საკითხავი

ფერმკრთალი ლურჯი წერტილი

იყო და არა იყო რა იყო ერთი პატარა მკრთალი ლურჯი წერტილი, ამ წერტილის ზედაპირზე იყო კიდევ ერთი ნამცეცა წერტილი, რომელთანაც შედარებით ლურჯი წერტილი უზარმაზარი იყო, ამ წერტილს მიუხედავად მისი სიმცირისა ბევრი კუთხე ქონდა, დიახ, ეს იყო (იყო რა არის) პატარა ქვეყანა, – იბერია, რომელიც გაბრწყინების მოლოდინში გაშეშებულიყო. მისი მცხოვრებნი ცის გახსნის ელოდნენ და სულ ზევით იყურებოდნენ, სულ ზევით – წარსულში. ყველაფერი იყო ამ ქვეყანაში – მაგალითად ნიჭი, ამას ისიც მოწმობს რომ ყველას უმაღლესი ქონდა დამთავრებული – იყო ეროვნული ფასეულობები: – სადღეგრძელოების დაზეპირებული თანმიმდევრობა, კულტურული სტერეოტიპები, გლობალიზაციის შიში და სარწმუნოება, რომელიც რატომღაც ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციათა ნუსხაში ეწერა დიდის ამბით და არა, რწმენის კატეგორიაში. “მართლმადიდებლობამ ქვეყანა გადაარჩინა” – გაიძახოდნენ გულზე მჯიღის ცემით გასაბრწყინებელი იბერიის შვილები “100 000 მოწამემ თავი შესწირა სარწმუნეობას” ადიდებდნენ წარსულს იმიტომ რომ თანამედროვეობაში განსადიდებელი აღარაფერი დარჩენილიყო.

მერე რა რომ დრო შეიცვალა, მერე რა რომ სარწმუნოება ძირითადად აღარ არის ადამიანობის და საზოგადოების საზომი. მერე რა თუ ჯალალ ედ დინი აღარ გაიძულებს ხატებზე დაბიჯებას, მერე რა რომ თურქ სელჩუკები, მონღოლები და არაბები აღარ ცდილობენ ქრისტიანული სამყაროს პატარა განაპირა კუნძულის მითვისებას, მოქალაქეობრივი კულტურის გარეშე დარჩენილ ხალხს ერთი რელიგიაღა დარჩენოდა მეტ ნაკლებად მტკიცე იდეად რომლის გარშემოც უნდა გაერთიანებულიყვნენ, თორემ ეროვნული ფასეულობები მის გარეშე აღარაფერს წარმოადგენს, მის გარეშე რჩება მხოლოდ – ფობიები, კომპლექსები და სადღეგრძელოების უსასრულოდ გაწელილი სია.

და ამ პატარა ქვეყანაში ეგონათ რომ ბევრი ეკლესია ბევრი მადლია, რომ ღმერთიც კი მათ ენაზე მოაწყობდა განკითხვის დღეს. ეგონათ რომ ღმერთმა ისინი გამოარჩია და საკუთარი მიწაც კი აჩუქა. ეგონათ რომ თავად ღვთისმშობელი მფარველობდა მათ. ეგონათ რომ უცხო ან შინაური ყველა მტერი იყო ვინც სრულად არ ეთანხმებოდა მათ. “მართლმადიდებლობას ებრძვიან” – “ეროვნული ფასეულობები უნდა დავიცვათ” – ისმოდა პატრიოტთა შეძახილები – ამ ქვეყანაში, კიცხავდნენ კათოლიკებს და პაპს, მაგრამ ამავე დროს მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა საკუთარი პატრიარქის კრიტიკა.

ამ ქვეყანაში იყო დიდაქტიკა და ტვინზე დახვეული ყბადაღებული ეროვნული ფსევდო ფასეულობები. ყველას ვისაც არ ეზარებოდა ებრძოდა გაუცხოებას “გარყვნილებას” “სატანიზმს” როგორც დონ კიხოტი ქარის წისქვილებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს წისქვილებიც მხოლოდ წისქვილები იყო და არა დევები.

