გასართობისაკითხავისურათები

რეაქტიული კლუბი


რეაქტიული კლუბი, 80–იანი წლების საქართველოში სრულიად ახალი და რევოლუციური არტ–გაერთიანება იყო. იგი ირაკლი ჩარკვიანმა, კოტე ყუბანეიშვილმა და პაატა ქურდაძემ დაარსეს. ეს იყო  პოეტთა  ერთგვარი  ორდენი, რომელიც გამოდიოდა იმ პერიოდში გაბატონებული ლიტერატურული მოდის წინააღმდეგ. ის ებრძოდა 80-იანი წლების ტენდენციას პოეზიაში, რომლიც მიხედვითაც, ერთი მხრივ, მეტად საბჭოური პოეზია უპირისპირდებოდა “ურა პატრუოტიზმით” გაჯერებულ ლექსს.ამ გაერთიანების ლიდერი, ჩემი სუბიექტური აზრით, სწორედ ირაკლი ჩარკვიანი იყო. 19 ნოემბერს მას დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა. სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება ეს პოსტი.

ირაკლი ჩარკვიანი საზოგადოების ფართო ფენებისათვის მხოლოდ როგორც მუსიკოსია ცნობილი. ეს მაშინ, როცა ირაკლი მოთხრობები და ლექსები, პირადად ჩემთვის, გაცილებით უფრო ღირებულია. ირაკლისა და მისი მეგობრების “რეაქტიული კლუბი” იყო იმ პერიოდის საქართველოში ყველაზე უფრო ანარქისტული გაერთიანება, ეს იყო დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. იმ პერიოდის მძიმე სოციალური ფონის გამო, “რეაქტიული კლუბი” არც ისე პოპულარული იყო.მის შესახებ მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილმა იცოდა.

სამწუხაროდ, ეს გაერთიანება მალევე დაიშალა. პირველი მას პაატა ქურდაძე გამოაკლდა. მოგვიანებით, ირაკლიც, რომელმაც თავისი შემოქმედებითი ენერგია ძირითადად მუსიკაზე მიმართა.

კოტე ყუბანეიშვილი ერთგან წერს: : „კლუბი ჩამოყალიბდა ირაკლის სახლში. მასთან ინგლისურს ვსწავლობდი. სწავლების პროცესი თანდათან პოეზიაზე საუბრებში გადაიზარდა. დღე და ღამე ერთად ვიყავით. ჩვენს ირგვლივ წრე შეიკრიბა. ირაკლი გიტარაზეც უკრავდა. როდესაც ჩვენით დაინტერესდნენ გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები, სწორედ მაშინ დავიშალეთ. ჩვენ გვინდოდა შევბრძოლებოდით პროვინციალიზმს, რაც ირგვლივაა გამეფებული.”

ირაკლი ჩარკვიანმა 13 წლის მერე რეაქტიული კლუბის საქმიანობა ასე შეაფასა: „რეაქტიულ პოეზიას“ თავიდანვე ესკულატურული მისია ჰქონდა. ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში ერი უნდა განიკურნოს, რათა გადარჩეს. სწორედ ერის ავადმყოფობაზე ჩვენი – თანამედროვე ხელოვანთა რეაქცია იყო „რეაქტიული პოეზია“. კლუბს თერაპიული მიზნები ჰქონდა. ჩვენ, ფაქტობრივად, „ერის აიბოლიტები“ ვიყავით. კონკრეტულად იმ სტერეოტიპებს ვებრძოდით, რომელმაც ქართველი ერი დეგრადაციამდე მიიყვანა. სტერეოტიპები კი ქართველებს მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში არ გვაკლდა, თუნდაც კომუნიზმი. ჩვენ ვებრძოდით იმ კულტურულ პრესს, რომელიც მე-20 საუკუნეში შესამჩნევად ზემოქმედებდა ქართულ კულტურაზე“.


kote kubaneishvili. irakli charkviani… by gurjikhatuni

ირაკლი ჩარკვიანი: „რეაქტიულ კლუბის“ არსებობას, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა. მაგალითად, მანამდე ინგლისური მუსიკა და რუსული საზიზღარი პოპსა მოდურად ითვლებოდა. მიაჩნდათ, რომ ქართულად შეუძლებელია როკ-ენ-როლის სიმღერა. თვლიდნენ, რომ ქართული თანამედროვე ენა რუსულთან და ინგლისურთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. ჩვენმა კლუბმა გარდატეხები შეიტანა ცნობიერებაში. მოხდა პატარა, ლოკალური რევოლუცია, რომელმაც მერე თავისი შედეგები გამოიღო და ქართული იმდენად მოდური გახდა, რომ დაიბადა შოუ-ბიზნესი. ჩვენ წავაწყდით მძლავრ წინააღმდეგობებს. ჩვენი შემოქმედების შედეგად ეს სტაგნატური გარსი, რომელიც მე-20 საუკუნეში შეიქმნა ფსევდოპოეზიის სახით, გამოუსადეგარი გახდა. მისი მიმდევრები დღესაც ვერ წერენ თანამედროვე პოეზიას. მათი სახელები კომუნისტებმა გაბერეს. მათთვის ყოველნაირი სიცოცხლის გამოვლინება გამაღიზიანებელია, რადგან ადრე, საკუთარ გარემოცვაში თავს კარგად გრძნობდნენ. კოტე და მე – „რეაქტიული კლუბი“ კი ხელს ვუშლიდით ამ ადამიანებს. მათი პოპულარობა იმ დროისთვის დაეცა, ჩვენი – ამაღლდა“.


