TECH & მეცნიერებაკულტურა

მორფიუსი

c8465aa061e9

ამას წინათ, ჟურნალის “მუდმივი კავშირის სამყარო” თვალიერებისას აღმოვაჩინე საინტერესო სტატია “ნოკიას” შესახებ, რომელმაც თურმე 7 წლით გაუსწრო დროს. აი რა მოგვითხრო ქალბატონმა ირა ჭელიძემ “ნოკიას” ახალი შედევრის შესახებ.
-გაიცანით, ეს მორფიუსია… არა, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ კიბერპანკი, შესაბამისად კი საკულტო “მატრიცა”, წარსულს ჩაბარდა და ამიტომაც ეს სულ სხვა მორფიუსია.

დაახლოებით ასეთი მონოლოგის წარმოთქმის სურვილმა შემიპყრო, როდესაც ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ გამოფენაზე, სახელწოდებით Design and the Elastic Mind, კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ნოკიას მიერ ერთობლივად წარდგენილი “მორფიუსი” ვიხილე.

საქმე ის არის, რომ თანამედროვე ელექტრო და მობილური ტექნოლოგიების განვითარების შემდეგი და სავსებით ლოგიკური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ნანოტექნოლოგიაა. ამიტომაც მომავალში თამამად მომზირალ ნოკიელებისგან ნანოტექნოლოგიებით შექმნილი კონცეპტუალური ტელეფონის – “მორფიუსის” წარდგენა არც იყო პირდასაღები ამბავი, თუმცა მისმა ფორმამ თუ შინაარსმა ყველაზე დიდი ფუტუროლოგ-სცენარისტ-მწერლები რეტროგრად-ჩამორჩენილ-უფანტაზიო “ლუზერებად” (ხელმოცარულებად) აქცია.

ამ კონცეპტმა, სულ ცოტა, 7 წლით გაუსწრო დროსა და მოვლენებს! “მორფიუსი” შეესაბამება მომავალზე ორიენტირებული დიზაინის მოთხოვნებს და ელასტიურ, მოქნილ, სენსორულეკრანიან მოწყობილობად წარმოგვიდგება, რომელიც ძალდაუტანებლად იცვლის ფორმას. ის, იმავდროულად, ტრანსფორმერია და მისი ტარება ან გამოყენება საკუთარი ფანტაზიის გაქანებისა სურვილების შესაბამისად შეგვიძლია: მაგალითად, როგორც სამაჯურის სახით, ან თუნდაც, როგორც კლავიატურის, საკუთარ მანათობელთან ერთად… დამატებით მახასიათებლებსა და ფუნქციებში მოხსენიებულია: პლეერი, უსადენო ინტერნეტკავშირი და ა.შ. ნანოტექნოლოგიების ზეობამ საშუალება მისცა ნოკიას, “მორფიუსი” ელასტიკური მასალებით, გამჭვირვალე ელექტრონიკითა და თვითგამწმენდი ზედაპირით აღეჭურვა.

დაგვეთანხმებით, რომ ყოველივე ეს დაუჯერებლად გამოიყურება, თუმცა ნოკია, უახლოეს მომავალში, უკვე არსებულ ტელეფონებში აღნიშნული კონცეპტის ცალკეული ელემენტების დანერგვას გეგმავს. თავდაპირველად, მოდელები იქნება, თუმცა ტექნოლოგიურად გაიაფებისა და მასობრივ წარმოებაში ჩაშვების შესაძლებლობებს კვლავ იგივე ნანოტექნოლოგიები იძლევა. ყოველ შემთხვევაში ნოკიას ასე სჯერა და აქამდე რაც სჯეროდა, ის სრულდებოდა კიდეც.

მსგავსი ამბები

Back to top button