უბრალო ძველი ეგვიპტე


ალბათ ყველამ იცის რაღაც ძველი ეგვიპტელი ფარაონებისა და დედოფლების და მათი “ღვთაებრივი” მმართველობის შესახებ. ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ხშირად ჩრდილავს უბრალო ეგვიპტეც, რომელიც არანაკლებ საინტერესოა. ბევრმა ალბათ არ იცის ძველ ეგვიპტელ უბრალო ხალხზე, ძველი ეგვიპტე ხომ სწორედ მათი მეშვეობით და ოსტატობით შეიქმნა. ამ პოსტში სწორედ მათ შესახებ და მათ საქმიაონობაზე მოგითხრობთ.

 

მიწის დამუშავება
ძველ ეგვიპტეში წლის სამ სეზონს სახელს მდინარე ნილოსის ადიდება-კლების მიხედვით არქმევდნენ. ყოველ წელს, ივლისიდან ოქტომბრამდე, ნილოსი ადიდდებოდა, ნაპირებიდან გადმოდიოდა და მინდვრების ნიადაგს ანაყოფიერებდა. წლის ამ დროს “ახეტი”- წყალუხვობის პერიოდი ერქვა. ამ სეზონის დასასრულს, ოქტომბრის ბოლოს, ნილოსი კალაპოტს უბრუნდებოდა და დატენიანებული მინდვრები სახნავ-სათესად მზად იყო. ნილოსის ადიდებას უბრალო მიწათმოქმედები, რათქმაუნდა ღმერთებს უკავშირებდა. ძველ ეგვიპტეში მიწათმოქმედისთვის, რომ გეკითხათ წყალდიდობის შესახებ გიპასუხებდათ: ჭორომებს იქით, ერთ გამოქვაბულს წმინდა გველი იცავს. გამოქვაბულში მდინარის ღმერთი “დიდ ჰაპი” ზის . მას ხელთ უპყრია წყლით სავსე ორი კოკა. როდესაც ჰაპი კოკებს დახრის- მდინარეში ბევრი წყალი ჩაედინება და წყალდიდობაც იწყება, როცა კოკებს აწევს, წყლის რაოდენობა მცირდება და წყალდიდობაც მთავრდება. მომდევნო სეზონი- “პერეტი” (ნოემბერ-მარტი), რომელიც ზამთარს შეესაბამებოდა, უხვი მოსავლით მთავრდებოდა. ზაფხულში ანუ “შუმუს” (აპრილ-ივნისი) სეზონზე, მცხუნვარე მზე მიწას აშრობდა და წმენდდა. ეს ბუნებრივი რიტმი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაირღვა, როცა ასუანის კაშხალის მაღალი ჯებირი აშენდა. მანამამდე ძველმა ეგვიპტელებმა სწორედ ნილოსის ადიდება-კლებით გამოიგონეს კალენდარი (რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ). ამ კალენდრის მიხედვით ნილოსის ადიდების დღეს, 19 ივლისს, ქალაქ მემფისის ცაზე ყოველწლიურად ვარსკვლავი სირიუსი გამოჩნდებოდა და ძველ ეგვიპტური ახალი წელიც იწყებოდა. წელიწადი სამი სეზონის- “ახეტის”, “პერეტისა” და “შუმუსგან” შედგებოდა. თითოეულ ამ სეზონში ოთხი, 30 დღიანი თვე იყო. ყოველი წლის ბოლოს, ღმერთების დღესასწაულის აღსანიშნავად, ხუთი უთარიღო დღე ემატებოდა.

 

 

საოჯახო საქმიანობა
ძველი ეგვიპტელები სამარხებსა და ტაძრებს- ქვისგან, ხოლო სახლებსა და სასახლეებს ალიზის აგურებით აგებდნენ. ალიზის აგური იაფი, ხელმისაწვდომი იყო და ზამთარში სახლს თბილად ზაფხულში კი გრილად ინახავდა. ბევრი ქვით ნაშენი სამარხი და ტაძარი გადარჩა, ალიზის აგურებით ნაშენი სახლები კი, სამწუხაროდ, დაინგრა. როდესაც არქეოლოგები ცდილობენ, აღადგინონ ეგვიპტური სახლები, ძირითადად, შენობის პირველი სართულის განლაგებასა და ძველ ნახატებს ეყრდნობიან.
დღეს ეგვიპტოლოგებმა აღადგინეს ახალი სამეფოს დროინდელი სოფელი დაირ-ელ-მედინა. ეს სოფელი მეფეთა და დედოფლების ველებზე სამეფო სამარხების აგებზე მომუშავე მშენებელ-ხელოსნების დასახლება იყო.

 

დაირ-ელ-მედინას ნანგრევები:

 

მუშები სოფელში ოჯახებსა და მსახურებთან ერთად ცხოვრობდნენ. ყოველი კვირის დასაწყისში ისინი ფეხით მიეშურებოდნენ ველისკენ. აქ დროებით ბანაკებში ცხოვრობდნენ და კვირის ბოლოს კვლავ სოფელში ბრუნდებოდნენ.
დაირ-ელ-მედინა ქვითა და ალიზის აგურებით იყო ნაშენი და გარს სქელი კედელი ერტყა, რომ უცხო პირს იოალად ვერ შეეღწია. სოფლის მცხოვრებნი, რომლებიც დახელოვნებული ხელოსნები იყვნენ, სამარხებს კედლის გარეთ აგებდნენ.

