არქივი

ჰომოეროტიკა – დაუძლეველი შიშის ბუნდოვანი ობიექტი

aaf5a6387d9a
“ყოველი ამერიკული ფილმი უნდა ამტკიცებდეს, რომ შეერთებული შტატების ცხოვრების წესი ერთადერთი და საუკეთესოა ნებისმიერი ადამიანისთვის. ყოველი ფილმი ასე თუ ისე ოპტიმისტური უნდა იყოს და აჩვენოს “პატარა ადამიანს”, რომ ოდესღაც და სადღაც გადაეყრება თავის ბედნიერებას. ფილმმა არ უნდა გამოამზეუროს ჩვენი ცხოვრების ბნელი მხარეები, არ გააღვივოს მძაფრი და დინამიური ვნებები… “რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს მკითხველს, მოყვანილი ციტატა არ არის ჩვენი (ყოფილ საბჭოთა კავშირელების) უახლოეს წარსულში შექმნილი რომელიმე კომუნისტური დადგენილებიდან. ეს გახლავთ ფრაგმენტი ე.წ. ჰეისის კოდექსისა, რომელიც გაფორმდა 1930 წ. ჰოლივუდის ოფიციალურ ცენზურად და რომელიც მიმართული იყო “მორალური სტანდარტების განმტკიცებისაკენ”.

ჰოლივუდი, რომელიც საბჭოთა მაყურებელში ხშირად ასოცირდება სექს–ბომბებთან თუ ეროტიკულ სანახაობასთან, ემორჩილებოდა მკაცრ აკრძალვებს. მათ შორის საგანგებო პარაგრაფები ეთმობოდა სექსის თემას. “აუცილებელია განმტკიცდეს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტის სიწმინდე” – ასეთი დირექტივა უსწრებს წინ ხსენებულ პუნქტებს. საბჭოთა “თანამოძმეებისგან” განსხვავებით, რომელიც საერთოდ უარყოფდნენ სექსის არსებობას, ჰოლივუდი აღიარებს მას, ოღონდ გარკვეული დოზით. კოდექსით ზუსტად განისაზღვრება, რამდენ ხანს შეძლება ეკრანზე კოცნის ჩვენება, როგორ შეიძლება ვნების, პროსტიტუციისა თუ სექსუალური გარყვნილების ეპიზოდების ასახვა და ა.შ.

