არქივი

ალ კაპონე (ალფონს ფიორელო კაპონი) (1899–1947)

8b7cbca4100e
ყველასათვის ცნობილი განგსტერი ალ–კაპონე….
ალფონს ფიორელო კაპონის ყველა ალ კაპონეს სახელით იცნობს. როგორც თვითონ ამბობდა, იგი დაბადებულია 1899 წელს ნეაპოლში, ქალაქ კასტელამაროში. 1909 წელს კაპონის ოჯახი, როგორც ბევრი სხვა იტალიური ოჯახი, ბედის საძებრად ნიუ-იორკში გაემგზავრა. უფროსი შვილი რიშარი (რიჩარდი) პოლიციელი გახდა. მისი ძმა ალფონსო (ალ კაპონე) საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. მაგრამ გზის დასაწყისი სრულიად უწყინარი იყო – ყასბის თანაშემწე ბრუკლინში. მალე ის კრიმინალურმა სამყარომ ჩაითრია.
თავიდან იგი ”დამხმარე ბიჭად” იყო ერთ-ერთ ადგილობრივ ბანდაში, რომელსაც თვითონვე მიეკედლა, მაგრამ მისი ”ნიჭი” მალე შეამჩნიეს და კვალიფიკაცია შეუცვალეს. ის პროფესიონალი მკვლელი გახდა. მისი პირველი ”საქმე” იყო დაუმორჩილებელი ჩინელის მკვლელობა, რომელიც თავისი პატარა რესტორნის შემოსავლიდან ბანდას წილს არ უხდიდა.
ქვეყანაში გაჩაღდა ბრძოლა ”სიცილიური კავშირის” პრეზიდენტის პოსტისთვის. ფრენკ აიელომ მოკლა დიდი ჯიმ კოლსიმო, რათა მის ადგილას დაესვა ჯონი ტორიო. ფრენკ აიელომ და ჯონი ტორიომ 1920-იან წლებში, კაპონე ჩიკაგოში მიიპატიჟეს. მას უკვე ჰქონდა გავლილი ბარმენად და მცველად მუშაობის ეტაპები და მიიღო სახელი ალ ბრაუნი, რის შემდეგაც ტორიოს თანაშემწე გახდა. ის მისდევდა ბუტლეგერობას, ანუ ალკოჰოლით უკანონო ვაჭრობას ”მშრალი კანონის” მოქმედების პერიოდში. იმავდროულად ალ კაპონემ შექმნა თავდაცვის საიმედო შეიარაღებული რაზმი.
საინტერესოა ერთი ფაქტი: ბარის დაცვაში მყოფმა კაპონემ ერთხელ, ერთი ქალბატონის მისამართით ისეთი ფრაზა წარმოთქვა, რომ ნებისმიერი მეძავი სირცხვილით გაწითლდებოდა და ატირდებოდა. ქალის თანხმლები კაცი მივარდა კაპონეს და მთელი სახე დანით დაუსერა. ამის შემდეგ მას ექვსსანტიმეტრიანი ვერტიკალური ნაჭრილობევი სახის მარჯვენა მხარეს და ირიბი ნაჭრილობევი კისერზე, მარცხენა ყურის ქვეშ შერჩა. ამის გამო შეემატა მეტსახელი ”სკარფასი”, რაც ”ნაიარევს” ნიშნავს. იგი ვერ იტანდა ამ მეტსახელს. ერთადერთი მეტსახელი, რომელიც მას მოსწონდა, იყო ”პეწენიკა”.
ამ კარგად მოქმედი მექანიზმისთვის ნიადაგი შეიქმნა 1929 წელს, ალ კაპონეს მიერ ატლანტიკ-სიტიში ორგანიზებულ მაფიის ლიდერების შეხვედრაზე, რომელსაც კაპონეს გარდა ესწრებოდნენ ლაკი ლუჩიანო, ჯო ტორიო, დაქ შულცი. შემუშავებული იქნა დანაშაულებრივი სინდიკატის საიდუმლო კოდექსი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო სხვადასხვა ბანდებს შორის ურთიერთობების გარკვევა.

