საკითხავისასარგებლო

Top 10 მსოფლიოს ყველაზე ტრაგიკული უბედური შემთხვევები


პირველ რიგში გულთბილი სალამი მონატრებულ უცნაურელებს. : ) როგორც იქნა მოვახერხე პოსტის დაწერა და გადავწყვიტე, რომ ამჯერად, ცოტახნით თავი დამენებებია მოჩვენებებისთვის, სულებისთვის, მოფარფატე უსხეულო არსებებისათვის და ამიტომ, დღეს მსოფლიოში მომხდარ ყველაზე ტრაგიკულ უბედურ შემთხვევებზე გიამბობთ. აქვე აღვნიშნავ, რომ სიაში არ არის შესული განზრახ დაგეგმილი ან ბუნებრივი სტიქიების შედეგად მომხდარი ინციდენტები. მხოლოდ უბედურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე.

10. მატარებლის კატასტროფა ბიჰარში.
ბიჰარი, ინდოეთი, 1981.
გარდაიცვალა 268 ადამიანი. დაიკარგა – 300.

1981 წლის 6 ივნისი დაუვიწყარი დღეა ბიჰარისა და მთელი ინდოეთის მოსახლეობისათვის. სწორედ ამ დღეს სამგზავრო მატარებელი 600-ზე მეტი მგზავრით საჰარსადან მანსისაკენ მიემართებოდა და მდინარე ბაგმატზე ხიდის გადაკვეთის დროს საშინელი კატასტროფა განიცადა. ეს ინდოეთის ყველაზე ტრაგიკულ სარკინიგზო შემთხვევად ითვლება. კატასტროფის რეალური მიზეზი გაურკვეველი დარჩა, თუმცა სავარაუდოა, რომ უნდა გამოეწვია შემდეგი სამი მიზეზიდან რომელიმეს: 1. ციკლონი. 2. დატბორვა. და მე-3, რაოდენ სასაცილოდ და გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს ეს არის მუხრუჭების მწყობრიდან გამოსვლა წყლის კამეჩების მოგერიების დროს. 5 დღის განმავლობაში მხოლოდ 300-მდე გვამის პოვნა შეძლეს, დანარჩენები კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

9. ავია კატასტროგა ტენერიფზე.
კანარის კუნძულები, ესპანეთი, 1977.
დაიღუპა 583 ადამიანი.

ზოგადად თვითმფრინავი მგზავრობისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად ითვლება. თუმცა მიუხედავად ამისა, გასულ საუკუნეში ავია კატასტროფების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 15 000 -ს გადააჭარბა.

კატასტროფა, რომელიც ტენერიფზე მოხდა შემაძრწუნებელია. 1977 წლის 27 მარტს ორი თვითმფრინავი ბოინგ 747 და KLM 4205 ერთმანეთს ასაფრენ ბილიკზე შეეჯახა. შეჯახების მომენტს მასიური აფეთქება მოჰყვა. კატასტროფას 583 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქების, ტირილის, კივილის ხმა კი დიდხანს ისმოდა კუნძულზე.

8. “CA-35 ინდიანაპოლისის” ჩაძირვა.
ფილიპინები, 1945.
დაიღუპა – 579+

მე-II მსოფლიო ომის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე აშშ-ს საზღვაო, მძიმე კრეისერი გუამიდან ფილიპინებისკენ მიემართებოდა. ბორტზე დაახლოებით 1196 მგზავრი იმყოფებოდა. კრეისერი იაპონელების წყალქვეშა გემს დაეჯახა და 12 წუთში ჩაიძირა. 300-მდე ადამიანი იქვე დაიღუპა, 800-ზე მეტი გადარჩენილი კი იძულებული გახდა გზა სათადარიგო ნავებით გაეგრძელებინათ. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეეძლოთ დახმარება ეთხოვნათ, ეს მაინც დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან ეს ასევე მკაფიო მესიჯი იქნებოდა იაპონელებისთვის და საშუალებას მისცემდნენ მათ მახეში შეეტყუებინათ ისინი. სწორედ ამიტომ მგზავრები 4 დღის განმავლობაში მიცურავდნენ ყოველგვარი სასმელი წყლისა და საკვების გარეშე. დიდი იყო ცდუნება ზღვის წყლის დალევისა, რაც მათ გაუწყლოებას შეუწყობდა ხელს. ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო და დაიღუპა. ყველა სიკეთესთან ერთად ისინი მუდმივად ელოდნენ ზვიგენებისგან თავდასხმას. 4 დღის განმავლობაში ზვიგენების მრავალფეროვნება არ მოსცილებიათ. საბოლოოდ, გემის ჩაძირვას გადარჩენილი 896 ადამიანიდან მხოლოდ 317 გავიდა სამშვიდობოს.

