არქივი

ჯოჯოხეთი უტოიაზე

e7c2b8ffc338

23 ივლისს კუნძულ უტოიაზე გადარჩენილი ერთ-ერთი ახალგაზრდის მონათხრობი

გამეღვიძა. მეტი ძილი აღარ შემიძლია. სასტუმრო ოთახში ვზივარ და ერთდროულად სევდიანიც ვარ, ბედნიერიც და გაბრაზებულიც, ღმერთო ჩემო! აღარ ვიცი რა ხდება, იმდენი ემოციაა, უამრავი აზრი… მეშინია. მე დავწერ იმას, რაც მოხდა უტოიაზე, რა დაინახეს ჩემმა თვალებმა, რას ვგრძნობდი და რას ვაკეთებდი. მეგობრებისადმი პატივისცემის ნიშნად სახელები ანონიმურია.
ოსლოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მთავარ შენობაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ შენობაში და მის ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა. ჩვენ ვამხნევებდით ერთმანეთს, რომ კუნძულზე უსაფრთხოდ ვიყავით. არავინ იცოდა, რომ ჯოჯოხეთი ჩვენთანაც დატრიალდებოდა.
მთავარ შენობასთან ვიდექი, როცა პანიკა დაიწყო. სროლის ხმა გავიგე, დავინახე როგორ ისროდა. ყველა გარბოდა. პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო რომ ,,რატომ გვესროდა ჩვენ პოლიციელი” , ,,რა ჯოჯოხეთია”. პატარა ოთახში შევირბინე. ხალხი გარბოდა, კიოდა… ძალიან შეშინებული ვიყავი. შენობის უკან, პატარა ოთახში ძალიან ბევრნი ვიყავით, იატაკზე ვიწექით. რამოდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ, უფრო შეგვეშინდა. ვტიროდი. ფანჯრიდან ჩემს საუკეთესო მეგობარს მოვკარი თვალი, ვნატრობდი, რომ შემძლებოდა გარეთ გასვლა და მისი შემოყვანა ოთახში, მაგრამ არ შემეძლო… შიში დავინახე მის თვალებში. რამდენიმე წუთი იმ ოთახში ვიყავით. რამდენიმე გასროლის ხმა ისევ გაისმა და ჩვენ გადავწყვიტეთ ფანჯრიდან გადახტომა. პანიკა ატყდა. ყველა ფანჯრისკენ გარბოდა და გადახტომას ცდილობდა. ბოლო მე ვიყავი. ვფიქრობდი: ,, მე ბოლო ვხტები ფანჯრიდან, ახლა მოვკვდები”. როცა დავრწმუნდი, რომ სხვები უსაფრთხოდ იყვნენ, იმედი მომეცა. ვცადე ფრთხილად ჩავსულიყავი ქვემოთ, მაგრამ ჩავვარდი და სხეულის მარცხენა მხარეთი მძიმედ დავეცი მიწაზე. ბიჭები დამეხმარნენ წამოდგომაში. ტყისკენ გავიქეცით. ირგვლივ ვიხედებოდი: ,,ის აქ არის?”, ,,მე მესვრის?”, ,,დამინახა? “. ერთ გოგოს კოჭი ჰქონდა მოტეხილი, სხვებიც მძიმედ იყვენენ დაშავებულნი. აგურის კედლის უკან დავიმალეთ, ძალიან ბევრნი ვიყავით. ვლოცულობდი, ვლოცულობდი, ვლოცულობდი… იმედი მქონდა ღმერთი გადაგვარჩენდა. მერე დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ შეიძლებოდა ვერასდროს შევეხდროდით ერთმანეთს. რამდენჯერმე ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. შიში იგრძნობოდა მის ხმაში. დედა ტიროდა, ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. მამას მესიჯი გავუგზავნე და ვუთხარი, რომ მიყვარს. სხვა ჩემთვის ძვირფას ადამიანებსაც გავუგზავნე მესიჯი. ჩემს საუკეთესო მეგობარს მივწერე, მაგრამ არ უპასუხია. რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ. ერთმანეთს ჩავეხუტეთ. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ სითბო შეგვენარჩუნებინა. უამრავი ფიქრი ირეოდა თავში. ძალიან შეშინებული ვიყავი. მამამ დამირეკა, ვტიროდი და ვეუბნებოდი, რომ ძალიან მიყვარს. მან მითხრა, რომ ჩემს ძმასთან ერთად მოდიოდა და შემხვდებოდა, როცა კუნძულიდან გამოვიდოდი, ან ისინი მოვიდოდნენ კუნძულზე. ძალიან ბევრი ემოცია იყო, უამრავი ფიქრი. ყველაფერი ვუთხარი, რისი თქმაც შემეძლო. ყველა მესიჯს აგზავნიდა იმის შიშით მკვლელს არაფერი გაეგო. ჩემს დაზე ვფიქრობდი, რომელიც საზღვარგარეთაა, როგორ შემეტყობინებინა მისთვის რა შემემთხვა. ტვიტერზე და ფეისბუქზე დავწერე, რომ ცოცხალი ვარ, დავწერე, რომ პოლიციელს ველოდები. ხალხი წყალში ხტებოდა. მე ვიწექი. გადავწყვიტე. რომ, თუ მკვლელი მოვიდოდა მკვდრად მომეჩვენებინა თავი. ვერ აღგიწერთ იმ შიშს, რომელიც განვიცადე.

