არქივი

სინდრომი, რომელსაც კომპიუტერი იწვევს

0046a50005d1

გაგრძელებაში იხილავთ თუ რას იწვევს კომპიუტერი და როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება…

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა. ინფორმაციის მოპოვებისა და გართობის გარდა კომპიუტერს უკვე ყოველდღიური ურთიერთობისთვის იყენებენ. ადამიანი კომპიუტერის გარეშე უკვე ერთ წუთსაც კი ვეღარ ძლებს და მუდმივად მისკენ ისწრაფვის. შედეგად კი უამრავი პრობლემა გაჩნდა, მათ შორის ჯანმრთელობის. ბოლო წლებში საკმაოდ ხშირად გვესმის მხედველობაზე კომპიუტრების მავნე ზემოქმედების შესახებ.

ამ საკითხზე “ამბიონი” ექიმ-ოფთალმოლოგ ვალერიან ხუროძეს ესაუბრა.

ვალერიან ხუროძე (თვალის კლინიკის ხელმძღვანელი): “საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერი მთელს მსოფლიოში ფართო მოხმარების საგანი გახდა. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 30-35% კომპიუტერის სისტემატური მომხმარებელია და დღეისათვის მათ ნახევარზე მეტს ბავშვები და მოზარდები შეადგენენ.

პერსონალური კომპიუტერების არსებობის პირველ ეტაპზე მასობრივად დაიწყო როგორც სხვადასხვა ტიპის სამუშაო პროგრამების (საოფისე, საკომუნიკაციო და ა.შ.), ასევე კომპიუტერული თამაშების გამოშვება. იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ კომპიუტერთან მუშაობა და თამაში ხელს უწყობდა ადამიანის გონებრივი მონაცემების, მხედველობისა და რეაქციის განვითარებას. უფრო მეტიც, ოფთალმოლოგთა ნაწილი ზარმაცი თვალის მქონე ბავშვებს სამკურნალო მიზნითაც კი უნიშნავდა კომპიუტერულ თამაშს.

მაგრამ ამავე პერიოდში ჯერ პროფესიონალი პროგრამისტების დიდ ნაწილს, ხოლო შემდეგ კი კომპიუტერის მომხმარებლებსაც დაეწყოთ ე.წ. “კომპიუტერის დაავადება”. იგი ძირითადად გამოვლინდებოდა მხედველობის დაქვეითებით, თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, ზოგჯერ კი ნერვული აშლილობაც ახასიათებდა.

ეს სიმპტომები თავდაპირველად მონიტორის (ელექტრონულ-სხივური მილაკის) ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და გამოსახულების დიდ დისკრეტულობას დაბრალდა (მონიტორზე პიქსელების მაქსიმალური რაოდენობა იმ დროს 640ხ480 არ აღემატებოდა). კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელმა ფირმებმა დაიწყეს მუშაობა დისპლეის ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესებისა და გამოსხივების მინიმუმამდე დასაყვანად. ეს ტექნიკური პრობლემა საკმაო წარმატებით გადაწყდა, თუმცა კომპიუტერთან მომუშავეთა დიდი ნაწილი თავის დაზღვევის მიზნით კიდევ კარგა ხანს იყენებდა ე.წ. “დამცავ ეკრანს” და “კომპიუტერის სათვალეებს”.

ამ ღონისძიებათა მიუხედავად, კომპიუტერის მომხმარებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. პირიქით, 3D გრაფიკისა და DirectX-ის გამოჩენის შემდეგ კომპიუტერის მომხმარებლებში (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში) მნიშვნელოვნად გახშირდა მხედველობის დაქვეითება და მხედველობითი დისკომფორტი.

საბოლოოდ, ეს პრობლემა ოფთალმოლოგებმა შეისწავლეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული საფუძვლიანი კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ:

1. კომპიუტერთან სისტემატური მუშაობა მოითხოვს მხედველობის კონცენტრაციის მკვეთრ გაძლიერებას, რასაც ძალაუნებურად მოყვება ახლო მანძილზე მხედველობის მექანიზმის ნაწილობრივი გადაწყობა. ეს კი იწვევს როგორც თვალის მამოძრავებელი კუნთების, ასევე თვალის ბროლის (ცილიარული) კუნთის ძლიერ გადაღლას და აქედან გამომდინარე, ვითარდება ე.წ. აკომოდაციის სპაზმი. კომპიუტერთან დღეში საშუალოდ 2-3-საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მოზარდის თვალის რეფრაქცია იცვლება უარყოფითისკენ (ანუ, მინუსისკენ) საშუალოდ 0,25 დიოპტრიით, ეს კი ახლომხედველობის (მიოპიის) განვითარების აშკარა წინაპირობაა.

