არქივი

სასიკვდილო მკურნალობა (ნაწილი 1)

efb859e4b38f

გასული საუკუნის დასაწყისში, იმის გამო, რომ მედიცინა არცთუ განვითარებული დარგი იყო – ანტიბიოტიკები და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები ჯერ კიდევ არ არსებობდა, – ექიმი ვალდებული იყო , ავადმყოფძე ნებისმიერ სიტუაციაში ეზრუნა, გვერდიდან არ მოშორებოდა და მისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა. თუმცა ბევრი იყო ისეთი ექიმიც , რომელიც მოვალეობას არ ასრულებდა. იმას მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქონების დაუფლების მიზნით, ექიმს პაციენტის მოკვლა შეეძლო…

1a7bf6d20518

  • ლინდა ჰაზარდი

100 წლის წინ, პაციენტების მკვლელი ექიმი ქალის – ლინდა ჰაზარდის საქმემ მსოფლიო საზოგადოება სულით ხორცამდე შეძრა.
1911 წელს ინგლისელი დები 37 წლის დორა და 33 წლის კლარა უილიამსონები კანადაში ჩავინენ. ბაბუამ შინაბერებს კანადასა და ავსტრალიაში მემკვიდრეობით მდიდრული სასახლეები და მამულები დაუტოვა. დები მოწყენილობითა და იპოქონდრიით იტანჯებოდნენ, გამუდმებით ჯანმრთელობას უჩიოდნენ, სამედიცინო ლიტერატურას ჩაქკირკიტებდნენ და გასაკაჟებლად სასწაულმოქმედ საშუალება ეძებდნენ. პანაცეის ძიებაში მსოფლიო შემოიარეს, მრავალ სპეციალისტსა და შარლატანს მიმართეს, მაგრამ ამაოდ – ,,დაავადებები”, რომლებიც ფაქტობრივად არც არსებობდა და მხოლოდ დების აკვიატება გახლდათ, უკან არ იხევდა. იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი მაშინ გაღვივდა, როცა ექიმ ლინდა ჰაზარდის წიგნი – ,,შიმშილი განკურნებისთვის” ჩაუვარდათ ხელში. წიგნში ნათქვამი იყო, რომ ყველა დაავადება არასწორი კვების შედეგია და ავადმყოფის განკურნების ერთადერთი გზა დაგროვილი წიდებისგან ორგანიზმის გაწმენდაა, რისთვისაც შიმშილია საჭირო. ავტორი გამოთქვამდა აზრს, რომ შიმშილით ნებისმიერი დაავადების, მათ შორის, კიბოს განკურნებაც კი შეიძლებოდა. დები აღფრთოვანებული იყვნენ – როგორც იქნა, აღმოაჩინეს იოლად გასაგები სამედიცინო თეორია, განკურნების სწრაფ და უეჭველ გზას მიაგნეს. დორამ და კლარამ გაიგეს, რომ ექიმ ჰაზარდს კანადის საზღვართან, ვაშინგტონის შტატში სანატორიუმი ჰქონდა, რომლის რეკლამამ დებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. რეკლამაში აღწერილი იყო ავადმყოფების ,,წარმატებით განკურნების” მრავალი შემთხვევა – გამოჯანმრთელებული პაციენტები ,,შიმშილის მეთოდს” ხოტბას ასხამდნენ.

კლარამ და დორამ სასწაულმოქმედ ექიმთან შეხვედრა გადაწყვიტეს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიშურეს. მალე დები ქალაქ ოლალას ახლოს მშვიდ, განმარტოებულ, შუაგულ ტყეში მდებარე სანატორიუმ ,,ველურ ბორცვებში” დაბინავდნენ, რომელიც გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. რამდენიმე დღეში პომიდვრისა და სატაცურისგან დამზადებული წვნიანი პირველად მიირთვეს და ფორთოხლის წვენი დააყოლეს. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამსანატორიუმს – ,,შიმშილის ბორცვები” შეარქვა, რადგანაც პაციენტებს შორის სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალი იყო. მათ არც იმ ექიმის ბიოგრაფიის შესახებ იცოდნენ რამე , რომელსაც წინდაუხედავად მიენდვნენ.