1945 წლის 30 ივნისს ეს ტრაგედია კი დღემდე შავ ლაქად მიჰყვება აშშ-ს საზღვაო ისტორიას.

7. ბრძოლა რამრეზე.
რამრე, მიანმარის რესპუბლიკა. 1945 წ.
მსხვერპლი – სადაოა.

1945 წლის 9 თებერვალს, კუნძულ რამრეზე იაპონიის არმიის 900 ჯარისკაცი ბრძანების თანახმად ჭაობების გავლით იხევდა უკან. ბრუს რაიტის ნაამბობზე დაყრდნობით, რომელიც ამ ჯარისკაცთაგან ერთ-ერთი იყო, 900-დან მხოლოდ 20 გადარჩა და ისინიც ტყვედ ჩავარდნენ. რა ბედი ეწიათ დანარჩენ სამხედროებს? არსებობს ვარაუდი, რომ ისინი ნიანგების მსხვერპლი გახდნენ, რას საკმაოდ დამაჯერებელია, რადგან ადგილები, სადაც მათ უწევდათ სიარული ნიანგების სიმრავლით არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიის ჭეშმარიტებაში ბევრს ეჭვი ეპარება, გინესის რეკორდების წიგნში ეს შემთხვევა შემდეგი სათაურით არსებობს: “დიდი უბედურება, რომელიც ცხოველების გამო მოხდა”

6. ტრაგედია მოსკოვში.
მოსკოვი, რუსეთი, 1896.
მსხვერპლი – 1389 ადამიანი.

1896 წლის 30 მაისს მოსკოვი მასობრივმა პანიკამ მოიცვა. ამ დღეებში რუსეთის მოსახლეობა თავიანთი ბოლო იმპერატორის ნიკოლოზ II გამეფებას ზეიმობდა. ნიკოლოზ II 1896 წლის 26 მაისს გამეფდა, ხოლო 4 დღის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობისთვის ერთგვარი საჩუქრები დაერიგებინა. ამისათვის მოედანზე საგანგებოდ გაკეთდა 150 ბუფეტი, სადაც მოხდებოდა საჩუქრების დარიგება. ამ საბედისწერო დღეს, დაახლოებით 5 საათზე, 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. რამდენიმე წუთში გავრცელდა ჭორი, რომ საჩუქარი ყველას არ ეყოფოდა. ატყდა საშინელი აურზაური, ყველა ერთმანეთს ეჯახებოდა, თელავდა, ხელს კრავდა, ფეხს აბიჯებდა, რათა საჩუქრებამდე მიეღწიათ. 1 800-მა პოლიციელმაც კი ვერ შეძლო ხალხის დამორჩილება. საბოლოოდ ამ უბედურებას 1389 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 300 კი დაშავდა.

P.S. ალბათ გაინტერესებთ რა იყო ე.წ. “საჩუქარი”, რის გამოც ამდენი ადამიანი დაიღუპა. საჩუქარში შედიოდა პური, ძეხვის ნაჭერი და ერთი ცალი ბრეცლი. (პურფუნთუშეულის ერთ-ერთი პროდუქტი). : )

5. ჰაჯი – 1990 წ.
მექა, საუდის არაბეთი.
გარდაიცვალა – 1426.

კიდევ ერთი შემთხვევა პანიკური გაქცევისა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე არის 1990 წლის ჰაჯის ტრაგედია მექაში. ჰაჯი ეს გახლავთ პილიგრიმობა მქაში. ეს მორალური ვალდებულებაა ყოველი ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მაჰმადიანისთვის, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მექაში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ხელისუფლება მუდამ ცდილობს თავიდან აიცილოს კატასტროფები და სხვადასხვა სახის უბედურება, თუმცა ეს ყველაფერი ხშირად მაშინ ხდება როცა საერთოდ არ ელი. სწორედ ეს შემთხვევა იყო, როდესაც საფეხმავლო გვირაბის გავლის, უფრო სწორედ გადათელვის დროს 1400–ზე მეტი მლოცველი გარდაიცვალა.

4. აფეთქება ჰალიფაქსში.
ჰალიფაქსი, ახალი შოტლანდია, 1917.
მსხვერპლი – 1950 ადამიანი.

