საკითხავისასარგებლოუცნაური

მკურნალობის უძველესი მეთოდები

მედიცინა დიდი ხანია ვითარდება, მაგრამ იმ გზის წარმოდგენა საკმაოდ რთულია რაც მან ამ განვითარების პროცესში გაიარა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ უფრო მეტი ადამიანი კვდებოდა ძველი მკურნალობის საშუალებებით, ვიდრე ინკურნებოდა. როცა პოსტს ნახავთ, თქვენ ნამდვილად ბედნიერად იგრძნობთ თავს მხოლოდ იმის გულისთვის, რომ იქ, წარსულში არ მოევლინეთ ქვეყანას :)

სისხლდენა

 

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო საშუალება იყო წარსულში. სისხლდენას იყენებდნენ ჭრილობების სამკურნალოდ, ასევე ინფარქტის დროს და აკნეს დროსაც. საბერძნეთში სისხლდენა, როგორც სამკურნალო საშუალება ჰიპოკრატეს დროს შემოვიდა. თუმცა ჰიპოკრატე ზოგადად მკურნალობაში მაინც დიეტურ ტექნიკას ეყრდნობოდა. სისხლდენა მენსტრუაციის ერთგვარ მოდელირებულ პროცესს წარმოადგენდა, რადგანაც ჰიპოკრატეს სჯეროდა, რომ მენსტრუაციის წყალობით ქალის სხეულის ,,გაწმენდა” ხდებოდა. სისხლდენის შესახებ იმ დროინდელი რწმენა კიდევ უფრო განამტკიცა გალენის მოსაზრებებმა, რომელიც ჰიპოკრატეს მოწაფე გახლდათ. გალენმა აღმოაჩინა,რომ არა მხოლოდ ვენებში, არამედ არტერიაშიც სისხლი იყო, მანამდე კი სჯეროდათ რომ ეს უკანასკნელი ჰაერით იყო სავსე. გალენმა შეიმუშავა კომპლექსური სისტემა, თუ რა რაოდენობით უნდა დაეკარგა პაციენტს სისხლი. ეს რაოდენობა კი დამოკიდებული იყო პაციენტის ასაკზე, ადგილსამყოფელზე, ამინდზე, სეზონზე. ასევე დაავადების სპეციფიკიდან განისაზღვრებოდა თუ სხეულის რომელი ადგილიდან გამოუშვებდნენ სისხლს. მაგალითად თუ ადამიანს ღვიძლი აწუხებდა, სისხლს მარჯვენა ხელის ვენიდან გამოდევნიდნენ, ხოლო თუ ელენთა სტკიოდა, მაშინ მარცხენა ხელის ვენიდან. რაც უფრო მძიმე იყო დაავადება, მით უფრო მეტი სისხლი უნდა გამოედევნათ.

ოყნა

ოყნა დღესდღეისობით იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სამკურნალო საშუალებაა. ეგვიპტეში 1862 წელს პაპირუსი აღმოაჩინეს, სადაც გარკვევით იყო გამოყოფილი ერთი კატეგორია ,,გამორეცხვის პრაქტიკა”. ძველი ეგვიპტური გადმოცემის თანახმად ოყნა ღმერთმა ოსირისმა აღმოაჩინა,როცა მან წმინდა ჩიტი იბისი (სამოთხის სიმბოლო) დაინახა, ამ დროს ეს უკანასკნელი ოყნით წყალს იშხაპუნებდა უკანა ტანში.
ჰიპოკრატე კი, მედიცინის მამა და საბერძნეთში მკურნალობის ამ მეთოდის დიდი ენთუზიაზისტი, დაახლოებით 2500 წლის წინ იყენებდა თავის პაციენტებზე წყლის, ზეთისა და მარილის ოყნებს.
საბოლოოდ ოყნა მოდურიც კი გახდა მოლიერისა და ლუის მეთოთხმეტის პერიოდში. ამ პროცედურას ყოველდღე იტარებდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ დღეში არაერთხელ. ქალბატონები კი ყოველდღე იშხაპუნებდნენ ოყნით წყალს, ასევე სხვადასხვა მცენარეულობის ნაყენსა და სუნამოსაც კი : ) ოყნიწ პოპულარობა ნელ-ნელა მისადმი ხალხის მანიაკალურ დამოკიდებულებაში გადაიზარდა, იზრდებოდა დაავადებათა რიცხვიც, რომლებიც ვითომდა ოყნის საშუალებით იკურნებოდა.
თუმცა ნუ ვიტყვით რომ ხალხს ოყნა არაფერში ადგებოდა და ტყუილად იყენებდნენ, აი მაგალითად, თუ დიდი ხნით გადიოდნენ ზღვაში და წყალი აღარ ჰქონდათ, ან შემოაკლდებოდათ ან უბრალოდ გაუთავდებოდათ, როგორ ფიქრობთ რა უნდა ექნათ, წყურვილით მომკვდარიყვნენ? არა, მათ სწორედ ოყნა იხსნიდა, ეს ერთადერთი გზა იყო სხეულის გაუწყლოებისგან დასაცავად, აი როგორ, ამას უკვე ვიდეოში ნახავთ. ცოტა არ იყოს საზიზღარი საყურებელია..

