ლეჩხუმი ბუნების სილამაზე
ბევრმა არ იცი საქართველოს რომელი მხარეა ლეჩხუმი და არის კი საერთოდ საქათველოში ?
გავიცნოთ ლეჩხუმი- ლეჩხუმი ხომ ბუნების სილამაზეა
ეს ლექსი ვინმე მერაბის დაწერილია, სამწუხაროდ ვერც გვარი და ვერც რამე ინფორმაცია მოვიძიე ამ ადამიანზე
ვიცი მონატრება დამიმონებს…
(ჩემ ლეჩხუმს)
ვიცი, მონატრება დამიმონებს
სულის უჩვეულო იარებით.
დღეს დრო როგორც თავის მარიონეტს,
ისე მათამაშებს,მატრიალებს…
ვიცი,ლეჩხუმამდე დაბრკოლებას
მიქმნის რეალობის იერსახე.
რა ვქნა ცხოვრებაში მარტოხელამ?
ისევ დავიწყებას მივეძალე.
ძლიერ დავიღალე…ამიტომაც
მტოვებს ნოსტალგია,როგორც იქნა.
გულში იარები დამიტოვა
თურმე უსასრულო მოლოდინმაც.
რადგან ვარ ლეჩხუმზე მეოცნებე
თითქოს ყველაფერი მარტივდება.
ვიწყებ ვით მხატვარი ჩემ მოლბერტზე
ტილოს ემოციით ატირებას…
რადგან მონატრება დამიმონებს
რაღაც უჩვეულო იარებით.
დღეს დრო როგორც თავის მარიონეტს,
ისე მათამაშებს,მატრიალებს
ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის რაიონისა და ნაწილობრივ წყალტუბოს რაიონის და ამბროლაურის რაიონის ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი.
ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. მომდევნო ხანაში ლეჩხუმი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, დაიშალა და მისი ტერიტორია თაკვერის, რაჭისა და ოკრიბის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ლეჩხუმი კვლავ დამოუკიდებელი ერთეულია. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა.
ლეჩხუმის თავადები იყვნენ გელოვანთა,მუშკუდიანთა, სილაგაძეების, ახვლედიანთა და ჩიქვანთა საგვარეულოდან.
ლეჩხუმის კურორტებია- ლაშიჭალა და ძუღური
ლაშიჭალა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ცაგერის რაიონში, მდინარე ლაჯანურის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ. ჰავა რბილია, თითქმის უთოვლო ზამთარი და თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული იცის. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი. წყლის მინერალიზაცია – 0,8-1,2 გ/ლ, ტემპერატურა 13-15°C, საერთო დებიტი – დაახლოებით 12000 ლ დღე-ღამეში. იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება – საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. ლაშიჭალაში არის სააბაზანო შენობა, საექიმო პუნქტი. სეზონი – ზაფხულის თვეები.
კურორტ ლაშიჭალაზე არის სამკურნალო წყლები კუჭისთვის, ნაღვლისა და თირკმლისათვის ასევე ამოდის გოგირდოვანი წყალი. დასასვენებლად კარგი გარემოა აქ ასევე შესაძლებელი სამკურნალო ვანების მიღება
კურორტი ძუღური. აქ ამოდის მჟავე წყალი რომლითაც მკურნალობენ მრავალ დაავადებას, განსაკუთრებით კარგია დიაბეტით დაავადებულთათვის, ის თავისით არეგულირებს ორგანიზმში შაქრის შემცველობას
საკურორტო ადგილი `ძუღური’’ – მდებარეობს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 28 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1140 ზე.
კურორტის ტყის საფარი ხასიათდება წაბლის, წიფლის და ცაცხვის ჯიშის ხე-მცენარეებით.
მინერალური წყლის ტიპი ნახშირმჟავა, სამედიცინო პროფილი – პროფილაქტიკური, გასტროენტეროლოგიური, (მოსახლეობა იყენებს დიაბეტის საწყის ფაზაზე მკურნალობისათვის). შესაძლებელია კოტეჯის ტიპის ორსართულიანი შენობების აშენება. მინერალური წყლის ჩამოსხმა-რეალიზება. წყლის დებეტის გათვალისწინებით ერთდროულად შესაძლებელია 150-200 დამსვენებლის მიღება. საკურორტო ადგილიდან 3 კმ. მანძილზე მდებარეობს ე.წ `უძირო ტბა’’ საკურორტო ადგილზე შესაძლებელია ლაშქრობის მოწყობა, ადგილი ესაზღვრება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონას
გამოყენებულია — ვიკიპედია და www.lechxumi.ucoz.com/