გასართობი

სად როგორ ხვდებიან ახალ წელს

სულ მალე ახალი წელი დაგვიდგება.ყველამ იცით,რომ ახალ წელს თავისი განსაკუთრებული ტრადიციები აქვს.მაგალითად,საქართველოში საახალწლო ტრადიციაა მეკვლეობა,სუფრის დამშვენება საცივით,გოზინაყით,ჩურჩხელებით,ბევრგან ჩიჩილაკის დადგმა ნაძვის ხის ნაცვლად და ა.შ. რასაკვირველია,ასევე აქვთ საახალწლო ტრადიციები სხვა ქვეყნებში და ყველგან თავისებურად ხვდებიან ამ დღესასწაულს. მოდით,გადავავლოთ თვალი,რა ხდება საახალწლოდ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.

იტალია-იტალიელ ბავშვებს სჯერათ,რომ ახალი წლის ღამეს კეთილი ფერია ბეფანა მოფრინდება,პატარა ოქროს გასაღებით ჩუმად გააღებს ბავშვების ოთახის კარს და ბუხარზე დაკიდებულ წინდებში საჩუქრებს ალაგებს.
იტალიელებს მიაჩნიათ,რომ ახალ წელს ძველი ნივთების გარეშე უნდა შეხვდნენ,ამიტომ ახალი წლის დადგომამდე მოძველებულ ნივთებს ფანჯრიდან ყრიან,ხოლო მათ ნაცვლად ახალს ყიდულობენ.

ინგლისი-მეკვლეობა არც ინგლისელებისთვის ყოფილა უცხო.ტრადიციის მოყვარული ინგლისელები ახალი წლის ღამეს მოუთმენლად ელიან ოჯახში პირველი სტუმრის გამოჩენას.სტუმარი აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს და სახლის ზღურბლს საჩუქრებით დატვირთულმა უნდა გადააბიჯოს.ლონდონელები ახალი წლის აღსანიშნავად ტრაფალგარის მოედანზე იკრიბებიან და იქ ზეიმობენ.

საბერძნეთი-საბერძნეთში ახალი წელი და წმინდა ბასილის ხსენების დღე ერთდროულად აღინიშნება.წმინდა ბასილი ბერძნული მართმადიდებლური ეკლესიის უდიდესი წმინდანია.ბერძენი ბავშვები ახალი წლის ღამეს ფეხსაცმელს ბუხართან იმ იმედით ტოვებენ,რომ წმინდა ბასილი მათ საჩუქრებით გაავსებს.

დანია-დანიაში ახალ წელს ჭურჭლის მტვრევით ეგებებიან.უფრო უცნაური კი ის არის,რომ დანიელები ჭიქებს და თეფშებს მეზობლის სახლის კარს ესვრიან.ოჯახისთვის,რომლის სახლის კართანაც ყველაზე მეტი დამტვრეული ჭურჭელი მოგროვდება,შემდეგი წელი ბედნიერი იქნება.

შოტლანდია-შოტლანდიელები ახალ წელს სახლის შესასვლელ და უკანა კარებს ღიად ტოვებენ.ტრადიციის მიხედვით,შესასვლელი კარიდან შოტლანდიელები ახალი წლის შემობრძანებას ელიან,ხოლო უკანა კარიდან ძველ წელს აცილებენ.

ესპანეთი-ესპანელები ახალ წელს შინ ხვდებიან.12 საათის დადგომისას,ზუსტად 12 წამში,საათის თითო დარეკვაზე ყურძნის თითო მარცვალს მიირთმევენ.

ბრაზილია-ბრაზილიაში ახალ წელს ოკეანის სანაპიროზე ეგებებიან.ტრადიციისამებრ,თეთრ სამოსში გამოწყობილ ბრაზილიელებს საჩუქრები მიაქვთ ზღვის ღმერთ იამანჯესთან.ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს წყლის ზედაპირზე ათავსებენ და ზღვის ღმერთს ბედნიერი ახალი წლის დადგომას სთხოვენ.

იაპონია-იაპონიაში ახალ წელს ახალ სამოსში გამოწყობილნი ეგებებიან.სახლებს ბამბუკისა და ფიჭვის ტოტებით რთავენ.იაპონელთა წარმოდგენით,ფიჭვი და ბამბუკი ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა.

ნორვეგია-ნორვეგიელები ახალი წლის ღამეს ბრინჯის პუდინგებს ამზადებენ.ერთ-ერთ მათგანში ნუშის მარცვალს მალავენ.მათი რწმენით,ვისაც ნუშის მარცვალი შეხვდება,მისთვის დამდეგი წელი წარმატებული და ბედნიერი იქნება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close