1917 წლის 6 დეკემბერი ჰალიფაქსის მოსახლეობა შოკში ჩააგდო აფეთქების საშინელმა, გამაყრუებელმა ხმამ. ბევრ მათგანს კი არ გაუმართლა, შოკში ჩავარდნაც ვერ მოასწრეს ისე დაიღუპნენ. ქალაქი განადგურდა, მაშინ როდესაც საფრანგეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი “Mont Blanc” , რომელიც ომისდროინდელი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული, ქალაქის პორტში შემთხვევით შეეჯახა ნორვეგიის გემს. ხანძრის და ნგრევის დროს 1950 ადამიანი დაიღუპა, 9 000 კი დაშავდა.

ეს შემთხვევა დღემდე ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდი მსხვერპლის მომტან არაბირთვულ აფეთქებად. კატასტროფა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ ქალაქებსაც მიადგათ ზიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ აფეთქებამ ცუნამი გამოიწვია და შედეგად ჰალიფაქსის მოსახლეობას კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს.

3. “MV Doña Paz” -ის ტრაგედია.
ფილიპინები, 1987.
დაიღუპა 4357 ადამიანი.

1987 წლის 20 დეკემბერს ფილიპინები კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ტრაგედია დატრიალდა, მაშინ როდესაც დატვირთული სამგზავრო ბორანი MV Doña Paz 8,800 ბარელი ნავთობით დატვირთულ ტანკერს შეეჯახა. გემი მაშინვე ჩაიძირა, იმავე წუთში. თავდაპირველად ოფიციალური გამოანგარიშებით გამოცხადდა, რომ მსხვერპლი 2 600 ადამიანს შეადგენდა, თუმცა შემდეგ დადგინდა რომ არათუ 300-მდე, არამედ დაღუპულთა რაოდენობა 4000-ს აჭარბებდა. ბევრი მათგანის ამოცნობა ვერ მოხერხდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული საზღვაო შემთხვევაა, როდესაც ამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

2. ჩერნობილის კატასტროფა.
ჩერნობილი, უკრაინა, 1986.
მსხვერპლი – ზუსტი ციფრი უცნობია.

ჩამოთვლილი უბედური შემთხვევებიდან დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად ეს გეცნობათ. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკის ავარია მოხდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. რაც შეეხება მიზეზებს, თავიდან გამოკვლევა ძალიან გაჭინაურდა, მაგრამ დასახელდა რამდნეიმე შესაძლო ვარიანტი. პირველ რიგში ავარიის მიზეზად დაასახელეს პერსონალი. თუმცა ბოლო წლებში მიზეზად რეაქტორის კონსტრუქციის სერიოზულ პრობლემებს ასახელებენ. რაც შეეხება მსხვერპლს, უშუალოდ აფეთქების დროს მეოთხე ბლოკში დაიღუპა ერთი კაცი, კიდევ ერთი დამწვრობებით დაიღუპა იმავე დღეს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 134 თანამშრომლიდან და მაშველი ჯგუფის წევრებიდან, რომლებიც აფეთქებისას იმყოფებოდნენ სადგურზე, მოგვიანებით 28 დაიღუპა დასხივების შედეგად. საბოლოოდ კი მსხვერპლის რაოდენობა უახლოესი 10 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანად ფასდება.

1. უბედურება ბჰოპალში.
ბჰოპალი, ინდოეთი, 1984.
დანაკარგი – 20 000+

მსოფლიოს ყველაზე ტრაგიკული შემთხვევების თხრობა ინდოეთში მომხდარი კატასტროფით დავიწყე და სამწუხაროდ სია ამავე ქვეყნით უნდა დავასრულო. ბჰოპალი პატარა ქალაქია ინდოეთის ცენტრში, კერძოდ მადჰია-პრადეშის შემადგენლობაში შედის. ეს შემთხვევა 1984 წლის 3 დეკემბრის დილას მოხდა. ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა ამ საშინელ დღეს გაღვიძება მოასწრო, ბევრმა კი – ვერა. საქმე იმაშია, რომ ქიმიური ქარხნიდან, სახელწოდებით “Union Carbide India Limited (UCIL)” 40 ტონა ტოქსიკური აირი, მეთილიზოციანიდი ( CH3NCO ) გაიჟონა. სულ 500 000 ადამიანი მოიწამლა. 5 000-მდე ადამიანი 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა, 20 000 -ზე მეტი კი შემდეგ დღეებში გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ამ კატასტროფის შედეგად დღეს დღეობით დაახლოებით 120 000 ადამიანი ჯერ კიდევ არის დაავადებული კიბოთი, სიბრმავით, სუნთქვითი გართულებებითა და ა.შ.

ბჰოპალის კატასტროფა კი მსოფლიოში ყველაზე ტრაგიკულ სამრეწველო უბედურ შემთხვევად ითვლება.

Natia Bregadze | Create Your Badge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close