საკითხავისასარგებლო

ფრიდა კალო


მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი დაიბადა 1907 წლის 6 ივნისს. კოიოაკანში,
რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული
წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში ორადეადან, (რუმინეთი), გადმოსახლდა.
ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიომიელიტი გაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების
სიმახინჯე დარჩა. (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა,
თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.
,,რაში მჭირდება ფეხები, როცა მაქვს ფრთები გასაფრენად” – ამბობდა ფრიდა.

1925 წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად
ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა. 32 ქირურგიული
ჩარევით ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
კალო თვითნასწავლი მხატვარი იყო, მან ხატვა ავარიის შემდეგ დაიწყო, როდესაც თვეების
განმავლობაში მიჯაჭვული იყო სარეცელს. მას მშობლებმა სპეციალურად დაუმონტაჟეს სარკე
საწოლის თავზე, ბალდახინის ქვეშ, რათა ეხატა ავტოპორტრეტები და ამით შეევსო დრო, ამ
ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ფრიდას
ძალიან უნდოდა, ბავშვი ჰყოლოდა, მაგრამ ავარიით მიღებული ტრავმების გამო ეს შეუძლებელი
აღმოჩნდა. სამჯერ დაფეხმძიმდა, ბავშვი კი სამივეჯერ მკვდარი დაიბადა. სწორედ ამ პერიოდში
დაიწყო ბავშვების ხატვა, თანაც უფრო ხშირად – მკვდრების.

22 წლის ასაკში ოცი წლით უფროს მექსიკელ მხატვარსა და ფერმწერ, დიეგო რივერაზე ქორწინდება.
დიეგო ფრიდაზე 60 კილოგრამით მძიმე იყო, რის გამოც შემდეგში მათ ქორწინებას სპილოსა და
მტრედის შეუღლება უწოდეს.

დიეგომ იცოდა, როგორ მოსწონებოდა ქალებს. შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ პათოლოგიურად ეჭვიანი იყო. ამ დროს თვითონ ფრიდას უმცროს დასთან უღალატა და თან ცოლისთვის არაფერი დაუმალავს. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სასტიკი დარტყმა იყო, რომელიც ნახატში ჩააქსოვა და მასზე ქალის ნატანჯი, დასახიჩრებული სხეული გამოსახა, რომლის გვერდითაც სრულიად გულგრილი მკვლელი იდგა. ამ ღალატის შემდეგ ფრიდამ ჩათვალა, რომ აქვს პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო გატაცებების მორალური უფლება.

ვნებიანი და დაუცხრომელი ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო ღალატს, ფრიდას ლესბოსურ
თავგადასავლებს, შემოქმედებით ზეწოლას, განქორწინებას, მეორედ ქორწინებას, ფრიდას
სნეულებასა და უშვილობას.

,,ფიქრობენ, რომ მე სიურრეალისტი ვარ, რაც არასწორია; საკუთარ ფანტაზიებს
არასდროს ვხატავ. ვხატავ საკუთარ რეალობას.’’  – ამბობდა მხატვარი. 1953 წელს მექსიკაში გამართულ გამოფენაზე
ერთ-ერთმა ადგილობრივმა კრიტიკოსმა განაცხადა: ,,შეუძლებელია ამ ექსტრაორდინალური
პიროვნების შემოქმედება და ცხოვრება ერთმანეთისაგან გამიჯნო. მისი ტილოები მისივე ბიოგრაფიაა”.
ფრიდას 143 ნამუშევრიდან 55 ავტოპორტრეტია. შეკითხვაზე, თუ რატომ ქმნიდა ამდენ
ავტოპორტრეტს, ფრიდა პასუხობდა: ,,მე ჩემს თავს ვხატავ, რადგან ყოველთვის მარტო ვარ,
საკუთარი თავი კი ჩემთვის ყველაზე ნაცნობი თემაა’’.

ფრიდა კალო და დიეგო რივერა მექსიკის კომუნისტური პარტიის აქტივისტები იყვნენ. 1954 წელს ფრიდა
უკანასკნელად გამოჩნდა კომუნისტთა მანიფესტაციაზე.

1954 წლის 13 ივლისს 47 წლის ასაკში ფილტვების ანთებით
გარდაიცვალა.
ფრიდამ დაიბარა: ,,დაწვით ჩემი სხეული… არ მინდა დამკრძალონ, ისედაც დიდი ხანია მწოლიარე ვარ…
უბრალოდ დაწვით ჩემი სხეული!”

მხატვარს, ქმართან ერთად, უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ მექსიკის პრეზიდენტი, გამოჩენილი მხატვრები და მწერლები. მისი დღიური ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: „მხიარულად ველოდები წასვლას და იმედი მაქვს, აღარასდროს დავბრუნდები“.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close