საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქართული სისხლი სხვათა სამსახურში (4) მამლუქები

ვაგრძელებ ჩვენს თემას. ახლა უკვე დროა გადავინაცვლოთ ეგვიპტესა და ერაყში. ის თემა რასაკვირველია ბოლომდე არ ამომიწურავს და ამას ვერც შევძლებ, თუმცა ზოგადი წარმოდგენა მემგონი შევქმენი.

ისტორიის მანძილზე საქართველოდან უამრავი ადამიანი მოუტაცია დამპყრობელს, ქალები ავსებდნენ მდიდარი და გავლენიანი ხანების, სულთნების თუ ფაშების სასახლეებს, ჰარამხანებს. საქართველოში ქრისტიანად დაბადებული ვაჟები კი ალაჰის მეომრებად იქცეოდნენ ხოლმე და ვინ იცის რამდენ ქართველს დაულაშქრავს საკუთარი სამშობლო.

მძიმე მოსასმენია, მაგრამ ქართველებს არა მხოლოდ დამპყრობელი იტაცებდა, არამედ ხშირ შემთხვევაში თვითონ ქართველი ქართველს მიუხდებოდა და ტყვედ ყიდდა.

თუმცა ქართველების დატაცება-გაყიდვა არ დაწყებულა არც ოსმალეთით, არც ეგვიპტით. ეს ხდებოდა უძველესი დროიდან. საკმარისია გავიხსენოთ ქსენოფონტეს “ანაბასისში” მოთხრობილი ამბავი, როდესაც ჩვ.წ. აღრიცხვამდე 401 წელს ბერძნები მაკრონების (მეგრელების) ტომის საზღვარს მიადგნენ; მაკრონების ლაპარაკის დროს ერთ-ერთი ბერძენი ჯარისკაცი მიხვდა, რომ თვითონაც მაკრონი იყო. დღესაც როგორ ჟღერს მისი სიტყვები: “მე ვფიქრობ ეს ჩემი სამშობლოა”.

განსაკუთრებით მძიმე პერიოდი მაინც ოსმალეთს და ირანს უკავშირდება, სადაც ათასობით და ათიათასობით გაჰყავდათ ქართველი ტყვეები. ეს მძიმე მოვლენა აშკარა განადგურებას უქადდა მოსახლეობას. ყოველწლობით ათასობით რჩეული ქართველი ქალი თუ კაცი ტყვის მყიდველებს უცხოეთში, უმთავრესად სწორედ ოსმალეთსა და ირანში მიჰყავდათ. უცხოეთში ტყვედ წაყვანილ, გაყიდულ თუ თავისი ნებით გადახვეწილ აურაცხელ ქართველთაგან მხოლოდ ზოგიერთს თუ ხვდებოდა წილად სამშობლოში დაბრუნების ბედნიერება.

თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, დღევანდელი მონა ხვალ შეიძლება სხვისი ბატონი და ქვეყნის პატრონიც გამხდარიყო, რადგან მისი წოდებრივ-უფლებრივი თუ თანამდებობრივი მდგომარეობა ბევრად იყო დამოკიდებული მისსავე პირად ღირსებებზე: ჭკუა-გონებაზე, ერთგულ სამსახურზე, თავდადებაზე. ამიტომ ოსმალეთში და ირანში მოხვედრილი ქართველების მეტი წილი ამ ღირსებების წყალობით სწრაფად აღწევდა თავს მონურ მდგომარეობას, წინაურდებოდა და ბევრი მათგანი მსხვილი ფეოდალი, ბეგი, ბეგლარბეგი, ფაშა ხდებოდა.

დიდი საქმე გააკეთა ერეკლე მეორემ, რომელმაც თავის დროზე კავშირი გააბა ხონთქრის ქართულ გარემოცვასთან, ხელიც შეუწყო სტამბოლელი ქართველი დიდკაცების ურთიერთობას სამშობლოსთან. აღსანიშნავია, რომ მაღალ თანამდებობებზე მყოფი ქართველები ოსმალეთიდან საიდომლო ცნობებს უგზავნიდნენ ერეკლეს და ამით მტრის ბევრი მზაკვრული გეგმა ჩაშალეს.

ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ქართული წარმოშობის მამლუქები საქართველოდან მოტაცებულ ტყვე ბავშვებს ყიდულობდნენ და სამშობლოში აბრუნებდნენ.

ერთი ასეთი ისტორიაც არის შემონახული, ერთ-ერთმა მამლუქმა ერეკლეს წერილი მოსწერა, სადაც ეუბნება, რომ მისი დედა მოხუცდა და ეკლესია შორს აქვს, სიარული უჭირს და სთხოვდა ერეკლეს რომ ახლოს აეშენებინა ტაძარი, და თანაც ამისათვის ამ ქართველმა მამლუქმა ოქროც კი გამოგზავნა. ერეკლემ ეს თხოვნა შეუსრულა რასაკვირველია.

თავიანთი ნიჭის, ერთგული სამსახურისა და მხედრული შემართების მეოხებით ქართველი მამლუქები სწრაფად დაწინაურდნენ, სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ და ზოგიერთმა ერაყის გამგებლის თანამდებობამდეც მიაღწია. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან 1831 წლამდე ერაყს მართავდნენ ქართველი მამლუქები (სულეიმან აბუ ლაილი, სულეიმან ბუიუკი, სულეიმან ქიუჩუკი, დაუდ ფაშა).


გოიას ნახატი

ეგვიპტეშიც თითქმის მთელი XVIII საუკუნე (1711-1798) არსებობდა მამლუქების ნახევრად დამოუკიდებელი საამირო, რომლის ქართველი მმართველები (ალი ბეგი ალ-ქაბირი (1753-1773), იბრაჰიმ ბეგი და მურად ბეგი (1775-1798) სინამდვილეში ცნობდნენ მხოლოდ სულთნის, როგორც მუსლიმური სამყაროს მეთაურის რელიგიურ ავტორიტეტს, მაგრამ საგარეო ურთიერთობათა სფეროში თვითონ ამყარებდნენ კავშირებს უცხოეთის სახელმწიფოებთან, ღებულობდნენ მათ დესპანებს და სდებდნენ მათთან სავაჭრო ხელშეკრულებებს.

აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის დამლევს ეგვიპტის 18 ბეგიდან 12 გამაჰმადიანებული ქართველი იყო. ერთ-ერთი მათგანი, იბრაჰიმ ბეგი გვარად სინჯიკაშვილი კახეთის სოფელ ვაქირში დაიბადა.

ქართველი მამლუქების გარდა იყვნენ ასევე სხვა კავკასიელებიც, თუმცა ქართველები მაინც უმრავლესობას წარმოადგენდნენ. როგორც ვხედავთ, ქართველების როლი ძალიან დიდია ამ პერიოდის მთელი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში.

კონკრეტულ პიროვნებებს შემდეგ თავში განვიხილავთ.

ინგლისური ვინც იცით და მეტი გაინტერესებთ: http://www.napoleon-series.org/military/organization/c_mameluks1.html

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close