არქივი

მასკარადი, მასკარადი, მასკარადი…

aa1cb8f7d29d

რეალობაა, რომ საქართველოს მკვეთრად პატრიარქალური კულტურისა თუ სხვა მიზეზების გამო სტატისტიკით ყველა მესამე ქალი ოჯახური ძალადობის (ცემის, გინების) მსხვერპლია. ამის საპირისპირო, რეალობის შეტრიალებული მასკარადია სუფრა, რომელზეც ჩაგრული ქალების (“მანდილოსნების”) სადღეგრძელოს გაბღენძილი სახეებით სვამენ მჩაგვრელი მამრები.

რეალობაა, რომ სასულიერო პირები მოგვიწოდებენ მადლობა ვუძღვნათ უფალს აგვისტოში ჩამოყრილი რუსული ბომბებისა და ოკეანეში ჩარეცხილი ათიათასობით იაპონელის გვამის გამო. ხოლო მასკარადია ის სიყვარული, რომელსაც ხალხი გასცემს ამ სიტყვების ავტორი კაცთმოძულე მამაოების მიმართ.. რეალობაა, რომ გონებრივ რეპრესიებს, სიძულვილს, აგრესიასა და ძალადობას, ქალიშვილობასა და ჰეტეროსექსუალობას ტრადიცია დაარქვეს. ხოლო მასკარადია, როდესაც ამ ტრადიციების სიყვარულს გაიძულებენ.

რეალობაა, რომ ბავშვებს “მგელი და კრავის” იგავზე ზრდიან და ასწავლიან დიდ კაცთან ჩუმად იყავიო. მასკარადი კი ის “სიმამაცეა”, რომლითაც ამ ბავშვის მშობლები ნებისმიერ სუფრაზე ამაყობენ.

რეალობაა, რომ დასავლური კულტურის მიღწევებთან შედარებით ჩვენი თანამედროვე კულტურა პაწაწინა ნამცეცია. მასკარადი კი იმის მტკიცებაა, რომ ჩვენისთანა დიდებული კულტურა არავის შეუქმნია. (ამაზე ერთი ქართველი პოლიტიკოსის ფრაზა გამახსენდა, რომელიც მიმტკიცებდა, ევროპელები ხეზე ისხდნენ, ჩვენ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვაარსებდითო)
მასკარადია ჩვენებური სამეზობლო კულტურაც (ეს განსაკუთრებით იგრძნობა იტალიურ ეზოებში), როდესაც ყველა ერთმანეთს ჭორავს და იმავდროულად ყველა ერთმანეთს უცინის.

რეალობაა, რომ ყველა მეორე გოგო ამოკერილი აპკით დადის ან ქალიშვილობის შენარჩუნების ხარჯზე ანალური და ორალური სექსით კავდებიან. ხოლო მასკარადია ის “კდემამოსილება”, რომელსაც ისინი ქადაგებენ თავიანთ “ტრადიციულ” მეუღლეებთან ერთად. საერთოდაც, მასკარადია ის “მორალი” და “ზნეობა”, რომელიც წესით მკვეთრად ინდივიდუალური კატეგორიებია, მაგრამ ყველა თავზე გახვევს.

მე რომ არ გავაგრძელო ჩამოთვლა, გაიხედეთ გარშემო, დააკვირდით და ცხადად აღმოაჩენთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი კოლექტიურ მეჯლისშია ჩართული. იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები რეალობის უკუღმა წარმოჩინებით, პარალელური ანტი-რეალიების შექმნით ცდილობენ ფონს გასვლას, თვითდაჯერებასა და ბედნიერების მიღწევას. ეს რეალობა კი ოხერი რამაა, თან კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია მისგან თავის დაღწევის იმაზე უფრო რთული მექანიზმები, ვიდრე ფოჩებიანი ნიღაბი, ვიდეო-მონტაჟი ან ფოტოშოპია. უკეთეს შემთხვევაში – ძილი და სიზმარი, ესეც ბუნებამ გვიბოძა. ამიტომაც უკვე ღრმად მწამს, რომ სანამ საქართველოში მთავარი პრობლემა – მასკარადულობა პოპულარულია, მანამდე ქვეყნის წინსვლის ყველა მცდელობა წყლის ნაყვაა, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე უფრო ევროპულ მესტიაზე. ძალიან მარტივია: იქამდე არ შეკეთდება გაფუჭებული ონკანი, სანამ არ ვაღიარებთ, რომ ონკანი გაფუჭებულია და მისი შეკეთების გზებზე არ დავიწყებთ ფიქრს. რეალობის აღქმის, გაანალიზებისა და სამოქმედო გეგმის დასახვის გარეშე კი, ფოტოშოპითა და სატელევიზიო მონტაჟით აბა ვის აუშენებია ქვეყანა? არავის. ჰოდა, არც ჩვენებური მასკარადი იქნება გამონაკლისი, როგორი ევროპულიც არ უნდა ვუძახოთ თუნდაც ევროპას.

სხვა შემთხვევაში კი ხელში სხვა არაფერი შეგვრჩება ერთი კოლექტიური მასკარადის გარდა და პრინციპში, ჯერჯერობით ასეც ვართ.

წყარო: გიორგი კიკონიშვილის ნაწყვეტი პოსტიდან “მასკარადი, მასკარადი, მასკარადი”
სრული სტატიის წასაკითხად დააკლიკეთ ბმულს: http://liberali.ge/node/7401

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button