საკითხავისასარგებლოუცნაური

მიცვალებულთა წიგნი, მოგზაურობა იმქვეყნად

ამ პოსტში მინდა შემოქთავაზოთ მოგზაურობა იმქვეყნად, ეგვიპტელი ჰენეფერის მიერ გადაწერილი “მიცვალებულთა წიგნის” მიხედვით.

“მიცვალებულთა წიგნი” სამარხის კედელზე ან პაპირუსის გრაგნილზე დაწერილი რელიგიური ტექსტი იყო. წიგნი გარდაცვლილს ასწავლიდა, როგორ უნდა მოქცეულიყო იმქვეყნად და “ლერწმის ველისკენ” მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპს აჩვენებდა.

ეგვიპტელი ფარაონების სხვადასხვა დინასტიურ პერიოდში იმქვეყნიურ ცხოვრებაზე წარმოდგენები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ მხოლოდ მეფეს ჰქონდა ძლიერი სული და მხოლოდ მას შეეძლო ღმერთებთან ცხოვრება, სხვა ყველანი კი სამარხებში მოჩვენებებად რჩებოდნენ. შუა სამეფოს პერიოდში იმქვეყნიურ ცხოვრებაზე წარმოდგენები უფრო დემოკრატიული გახდა, რაც უფრო ხანგრძლივი იყო დაკრძალვის რიტუალი, სულს მით უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლეოდა, ღვთაება ოსირისთან ერთად ეცხოვრა “ლერწმის ველზე” (იმქვეყნად). ძველი ეგვიპტელები დაკრძალვის ცერემონიისთვის ქირაობდნენ მოტირლებს, რომლებსაც მოთქმა-გოდება და თავზე მტვრის წაყრა ევალებოდათ. ქურუმი “პირის გახსნის” ცერემონიალს სამარხვის შესასვლელთან ატარებდა. მუმიის სახეს სარიტუალო წმინდა საგნით ეხებოდა. ეს ცერემონიალი ეხმარებოდა გარდაცვლილის სულს, სიცოცხლეს დაბრუნებოდა. მერე სული დასავლეთით მიემგზავრებოდა, სადაც ლაბირინთი უნდა გაევლო და ეპასუხა იმ კითხვებზე , რომელსაც შესასვლელის მცველი დემონი დაუსვამდა. დასასრულ კი, ოსირისი გარდაცვლილს განაჩენს გამოუტანდა.

ახლა გადავიდეთ კერძოდ მოგზაურობაზე:

1. ტურისთავიან ანუბისს გარდაცვლილი სასამართლო დარბაზისკენ მიჰყავს. ანუბისს მარცხენა ხელში სიცოცხლის სიმბოლო- ანხი უჭირავს

2. გარდაცვლილის გულს წონიან ძველებურ სასწორზე, სასწორის ერთ პინაზე გული, ხოლო მეორეზე, ბუმბული დევს

3. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის გული ბუმბულზე მძიმე აღმოჩნდა ნიანგისთავიანი და ლომისტანიანი ურჩხული ამიტი გარდაცვლილს შეჭამს. ამიტი სასწორის გვერძე დგას.

4. დამწერლობისა და სიბრძნის ღვთაება თოტი პაპირუსის გრაგნილზე იწერს აწონვის შედეგს

5. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიცვალებულთა ღვთაება და მთელი იმქვეყნიურ სამყაროს მეუფე ოსირისი გარდაცვლილის განსჯას ტახტზე მჯდომარე ადევნებს თვალს

6. თუ გული ბუმბულზე მსუბუქი აღმოჩნდა ღვთაება ჰორი გარდაცვლილს ოსირისის ტახტისგენ წარუძღვება

7. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილმა დაასრულა მოგზაურობა, მას განაჩენი გამოუტანეს, რომლის მიხედვით მას “ლერწმის ველზე” ცხოვრების უფლება მიეცა, ოსირისთან ერთად.

მდიდარ ეგვიპტელებს სამარხებში საგანგებოდ გაკეთებულ ფიგურებს, საბთის, ატანდნენ. ფიქრობდნენ, რომ მათ იმ ქვეყნად “ლერწმის ველზე” მუშაობა მოუწევდათ. ფიგურები მინიატურულ მუმიებს ჰგავდნენ: ზოგიერთს ხელთ კალათა ან სასოფლო-სამეურნეო იარაღი ჰქონდა. შაბთიზე ლოცვები იყო წარწერილი, რაც გარდაცვლილთა სულებს სიცოცხლის დაბრუნებაში უნდა დახმარებოდა

წყარო: ეგვიპტე, ჯოის ტილდესლი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close