უცნაური

დაწყევლილი ადგილები: აღმოსავლეთის კოლონია

Image.geotorrents.com

აღმოსავლეთის შრომითი-გამოსასწორებელი კოლონია 1829 წელს გაიხსნა ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. აქ ხვდებოდნენ ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე კრიმინალები. კოლონიას გოთური ციხე-სიმაგრის მსგავსი კედლები და შთამბეჭდავი სათვალთვალო კოშკები ჰქონდა. იყო პირველი საპყრობილე, სადაც პატიმრები განცალკევებით იყვნენ: მარტო ეძინათ, მარტო ჭამდნენ, სავარჯიშო ეზოებიც კი ცალ-ცალკე იყო. სწორედ ამან გამოიწვია შემდგომში პატიმართა მასიური სულიერი აშლილობები.

რეგულარული ციხის სტატუსი აღმოსავლეთის კოლონიას 1829-1970 წლებში ჰქონდა. ამ პერიოდში ამ ადგილს ესტუმრა დაახლოებით 75,000 პატიმარი, მათ შორის იყვნენ ცნობილი განგსტერი ალ კაპონე და ბანკების მძარცველი ვილი სიუტონი. 1970 წლის შემდეგ კოლონია გაუქმებული იყო. 21 წელიწადში, 1991 წელს მისი რეკონსტრუქცია დაიწყეს და მოგვიანებით გახსნეს კიდეც, როგორც ისტორიული შენობა და ტურისტების მისაზიდი ადგილი. მოჩვენებებზე მონადირეებს ღამის გათევაც შეუძლიათ ერთი პირობით: ჯგუფში მინიმუმ 20 კაცი უნდა იყოს. ამის შანსი კი გარკვეულ დღეებში ეძლევათ სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში.

პირველივე წელს (1994) შენობას 10 000-მდე მნახველი ჰყავდა. ვინც მის მონახულებას გაბედავს, ხშირად ესმის ნაბიჯების ხმა, კამერებში ბოლთის ცემა, შემაძრწუნებელი ხმაური და ზოგჯერ ღრიალიც, რომელიც ცივ შავ დერეფნებში გავლისას ისმის, ქვითინი და გამგმირავი ყვირილი. ხედავენ მოსიარულე ჩრდილებსაც. ამ ყველაფერმა ყოფილი კოლონია აქცია შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად.

კოლონიის აშენებაზე იმხელა თანხა დაიხარჯა, რომ იმ პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს და ყველაზე ძვირადღირებულ შენობას წარმოადგენდა. აგებული იყო პენტაგონის სისტემის მიხედვით, ცენტრში როტონდა იყო, საიდანაც სიტუაცია კონტროლდებოდა. შენობაში კამერების 15 დანაყოფი იყო, თითოეულში საპატიმრო ოთახებისა და დერეფნების ქსელი აბლაბუდასავით იყო ჩახლართული. მე-15 დანაყოფი განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების თავშესაფარი იყო. მიიჩნეოდა რა, რომ ადამიანს დანაშაულისკენ უბიძგებს გარემო, გამოსწორების გზად პატიმრების განცალკევება დაისახეს.

Image.geotorrents.com
კოლონიის ზედხედი გახსნის პერიოდში

Image.geotorrents.com
ჩვეულებრივი კამერა

Image.geotorrents.com
ალ კაპონეს კამერა

Image.geotorrents.com
კამერების მდგომარეობა დღესდღეობით

თითოეულ პატიმარს ძალიან იშვიათად უწევდა სხვა სულიერის ნახვა, დალაპარაკება ხომ თითქმის გამორიცხული იყო. როცა გარეთ გამოჰყავდათ, თავზე კაპიუშონს ახურავდნენ, რომ ერთმანეთი არ დაენახათ. ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, პრესა და მნახველები აკრძალული ხილი იყო, დაუშვებელი იყო სიმღერაც. ერთადერთი რამ, რაც შეიძლებოდა ყურადღების გადამტანი ყოფილიყო წესების ფარგლებში, გახლდათ ბიბლიის კითხვა. წლების განმავლობაში ასეთი სიტუაცია, ცხადია, იმოქმედებდა მათ ფსიქიკაზე და გასაკვირი არაა, რატომ იშლებოდნენ ჭკუიდან ასე მასიურად. ყველა კამერას თავზე სარკმელი ჰქონდა, რათა საკანში მყოფს ჰქონოდა შეგრძნება, რომ მას უზენაესი აკვირდება. თავდაპირველი იდეით, ციხის დანიშნულება პატიმრებში სულიერების გაღვიძება და ღმერთისკენ შემობრუნება იყო, თუმცა როგორც ძალდატანებითი ქმედებების უმეტესობამ, ამანაც უკუშედეგი გამოიღო.

წესების დამრღვევები მკაცრად ისჯებოდნენ. კანონით დამნაშავეზე ფიზიკურად ხელის აწევა არ შეიძლებოდა, თუმცა ზოგჯერ ისეთი ფორმით სჯიდნენ, ბევრს წკეპლა ან მუშტებიც კი ერჩივნა. სადამსჯელო ღონისძიებები ურჩი პატიმრების მიმართ მოიცავდა საჭმლის გარეშე ყოფნას, კედელზე მიბმას ჯაჭვებით, ზამთარში საბნის გარეშე ძილს, ბნელ და ვიწრო კამერებში ყურყუტს. ერთხელ ერთი პატიმარი ზამთარში გარეთ გაიყვანეს და ჯაჭვებით დააბეს, თან წყალს ასხამდნენ. უცნობია იმათი ზუსტი რიცხვი, ვინც ამ არაადამიანური მოპყრობის შედეგად ციხეში დაასრულა სიცოცხლე.

