საკითხავისასარგებლო

ლედი დიანა


„მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მასში ძალიან ცოტა სიყვარულია“

დიანა ფრენსის სპენსერი 1960 წლის 1 ივლისს დაიბადა. ოჯახში იგი მეოთხე ქალიშვილი იყო და მამის, გრაფ სპენსერის სერიოზული იმედგაცრუების მიზეზი, რადგან ეს უკანასკნელი ვაჟს ელოდა, მაგრამ მეოთხე ქალიშვილი შეეძინა. აღსანიშნავია, რომ გრაფინია სპენსერმა, ანუ დიანას დედამ მეუღლეს ღალატი ვერ აპატია, ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და შვილებიც თან წაიყვანა. გაყრის ცერემონიალი კი სკანდალურად წარიმართა – სასამართლო პროცესის დროს, დიანას ბებია საკუთარი შვილის წინააღმდეგ, გრაფი სპენსერის საიმედო მოწმედ გამოვიდა. გრაფი სპენსერი მეორედ დაქორწინდა, დიანას კი დედინაცვალთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ლედი დიმ დარჩენილი ბავშვობა შოტლანდიასა და ინგლისს შორის გამოკიდებულმა გაატარა, რადგან სიმშვიდეს ვერც დედასთან და ვერც მამასთან ვერ პოულობდა.

რაც შეეხება დიანას განათლებას: იგი განსაკუთრებული ჭკუით არასდროს გამოირჩეოდა. მასწავლებლები მას აფასებდნენ, როგორც საშუალო დონის, ზარმაც მოსწავლეს. დიანას ოცნება და საყვარელი საქმიანობა ბალეტი იყო, მაგრამ მის ოცნებას რეალობად ქცევაში ხელი სიმაღლემ შეუშალა. იმედგაცრუებულმა დიანამ, ბუკინგემის სასახლის შემყურემ, აღნიშნა, რომ იგი ბალერინა თუ არა, ოდესმე პრინცესა მაინც გახდებოდა.

სწორედ დიანას ფრაზამ დაამტკიცა, რომ ოცნებებისა და დასახული მიზნების რეალობად ქცევა სრულიად შესაძლებელია. დიანამ პრინცი ჩარლზი 16 წლის ასაკში გაიცნო. აღსანიშნავია, რომ ლედი დის და, სარა პრინცი ჩარლზის პარტნიორი იყო, მათი რომანტიკული ურთიერთობის გაწყვეტა კი სარას ინტერვიუმ განაპირობა, რომელმაც ჩარლზს პრობლემები შეუქმნა. ამ ინციდენტის შემდეგ, პრინცის ყურადღება მიიპყრო გოგონამ, რომელსაც ადრე ჩარლზი უყურებდა, როგორც პარტნიორის პატარა დას. სარასთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, პრინცი მიხვდა, რომ სარას „უმცროსი დაიკო“ იყო ის ქალბატონი, რომელთან ერთადაც ცხოვრება სურდა.

აღსანიშნავია, რომ დიანა შეუდარებელი კანდიდატურა იყო და მომავალი მონარქის ქორწინებისთვის, მოქმედი მმართველის თანხმობა აღმოჩნდა აუცილებელი. სამეფოში თვლიდნენ, რომ დიანა ყველა შესაბამის თვისებას ფლობდა, რაც პრინცესისთვისაა საჭირო, მაგრამ ელისაბედ მეორის აზრით, დიანა სამეფო ცხოვრებისთვის შექმნილი არ იყო. მიუხედავად ამისა, ჩარლზი ოცდაათს იყო მიახლოებული, უკეთესი პრეტენდენტის ძებნა კი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა. საბოლოოდ, ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ, დედოფალმა შვილს თანხმობა განუცხადა. 1981 წლის 6 თებერვალს პრინცმა დიანას ხელი სთხოვა, 29 ივლისს კი სამეფო ქორწილი შედგა.

ცერემონიას პირდაპირ ეთერში 750 000 000 ადამიანი უყურებდა, თავად ქორწილი კი ულამაზესი ზღაპრის სიუჟეტს ჰგავდა: დიანა თეთრი საქორწინო კაბით, რომელსაც რვამეტრიანი შლეიფი ჰქონდა, ეტლით მივიდა ეკლესიაში. იგი გარშემორტყმული იყო სამეფო ჯარის ოფიცრებით. სამეფო ფიციდან კი ამოიღეს სიტყვა „დავემორჩილები“, რამაც მთელი ქვეყანა გააოგნა, რადგან თავად ინგლისის დედოფალიც კი დაჰპირდა საკუთარ მეუღლეს სამუდამო მორჩილებას.