თითოეული ბანდის მეთაურს უფლება ჰქონდა თავისი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გადაეჭრა დადგენილი კომპეტეციის ფარგლებში. მისდამი დაქვემდებარებული ბანდის ფარგლებს გარეთ მას უფლება არ ჰქონდა მსგავსი საკითხის გადაჭრისა, თუნდაც ეს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შეხებოდა. გადასაჭრელი საკითხი განსახილველად, აუცილებლად უნდა გაეტანა დანაშაულებრივი სინდიკატის უმაღლეს საბჭოზე, რომელიც ყველაზე გავლენიანი ლიდერებისგან შედგებოდა და ევალებოდა წესრიგის დაცვა, ყველა საკამათო საკითხის გადაწყვეტა და გადამჭრელი ზომების მიღება მასშტაბური სისხლისმღვრელი მოქმედების წინააღმდეგ, აგრეთვე სხვა ისეთი ქმედებების აღსაკვეთად, რაც ზიანს მიაყენებდა სინდიკატს.
უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს ხმის უმრავლესობით იღებს თავისებური სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც ბრალდებულს, რომელიც, როგორც წესი, არ ესწრებოდა, მხოლოდ არეოპაგის ერთი წევრი იცავდა, მაგრამ გასამართლებელი დასკვნის გამოტანა იშვიათად ხდებოდა. საბჭო ძირითადად სასჯელის ერთი ზომის – სიკვდილის მომხმრე იყო.
განაჩენის სისრულეში მოყვანა ევალებოდა ”მკვლელთა კორპორაციას”. ჯალათებს წარადგენდნენ აშშ-ს რეგიონალური ბანდები. უმეტეს ნდობას იმსახურებდა ხალხი ”ბრუკლინის საბჭოს” ბანდიდან.
ჩიკაგოს მაფიის ლიდერი რომ გახდა, ალ კაპონემ ზედიზედ გასცა თავისი რეალური და პოტენციური მტრების ლიკვიდაციის რამდენიმე ბრძანება. საკუთარი უსაფრთხოებისთვის მან დაუკვეთა ”კადილაკი”, რომელიც 3,5 ტონას იწონიდა. მანქანა აღჭურვილი იყო სქელი ჯავშნით, ტყვიაგაუმტარი შუშებით, უკანა შუშა კი იხსნებოდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მდევრებისთვის სროლის ატეხა.
ალ კაპონემ ომი გამოუცხადა თავის ყოფილ კეთილისმსურველებსაც – ფრენკ აიელოს და მის ძმებს. აიელოს ოჯახს ექვემდებარებოდა დაქირავებული მკვლელების მთელი არმია, მაგრამ ამ ბრძოლაში ალ კაპონეს ”ბიჭებმა” იმარჯვეს. მოკლეს ფრენკ აიელო, მისი ძმები და ძმისშვილები. კლანის ცოცხლად დარჩენილმა წევრებმა დაიქირავეს სახელგანთქმული პროფესიონალი, 22 წლის ჯუზეპე ჯანატა, მეტსახელად გომბეშო და ალ კაპონეს გარემოცვიდან მოისყიდეს ორი კაცი – ალბერტო ანსელმი და ჯონ სკალიზე. ეს ტრიო უეჭველად შეასრულებდა ჩანაფიქრს, რომ არა ეჭვიანი კაპონეს განსაკუთრებული სიფრთხილე. იგი მოელაპარაკა თავის ერთ-ერთ უერთგულეს თანაშემწეს, ფრენკ რიოს და ყველას თანდასწრებით მაგრად სცემა იგი. ჯანატა მეორე დღესვე მივიდა რიოსთან და შურისძიებაში დახმარება შესთავაზა. რიო დიდხანს ევაჭრებოდა, თუ რა თანხის ფასად უნდა შეერთებოდა ზემოთხსენებულ ტრიოს, შემდეგ მივიდა და ყველაფერი შეფს ჩაუკარკლა.