ლინდა ჰაზარდი 1867 წელს მინესოტაში დაიბადა, 18 წლისა გათხოვდა და 2 შვილი გააჩინა, მაგრამ ოჯახური ცხოვრება არ აინტერესებდა, იგი ექიმობაზე ოცნებობდა. მიზანს მიაღწია და სამედიცინო განათლება მიიღო. იმ დროს დიპლომიანი ექიმი ქალი იშვიათობა გახლდათ, ამიტომ პროგრესულად მოაზროვნე თანამედროვეებს მიაჩნდათ, რომ ჰაზარდმა დროს გაუსწრო. როდესაც კარიერასა და ოჯახს შორის არჩევანზე მიდგა საქმე, ლინდამ უყოყმანოდ მიატოვა ქმარ-შვილი.

1902 წელს ,,სამკურნალი შიმშილის” მეთოდი პაციენტზე პირველად გამოცადა – მამაკაცი გარდაიცვალა, მისი ძვირფასი ბეჭდები კი უკვალოდ გაქრა. პათოლოგანატომმა სიკვდილის მიზეზად შიმშილი დაასახელა. არასწორი მკურნალობის გამო ჰაზარდი, შესაძლოა, კანონით დაესაჯათ, მაგრამ მას მკურნალობის ლიცენზია არ ჰქონდა და ამან გადაარჩინა, – ავადრყოფმა შიმშილით თავი თვითონ მოიკლაო. ამის შემდეგ ექიმი ახალ ქმართან, სემუელთან ერთად სიეტლში გადასახლდა, რომელიც აშშ-ის არმიიდან სახაზინო ფულის მოპარვის გამო დაითხოვეს. წყვილმა ახალი ცხოვრების ახალ ადგილზე დაწყება გადაწყვიტა და 1908 წელს ოჯახური საქმე წამოიწყო. ავადმყოფებს სანატორიუმ ,,ველურ ბორცვებში” შიმშილით თერაპიის რევოლუციური მეთოდის წყალობით, სასწაულებრივი განკურნება ელოდათ.

1-ლი მსხვერპლი დეიზი ჰალგუნდი იყო, რომელიც სატაცურისა და პომიდვრის დიეტის დაწყებიდან 50-ე დღეს გარდაიცვალა… გარდაცვლილთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა. გვამებს ლინდა ჰაზარდი კვეთდა. მისი ვერსიით, პაციენტები არა შიმშილით, არამედ ღვიძლის ციროზით, გულის უკმარისობითა და სხვა დაავადებებით იხოცებოდნენ. ერთ-ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი შიმშილი არ ყოფილა – 1909 წელს ,,ველური ბორცვების” ტერიტორიაზე ბრიტანელი ლორდის 26 წლის ვაჟიშვილის, იუჯინ უეიკლინის გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც თავში ტყვია ჰქონდა მორტყმული.

პოლიციამ დაასკვნა, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იუჯინ უეიკლინმა სატაცურის ჭამა არ ისურვა… 1911 წელს უცნაური შემთხვევა მოხდა – ინგლისელი აივან ფლიუკსი ამერიკაში რანჩოს საყიდლად ჩავიდა, თან ჯანმრთელობის გაკაჟება გადაწყვიტა. პაციენტი სამკურნალო შიმშილის დაწყებიდან 53-ე დღეს გარდაიცვალა, მის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 70 დოლარი აღმოჩნდა, ზუძრავი ქონების საყიდლად გამიზნული ფული კი უკვალოდ გაქრა…

