საკითხავისასარგებლო

ფერისცვალება


გილოცავთ  ფერისცვალებას, უფალი გფარავდეთ !

ფერისცვალებისას, ჯვარცმამდე ორმოცი დღით ადრე, უფალმა ისურვა, რომ მისი ღვთაებრივი ბუნება, რომელიც კაცური ბუნებით იყო დაფარული, მის მოწაფეებს ეხილათ. თუმცა ამ საიდუმლოებაში მონაწილეობის ღირსი ყველა არ გამხდარა. მხოლოდ პეტრე, იაკობი და იოანე გამოარჩია უფალმა თაბორის მთაზე ასაყვანად, დანარჩენები კი მთის ძირას დატოვა. თაბორის მთა მდებარეობს ნაზარეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ექვსიოდე კილომეტრის მოშორებით. ის დაახლოებით ათასი მეტრი სიმაღლისაა. მისი მწვერვალიდან კარგად ჩანს გალილეის ზღვა და მდინარე იორდანე.

მწვერვალზე ასვლით დაქანცულ მოციქულებს ჩაეძინათ. მაცხოვარმა კი ლოცვა დაიწყო. უეცრად არაბუნებრივმა ნათელმა მოიცვა ყველაფერი, მოციქულებს შეშინებულებს გაეღვიძათ. მათი მოძღვრის სახე მზესავით ბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი და სპეტაკი გამხდარიყო. მაცხოვრის მარჯვნივ და მარცხნივ ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველები მოსე და ილია იდგნენ და მას ესაუბრებოდნენ.

პეტრემ, თავისი გულმხურვალე რწმენით გამორჩეულმა, მაცხოვარს სთხოვა – მოდი, ავაშენოთ სამი კარავი. შენთვის, მოსესთვის და ილიასათვის და სამუდამოდ აქ დავრჩეთო. ამ დროს ნათლის ღრუბელმა მოიცვა იქ მყოფნი, გაისმა მამა ღმერთის ხმა ზეციდან – „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მისი ისმინეთ“. მოწაფეები ისე შეშინდნენ, რომ მიწაზე დაემხვნენ. იესო შეეხო მათ, წამოაყენა და დაამშვიდა. როცა მოწაფეებმა აიხედეს, აღარავინ იყო, გარდა იესოსი, რომელსაც ისევ ძველი სახე დაჰბრუნებოდა. მთიდან ჩამოსვლისას ქრისტემ მოწაფეები გააფრთხილა, რომ არავისთან ეთქვათ, რაც ნახეს, ვიდრე მას ადამიანები ჯვარს არ აცვამდნენ და ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

რად მოიქცა ასე უფალი? მან უწყის ადამიანური სისუსტეები. მართალია, მოწაფეებმა მრავლად იხილეს იესო ქრისტეს სასწაულები, რომლებიც უმტკიცებდა მათ, რომ იგია ჭეშმარიტი მესია (მსხნელი), მაგრამ მცირედმორწმუნეობის გამო, დამცირებული, შეურაცხყოფილი, ჯვარცმული უფლის ხილვაზე არ დაეჭვებულიყვნენ მის ღვთაებრიობაში, არ ჩაცვენილიყვნენ სასოწარკვეთაში, გაეხსენებინათ თაბორის მთაზე ნანახი დიდება, არ დაეკარგათ ღვთის იმედი და ცოდნოდათ, რომ მათაც ქრისტეს მსგავსი დიდება ელოდათ ცათა სასუფეველში.

აღსანიშნავია, რომ ფერისცვალება მოხდა ლოცვის დროს. ლოცვა კი ღმერთთან ურთიერთობაა. ეს ნიშნავს, რომ ფერისცვალება და განმღრთობა ღმერთთან ურთიერთობით ხდება. უფალმა ამით გვასწავლა, რომ ფერისცვალებას ადამიანის ძალისხმევა, შრომა, ცოდვაზე უარის თქმა, თავშეკავება, მოთმინება, სინანული და ლოცვა სჭირდება. თაბორის ნათელს ყველა მართალი აუცილებლად იხილავს სასუფეველში, მაგრამ, როგორც ვთქვით, ამ ნათლის მოსაპოვებლად ღვაწლია საჭირო. ნათელი კი არის ნიშნანი ჩვენი ღვთაებრივი ღირსების, ღვთაებრივი წარმომავლობის, ჩვენი სულიერი დიდგვაროვნების. ჩვენ ქრისტეს გვარისა ვართ. ამიტომ უნდა ვიყოთ მისი საქმის მკეთებელნი ამქვეყნად, ნათლის მიმღებნი, ქრისტესთან ერთად სამყაროს განმანათლებელნი.

თეგები
Back to top button
Close
Close