გააფთრებულმა კაპონემ თავისი სქელი, ბეჭდიანი თითებით ნამცეცებად აქცია სიგარა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით არ დაკმაყოფილებულა. მან მოაწყო დიდი სიცილიური სადილი და სამივე შეთქმული საპატიო სტუმრად მიიწვია. სადილი შედგა განსაკუთრებით პრესტიჟულ და ძვირადღირებულ რესტორანში ”ლაბერჟ დე გამონდ”. სტუმრები ვეღარ სუნთქავდნენ მირთმეული დელიკატესებისა და საუკეთესო ღვინისაგან. ისმოდა სიცილიური სიმღერები. შუაღამისას კაპონემ კიდევ ერთხელ აწია ჭიქა და წარმოთქვა ”თავისი სამი მეგობრის” განსაკუთრებული სადღეგრძელო, მაგრამ შესმის მაგივრად ღვინო სახეში შეასხა მათ, ჭიქა დაამსხვრია და დაიღრიალა: ”უნამუსოებო, მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ უნდა ღალატი. აქვე გარწყევინებთ, რაც ჩახეთქეთ!” ფრენკ რიომ და ჯეკ მაკჰორნმა განწირულები თოკებით მიაბეს სკამებზე და იარაღი მიუშვირეს. ალ კაპონემ კი ბეისბოლის ბიტას დასტაცა ხელი და მხეცურად გაუჩეჩქვა მათ თავები. რაც უფრო მეტ სისხლს ხედავდა და მეტი კვნესა და მოთქმა ესმოდა, მით უფრო გააფთრებით იქნევდა ჯოხს, ტუჩებზე დუჟიც მოადგა.
კაპონეს ბრძანებით მოხდა ცნობილი ხოცვა -ჟლეტა წმ. ვალენტინის დღეს. 1929 წლის იანვარში, კაპონეს მოწინააღმდეგე დაჯგუფების, ბაგს მორანის ბანდის ხალხმა (ნამდვილი სახელი ჯორჯ მილერი), მოიპარეს კაპონეს კუთვნილი სატვირთო მანქანები და ააფეთქეს რამდენიმე ბარი. თავდასხმას ძლივს გადაურჩა მისი ერთგული მებრძოლი – ჯეკ მაკჰორნი.
1929 წლის 14 თებერვალს, კაპონეს დავალებით, მორანის დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მოპარულია სპირტიანი სასმელებით სავსე სატვირთო მანქანა. მორანიმ ბრძანა მანქანის მიყვანა გარაჟში, თვითონ კი მისვლა დააგვიანა, რამაც სიცოცხლე შეუნარჩუნა. დანიშნულ დროს ტვირთის მისაღებად მისულ მორანის შვიდ განგსტერს თავს დაესხა პოლიციის ფორმაში გადაცმული კაპონეს ”4 მებრძოლი” და ავტომატებით დაცხრილა. თვითონ კაპონეს, რა თქმა უნდა, იმ დღესვე მტკიცე ალიბი ჰქონდა.

იმპერია, რომელსაც კაპონე განაგებდა, წელიწადში 60 მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ მაფიის ლიდერი ბევრს ხარჯავდა. მარტო დოღზე იგი წელიწადში დაახლოებით მილიონს აგებდა. მის სახლებს ფლორიდასა და ჩიკაგოში დღედაღამ შეიარაღებული დაცვა ყარაულობდა, ფეხდაფეხ ასევე შეიარაღებული დაცვა დაჰყვებოდა. მას თავისი საიდუმლო შესასვლელი ჰქონდა ჩიკაგოს ოტელებში – ჯერ შედარებით მოკრძალებულ ”მეტროპოლში”, სადაც 50 ოთახი მარტო მისი ამალისთვის იყო დაჯავშნული, შემდეგ ფუფუნებით აღსავსე ”ლექსინგტონში”. ალ კაპონეს ირლანდიელი ცოლი ჰყავდა, სახელად მია, რომელიც სიყმაწვილეში შეირთო და ცოტა ხანში საპატიო გადასახლებაში გაამწესა. მას ყოველთვის ახლდნენ თან საყვარლები, რომლებსაც თვითონ ირჩევდა მისადმი დაქვემდებარებული ბორდელებიდან.