დები უილიამსონები განმარტოებით ფლიგელში განათავსეს და მომვლელად მედდა მიუჩინეს. როდადრო მათ მისის ჰაზარდიც აკითხავდა და შთააგონებდა, – სისუსტე, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა და შიმშილის გამო გულის წასვლა წარმატებული მკურნალობის და სწრაფი გამჯანმრთელების სიმპტომებიაო. თავდაპირველად დები ექიმს ენდობოდნენ, როდესაც ეჭვი გაუჩნდათ, უკვე გვიან იყო – ბოსტნეულის ნახარშის დიეტისგან ისე დასუსტდნენ, საწოლიდან ვეღარ დგებოდნენ, ,,ველური ბორცვების” დატოვებას ვეღარ შეძლებდნენ და მთლიანად სანატორიუმის მფლობელებზე იყვნენ დამოკიდებულნი. ლინდა ჰაზარდი დროს უქმად არ კარგავდა – დები დაარწმუნა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ფასიანი ქაღალდები, ძვირფასეულობა და საქმიანი დოკუმენტაცია, მათ შორის, უძრავი ქონების საბუთები შესანახავად მისთვის გადაეცათ; დორას კი, რომლის მდგომარეობა სწრაფად მძიმდებოდა, ანდერძის დაწერა აიძულა, რომლის თანახმად, ექიმს სიცოცხლის ბოლომდე მცირე პენსია უნდა მიეღო. დები გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ განსაცდელში ჩაცვივდნენ და სანატორიუმიდან თავს ვეღარ დააღწევდნენ. კლარამ საიდუმლოდ დეპეშის გაგზავნა მოახერხა. მომაკვდავმა მილიონერმა დახმარებისთვის მათ ერთადერთ გულშემატკივარს, გამზრდელ ძიძას მიმართა. მარგარეტ კონვეი ავსტრალიაში ცხოვრობდა , მაგრამ დეპეშის მიღებისთანავე დების დასახმარელად გაემგზავრა. წყნარი ოკეანის გადალახვას 2 თვე მოანდომა და ოლალაში ჩასულს კლარა უკვე გარდაცვლილი დახვდა, დორა კი ჩონჩხს ჰგავდა. ექიმმა განაცხადა, პაციენტს გონება ჰქონდა გათიშულიო, და ყალბი ანდერძი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ავადმყოფის გამოჯანმრთელებამდე დების ქონების განკარგვა მას ევალებოდა. მარგარეტ კონვეიმ დორას წაყვანა მოინდომა, მაგრამ ექიმმა ამაში 2000 დოლარი მოითხოვა. ძიძას ამდენი ფული არ ჰქონდა და დახმარებისთვის უილიამსონების ნათესავებს მიმართა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის კონსულს დაუკავშირდნენ. იმ დღიდან საქმე საერთაშორისო დონეზე გახმაურდა და ლინდა ჰაზარდის ,,დაცემა”

გარდაუვალი გახდა, მაგრამ სასამართლომდე მან კიდევ 2 პაციენტის დაღუპვა მოასწრო… სასამართლოზე ბრალდების მთავარ მოწმედ დორა უილიამსონი გამოდიოდა. პრესამ პროცესი დაწვრილებით გააშუქა და ეს ამბავი ოკეანის ორივე ნაპირზე სენსაციად იქცა. სასამართლოს დარბაზი გადაჭედილი იყო. ჟურნალისტები პუბლიკას მოუწოდებდნენ, ლინდა ჰაზარდისთვის თვალებში არ შეეხედათ, რადგან იგი მისტიკურ ძალას ფლობდა და ხალხის პარალიზება შეეძლო. ბრალდებული, როგორც ყოველთვის შეუვალი და ოპტიმისტურად განწყობილი იყო და აცხადებდა: ვერ ჩამომახრჩობენ, ძალიან ძლიერი კისერი მაქვსო და მართალიც აღმოჩნდა… ლინდა ჰაზარდი, მიუხედავად იმისა, რომ ოც პაციენტზე მეტი იმსხვერპლა, მხოლოდ კლარა უილიამსონის მკვლელობისთვის გაასამართლეს. სასამართლომ მკვლელ ექიმს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველას გასაოცრად, 1915 წელს ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ქვეყნის დატოვების პირობით, ჰაზარდი შეიწყალა. ლინდა ჰმართან ერთად ახალ ზელანდიაში დასახლდა, სადაც თავი დიეტოლოგად გამოაცხადა და კვლავ ავადმყოფების მკურნალობა დაიწყო. ის, რაც შემდგომ მოხდა, საშინელებათა ფილმების სცენარს უფრო წააგავს, სადაც დამარცხებული ბოროტება მოულოდნელად მკვდრეთით აღდგება.

To Be Continued…

წყარო: ჟურნალი გზა

მსგავსი ამბები

Back to top button