ეს იყო ლურჯი წერტილის კიდევ უფრო პატარა წერტილზე, ლურჯი წერტილის სხვა წერტილებზე სხვა ამბები ხდებოდა, ზოგიც ცუდი და ზოგიც კარგი, მიუხედავად იმისა რომ ზემოთ ნახსენებ წერტილზე მცხოვრებ ხალხს თავი განსაკუთრებული ეგონა ეს ასე არ იყო რათქმაუნდა.სხვაგან წერტილის მეორე მხარეს იყო ასეთი მეცნიერი კარლ საგანიც. ასტრონომი და კოსმოლოგი, ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას, წერდა სტატიებს, წიგნებს, მიყავდა სამეცნიერო ტელე გადაცემები. როცა კოსმოსურმა ზონდმა ვოიაჯერ 1-მა მოინახულა პლანეტები იუპიტერი სატურნი, გაცდა ურანისა და ნეპტუნის ორბიტას, სანამ ვარსკვლავთშორისო უზარმაზარ სივრცეში განაგრძობდა მოგზაურობას, სწორედ კარლ საგანს გაუჩნდა იდეა იმის შესახებ რომ ვოიაჯერს ცოტა ხნით უკან “მოეხედა” და სურათი გადაეღო უკან დარჩენილი პლანეტებისთვის. ვოიაჯერმა მოგვაწოდა ჩვენი პლანეტის ყველაზე შორი მანძილიდან დანახული ხედი კაცობრიობის ისტორიაში. ესაა დედამიწა 6 მილიარდი კილომეტრის დისტანციიდან დანახული
ფოტოს კარლ საგანმა Pale blue dot უწოდა ( მკრთალი ლურჯი წერტილი) სწორედ ამ წერტილმა შთააგონა იგი დაეწერა წიგნი: Pale Blue Dot: A Vision of the Human Future in Space (მკრთალი ლურჯი წერტილი: კაცობრიობის მომავლის ხედვა კოსმოსში) ამ წიგნში კი მას აქვს შესანიშნავი სიტყვა მკრთალი ლურჯი წერტილის შესახებ:

“დაფიქრდით კიდევ ერთხელ ამ წერტილზე, ეს აქაა, ეს სახლია, ეს ჩვენ ვართ, მასზეა ყველა ვინც გიყვარს, ყველა ვიზეც ოდესმე გვსმენია, ყველა ადამიანი ვისაც ოდესმე უცხოვრია, ერთობლიობა სიხარულისა და ტანჯვის, ათასობით თავდაჯერებული რელიგიის, იდეოლოგიის და ეკონომიკური დოქტრინის. ყველა მონადირისა და მძარცველის, ყველა გმირისა და ლაჩრის, ყველა ცივილიზაციის შემოქმედი და გამანადგურებლი, ყველა მეფე და გლეხი, ყველა შეყვარებული ახალგაზრდა წყვილი, ყველა დედა და მამა იმედიანი ბავშვი, გამომგონებლი და აღმომჩენი, მორალის ყველა მასწავლებლი, ყველა კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყველა ვარსკვლავი ყველა უმაღლესი ლიდერი, ყველა წმინდანი და ცოდვილი, – ჩვენი სახეობის ისტორიაში ცხოვრობდა იქ, მტვრის ნამცეცზე, მზის სხივების ქვეშ. ნათქვამია რომ ასტრონომია არის დამამშვიდებელი და ხასიათის სიმტკიცის მომტანი საქმიანობა, ალბათ არ არსებობს უკეთესი დემონსტრაცია ადამიანის ამპარტავნული უგუნურებისა, ვიდრე ჩვენი პატარა სამყაროს ეს შორეული სურათი, ჩემი აზრით იგი ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, მეტი გულისხმიერებით მოვექცეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ და დავაფასოთ ეს ფერმკრთალი წერტილი – ერთადერთი ჩვენთვის ოდესმე ცნობილი სახლი.”

P.S: შევხედოთ ყველაფერს უფრო მასშტაბურად და ყველაფერი წვრილმანი სასაცილო გამოჩნდება, მაგრამ ამავე დროს ნამდვილი ფასეულობები მეტ წონას შეიძენს, მეტი ღირებულება ექნება. წინა პოსტში ერთმა მკითხველმა კომენტარში დაწერა: კოსმოსში გამოკიდებულ დედამიწას ეკრანიდანაც ვერ ვუყურებ ბურძგლები მაყრისო სწორედ ეს ჩვენი სამყოფელის სიმყიფის განცდა ხდება ხოლმე იმის გაცნობიერების საფუძველი რომ ყველაფერი ამაოა, ზრუნვისა და სიყვარულის გარდა, ყველა ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ. ერთი რამ ცხადია შორიდან დანახული საკუთარი სამყარო გვიბიძგებს ვიყოთ ბევრად უკეთესი.

წყარო: michaelimages.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close