ელექტრომობილებს ახალი მოთხოვნები წაუყენეს
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან, ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები უნდა აღიჭურვოს ისეთი სისტემებით, რომლებიც შიდაწვის ძრავის მსგავს ხმას გამოსცემს.
ერთი შეხედვით, ამ უცნაური რეგლამენტის მთავარი მიზანი, ამ ტიპის ავტომობილების უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. პირველ რიგში, ამგვარად შემცირდება ინციდენტები, რომლებიც უსინათლო ადამიანებს აზარალებს.
ზოგიერთი ელექტრომობილის მწარმოებელი, მყიდველს ახლაც სთავაზობს ასეთ მოწყობილობებს. ოღონდ, მხოლოდ ოპციის სახით. ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ კი, ასეთი სისტემა აუცილებლად უნდა შევიდეს ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი ყველა ახალი ელექტრომობილისა და პლაგ-ინ ჰიბრიდის, საბაზო ეკიპირებაში.
ცნობისათვის, VW e-Up-ის მყიდველს ოპციის სახით სთავაზობენ აკუსტიკურ სისტემას. იგივე ითქმის Renault-ს პატარა ელექტრომობილ Twizy-ზეც (ფოტოზე). სამაგიეროდ, ფრანგულმა კომპანიამ ასეთი სისტემა თავისი სხვა ელექტრომობილის, სუბკომპაქტური Zoe-ს საბაზო ეკიპირებაში უკვე შეიტანა. ორივე კომპანია მიესალმება ევროპის ახალ რეგლამენტს.
ბრიტანული Vauxhall-ი (Opel-ის ბრიტანული ტყუპისცალი) ახლავე აცხადებს, რომ მის პლაგ-ინ ჰიბრიდულ Ampera-ზე გამოყენებული საუნდ სისტემა, სწორედ უსინათლოთა უსაფრთხოების გათვალისწინებითაა შემუშავებული. ასეთი სისტემა შემუშავებული აქვს Nissan-საც, რომელიც აცხადებს, რომ ის მომხმარებლის მოთხოვნის გამო დამზადდა. ოღონდ, აღნიშნული სისტემა მხოლოდ მაშინ გამოსცემს ხმას, როცა მანქანის სიჩქარე 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია. ეს კი ახალი რეგლამენტით დაუშვებელი იქნება.
ახალი რეგლამენტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ევროპარლამენტი დაამტკიცებს. ეს კი უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.