გერმანიაში, პირველი მსოფლიო ომის მიწურულს ყავის ოყნებსაც იყენებდნენ. მაშინ როდესაც უამრავი დაჭრილი ჯარისკაცი ვაგონებით მოდიოდა, ექიმები კი ოპერაციებს ვერ აუდიოდნენ, მათ გამაყუჩებელი მორფინის არც ისე დიდი რაოდენობა ჰქონდათ, მარაგი მხოლოდ ოპერაციის პროცესისთვის იყო განკუთვნილი, არადა დაჭრილებს ცხადია ძალიან აწუხებდათ ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობები, ამ დროს კი ექიმები ყავის ოყნებს მიმართავდნენ. საოცარი ის იყო, რომ ეს ოყნა მართლა ეხმარებოდა ხალხს და ტკივილს ამცირებდა.

საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა კაცობრიობის კულტურაში უძველესი დროიდან არსებობს, მასზე ლეგენდებიც დადის. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით აპოლონიც დედის მუცლიდანაა ამოჭრილი. საკეისროს შესახებ მრავალი მითითებაა უძველეს ინდურ, ეგვიპტურ, ბერძნულ, რომაულ და ევროპულ ფოლკლორში. იმასაც ამბობენ, რომ იულიუს კეისარი საკეისრო კვეთის საშუალებით გაჩნდა, მაგრამ რადგანაც გადმოცემით ცნობილია რომ იულიუსის დედა შემდეგ წლებშიც ცოცხალი იყო, ამიტომაც მეცნიერები ფიქრობენ რომ წარმოუდგენელია იულიუსი საკეისროთი გაჩენილიყო, რადგანაც იმ დროს ქალს საკეისროს უკეთებდნენ თუკი სიკვდილის პირას გახლდათ, ან უკვე გარდაცვლილი იყო.
თუმცა შუასაუკუნეებში უკვე დაფიქსირდა პირველი საკეისრო კვეთა, რომელიც ბედნიერად დასრულდა, დედაც გადარჩა და ბავშვი. ეს უფრო ქმრის თავგანწირვის შედეგი იყო,რომელსაც ცოლი ძალიან უყვარდა. იაკობ ნაფერმა ცოლი სამშობიაროში წაიყვანა, 13 მედდა ეხმარებოდა ქალს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, ბავშვი ვერ გამოდიოდა. გამწარებულმა იაკობმა მოიარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საბოლოოდ ნებართვაც მიიღო საკეისრო კვეთაზე. მართლაც ქალს ნორმალურად ჩაუტარდა ოპერაცია და გადარჩა, იმის შემდეგ 5 ბავშვიც გააჩინა, მათ შორის ტყუპები.

ქვები

ადამიანები უკვე დიდი ხანია იცნობენ ამ პრობლემას, რომელსაც ქვები ჰქვია, ან კენჭები. ქვების დაგროვება სხვადასხვა ორგანოშია შესაძლებელი, მაგალითად შარდის ბუშტში, ნაღვლის ბუშტში და ა.შ. უძველესი კენჭოვანი დაავადება ეგვიპტეში აღმოაჩინეს 1900 წელს, ეს კი დათარიღდა ქრისტესშობამდე 4900 წლით.
თქვენი აზრით როგორ მკურნალობდნენ ამ დაავადებას? წინასწარ იცოდეთ რომ საკმაოდ მტკივნეულ მეთოდთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში ავადმყოფის დაჭერას ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა. ავადმყოფი უნდა დაწოლილიყო, ფეხები მაღლა უნდა აეწია, ხშირად ფეხების სწორად დაჭერას დამხმარეები უწყობდნენ ხელს ან ნაჭრის საშუალებით უმაგრდებოდა კისერზე ავადმყოფს.
ექიმი კი ამ დროს მარცხენა ხელით სასქესო ორგანოებთან არეს აწვებოდა და ცდილობდა შარდის ბუშტი ხელით ზემოქმედებით შესაბამის ადგილას მოეთავსებინა. მარჯვენა ხელით კი ანუსში შედიოდა და ხელით ეძებდა ქვებს, როცა მიაგნებდა ან ანუსიდან მოახერხებდა ამოჭრას, ან ანუსთან ახლოს ოდნავ გაჭრიდა კანს და იქიდან :)

კატარაქტა

კატარაქტა თვალის ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა, მისი გამჭირვალობის დაკარგვაა. თანამედროვე ექიმები დაავადების საწყის სტადიაზე პაციენტებს მედიკამენტურ მკურნალობას სთავაზობენ, უფრო ეფექტურ საშუალებად კი ოპერაცია გვევლინება.