სამეფო კანონმდებლობის მიხედვით, აუცილებელია სამეფო წყვილს ერთი წლის შემდეგ შვილი შეეძინოს, სწორედ ამიტომ 21 წლის ასაკში გათხოვებიდან შემდეგ ერთი წლის შემდეგ, ვაჟი შეეძინა. მას უილიამი უწოდეს. ბიჭუნა დაბადებისთანავე მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე წლის შემდეგ დიანას მეორე ვაჟი, ჰარი შეეძინა. ასე გახდა ახალგაზრდა დიანა სამეფო ოჯახის წევრი და ორი ვაჟის დედა. აღსანიშნავია, რომ დიანა უარს ამბობდა ძიძების დახმარებაზე და დამოუკიდებლად გაზარდა შვილები. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ოჯახი ყველაზე მთავარია!“. დიანა გეგმებს ისე აწყობდა, რომ ოჯახური საქმიანობა საზოგადოებრივს ხელს არ უშლიდა.

პრინცესას მოვალეობებში სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შედიოდა. ტრადიციულად, ქველმოქმედება სამეფო ოჯახის თითოეული წევრის მთავარი საქმიანობაა. მათი ყურადღების ცენტრში, ძირითადად, სამედიცინო დაწესებულებები, უპატრონო ბავშვთა სახლები და არაკომერციული ორგანიზაციები ექცევიან, მაგრამ არავინ, ბრიტანელი მონარქებიდან არ ეკიდებოდა აღნიშნულ საქმიანობას ისეთი ენთუზიაზმით, როგორც დიანა. მან აღნიშნული ჩამონათვალი, საგრძნობლად გააფართოვა.

პრინცესა განსაკუთერბულ ყურადღებას, აივ ინფექციით დაავადებულებსა და კეთროვნებს აქცევდა. იგი დიდ დროს არასრულწლოვნების პრობლემებსა და მათ გამოსწორებას უთმობდა. დიანა ხშირად სტუმრობდა მოხუცთა თავშესაფარს და ალკოჰოლისა და ნარკომანიის სარეაბილიტაციო ცენტრებს. პრინცესა სიკეთისა და ქველმოქმედებისათვის არავითარ სახსრებს არ იშურებდა. მან თანხის შესაგროვებლად, საკუთარი კაბები აუქციონის საშუალებითაც კი გაყიდა. მას აღმერთებდნენ. დიანას საზღვარგარეთაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. „მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მასში ძალიან ცოტა სიყვარულია“ – მუდამ აღნიშნავდა პრინცესა.

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, მიუხედავად საზოგადოების დიდი სიყვარულისა, ოჯახური და სამეფო მოვალეობების მაქსიმალურად კარგად შესრულებისა, ოჯახური ცხოვრება წარუმატებელი აღმოჩნდა. პრინცი ჩარლზის რომანი, დაქორწინებულ ქალთან, კამილა პარკერ–ბოულზთან, დიანამ საკმაოდ გვიან გაიგო და საიდუმლოს ფარდა ოთხმოციან წლებში აეხადა. სასოწარკვეთილი პრინცესა ჯეიმს ჰიუიტს, ცხენოსნობის ინსტრუქტორს დაუახლოვდა. დაძაბულობა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც პრესამ დიანასა და ჩარლზის სასიყვარულო საუბრები საკუთარ პარტნიორებთან, გამოაქვეყნა. ჩაიწერა მრავალი ინტერვიუ, რომელშიც პრინცი და პრინცესა ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. „ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო.“ –სევდიანად აღნიშნავდა დიანა.