773037386b32

სექსუალური გარყვნილება, პირველ რიგში, ჰომოეროტიკას გულისხმობდა, რომელზე დადებული ტაბუ ყველაზე მკაცრად და ხანგრძლივად მოქმედებდა ჰოლივუდის ისტორიაში (და არა მხოლოდ ჰოლივუდის). თუმცა მინიშნებებს ჰომოსექსუალიზმზე ჯერ კიდევ საუკუნის პირველ ათწლეულების ფილმებში ვხვდებით, გაცილებით თავისუფლად და “პირველყოფილი” ხელოვნებისთვის დამახასიათებელი გულუბრყვილობით. რასაკვირველია, ისინი მხოლოდ რეალობის სუსტი გამოძახილი იყვნენ და თანაც კომიკური ეფექტის შესაქმნელად მოყვანილი. მაგრამ კოდექსის შედეგად პერვესიად და ავადმყოფობად მონათლული ჰომოსექსუალიზმის “კონსპირაცია” ძლიერდება და უწყინარი, “სასაცილო” ადამიანები ამჯერად ბოროტმოქმედებად, მონსტრებად გარდაიქმნებიან. როგორც ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს სცენარისტი “გვერჩივნა გვენახა ჩვენი თავი ეკრანზე დამნაშავეებად, საშიშ ადამიანებად, ვიდრე ვყოფილიყავით აბსოლუტურად იგნორირებულნი, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდით”. ასე რომ, ჰოლივუდიც (რა თქმა უნდა, ბევრ სხვა ინსტიტუციასთან ერთად) თანდათან აგუებდა ჰომოსექსუალებს დანაშაულების კომპლექსად და არა მხოლოდ “ჩვეულებრივ” ადამიანებს ასწავლიდა ,თუ რა წარმოდგენა ჰქონდეთ ჰომოსექსუალიზმზე, არამედ ამ უკანასკნელთანაც – თავის თავზე. მათი ეკრანული იდენტიფიკაციაც ხდებოდა ცოდვასთან, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, მოიკვეთოს. ფილმებში ისინი ტრაგიკულად განიცდიან თავიანთ “სხვაობას” და თვითგვემა საბოლოოდ სიკვდილით მთავრდება.
სხვათა შორის, ქალთა ჰომოსექსუალიზმი არ აღიქმებოდა იმდენად ნეგატიურად – ის არც ისე შოკის მომგვრელი იყო და მით უმეტეს, არც სასაცილო. პირიქით, ხშირად მისი ესთეტიზაციაც ხდებოდა და ფაქტიურად, აღიქმებოდა, როგორც “დასაშვები ცოდვა”. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პურიტანული ჰოლივუდი ნაკლებად ახდენდა ლესბოსელთა დისკრიმინაციას. უბრალოდ, აქ სულ სხვა ფაქტორი ერთვება: თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროტიკის ყურება (და ყურება, საერთოდ) ითვლება “მამაკაცურ საქმიანობად” (მაშინ როცა ქალი არის თავად სანახაობა, ამ ყურების, მზერის ობიექტი), ქალთა ჰომოეროტიკა მისთვის არ აღიქმება პრობლემად. ის არის შორეული, რადგან ეხება “სხვას” (ქალს, არა მამაკაცს) და ამდენად მისგან “საფრთხეც” არ არის მოსალოდნელი. თანაც გაორმაგებულია სანახაობის მომენტი, სექსუალური ფეტიში ხდება კიდევ უფრო ძლიერი. ამიტომ თუ ქალად გადაცმული მამაკაცი სიცილს იწვევს (რაზეც იგება მთლიანად კლასიკად ქცეული “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” ან “ტუტსი”), კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი ორივე სქესითვის სასურველ ( და სიმპათიურ) ობიექტადაც კი შეიძლება იქცეს. მაყურებელთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა ფილმ “მაროკოს” ეპიზოდი, როცა სმოკინგში ჩაცმული მარლენ დიტრიხი მიდიოდა ერთ–ერთ მაგიდასთან და მშვენიერ ქალბატონს ტუჩებში კოცნიდა.

348d7101964d

ტაბუ ჰომოსექსუალებზე, ფაქტიურად, 90–იანი წლიდან მოიხსნა, როცა ყოველგვარი მიკიბ–მოკიბვის გარეშე შეიძლებოდა ურთიერთობის ასახვა. ამავე დროიდან იცვლება ის ნეგატიური სტერეოტიპი, რაც დანაშაულის კომპლექსთან არის დაკავშირებული. შემოდის ახალი – გეი–ტიპაჟი, რომელიც აღარ ასოცირდება ავადმყოფობასთან, ნორმიდან გადახრასთან, ცოდვასთან და რომელიც ამკვიდრებს მამაკაცის არატრადიციულ სახეს – მგრძნობიარე (რაც აქამდე ქალის “პრეროგატივა” იყო), სექსუალური (რითიც იცვლება მასკულინური უხეში, აგრესიული სექსუალობა). თავდაპირველად ასეთი იმიჯი გამოჩნდა 80–იანი წლების რეკლამაში (იქნება ეს ტელე, საჟურნალო, პლაკატი თუ სხვა), რამაც მაყურებელში მოახდინა “სექსუალურ ამბივალენტურობასთან” შეგუება და შესაბამისად 90–იანი წლების კინოგმირებისთვის “შემზადება”.
ჰომოსექსუალთა რეაბლიტაცია ეკრანზე სულაც არ ნიშნავს მათ სრულყოფილად და მრავალფეროვნად წარმოჩენას. ჰოლივუდი იგონებს ახალ სტერეოტიპებსა და მითებს, ცდილობს რა შეალამაზოს რეალობა ჰომოსექსუალთა მაქსიმალური ესთეტიზაციის გზით და ამით მაინც ასიამოვნოს “ტრავმირებულ” საშუალო ჰეტეროსექსუალ ამერიკელს.

ავტორი: ბექა ლაგვილავა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button