ამ ორდენის მესამე წევრი, პატაა ქურდაძე ” ცხელ შოკოლადთან” მიცემულ  ინტერვიუში წერს: “”რეაქტიული კლუბის” პერიოდი იმდენად მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩვენთვის, რომ არ შეიძლებოდა სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი არ გამხდარიყო. ამ საერთო იდეების გამო, ჯერ კიდევ უცხოეთში ჩემს წასვლამდე დიდ დროს ვატარებდით ერთად. პირველი 90-გვერდიანი ბროშურა, რომელიც “რეაქტიული კლუბის” მანიფესტს წარმოადგენდა, სწორედ ირაკლი ჩარკვიანთან და კოტე ყუბანეიშვილთან ერთად გავაკეთეთ. საავტორო უფლებების შესახებ ირაკლი ჩარკვიანი ზრუნავდა. მაშინ ამაზე საერთოდ არავინ ლაპარაკობდა. პირველი მანიფესტი უკვე ჩემი წასვლის შემდეგ გამოიცა. თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო და კოტემ, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო საფრანგეთიდან, რაღაცნაირად მოახერხა მისი პირველი გამოცემა. ბროშურის ყდაზე მაქსიმის (ირაკლი ჩარკვიანის შვილი) დახატული რეაქტიული თვითმფრინავებია. მალე ამას მეორე გამოცემაც მოჰყვა. მაშინ მე უკვე წასული ვიყავი, თუმცა ამით, ცხადია, “რეაქტიული კლუბი” არ დამთავრებულა. ფსევდონიმებით თამაში მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა და მასში სხვებიც მონაწილეობდნენ – დათო ევგენიძე, კახა თოლორდავა, ლიკა ნადარაია და სხვები. თუმცა არ შემიძლია, ცალკე არ აღვნიშნო ლუკა ლასარეიშვილი, შესანიშნავი მხატვარი, რომლის ნამუშევარი ჩემი წიგნის ყდაზეა გამოსახული.”

კვლავ პაატა: –”რეაქტიული კლუბი” საბჭოთა სიბრიყვის ნაციონალისტურ სიბრიყვედ ტრანსფორმირების პროცესის ეპოქაში შეიქმნა, – ამბობს ბატონი პაატა. – ჩვენ ვგრძნობდით, რომ ერთი საშინელების ადგილს მეორე იჭერდა და ვცდილობდით გარდამავალი პერიოდის ანარქიული თავისუფლებით გვესარგებლა. საქართველო მაშინ სალხინებელს ჰგავდა საბჭოთა ჯოჯოხეთსა და დასავლურ სამოთხეს შორის. სინამდვილეში ბოლომდე არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, ამიტომ სანამ თავიდან ჩაგვკეტდნენ, სულ ახლახანს დროებით განთავისუფლებული პატიმრებივით ღრმად ვსუნთქავდით და მზეს ვეფიცხებოდით.”

და ბოლოს, ისევ ირაკლი ჩარკვიანის ჩემთვის ძალიან საყვარელი პუბლიკაციით დავასრულოთ: “როდესაც შენი შინაგანი ბევრად უფრო ჩქარია, ვიდრე გარე სამყარო, მოვლენათა სვლა, ავარიულობა აშკარაა და საზოგადოება სიამოვნებით ასხამს წყალს შენს ისედაც მოყინულ მომავლის ტრასას. ჭეშმარიტი დაბადება ხომ მხოლოდ სიკვდილის მერეა შესაძლებელი, განსაკუთრებით ჩვენს, კავკასიურად შემოფარგლულ წრეში, სადაც სიკვდილი ერთადერთი ბილეთია საყოველთაო სიყვარულის სპექტაკლზე. ხავერდის ფარდები მხოლოდ მაშინ იწყებს აწევ-გაწევას, როცა ყველა დარწმუნებულია შენს გარდასულებაში. ” სამწუხაროა, რომ ირაკლის ეს სიტყვებიც გამართლდა. სიკვდილმა მისი იდეალიზირება, კიდევ უფრო მისტიფიცირება მოახდინა, დღეს ირაკლი ბევრს ადამიანს უყვარს, იმათაც კი ვისაც არ ესმით მისი შემოქმედება.



Keti Kozmanashvili | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close