აღმოსავლეთ ინდოელები აცხადებენ, რომ კატარაქტის ოპერაცია ინდოელი ექიმის, სუშრუტას შემდგომ გახდა ცნობილი, იგი ქრისტესშობამდე VI საუკუნეში მოღვაწეობდა და თურმე ეს ყველაფერი თავის ნაშრომშიც აღწერა, მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს არანაირი წერილობითი მტკიცებულება,გარდა ზეპირი გადმოცემებისა. გაინტერესებთ როგორ გამოიყურებოდა სუშრუტას მიერ აღწერილი ოპერაცია? თურმე ეს კაცი არც მეტი არც ნაკლები სპეციალურ ნემსს იყენებდა, ამას თვალში უჩხვლეტდა და ბროლს ძრავდა, მის ჩაძირვას ცდილობდა. ამ დროს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ მიწოლის მეთოდით დაძრავდნენ ბროლის წინ რაღაც გამყარებულ სითხეს, რომელიც ბროლის შემღვრევას იწვევდა.

William Ayliffe: The History of Cataract Surgery from Gresham College on FORA.tv

ბუასილი

ჰემოროი, იგივე ბუასილი სწორი ნაწლავის დაავადებაა, მას თან ახლავს ტკივილი უკანა ტანში, ქავილი და სისხლდენა დეფეკაციის დროს, ასევე კვანძების გამოვარდნაც.
თურმე ბუასილით დაავადებულ ადამიანებს თავიანთი წმინდანიც ჰყავთ. წმინდა ფიაკრი ითვლება მათ მფარველად და არც თუ დაუმსახურებლად. იგი მეშვიდე საუკუნეში ერთი ჩვეულებრივი ირლანდიერი ბერი იყო, თავად დაემართა ბუასილი და ერთ დღესაც მეტად შეწუხებული ჩამოჯდა იქვე ქვაზე და დაიწყო ლოცვა, ღმერთს განკურნებას შესთხოვდა. მოხდა სასწაულიც და ბერი განიკურნა, ისტორიას კი შემორჩა ქვა, რომელზეც თურმე დღესაც ეტყობა ნაკვალევი, ამბობენ რომ ეს სწორედ მამაოს ბუასილის კვალია. ყოველწლიურად აქ ათასობით ადამიანი ჩადის, ჯდება ამ ქვაზე და ღმერთს განკურნებას სთხოვს.

ალბათ გაინტერესებთ რა სამკურნალო მეთოდებს იყენებდნენ ადრე ექიმები. მე მომეჩვენა რომ ბუასილზე უფრო მტკივნეული თვითონ მკურნალობის მეთოდი გახლდათ. ექიმი ჯერ ჩაეჭიდებოდა გარეთ ,,გამოსულ ბუასილს” და გამოგლეჯდა, თუკი ეს არ გაჭრიდა, მაშინ ახურებდნენ რკინის ჯოხებს და მოწვავდნენ იმის საშუალებით.

ტრეპანაცია

იქ სადაც უძველეს სამკურნალო საშუალებებზეა საუბარი, შეუძლებელია ტრეპანაცია გამოვტოვოთ. ტრეპანაცია ძვლოვანი ღრუს გაკვეთის ოპერაციაა.
ის თურმე ქვის ხანაშიც კი არსებობდა, მეცნიერებს არაერთი თავის ქალა აღმოუჩენიათ, რომელსაც ორი ინჩის დიამეტრის ნახვრეტი ჰქონია. ოპერაციის მიზეზის ორი ვარიანტი არსებობს. ძველი ქირურგები პაციენტებს ან რაღაც დაავადებებისგან განსაკურნებლად უკეთებდნენ ტრეპანაციას, ან ბოროტი სულების განდევნის ერთ-ერთ საშუალებად გამოიყენებოდა. რომელი ვარიანტია სწორი, დაზუსტებით არავინ იცის.

ტრეპანაციაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბაკოს პოსტიც: ბმული

ესეც თვითონ ტრეპანაციის ვიდეო, სუსტი გულის მქონე ადამიანებმა არ უყუროთ.

ანალური ფისტულა

ანალური ფისტულა იგივე ანალური ნაპრალი – არხი,რომელიც წარმოიქმნება ანუსის არეს და კანს შორის; უფრო ხშირად ფისტულა წარმოიქმნება კანზე გავრცელებული აბსცესის (ინფექციის) შედეგად. შესაძლოა გაჩნდეს რამდენიმედღიანი ყაბზობის შემდეგ დიდი ზომის განავლოვანი მასის გამოყოფისას. ანალური არხის ნაპრალი იწვევს წვას და ტკივილის შეგრძნებებს.
ჯონ არდერნეს, რომელიც იმ დროს პროქტოლოგიის მამად ითვლებოდა, ანალური ფისტულას მკურნალობის თავისი მეთოდი ჰქონდა, რომელიც სურათზე გამოსახული.

თუ როგორია ფისტულა და როგორ აკეთებენ ოპერაციას, შეგიძლიათ ამ ვიდეოში უყუროთ.
(ვიდეოს ყურება რეკომენდებული არაა ჭამის დროს. თუ გშიათ და დიეტაზე ხართ, მაშინ თამამად უყურეთ = ))

…………………………………………………………………………………………………………………..

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close