ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

მსოფლიო მოსახლეობა 7 მილიარდია!


ეს პატარა და უსუსური ბავშვი ფილიპინელი დანიკა მეი კამაჩოა, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს დაიბადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ის ოფიციალურად აღიარა, როგორც დედამიწის ერთ-ერთი მეშვიდმილიარდე მკვიდრი. საქმე იმაშია, რომ ეს ტიტული მხოლოდ მას არ ერგუნა, გაერომ მეშვიდმილიარდე ადამიანად რამდენიმე ახალშობილი დაასახელა სხვადასხვა ქვეყნებში და ყველა მათგანს ნამცხვრებით გაუმასპინძლდა.

დემოგრაფების თქმით, მსოფლიო მოსახლეობამ 1 მილიარდს მხოლოდ 1804 წელს მიაღწია, ერთ საუკუნეში – 1927 წელს – კიდევ ერთი მილიარდით გაიზარდა და 2 მილიარდი შეადგინა. მეოცე საუკუნეში კი ეს პროცესი უფრო დაჩქარდა: 3 მილიარდი 1959 წელს, 4 მილიარდი 1974 წელს, 5 მილიარდი 1987 წელს და 6 მილიარდი 1998 წელს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვარაუდით, მსოფლიო მოსახლეობა 8 მილიარდს ასევე მალე – 2025 წელს მიაღწევს, 2083 წელს კი 10 მილიარდი გახდება. თუმცა შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც ვარაუდობენ. მოსახლეობის მატებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, დაწყებული სიცოცხლის ხანგრძლივობიდან და დამთავრებული ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით. თუმცა ის კი ცხადია, რომ ამ მომენტში მსოფლიო მოსახლეობის მატების ნაბიჯები რაოდენობის მხრივ პიკს აღწევს და უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ოდესმე. 1900 წელს მოსახლეობა 1.6 მილიარდი იყო, 99 წელიწადში კი – 6.1 მილიარდი. მაგრამ პროცენტული გაანგარიშებით მატება თანდათან კლებულობს – 60-იანი წლების მიწურულს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 2.1%-ს, დღეს კი – 1.2%-ს.

უთარ პრადეშში, ინდოეთის ყველაზე დასახლებულ შტატში, მთავრობის წარმომადგენლებმა ახალშობილი გოგონები დააჯილდოვეს ამ მოვლენის აღსანიშნავად. ინდოეთში ხშირია აბორტები, თუკი წყვილი იგებს, რომ ისინი გოგონას ელიან. ამის გამო შეიცვალა ინდოეთის მოსახლეობის სქესობრივი თანაფარდობა და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, წაახალისოს ოჯახები გოგონების გასაჩენად. ინდოეთში 1000 ახალშობილ ბიჭზე საშუალოდ 893 გოგონა მოდის, აშშ-ში კი – 1000 ბიჭზე 955 გოგონა. შუაღამიდან დილის 8 საათამდე უთარ პრადეშში 6 ბავშვი გაჩნდა, მათგან 4 ბიჭი იყო.

ამასობაში ჩინეთში, სადაც მოსახლეობა 1.34 მილიარდს აღწევს და ამ მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, უკვე 3 ათწლეულია მოქმედებს შეზღუდვა შობადობასთან დაკავშირებით – ქალაქში მცხოვრები წყვილებისთვის 1 შვილი და სოფელში მცხოვრებთათვის – 2. მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზეც. 2020 წლისთვის ჩინელების რაოდენობა 1.45 მილიარდს მიაღწევს.

ჩინეთის მთავრობის თქმით, შობადობის კონტროლმა დადებითი შედეგი მოიტანა, თუმცა პრობლემებიც ახლდა. ექსპერტთა თქმით, მალე აღარ იქნებიან საკმარისი რაოდენობის ახალგაზრდა ჩინელები, შესაბამისად დაიწყება ე.წ. ერის დაბერება. ინდოეთის მსგავსად ჩინეთშიც ხშირია გოგონებზე აბორტები და დარღვეულია სქესობრივი ბალანსი. ამის შედეგი ისაა, რომ გოგონების რაოდენობა 43 მილიონით ნაკლებია, ვიდრე აბორტების გარეშე იქნებოდა.

ინდოეთი, რომლის მოსახლეობაც 1.2 მილიარდია, სავარაუდოდ 2030 წელს გაასწრებს ჩინეთს, როცა მისი მოსახლეობა მიუკაკუნებს 1.6 მილიარდს.
 
და ბოლოს, National Geographic-ის საინტერესო ვიდეოები მათთვის, ვისაც ნანახი არ აქვს:

7 მილიარდიანი მოსახლეობა

 
ყველაზე ტიპიური ადამიანი 7 მილიარდიან მოსახლეობაში:

 
The End
 
 
 
******

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close