საკითხავიუცნაური

“კუ კლუკს კლანი” – “უჩინარი იმპერია”

1865 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი ჩრდილოელებსა და სამხრეთელებს შორის ჩრდილოელთა გამარჯვებით დასრულდა. ამით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ბოლო მოეღო ისეთ მანკიერ მოვლენას, როგორიც იყო მონობა. ოფიციალურად ბოლო მოეღო სამხრეთის შტატების სეპარატისტულ გამოხდომებსაც, თუმცა, მხოლოდ ოფიციალურად. სამოქალაქო ომისგან დატოვებულ “ჭრილობებს” ამერიკა კიდევ ათწლეულების განმავლობაში იშუშებდა, მათი სიმწარე მე-20 საუკუნესაც გადაჰყვა და უშვიათად დღესაც ახსენებს თავს.

სამოქალაქო დაპირისპირების “პირმშოა” ულტრამემარჯვენე, რასისტული ორგანიზაცია “კუ კლუკს კლანიც,” რომელიც ამ დღეებში “იუბილარია” და 146 წელი შეუსრულდა. ორგანიზაცია ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ, 1865 წლის 24 დეკემბერს დააარსეს ტენესის შტატის პატარა დასახლების პიულესკის მოსამართლე თომას ლი ჯონსმა და მისმა ექვსმა თანამოაზრემ. ორგანიზაციის მართლაც ორიგინალური სახელწოდების წარმოშობის თაობაზე 2 ვერსია არსებობს. პირველი, – ასეთ ხმას გამოსცემს “ვინჩესტერის” ტიპის იარაღის საკეტი, როდესაც მას გადატენიან და მეორე – სახელწოდება ბერძნული სიტყვის “კუკლოს” (რომელიც ნიშნავს წრეს) და ირლანდიური “კლანის” (ნიშნავს ოჯახს, გვარს, ახლობელთა გაერთიანებას) კომპოზიტია.

თავიდან, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კუკლუკსკლანელები ტენესის შტატის სოფლებს იმით ახალისებდნენ, რომ თავიდან ფეხებამდე თეთრ ზეწრებში გახვეულნი და ცხენებზე ამხედრებულნი შტატის შავკანიან მოსახლეობას ღამით აშინებდნენ, – მათ ისინი სამოქალაქო ომში დაღუპული სამხრეთელი მეომრების სულების მოჩვენებანი ეგონათ. თუმცა, თანდათან მოძრაობამ მასობრივი ხასიათი მიიღო და მათი ნამოქმედარიც სულ უფრო სცილდებოდა უწყინარი ოინბაზობის ფარგლებს. ერთი წლის თავზე პირველი მოკლულები და დაჭრილებიც გაჩნდნენ. შეიქმნა “კუ კლუკს კლანის” მკაცრად გაწერილი იერარქიული სტრუქტურა და საიდუმლო ორგანიზაციის “კონსტიტუცია”. პირველი კონგრესი 1867 წელს გაიმართა, რომელზეც სამხრეთის შტატების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ორგანიზაციის წინამძღოლად აირჩიეს სამოქალაქო ომში სამხრეთის არმიის გენერალი და შავკანიან ტყვეებთან გამოჩენილი განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ნათან ბეთფორდი, რომელსაც “დიდი მაგისტრის” წოდება მიანიჭეს. განსაზღვრეს ორგანიზაციის უმთავრესი მისიაც: გადაერჩინა ქვეყანა შავკანიანთა მოზღვავებისაგან და დაეტოვებინა მათთვის მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც გაბატონებული თეთრკანიანი რასისათვის იქნებოდა მისაღები. თავად ორგანიზაციას მეორე სახელწოდებაც მისცეს – “სამხრეთის უჩინარი იმპერია”. “დიდ მაგისტრს” 10 მრჩეველიც ჰყავდა, რომელთაც “გენიოსები” დაირქვეს. თავის მხრივ, “იმპერიაში” გაერთიანებულ შტატებს “სამეფოები” ეწოდა, რომლებიც ქალაქებსა და სოფლებს, იგივე “დემონებს” მოიცავდნენ. ორგანიზაციის იერარქიულ კიბეზე კიდევ არსებობდა სხვადასხვა თანამდებობა, მაგალითად, “დიდი გიგანტი”, “დიდი ხაზინადარი”, “დიდი მცველი”, “ციკლოპი”, “ვამპირი” (ესენი რიგითი წევრები იყვნენ) და ბოლოს, “დიდი მედროშე”, რომელსაც “იმპერიის” “დიდი დროშა” ჰქონდა ჩაბარებული. ამ დროისთვის “კუ კლუკს კლანში” ნახევარ მილიონზე მეტი ამერიკელი იყო გაერთიანებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო ომის ვეტერანი გახლდათ.

