არქივი

ბავშვობაში ყოველთვის დიდობა ეჩქარებათ . . .

ყველა ბავშვის ოცნებაა დიდი იყოს… თუმცა ამაზე ყველას განსხვავებული აზრი აქვს, ყველას სხვადასხვა მიზნით უნდა დიდობა… მეც გადავწყვიტე ერთი პატარა ნაწარმოები დამეწერა ბავშვობაზე… დარწმუნებული ვარ ყველა საკუთარ თავს დაინახავს ამ მოთხრობაში და მეტიც, გაახსენებს საკუთარ ბავშვობას… იმედია ტკბილი იქნება თქვენი ბავშვური მოგონება…

 

ღამით როცა ბავშვურ ოცნებებზე ფიქრი თავს არ მანებებდა, გარეთ გავდიოდი, მთელი ღამე, სანამ ძილი თავად არ დამახუჭინებდა თვალებს. მთვარეს და მის პატარა მეგობრებს შევსცქეროდი, ვიჯექი და ვნებივრობდი ბავშვურად, ბავშვურ ოცნებებში ჩაფლული. ერთხელ ვარსკვლავი მოსწყდა ცას, მეც არ დავაყოვნე და დიდობა ვინატრე სურვილად…

ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი დიდობაზე. რატომ? არ მახსოვს… მაგრამ ის კი დამამახსოვრდა რომ მინდოდა დიდი რომ გავიზრდებოდი მსოფლიოს ყველა კიბეს ერთმანეთზე გადამბული იქ, მაღლა, ცას მივსწვდებოდი… ბევრჯერ შემუწუხებია ბებია შეკითხვით _ ასწვდებოდა თუ არა ერთმანეთზე გადაბმული კიბეები ცას… ბებია ყოვლისმცოდნესავით მიპასუხებდა: ასი წლის შემდეგ შვილო… მე ამას ვერ ვაცნობიერებდი ვფიქრობდი… ას წელს რა მოიცდის მეთქი… ეს კი უფრო და უფრო მიმძაფრებდა სურვილს…

ცოტაც რომ წამოვიზარდე, დიდობაში თავისუფლებას ვხედავდი, დამოუკიდებლობას… მასში არასოდეს დამინახავს სირთულე. ყოველთვის ლაღი წარმომედგინა…

რამოდენიმე წლის წინ, როცა საბავშვო მანქანაზე საკატაოდ მისული უკან უარით გამომისტუმრეს, მაშინ მივხვდი რომ ბავშვი აღარ ვიყავი…

ჰოდა, დღესაც ამ მოხუც ბავშვობაში, როცა მე მთვარე და ვარსკვლავები პირისპირ მარტო დავრჩებით ხოლმე, ყოველთვის ველოდები სანუკვარი, მეორე ვარსკვლავის ჩამოვარდნას ოღონდ ეხლა სხვა სურვილით. მინდა ისევ დამიბრუნდეს ჩემი ბავშვური წლები, ბავშვური სილაღე, ბავშვური ბავშვობა…

ავტორი: ირაკლი ქომეთიანი

მსგავსი ამბები

Back to top button