ეკონომიკური კრიზისის წლებში, საზოგადოებაში პოპულარობის მოსახვეჭად, ალ კაპონემ პირველმა გახსნა უოლ-სტრიტზე უფასო სასადილოები უმუშევრებისთვის. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი პრესის მოსყიდვას. მისი კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში იყო ”ჩიკაგო ტრიბუნის” რეპორტიორი ჯეკ ლინგლი, რომელიც ყოველ კვირაში ”აცხობდა” ალ კაპონეს სადიდებელ სტატიებს.
ალ კაპონეს ”მეფობის” 14 წლის განმავლობაში ჩიკაგოში მოხდა 700 დაკვეთილი მკვლელობა, მათგან 400 – უშუალოდ მის მიერ იყო ნაბრძანები. 17 პროფესიონალ მკვლელს სასამართლომ ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება, მაგრამ განგსტერების დაპატიმრება და ციხეში გაგზავნის შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო.
1930-იან წლებში გამოძიების ფედერალურ ბიუროს სათავეში ჩაუდგა ედგარ გუვერი. მან შეიმუშავა მაფიასთან ბრძოლის ახალი მეთოდები. რადგან დადანაშაულება მაფიოზების მკვლელობაში თითქმის შეუძლებელი გახდა, მათ ციხეში უფრო მცირე დანაშაულისთვის გზავნიდნენ. 1929 წელს ალ კაპონეს იარაღის ტარებისთვის ათი თვე მიუსაჯეს. ციხეში ის თავისუფად იღებდა მნახველებს, ლაპარაკობდა ტელეფონით და განაგრძობდა ”იმპერიის” ხელმძღვანელობას.
მეორედ ”ჩიკაგოს მეფეს” გადასახადების გადაუხდელობის ბრალდება წაუყენეს. კაპონემ მოისყიდა თორმეტივე ნაფიცი მსაჯული, მაგრამ სასამართლოს დანიშნულ დღეს მსაჯულები შეცვალეს. 1931 წლის 22 ოქტომბერს კაპონეს მიესაჯა დიდი ფულადი ჯარიმა და 11 წლით პატიმრობა.
ადგილობრივ ციხეში ყოფნისას ალ კაპონე კვლავ შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა, მაგრამ მალე იგი გადაიყვანეს ახლადაშენებულ ალკატრასის ციხეში, სადაც სრულ იზოლაციაში, ჩვეულებრივი ტუსაღის დონეზე იმყოფებოდა. იგი დამლაგებლად მუშაობდა და დაცინვებს იტანდა, ერთხელ კი ვიღაცამ ზურგში მაკრატლით ჭრილობა მიაყენა.

ალ კაპონეს დაეწყო მეხსიერების დაქვეითება და ჯანმრთელობის საერთო გაუარესება. მას პროგრესირებადი სიფილისი დაუდგინეს და 1939 წელს, ნახევრად დამბლადაცემული, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ფლორიდაში, თავის სახლში გაატარა. უკურნებელი სენი, ათაშანგი თანდათან მოერია მთელ ორგანიზმს და 47 წლის კაპონე 80 წლის ბერიკაცს ჰგავდა. სიკვდილამდე, როგორც ნამდვილმა კათოლიკემ, მოასწრო აღსარების თქმა, თუმცა არავინ იცის, მოინანია თუ არა მისი ბრძანებით ან უშუალოდ მის მიერ ჩადენილი მკვლელობები? ის გარდაიცვალა 1947 წლის 25 იანვარს. დაკრძალული იყო მონტ-ოლივეცის სასაფლაოზე ჩიკაგოში, მაგრამ მის საფლავს იმდენი ტურისტი მიაწყდა, რომ ოჯახმა ნეშტი სხვაგან გადაასვენა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button