუ ისე, პლანეტის უმშვენიერესი ქალი ახალგაზრდა და მატროსული წავიდა ამ ქვეყნიდან.

9. ანა ფრანკი.

ანა ფრანკის დღიურები მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია. ეს არის 13 წლის ებრაელი გოგონას მოგონებები, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში, თავის ოჯახთან ერთად ამსტერდამში, სამალავში აფარებდა თავს. დღიურიდან ვიგებთ, რომ ისინი გაუსაძლის პირობებში, ნესტიან, ბინძურ სარდაფში იმყოფებოდნენ, სადაც ვირთხები ბევრად კარგად გრძნობდნენ თავს. ანას და დაავადდა და გარდაიცვალა, 2 დღის შემდეგ თვითონაც მის გზას გაყვა. მამის, ოტოს გარდა ყველა დაიღუპა. ომის შემდეგ ოტო დაბრუნდა სამალავში, მოძებნა დღიური და გადაწყვიტა გამოექვეყნებინა. ასეც მოხდა, 1947 წელს „ანა ფრანკის დღიურები“ ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი და მალევე მსოფლიო ბესთსელერად იქცა. მისი წიგნი სიმბოლოა უდანაშაულოდ ტანჯული ადამიანებისა და ფარდას ხდის ფაშიზმის სისაზარლეს.
„ყველაფრის მიუხედავად, მე მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები არიან..“ – წერდა ანა ფრანკი.

10. ლედი დაიანა.

ლედი დაიანა სპენსერი 1960 წელს დაიბადა. ჩვეულებრივი ბავშვი იყო, დიდი მონდომებით არც სწავლაში გამოირჩეოდა, ცოტა სიზარმაცეც შეეპარებოდა ხოლმე და მისი ოცნების პროფრსია ბალერინობა გახლდათ. 16 წლის ასაკში მომხიბვლელი გოოგნას ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. მან პრონცი ჩარლზი გაიცნო და შემდეგ ღირსეულად დაეუფლა პრინცესას სავარძელს. მალე ლედი დიანა მსოფლიოში სიკეთისა და ქველმოქმედების სიმბოლოდ იქცა. სამედიცინო დაწესებულებები, უპატრონო ბავშთა სახლები, მოხუცთა თავშესაფრები, აივ ინფექციით დაავადებულთა მკურნალობა, ამ ყველაფერს ლედი დიმ უსაზღვრო ენთუზიასმით მოკიდა ხელი. სამწუხაროა, რო მასეთ ქალს პირადი ცხოვრება ვერ აეწყო. ორი შვილის გაჩენის შემდეგ წყვილმა გაყრა გადაწყვიტა. დიანას სამეფო ტიტული და ყველა სტატუსი ჩამოერთვა, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს ხალხის მიერ მის უსაზღვრო სიყვარულს. ლედი დიანამ მალევე გააბა სასიყვარულო ურთიერთობა მუსლიმ ბიზნესმენ დოდი ფეიდთან. 1997 წელს კი პარიზში, როდესაც თავის სატრფოსთან ერთად ჟურნალისტების ცნობისმოყვარე თვალს ემალებოდა, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. მსოფლიოს კი მისი სახელი სამუდამოდ შემორჩა, რომელიც ყოველთვის უდიდეს სიკეთესთან ასოცირდება. დედა ტერეზა მას საკუთარ ქალიშვილს უწოდებდა.
„მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მასში ძალიან ცოტა სიყვარულია“ – ლედი დიანა.

Natia Bregadze | Create Your Badge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close