 

ძველ ეგვიპტური სახლის ინვერტარი:

 

ეგვიპტური სოფლები უმეტესობა ნაყოფიერ შავ მიწაზე იყო გაშენებული, დაირ-ელ-მედინა კი- უდაბნოში, ამიტომ აქ წყლის თითოეულ წვეთს თავალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. წყალს სოფელში ვირებით ეზიდებოდნენ. დაირ-ელ-მედინამ დიდი ინფორმაცია მიაწოდა არქეოლოგებს ეგვიპტელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

 

 

ხელოსნობა
ეგვიპტელ ხელოსნებს ანტიკურ სამყაროში დიდ პატივს სცემდნენ. ოქრომჭედლები სამკაულების დასამზადებლად ოქროს, ვერცხლსა და მრავალგვარ ფერად ნახევრად ძვირფას ქვას იყენებდნენ. ძველ ეგვიპტეში სამკაულებს ქალებიც და მამაკაცებიც ატარებდნენ. წვრილი მძივებით ასხმული ყელსაბამი ყველაზე უბრალო და, სავარაუდოდ, ყველაზე იაფი სამკაული იყო. მძივები თიხისგან მზადდებოდა და მათ ხშირად ახატავდნენ თვალს, რომელსაც ჰორის (უფრო ადრეულ ხანაში რას) თვალს უწოდებდნენ. მიაჩნდათ, რომ ასეთი სამკაული მფლობელს იცავდა. მოქანდაკენი ლამაზი ქანდაკებებისა და ნატიფი ჭურჭლის დასამზადებლად მაგარი და რბილი ქვის ნაირსახეობებს იყენებდნენ. ეგვიპტელი ხუროები ხის ნაკლებობას უჩიოდნენ და რადგან ქვეყანაში მაღალი ხეები ცოტა იყო, იძულებული იყვნენ, მაღალხარისხიანი ხეტყე ლიბანიდან შემოეზიდათ.

 

 

ოქროს ეგვიპტე უდაბნოს ოქროს საბადოებზე და ნუბიაში მოიპოვებდა. ეგვიპტელი ოქრომჭედელი ფერად-ფერადი ნახევრად ძვირფასი (ლილაქვით, ამეთვისტოთი, სარდიონით) თეთრ სამოსზე სატარებლად თვალისმომჭრელ სამკაულებს აკეთებდა. ვერცხლი ოქროსთან შედარებით იშვიათობა იყო და გაცილებით ძვირად ფასობდა. ღარიბი ეგვიპტელები თიხისა და ქვის იაფფასიან სამკაულებს ატარებდნენ.

 

 

 

მუსიკა
მუსიკა და ცეკვა დიდ როლს ასრულებდა ძველ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. მუსიკოსები ხალხს წვეულებებსა და დღესასწაულებზე ართობდნენ. დაკრძალვის ცერემონიაზე სამ სხვადასხვა ცეკვას ასრულებდნენ. სამარხებზე გამოსახული ნახატებიდან ჩანს, რომ ბევრ ცეკვაში უხვად იყო სპორტული ელემენტები- ყირაზე გადასვლა, სალტო. ეგვიპტელი ქალების უმრავლესობა გრძელ კაბებს ატარებდა, მოცეკვავე ქალებს კი მოკლე სამოსი ეცვათ და ზოგჯერ შიშვლებიც ცეკვავდნენ.
ბევრმა მუსიკალურმა საკრავმა მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ მაშინდელი ნოტები არ შემორჩენილა, ამიტომ ძნელია იმ ხმების აღდგენა, რომელთაც ძველი მუსკიკოსები გამოსცემდნენ.

 

 

ეგვიპტელი მუსიკოსები სიმებიან საკრავებზე (ქნარზე, ბარბითსა და არფაზე) უკრავდნენ. ჰქონდათ ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებიც: ფლეიტა, კლარნეტი, ჰობოი, სხვადასხვ დასარტყმელი ინსტრუმენტები, მათ შორის, დაირაც. ზოგიერთ საკრავს განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭებოდა: მაგალითად, ბრძოლისას, მეომრების გასამხნევებლად, საყვირს, ბუკს, დოლს იყენებდნენ, ზანზალაკებს და ზარებს კი- სხვადასხვა რელიგიური ცერემონიების დროს.

 

ძველ ეგვიპტური მუსიკალური ინსტრუმენტები:

 

მომღერალი ქალები სადღესასწაულო გამოსვლებისას თავზე იმაგრებდნენ სადღესასწაულო კონუსებს, რომელშიც სურნელოვანი ზეთი ესხა და ცეცხლი ეკიდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ კონუსები აღორძინების, მეორედ მოსვლის რელიგიური სიმბოლო იყო.


ავტორი: mr_holms

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC