უცნაური

კარგი მანერების გაკვეთილები, ანუ როგორ მოვიქცეთ სუფრასთან

546995be0627

რა არის ეტიკეტი? მისი მთავარი დანიშნულება ადამიანისთვის ცხოვრების გართულება კი არა, კომფორტულობისა და სიამოვნების მინიჭებაა. თუმცა ეს უფრო ინდივიდუალურია, ვიღაცისთვის ის ტანჯვაა – სხვისთვის საკუთარი სტატუსის ხაზგასმის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი.
თუ კითხვას გააგრძელებ, სუფრასთან ქცევის კლასიკურ რჩევებს აღმოაჩენ.

საერთოდ, ეტიკეტი ადამიანის ცხოვრებისა და ქცევის ყველა სფეროს ეხება, მაგრამ ჩვეულებრივ, ყველაზე დიდ სირთულეს სუფრასთან ქცევის ნორმები წარმოადგენს. სუფრასთან ქცევის წესის დარღვევამ ზოგჯერ სავალალო შედეგიც შეიძლება გამოიღოს.

თვით სიტყვა ეტიკეტი არცთუ ისე დიდი ხნისაა. „კარგი ქცევის წესებთან“ ერთად, იგი ყოფაში 17 საუკუნეში, საფრანგეთის სამეფო კარზე დამკვიდრდა. მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტის მიერ გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე სტუმრებს საეტიკეტო ბარათები დაურიგეს, რომლებზეც სუფრასთან ქცევის ზოგიერთი სავალდებულო წესი იყო ჩამოთვლილი.

ცნობილი გამოთქმა – „მაგიდას იდაყვებით ნუ დაეყრდნობით“ – თურმე უნივერსალური არ ყოფილა. მაგალითად, თუ რესტორანში იმყოფებით და იქ ხმაური და ხმამაღალი მუსიკაა, მაშინ სუფრაზე მჯდომებთან დასალაპარაკებლად, წინ გადაწევა და მაგიდაზე დაყრდნობა მოგიწევთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასე მოქცევა მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ ხელში დანა-ჩანგალი გიჭირავთ.

მაგალითად, ფილმ „ტიტანიკის“ გადაღების დროს, მსახიობები სპეციალურად სწავლობდნენ სუფრასთან ქცევის გასული საუკუნის დროინდელ წესებს. მაშინ სუფრასთან მსხდომნი ხელსახოცს საყელოში იმაგრებდნენ, ახლა ეს მიღებული აღარ არის – ხელსახოცი მუხლებზე უნდა დაიფინოთ, თანაც ეს მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოთ, როცა სუფრაზე ყველა შეკვეთილ კერძს მოიტანენ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ხელსახოცით ტუჩებისა და ხელების გაწმენდა მიღებული არ არის, შეიძლება მხოლოდ ოდნავ მიიდოთ ხელსახოცი ტუჩებთან, ვთქვათ, ღვინის დალევის წინ. თუ წვეულების დროს სუფრიდან ადგომა მოგიწიათ, ხელსახოცი თეფშის მარცხენა მხარეს ან თუ თეფშები ალაგებულია, ცენტრში უნდა დადოთ.

6382c2924118

ოფიციალურ წვეულებაზე დანა-ჩანგლისა და ჭიქების სიუხვემ არ დაგაბნიოთ. ასეთ შემთხვევაში, კერძების შემოტანასთან ერთად, დანა-ჩანგალს მიმდევრობით იღებენ (პირველად იმას, რომელიც თეფშისგან ყველაზე შორსაა). იგივე წესი მოქმედებს ჭიქებზეც – პირველად მარჯვენა კიდეში დადგმული ჭიქა უნდა გამოიყენოთ, დანარჩენები კი – დანიშნულების მიხედვით: ყველაზე პატარა ჭიქები მაგარი სასმელისთვისაა განკუთვნილი, სადესერტო და ტკბილ ლიქიორებს ფაილისმაგვარ ჭიქებში ასხავენ. წითელი ღვინისათვის განკუთვნილი ფუჟერი მოზრდილი ფორმისაა, ხოლო თეთრი ღვინო, უფრო მაღალ, ფეხიან ბოკალში უნდა ჩაასხათ. ყველაზე დიდი და მაღალი ფუჟერები შამპანურისთვისაა გათვალისწინებული

b83b839db25b
სურათზე მითითებულია ჭურჭლის დეტალური აღწერა. მათთვის, ვინც ინგლისურთან არცთუ ისე კარგადაა, პატარა ლექსიკონი:

  • Butter knife – კარაქის დანა
  • Dinner knife – სადილის დანა
  • Dinner spoon –სადილის კოვზი
  • Soup spoon – კოვზი წვნიანისთვის
  • Dessert spoon –დესერტის კოვზი
  • Dinner fork – სადილის ჩანგალი
  • Salad fork – სალათის ჩანგალი
  • Dessert fork – დესერტის ჩანგალი
  • Water glass – წყლის ჭიქა
  • Champagne glass – შამპანურის ჭიქა
  • Red wine glass – წითელი ღვინის ჭიქა
  • White wine glass – თეთრი ღვინის ჭიქა

საერთოდ, ჭიქა სასმლით დაახლოებით სამ მეოთხედზე ივსება და დასხმისას ბოთლის ყელი ჭიქას არ უნდა ეხებოდეს. თუ დალევა არ გსურთ, ჭიქას ხელს ნუ დააფარებთ – ეს უზრდელობად ითვლება; ამ შემთხვევაში არც ჭიქის პირქვე გადაბრუნებაა მიღებული.

f59bb6f22997

წვეულების მასპინძელმა პირველად სასმელი საკუთარ ჭიქაში უნდა დაისხას და პირველი სადღეგრძელოც თავადვე უნდა შესვას.
ეტიკეტის კლასიკური წესების თანახმად, ოფიციანტმა მენიუ ჯერ ქალს უნდა მიაწოდოს, შემდეგ კი მის თანხმლებს. თუმცა ამჟამად ამ წესს მკაცრად აღარ იცავენ.

სუფრასთან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მარცხენა და მარჯვენა მხარეებს. მაგალითად, ოფიციანტმა კერძი მარცხენა მხრიდან უნდა მოგართვათ, სასმელი კი მარჯვენა მხრიდან ისხმება.

ყველაზე დიდი გაუგებრობა კი დანა-ჩანგლის ხმარებისას წარმოიშობა ხოლმე. საყოველთაოდ გავრცელებული ევროპული წესის (დანა – მარჯვენა ხელში, ჩანგალი – მარცხენაში) გარდა, არსებობს ე.წ. „ზიგზაგისებური“ წესი. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ ამერიკელი ვარსკვლავები „ოსკარის“ ან „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამართული ბანკეტის დროს: თავდაპირველად, მარჯვენა ხელით დანით კერძს ერთ ნაჭერს აჭრიან, შემდეგ დანის ნაცვლად მარჯვენაში ჩანგალს იკავებენ და მისი მეშვეობით შეექცევიან. იმ შემთხვევაში, თუ კერძის ჭამა დანის გარეშე შეიძლება, ჩანგალი ყოველთვის მარჯვენა ხელში უჭირავთ.

eaf5bb48d0ef

ბოსტნეულს და ფრინველის ხორცს ხელით მიირთმევენ. ვაშლი, მსხალი და ატამი ჯერ ხილისთვის განკუთვნილი პატარა დანით უნდა გათალოთ, დაჭრათ და ჩანგლით მიირთვათ. ხელით მხოლოდ მანდარინის გაფცქვნაა მიღებული.

ჭამის დამთავრების შემდეგ, როგორც წესი, დანა-ჩანგალს თეფშზე დიაგონალურად აწყობენ, ეს იმის ნიშანია, რომ თეფშების ალაგების დრო დადგა.

edf3f01d9945
სურათზე მარცხნივ: „პოზიცია – მე დროებით ვისვენებ“, მარჯვნივ: „პოზიცია – მე დავასრულე“

საინტერესოა, რას ითვალისწინებს ეტიკეტი იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კბილებშუა თევზის ფხა გაეჩხირა ან ლუკმა გადასცდა? ასეთ დროს მთავარია, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიიქციოთ, მაგრამ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, ქცევის მკაცრი წესების უგულებელყოფაც შეიძლება, რათა თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ :)

რა უნდა გააკეთო სუფრაზე ჯდომის დროს (რეკომენდაციები)
+ დაჯექი მას შემდეგ, რაც მასპინძლები დასხდებიან
+ გაშალე ხელსახოცი და კალთაზე დაიდე
+ დარწმუნდი, რომ შენი ტელეფონი გათიშულია ან გადაყვანილია უხმო რეჟიმზე (არ ითვლება კარგ ტონად, სატელეფონო ზარზე სუფრაზე პასუხი )
+ ღვინის შემოთავაზების შემთხვევაში, თუ არ გსურს დალევა ხელით ანიშნე დამსხმელს
+ დაელოდე სანამ ყველა დაჯდება მაგიდასთან და შემდეგ შეუდექი ჭამას
+ ეცადე პატარა პორციებით ჭამო ისე, რომ ღეჭვის დროს პირი მოკუმული გქონდეს
+ ჭამე ნელა და მშვიდად. ეს არის სადილი (საუზმე,ვახშამი) და არა შეჯიბრი ჭამაში.

არ არის რეკომენდირებული
– მაგიდასთან წელში მოხრილი ჯდომა
– ხმამაღლა საუბარი
– ხმამაღლა წამოიძახო თუ მომსახურებით უკმაყოფილო ხარ
– უხეშად მიმართო მას ვინც გემსახურება
– ჭამა დაიწყო მაშინვე, როცა საჭმელს მოიტანენ
– ისე სწრაფად ჭამო, თითქოს დიდი ხნის მშიერი ხარ
– ჭამის დროს ხმაურიანი ღეჭვა
– ბოყინი და ცხვირის გამოსუფთავება
– ხმამაღლა გამოცხადება: „მე სააბაზანოში/საჭირო ოთახში მივდივარ“
– მაგიდასთან მოწევა

აქვე, ვიდეოში მისტერ ბინისეული სუფრის “ეტიკეტი”

ზედმეტად ბანალური და ელემენტარული რჩევები გაატარეთ, სტატის სრულყოფისთვის იყო საჭირო :)
არავის ეგონოს ამ სტატიით ვინმეს ჭკუას ვასწავლი, ბევრ რამეს მეც თქვენთან ერთად ვსწავლობ.

მსგავსი ამბები

Back to top button