უძველესი ცივილიზაციების ახალი სიცოცხლე (ნაწილი I)
დაახლოებით 5000 ათასი წლის წინ შუამდინარეთისა და ნილოსის დელტის ხეობაში წარმოიშვა მსოფლიოს უძველესი სახელმწიფოები. მათ საკმაოდ დიდ განვითარებას მიაღწიეს და საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ. მაგრამ როგორც ყველაფერს აქვს დასასრული ეს სახელმწიფოებიც გაქრა ისტორიის ასპარეზიდან. მსოფლიოს ისინი დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებული ჰქონდა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში დადგა ამ ციილიზაციების “ახალი სიცოცხლე”. შედეგად კი ჩამყალიბდა მთელი რიგი დისციპლინები, რომლებიც ძველ ხალხებს სწავლობს.
ყველა იმ ხალხს, რომლებთა წერილობითი ძეგლები ლურსმულ (სოლისებურ) დამწერლობითაა შესრულებული ასირიოლოგია შეისწავლის. ამ დისციპლინის კვლევის სფეროში შედის შუმერები, ბაბილონელები, ელამი, ხურიტები, ხეთები,ასურელები და ა. შ.
ასირიოლოგიის, როგორც მეცნიერების წარმოშობას დიდი ბიძგი მისცა პერსეპოლისში აღმოჩენილი ლურსმული წარწერების ამოკითხვამ. 1902 წელს გიოტინგენელმა მასწავლებელმა გროტენფენდმა გიოტინგენის სამეცნიერო სკოლას წარუდგინა ლურსმული დამწერლობით შესრულებული ძველი სპარსული წარწერების თარგმანი. ლურსმული ნიშნების საბოლოო ამოშიფრვას დიდად შეუწყო ხელი ბეჰისთუნის სამენოვანი (ძვ. სპარსული, ელამური და ბაბილონური) წარწერის აღმოჩენამ. 1847 წელს მისმა აღმომჩენმა. ინგლისელმა ოფიცერმა როულინსონმა წარწერის ბაბილონურ ვერსიაში ამოშიფრა ნიშანთა უმეტესობა და 1851 წელს გამოაქვეყნა ტექსტი, რის შედეგადაც ლურსმული დამწერლობის შესწავლის საქმე დაჩქარდა.
1857 წელს ლონდონის სამეფო სააზიო საზოგადოების დავალებით ოთხმა პირველმა ასირიოლოგმა როულინსონმა, ჰინქსმა, ოპერტმა და ფოქს-ტოლბოტმა ერთმანეთისგან დამოუკიუდებლად წაიკითხა ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის წარწერის ტექსტი, ოთხი თარგმანი ერთმანეთს დაემთხვა. ეს წელი შეიძლება ჩაითვალოს ასირიოლოგიის დაბადების თარიღად.
ძველი შუამდინარეთი
მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე გამოიცა ასურული ენის პირველი გრამატიკები და ლექსიკონები, ლურსმული ტექსტების პუბლიკაციები თარგმანითურთ, შუამდინარეთის მეფეთა ანალები, ლიტერატურული ძეგლები (მითები, ეპოსი), რელიგიური შინაარსის ტექსტები, ასტრონომიული, მათემატიკური, სამედიცინო და სხვა ხასიათის ძეგლები. ამან საშუალება მისცა, გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ასირიოლოგებს შუამდინარულ ცივილიზაციაზე.
გილგამეშის ეპოსის რელიეფი
ძველი მესოპოტამიის “გაცოცხლების” საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გათხრებს შუამდინარეთის ძველ ცენტრსა და მის ფარგლებს გარეთ. 1854 წელს აღმოჩნდა ასურეთის ერთ-ერთი უკანასკნელი მეფის აშურბანიპალის უნიკალური ბიბლიოთეკა ნინევიაში, სადაც 30 000-მდე ფირფიტა ინახებოდა. სამხრეთ შუამდინარეთში (ძველ ლაგაშში, ნიპურში, ურში და სხვა) გათხრების შედეგად აღმოჩნდა ძველი შუმერული ცივილიზაციების ნაშთები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინგლისელი მეცნიერის ვულის გათხრების გრანდიოზული ხასიათი ძველი ურის ტერიტორიაზე (1922-1934).
აშურბანიპალი
აშურბანიპალის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი ფირფიტები
ძველი ურის ნანგრევები
მრავალრიცხვოვანი გათხრების და აღმოჩენების შედეგად ასირიოლოგიის კვლევის სფერო იმდენად გაფართოვდა, რომ მას ბუნებრივად გამოეყო სპეციალური დისციპლინები:
- შუმერეოლოგია– სწავლობს შუმერების კულტურას, ენას და ისტორიას.
- ურარტოლოგია- სწავლობს ურარტუს სამეფოს ენას, ისტორიას და კულტურას.
- ხურიტოლოგია- სწავლობს ურარტუს მონათესავე ხურიტულ ენას (მითანის სახელმწიფო ენა).
- ელამიტოლოგია- სწავლობს ძველი ელამის ენას, კულტურას და ისტორიას.
- უგარიტოლოგია- სწავლობს უგარის ხალხების კულტურას, ისტორიას და ენას.
- ხეთოლოგია- სწავლობს ხეთების ისტორიას, ენას და კულტურას.
ელამიტოლოგიისა და უგარიტოლოგიის კვლევის სფერო ძეგლების სიმცირის გამო შეზღუდულია.
ურარტოლოგიას დასაბამი მისცა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ინგლისელი მეცნიერის სეისის მიერ ამიერკავკასიაში, ვანის ტბის მახლობლად (სადაც მდებარეობდა ურარტუს დედაქალაქი ტუშპა) ნაპოვნი ლურსმული წარწერების ენის ამოხსნამ, რომელსაც ადრე ქალდეურს უწოდებდნენ, ამჟამად კი ურარტულის სახელწოდებითაა ცნობილი.
ხეთოლოგიის ჩამოყალიბება დაკავშირებულია 1915 წელს ჩეხი მეცნიერის პროზნის მიერ მცირე აზიაში აღმოჩენილი ლურსმული ხეთური წარწერების ამოკითხვასთან. მანვე პირველმა განსაზღვრა ხეთურის ინდოევროპული ხასიათი.
ასირიოლოგიაში ჩვენ ქართველებს მსოფლიო დონის მეცნიერები გვყავს. საქართველოში განვითარებული ასირიოლოგიის ის დარგები, რომლებიც მნიშვნელოვიანი ჩვენი ენის და ისტორიის შესწავლისთვის. ამ საქმეში პირველობა მიხაკო წერეთელს ეკუთვნის. ის ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აქვეყნებდა შრომებს შუმერული ენის შესახებ (ქართულთან მიმართებაში). მანვე პირველად თარგმნა ქართულად გილგამეშის ეპოსი (ეს თარგმანი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში). მიხაკო წერეთელს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ურარტოლოგიაშიც.
P.S. ყველას გილოცავთ ბარბარობას.