საქმე გაყრამდე მივიდა, გაღიზიანებულმა დედოფალმა კი პროცესის დაჩქარება მოითხოვა. წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად 1996 წლის 28 აგვისტოს გაეყარა და აღნიშნული დღიდან, პრინცესამ ყოველგვარი სამეფო სტატუსი და უფლება დაკარგა. თავად დი, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ადამიანთა გულებში სურდა დედოფლობა და არა მმართველი მონარქის უბრალო მეუღლეობა. ასეც მოხდა, ოჯახის დანგრევამაც ვერ აიძულა საზოგადოება, დიანაზე უარი ეთქვა. ოჯახური ცხოვრების დასრულებამ, დიანას თავი ასე თუ ისე, თავისუფლად აგრძნობინა, მიუხედავად ამისა, მასზე პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმები მაინც ვრცელდებოდა: იგი პრინცის ყოფილი მეუღლე და მომავალი მონარქების დედა იყო. სწორედ შვილების სიყვარული აიძულებდა დიანას, გარკვეული დროის მანძილზე ქმრის ღალატი აეტანა. „ნებისმიერი ქალი უკვე დიდი ხნის წასული იქნებოდა. მაგრამ მე ვერ შევძელი. მე ვაჟები მყავს.“ – აგორებული სკანდალის, საქვეყნოდ გავრცელებული ღალატის მიუხედავად, აღნიშნავდა პრინცესა.

გაყრის შემდეგ, დიანას სასიყვარულო ურთიერთობა პაკისტანელ ქირურგთან, ჰასნატ ჰანთან ჰქონდა. ეს უკანასკნელი უაღრესად რელიგიურ ოჯახში იყო გაზრდილი და დაუოკებელი სიყვარულის გამო, ყოფილი პრინცესა ისლამის მიღებასაც კი განიხილავდა. სწორედ ასეთი ქმედება მისცემდა საშუალებას გამხდარიყო ჰანის ოფიციალური მეუღლე. სამწუხაროდ, განსხვავება ორ სხვადასხვა კულტურას შორის ძალიან დიდი იყო და 1997 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ლედი დიმ, დოდი ალ–ფაიედთან ააწყო ურთიერთობა. ეს უკანასკნელი პროდუსერი და ეგვიპტელი მულტიმილიონერის ვაჟი იყო.

რა თქმა უნდა, სამეფო ოჯახს დიანას ცხოვრების უმცირესი დეტალებიც კი არ რჩებოდა უყურადღებოდ. მათ პრინცების დედაზე და პრინცის ყოფილ მეუღლეზე ყველაფერი იცოდნენ და მისი ქცევები ბუკინგემში დიდ გაღიზიანებას იწვევდა.

1997 წლის 31 აგვისტოს, დიანა და დოდი პარიზში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ დროს ისინი პაპარაცებმა შეამჩნიეს და ავტომობილს დაედევნენ, დამალვის სურვილით შებყრობილმა წყვილმა ავტომობილის სიჩქარე ვერ გააკონტროლა და ტრაგედია დატრიალდა. მძღოლი და დოდი გარდაიცვალნენ, დიანა კი სამედიცინო დაწესებუილებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ გამოძიება ჩაატარა და პრინცესას გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა. სწორედ ასეთი დასკვნა იწვევს საზოგადოებაში დაუსრულებელ დისკუსიას. მრავალი ვერსია არსებობს. ნაწილი სამეფო ოჯახს ადანაშაულებს, ნაწილი კი დოდის მდიდარ მამას, რომელსაც არ სურდა შვილის ურთიერთობა ყოფილ პრინცესასთან. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კატასტროფიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში პაპარაცი, რომელიც წყვილს მისდევდა, ფოტომასალის შეგროვების მიზნით უბედური შემთხვევის სურათებს იღებდა და მან შესაბამის სამსახურებს აღნიშნული ტრაგედიის შესახებ მოგვიანებით შეატყობინა. არავინ იცის სიმართლე. ეს უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი მკვლელობა, მხოლოდ სამეფო ოჯახისთვისაა ცნობილი.

რომ არა აღნიშნული ტრაგედია, ლედი დიანა დღეისათვის ორმოცდაათი წლის იქნებოდა. როგორც ელტონ ჯონმა, დიანას დაკრძალვის დროს შესრულებულ სიმღერაში თქვა: „შენ ისევე განვლე ცხოვრება, როგორც სანთელი იწვის ქარის დროს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან სწრაფად დაიწვა, ლეგენდა შენზე არასდროს დაიფერფლება“, სწორედ ასეთია დიანას ცხოვრება და ლეგენდა მასზე – გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ.

წყარო: presa.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close