განისაზღვრა წევრთა სამოსიც: თეთრი კაბა გულზე გამოსახული წითელი ჯვრითა და მოსასხამით, ნიღაბი და ასევე თეთრი კოწოლა ქუდი. კონსპირაციის მიზნით ორგანიზაციის შიგნითაც ბევრი რამ გასაიდუმლოებული იყო. მაგალითად, წინასწარ არავინ იცოდა, სად და როდის დაინიშნებოდა მორიგი შეკრება, არ იცოდნენ ერთმანეთის ნამდვილი სახელები, ჰქონდათ პაროლებისა და სასიგნალო ნიშნების რთული სისტემა. და რაც მთავარია, დაწესდა ყოველწლიური საზეიმო მსვლელობები, სადაც ამგვარად გამოწყობილ “ვამპირებს” ხელში ანთებული ჩირაღდნები ეჭირათ, ხოლო კულმინაციას წარმოადგენდა უზარმაზარი ცეცხლოვანი ჯვრის აღმართვა. ამ დროს ხშირად საჯაროდ სჯიდნენ რომელიმე “თავგასულ” შავკანიანს. გამცემი ულაპარაკოდ ისჯებოდა სიკვდილით. ამისათვის შტაბებში თვალსაჩინო ადგილას გამოდგმული ჰქონდათ ცარიელი კუბოები, რომლებზეც ეწერა “მოლაყბეთათვის.”

მიუხედავად იდიოტიზმამდე მისული გარეგნული პომპეზურობისა, ორგანიზაციამ უდიდესი გავლენა მოიპოვა სამხრეთის შტატებში და ადგილობრივი ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა მასთან ბრძოლაში. კუკლუკსკლანელების რისხვა თავს ატყდებოდა არა მხოლოდ შავკანიანებს, არამედ იმ თეთრკანიანებსაც, ვინც მათთან საქმიან ურთიერთობას დაამყარებდა ან გამოექომაგებოდა. არ ერიდებოდნენ არც ცნობილი პოლიტიკოსებისა და ფედერალური არმიის ოფიცრებისა და ჯარისკაცების “დასჯას”. 1868 წელს ჯორჯიაში მოკლეს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე. ვისაც ტყვიით ვერ მისწვდებოდნენ, საწამლავით უსწრაფავდნენ სიცოცხლეს.

ორგანიზაციის დაარსების დღიდან სულ რამდენიმე წელი “თეთრი ტერორის” მსხვერპლთა რიცხვმა 130 ათასს გადააჭარბა, რის გამოც 1871 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის ძალითაც პრეზიდენტმა სამხრეთის შტატებში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და ჯარისკაცებს იარაღის გამოყენების უფლება მისცა. ასეულობით კუკლუკსკლანელი დააპატიმრეს. ამან ორგანიზაციის მოქმედების არეალი მაქსიმალურად შეზღუდა, თუმცა 1915 წელს ჯორჯიის შტატის საკანონმდებლო კრების სპიკერის ჯორჯ ბეილის ინიციატივით ახალი “კუ კლუკს კლანის” დაარსების შესახებ გააკეთეს განცხადება. ამჯერად ორგანიზაციამ არსებობის უფლება ოფიციალურად მოიპოვა. მრავალფეროვანი გახდა ანგლოსაქსური რასის მტერთა ჩამონათვალიც. შავკანიანებს 20-იანი წლებიდან ებრაელები, კათოლიკეები, კომუნისტები და ჰომოსექსუალისტებიც დაემატნენ. შეიქმნა ორგანიზაციის ქალთა და ახალგაზრდული ფრთები. შენარჩუნდა სამოქალაქო ომის პერიოდიდან გამოყოლილი მთავარი მტრის “ხატიც” – შტატების ფედერალური ხელისუფლება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ორგანიზაციის რიგები და გავლენა ძლიერ შემცირდა. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში კვლავ გააქტიურდნენ. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ 1963 წელს დალასში ჩასულ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯონ კენედის ქალაქის ქუჩებში ასეთი ტრანსპარანტები დახვდა: “იანკებო, წაეთრიეთ შინ!” თუმცა, მათი ძირითადი სამიზნე მაინც სამოქალაქო უფლებათა დამცველები იყვნენ. ამ დროისათვის “კუ კლუკს კლანი” 10 ათასამდე “ვამპირს” ითვლიდა. გასული საუკუნის ბოლოს ისინი თითქმის გაქრნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად შავკანიანი ბარაკ ობამა აირჩიეს, კვლავ შეახსენეს საზოგადოებას თავი.

ბოლო სურათს კი თვენს განსასჯელად გიტოვებთ. სურათზე ასახულია თუ როგორ ცდილობენ შავკანიანი ექიმები კუ კლუს კლანის ერთ–ერთი წევრის გადარჩენას…

წყარო: kvirispalitra.ge

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close