აღსანიშნავია, რომ ამბები მოჩვენებებზე ციხის მოქმედების პერიოდშიც ვრცელდებოდა. 1929 წელს აქ ალ კაპონე მოხვდა, რომელმაც ცოტა ხანში მტკიცება დაიწყო, რომ ჯეიმს კლარკის აჩრდილი დასდევდა. ჯეიმსი კაპონეს მეტოქის სიძე იყო და წმინდა ვალენტინის დღეს გამართულ ხოცვა-ჟლეტისას შეიწირეს. სხვა პატიმრები ადასტურებდნენ, რომ ღამე ესმოდათ ალ კაპონეს ყვირილი, სთხოვდა ჯიმს, რომ წასულიყო და მარტო დაეტოვებინა, მშვიდად ცხოვრების საშუალება მიეცა. როცა გათავისუფლდა, ჩიკაგოში დაბრუნდა და ლექსინგტონის სასტუმროში დაბინავდა, მაგრამ მოჩვენება მის მიტოვებას არ აპირებდა. რამდენჯერმე დაცვის წევრებს კარების შემტვრევა მოუწიათ, რადგან მაფიის ბოსი ისეთ ფრაზებს იძახდა, თითქოს სიკვდილის საფრთხის წინაშე იდგა. ძნელია იმის თქმა, ეს ყველაფერი ეჩვენებოდა თუ მართლა პარანორმალურ მოვლენასთან ჰქონდა საქმე. თუმცა კი ამ ამბის მოგონება არაფერში ჭირდებოდა. ბოლოს იმდენად შეწუხდა, რომ მედიუმ ელის ბრიტს მიაკითხა დახმარების სათხოვნელად. ელისმა რიტუალი ჩაატარა, რომელსაც ჯიმის შურისმაძიებელი სული უნდა მოეშორებინა კაპონესთვის. სეანსს ესწრებოდა ამ უკანასკნელის მსახური, ჰიმი კორნიში, რომელმაც სეანსის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოთახში მოჩვენება დაინახა. მისმა ლანდმა ოთახში შემოაბიჯა და ფანჯარასთან გაჩერდა, შემდეგ კი უბრალოდ გაქრა. წლების შემდეგ კაპონემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჯიმის სული ისევ თან დაყვებოდა და მოსვენებას არ აძლევდა.

40-იან წლებში პატიმრებმა და ციხის მომსახურე პერსონალის წევრებმა მასიურად დაიწყეს უჩვეულო ამბების მოყოლა, რომლის თვითმხილველებიც თავად იყვნენ. მას შემდეგ ჭირივით სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა მისტიკური ისტორიები, რომლებიც ამ ქვის შენობას უკავშირდებოდა, ეპიდემიასავით მოედო მთელ ქალაქსაც. 1951 წელს საპყრობილეში უფრო საშიში კრიმინალების გადმოყვანა დაიწყეს – სერიული მკვლელების და პედოფილი მოძალადეების. ამის მერე ასჯერ გაიზარდა პარანორმალური ხილვები. თითქმის ჩვეულებრივი ამბავი გახდა უცნაური ხმები, სიცილი და ხითხითი, რომელიც ძირითადად სიკვდილმისჯილთა დანაყოფიდან მოდიოდა. მე-6 კამერაში აჩრდილებს ხედავდნენ, რომლებიც კედელში გადიოდნენ. მე-4 კამერაში კი მკრთალი გამოსახულების ფიგურებსა და სახეებს.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორია მოჩვენებებზე გავრცელდა ზეინკალ გარი ჯონსონისგან, რომელიც კოლონიას ეწვია, რათა ერთ-ერთი საკნის კარი შეეკეთებინა. უეცრად მას ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა. გარი მკვეთრად შეტრიალდა უკან, მაგრამ ვერაფერი დაინახა. მუშაობა რომ განაგრძო, ისევ იგრძნო იგივე. ისევ მიტრიალდა და ამჯერად თვალი მოკრა მუქ ფიგურას, რომელიც ერთ-ერთი საკნიდან გამოვიდა და მეორეში “შესრიალდა”. სხვა მოჩვენება რამდენჯერმე შენიშნეს სათვალთვალო კოშკში, ის სავარაუდოდ ერთ-ერთი მცველის სული იყო, რომელიც წარსულში აქ მორიგეობდა.

ზებუნებრივი მოვლენები აჩრდილთა ხილვაზე ცოტა ხანს გრძელდება. მუქი ფიგურა, როგორც წესი, შეუმჩნეველია მანამ, სანამ ახლოდან არ დააკვირდებიან. როცა ყურადღებას მიიპყრობს, ადგილს იცვლის ან უჩინარდება. იმ დროს, როცა ზოგჯერ სხვა ადგილებში მოჩვენებები ადამიანთა დახმარებას ცდილობენ, აღმოსავლეთის კოლონიის მობინადრეებთან შეხვედრისას ყველას ეუფლება შეგრძნება, რომ მათგან უარყოფითი განწყობა მოდის, აგრესიულები და არაკეთილმოსურნეები არიან.

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com
 
 
 
******

 

მსგავსი ამბები

Back to top button