საკითხავისამხედროუცნაური

მეფე მორიელი


მეფე მორიელი(ზუსტი დასახელება გაურკვევლია, სავარაუდოდ გამოითქმოდა, როგორც srq) – მისი სახელი დაკავშირებულია ქალღმერთ სერკეტთან, რომელსაც მორიელად გამოსახავდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერი წყარო, რაც ამ მეფის შესახებ არსებობს არის კვერთხის ბუნიკი ნეხენიდან. მასზე გამოსახულია მეფე თეთრი გვირგვინით. გებელ-ჯაუტში ასევე აღმოჩენილია ფილა მეფე მორიელისა და მის მიერ დამარცხებული ერთ-ერთი წინარედინასტიური პერიოდის მეფის გამოსახულება.
არსებობს სხვადასხვა თეორიები მეფე მორიელის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ის ჰიერაკონპოლის ადგილობრივი მმართველი იყო. სხვა ვერსიით მთელს ეგვიპტეზე ვრცელდებოდა მისი ძალაუფლება. სავარაუდოდ იგი ნარმერის(მენესის) წინა ერთ-ერთი გახლდათ. რელიეფურ გამოსახულებასა და ნეხენის(“ნეხენი” ითარგმნება როგორც შევარდენი) კვერთხის ბუნიკზე გამოსახულია, როგორ ხელმძღვანელობს მეფე მორიელი მიწათმოქმედთა დღესასწაულს. მას ზემო ეგვიპტის თეთრი გვირგვინი ხურავს, გამოწყობილია რიტუალურ სამოსში, დგას არხის ნაპირზე, ხოლო ხელში სახნისი უჭირავს. შესაძლოა ის ხსნის ახალ სარყავ არხებს მინდვრების გასანოყიერებლად, ან პირველი თხრის ორმოს ახალი ტაძრისთვის ან ქალაქისთვის საძირკვლის ჩასაყრელად.

რომელიმე ახალი მშენებლობის დაწყება ძველი ეგვიპტის ფარაონების პრეროგატივა იყო. მეფე მორიელის თავის მახლობლად გამოსახულია შვიდფურცლიანი ყვავილი და მორიელი, რაც იკითხება, როგორც “მეფე მორიელი”. მეფის სახელი სავარაუდოდ “მორიელი” იყო, რაც ძველეგვიპტურად იწერებოდა დაახლოებით ასე: “srkt”(srkt – სერკეტ, მაგრამ ძველეგვიპტურ წერილებში ეს სახელი მდედრობით სქესში დგას, რაც აკვირვებთ მკვლევარებს). კვერთხი მეფის გამარჯვებების სიმბოლოს წარმოადგენდა უცხოელებთან და მოწინააღმდეგე ნომებთან(ძველეგვიპტური ოლქი) ბრძოლაში. მეფის მოკავშირე ნომების საკუთარი შტანდარტები აქვთ. მათგან ორი მეტად საინტერესოა და მათზე გამოსახულია სეთის, უდაბნოს ქარიშხლის, ომის, ნგრევისა და ბოროტების დემონური ღვთაების სიმბოლოები. ეს გვანიშნებს, რომ წინარედინასტიურ ხანაში სეთის ქურუმები და მსახურები მხარს უჭერდნენ ფარაონს. შტანდარტებთან გამოსახულია ფრინველი “იბისი”(იბისი აღნიშნავს სიტყვა “რეხიტს” და ითარგმნება როგორც “ხალხი”, “ერი”), სიმბოლურად აღნიშნავს ეგვიპტელებს. ამის მიხედვით ჩანს, რომ

ეგვიპტელი ხალხი მეფე მორიელის მიერ იქნა დაპყრობილი. სხვა წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ეს სიმბოლო ეგვიპტელთა აღმნიშვნელი უფრო გვიანდელ პერიოდში გახდა და წინარედინასტიურ პერიოდში არა ეგვიპტელებს, არამედ უცხოელებს აღნიშნავდა. ყველა ფაქტის გაანალიზებით კვერთხზე მეფე მორიელი გამოსახულია, როგორც დასავლეთ დელტაში მოსახლე ხალხების დამმარცხებელი.
უკანასკნელი გამოკვლევები ასკვნიან, რომ მორიელი არა სახელი, არამედ უფრო წოდება გახლდათ. ის წარმოადგენდა იერაკონპოლის და არა ტისის დინასტიას(ტისის დინასტიიდან ნარმერი იყო). მეფე მორიელის სახელი გვხვდება სხვადასხვა ჭურჭელზეც, რომელიც მემფისის ახლოს არის აღმოჩენილი. სავარაუდოდ მასვე ეკუთვნოდა ფილა, რომლის ერთ მხარეს გამოსახულია მეფის აღმნიშვნელი შევარდენი, ლომი, მორიელი და მეფის შტანდარტები დანგრეულ ციხე-სიმაგრეზე, მეორე მხარეს კი ხეები, ხარები, სახედრები, ღორები და ამ ყველაფერს ეწოდება “ლიბია”, რაც უნდა აღნიშნავდეს ნადავლს, რომელიც ამ ქვეყანაში იგდეს ხელთ. შევარდენი და ლომი ჩვეულებრივ მეფეს აღნიშნავს, ხოლო მორიელი იმას, რომ ასეთი იყო მორიელი(ანუ მეფე იყო). სხვა ჩანაწერებისა და რელიეფების მიხედვით ჩანს, რომ მორიელი იყო სამხრეთ ნეხენიდან ჩრდილოეთ ტირამდე. აბიდოსში მდებარე O4 ოთახიანი სამარხი მეფე მორიელის სამარხად ითვლება, თუმცა მეფე მორიელის აბიდოსში ყოფნის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ არსებობს. ამავე დროს აქ ეგვიპტის I დინასტიის და წინარედინასტიის მეფეების სამარხები აღმოჩნდა. კიდევ ერთ დამადასტურებელ საბუთად მეფე მორიელის არსებობისა, შეიძლება მივიჩნიოთ სერეხები(ადრეულ პერიოდში მასზე წერდნენ მეფის სახელებს, თანამედროვე პირადი ბარათების მსგავსად). მეფე მორიელის სერეხი გამოსახულია მინშატ-აბუ-ამმარში აღმოჩენილ ღვინის ჭურჭელზე. სხვა წყაროს მიხედვით ეს წარწერა იკითხება, როგორც “ახა”( wḥȝ) – პირველი დინასტიის მეფე, ასევე ცნობილი, როგორც მენესი(ნარმერი). წარწერა “მეფე მორიელი” სხვა ორ სერეხზე იკითხება, რომლებიც ტარხანში აღმოჩენილ ჭურჭელზეა გამოსახული, თუმცა არც ეს არის დამტკიცებული, ნამდვილად მეფე მორიელის შესახებაა თუ არა.

მეფე მორიელმა კინომატოგრაფიაში ჰპოვა გამოძახილი. მსახიობი დუეინ ჯონსონი სახელწოდებით მორიელი, 2002 წელს გადაღებულ ფილმ “მეფე მორიელში”(“მუმია 2 – დაბრუნების” პრიკველი) მთავარ როლს ასრულებს.

samxedro-istoria.blogspot.com

ნიკა ხოფერია

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close