2. ნებისმიერი ტიპის მონიტორი (როგორც ელექტრონულ-სხივური, ასევე პლაზმური და თხევადკრისტალური LCD) თვითმნათი ხელსაწყოა, ე.ი. მონიტორში გამოსახულებისა და ფერწარმოქმნის მექანიზმი მაინც მკვეთრად განსხვავდება ბუნებრივისგან. გამომდინარე აქედან, მონიტორზე მხედველობის კონცენტრაცია თვალზე მოქმედებს, პრაქტიკულად, ისევე, როგორც ანთებული ნათურის დიდხანს თვალიერება: იკლებს კონტრასტული მხედველობა და ციმციმის აღქმის ზღვრული სიხშირე.

3. მხედველობითი კონცენტრაციის პირობებში ასევე მნიშვნელოვნად იკლებს ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რაც თავის მხრივ, იწვევს თვალის ლორწოვანა გარსის (კონიუნქტივის) და რქოვანა გარსის წინა ზედაპირის გაშრობას. ყალიბდება ე.წ. “მშრალი” კონიუნქტივიტი. ეს დაავადება კი შემდგომში შეიძლება გართულდეს რქოვანა გარსის სერიოზული დაზიანებით.

ზემოაღნიშნულ პათოლოგიურ მოვლენათა ერთობლიობა დღეისათვის ცნობილია, როგორც კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი (კმს) – Computer Vision Syndrome (CVS).

– რა სიმპტომები ახასიათებს კომპიუტერულ-მხედველობით სინდრომს?

– ამ სინდრომის ძირითადი სიმპტომებია: მხედველობითი დისკომფორტი, მხედველობის სიმახვილის გაუარესება, კითხვის გაძნელება, მხედველობის პერიოდული “დაბინდვა”, თვალის ლორწოვანა გარსის (კონიუნქტივის) სიწითლე, თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი თვალბუდეებისა და შუბლის არეში, შედარებით იშვიათად – სინათლის შიში, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება.

– როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისაგან, რა პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება შეგვიძლია?

– ზრდასრულ ასაკში პაციენტებში კმს ძირითადად შექცევადი ხასიათისა – შესაბამისი მკურნალობისა და კომპიუტერული ჰიგიენის დაცვის პირობებში 2-3 კვირის განმავლობაში შესაძლებელია განკურნება ან ხანგრძლივი რემისიის მიღება. 20-25 წლამდე ასაკის პაციენტები კი ბროლის (აკომოდაციური) კუნთის შედარებით დიდი რეზერვის გამო უფრო გვიან გრძნობენ მხედველობით დისკომფორტს, ჩივილების გამოვლენის დროისათვის კი მათ უკვე აღენიშნებათ მეტ-ნაკლებად გამოხატული რეფრაქციის მანკი და/ან ასთენოპია. ამიტომ ამ ასაკში განსაკუთრებული მნიშვნელობა კმს-ის პროფილაქტიკას ენიჭება.

კმ სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ძირითად პუნქტს:

  1. კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა;
  2. პროფილაქტიკური ოფთალმოლოგიური სკრინინგი;
  3. ადეკვატური ოპტიკური კორექცია;
  4. მედიკამენტოზური მკურნალობა;
  5. კმს პროფილაქტიკა და სპეციალური მკურნალობა.

კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა შემდეგ პირობებს მოიცავს:

Computer vision syndrome1. მონიტორის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნილებებს. კერძოდ, შედარებით “უსაფრთხო” მონიტორის მინიმალური პარამეტრებია: დიაგონალი 17 ინჩი, გარჩევადობა 1280×1024 პიქსელი, სამუშაო სიხშირე 100 ჰც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამცავი სათვალე და ეკრანი თანამედროვე მონიტორებთან მუშაობისათვის საჭირო აღარ არის.
2. მონიტორთან მუშაობისას საშუალოდ ყოველ 20-30 წუთში აუცილებელია შესვენება 2-3 წუთით. სასურველია მხედველობის მოკლეხნიანი კონცენტრირება შორს მყოფ საგნებზე.
3. 15-დუიმიან მონიტორამდე თვალების დაშორება უნდა იყოს სულ მცირე 35-40 სანტიმეტრი, ხოლო 17 და 19 დუიმიანთან მონიტორთან კი – 50-60 სმ.
4. თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ 10-15 გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა.
5. მონიტორის ირგვლივი ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოდ ძლიერი ან ძალზე სუსტი.
ყოვლად დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების ან მაგიდის ნათურით განათების პირობებში.
6. მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარა, ნათურა და ასე შემდეგ).
7. მონიტორის კონტრასტი და განათებულობა მკვეთრად არ უნდა გამოიყოფოდეს ირგვლივი ფონისაგან.
8. ტექსტის გადაწერის დროს დოკუმენტიდან ტექსტურ რედაქტორში აუცილებელია კოპი-ჰოლდერის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ მხედველობის ზედმეტად კონცენტრირება.
9. არასასურველია 6-7 წლამდე ბავშვების დაშვება კომპიუტერთან, 7-დან 12 წლამდე ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისათვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური დროა 40-60 წუთი, ხოლო 12-დან 15 წლამდე მოზარდთათვის კი – დღეში არაუმეტეს 2-2,5 საათისა.

– როგორ უნდა ვუმკურნალოთ კომპიუტერულ-მხედველობით სინდრომს?

– ოპტიკური კორექცია (სათვალე, კონტაქტური ლინზები) საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ. დაუშვებელია სათვალის ან კონტაქტური ლინზების თვითშერჩევა და მათი შეძენა არასპეციალიზებულ დაწესებულებაში.

მედიკამენტოზური მკურნალობა მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ წარმოებს. ყოვლად დაუშვებელია თვითმკურნალობა თუნდაც ყველაზე “უწყინარი” პრეპარატებით. სამკურნალწამლო პრეპარატების მიღებამ სპეციალისტის სათანადო კონტროლის გარეშე შეიძლება ფრიად სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

1. ბუნებრივი ცრემლის პრეპარატები. მათი დანიშნულებაა თვალის ლორწოვანა გარსის გამოშრობის თავიდან აცილება. საქართველოში ძირითადად გამოიყენება: ოფტაგელი, სისტეინი, ნატურალური ცრემლი II, ოქსიალი, დროპსტარი და ა.შ. მათი ჩაწვეთება თვალებში საჭიროა საშუალოდ 3-4 საათში ერთხელ კომპიუტერთან მუშაობის დროს.

2. ბიოაქტიური კვებითი დანამატებიდან აღსანიშნავია შავი მოცვის პრეპარატები, როგორც ტაბლეტირებული ფორმით, ასევე ნაყენის ან სიროფის სახით. ითვლება, რომ შავი მოცვი კარგი საშუალებაა ბადურა გარსის გასააქტიურებლად. თუმცა, პრეპარატის დოზირება მაინც ინდივიდუალურია და მისი დანიშვნა ექიმ-ოფთალმოლოგის კომპეტენციაშია.

3. კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა – დღეისათვის კმ სინდრომის მასობრივი გავრცელების გამო გარკვეული გამოყენება ჰპოვეს “Anti-Strain“-ის ჯგუფის პროგრამებმა, რომელთა ძირითადი მიზანია მხედველობის სიმახვილისა და კონტრასტული მხედველობის გაუმჯობესება და ამის ხარჯზე ბადურა გარსის მაქსიმალური ადაპტირება მონიტორთან. დღეისათვის ცნობილი პროგრამებიდან ყველაზე ეფექტურნი არიან: “RDS”, “FRS”, “Fractal Mac” “Safe eyes”, “T-antistrain”, “Relax”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა ასაკში კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის გამოვლინებისთანავე მოზარდს უნდა აეკრძალოს კომპიუტერთან მუშაობა, ხოლო სინდრომის კუპირების შემდეგ ბავშვი დაიშვება მხოლოდ სასწავლო-სამუშაო პროგრამებზე.

 

წყარო – www.icode.ge

მსგავსი ამბები

Back to top button