კაცი მოვიდა და თქვა, რომ ის პოლიციელია. მე ვიწექი. მან იპოვა დამალულები, აღარ მახსოვს ზუსტად რა თქვა, მაგრამ სროლა დაიწყო. ჩემს ირგვლივ ისროდა. ვიწექი და ვფიქრობდი, რომ ეს დასასრული იყო. ყვიროდნენ, ის კი ყველას ესროდა. წყალში ხტებოდნენ და ასე ცდილობდნენ თავი გადაერჩინათ. ადგილიდან არ ვინძრეოდი, მობილური ტელეფონი ხელში მეჭირა. გოგონას მუხლებზე ვიწექი, ჩემს მუხლზე კიდევ სხვები იწვნენ. ტელეფონმა რამდენჯერმე დარეკა. გაუნძრევლად ვიწექი, თავს მკვდრად ვაჩვენებდი. სულ ცოტა 1 საათს იქ ვიწექი. სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. ფრთხილად მოვაბრუნე თავი, რომ დამენახა დარჩა თუ არა ვინმე ცოცხალი. ირგვლივ მიმოვიხედე. სისხლი დავინახე და ძალიან შემეშინდა. წამოდგომა გადავწყვიტე. ერთ-ერთი გარდაცვლილის სხეულზე ვიწექი. მფარველმა ანგელოზმა გადამარჩინა…
არ ვიცოდი ის ისევ დაბრუნდებოდა, თუ არა. გამბედაობა არ მეყო მეპასუხა იმათთვის, ვინც მირეკავდა მესიჯს მიგზავნიდა. წყლისკენ წავედი. სვიტერი გავიხადე. ვფიქრობდი, რომ ცურვა გამიჭირდებოდა. ტელეფონი უკანა ჯიბეში ჩავიდე და წყალში გადავხტი. იქ სხვებიც იყვნენ, ისინი ძალიან სწრაფად მიცურავდნენ ნაპირისკენ. ზოგი ტივზე იყვნენ ირგვლივ შემოკრებილნი და ისე მიცურავდნენ. შევყვირე და ტირილი დავიწყე, ძალიან მციოდა, მეგონა მალე ჩავიძირებოდი. სულ უფრო მიჭირდა დაღლილი მკლავებით ცურვის გაგრძელება. გადავწყვიტე შემოვბრუნებულვიყავი და ფეხებით დამეწყო ცურვა. ჩავიძირე და შემდეგ ისევ ისე განვაგრძე ცურვა. დავინახე გასაბერი ნავებით გაჰყავდათ ხალხი. ვყვიროდი და ვთხოვდი, რომ დამლოდებოდნენ. რამდენიმე ასეული მეტრი გავცურე, ნავზე ადგილი აღარ იყო და იქიდან საცურაო ჟილეტები გადმოგვიგდეს. მეორე ნავი მალევე მოვიდა და ავედი. ნაპირისკენ წავედით. ღონეგამოცლილი ვიყავი. ნაპირზე გავედით, იქ საბნები მოგვაფარეს. ვტიროდი, ქალი ჩამეხუტა, ეს ისეთი კარგი იყო. ვიღაც კაცმა თავისი ტელეფონი მათხოვა. მამას დავურეკე: ,,მე ცოცხალი ვარ, მე ეს შევძელი, ახლა უსაფრთხოდ ვარ” – ვუთხარი მას. ცოტა ფეხით გავიარეთ, შემდეგ სრულიად უცნობმა ადამიანმა მანქანით სუნდვოლენის სასტუმროში წამიყვანა. სასტუმროში შევირბინე, რომ გამეგო იყო, თუ არა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იქ. ხმამაღლა ვტიროდი, ერთ-ერთი მეგობარი დავინახე, ერთმანეთს გადავეხვიეთ. ირგვლივ მიმოვიხედე, მეგობრებს ვეძებდი, ჩემი გული გამალებით სცემდა. შემდეგ სიებს გადავხედე, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი არსად იყო. ძალიან შევშინდი.
საბანი მოვიფარე და სველი წინდები გავიხადე. ნახევრად შიშველი ვიყავი. ჟაკეტიც მოვიცვი. მშობლებს დავუკავშირდი, მამა და ძმა გზაში იყვნენ. კაკაო დავლიე. ჩამოვჯექი, ჩავფიქრდი… კომპიუტერი ვითხოვე და ტვიტერზე და ფეისბუქზე ისევ დავწერე, რომ უსაფრთხოდ ვარ. ოჯახის წევრების მოსვლამდე, რამდენიმე საათს სასტუმროში ვიყავი. ნაცნობებს ვეძებდი. მღვდელს ვესაუბრე და ყველაფერი მოვუყევი, რაც დავინახე. წითელი ჯვრის წარმომადგენელმა ჭრილობები გამისუფთავა. დრო გადიოდა. რამდენიმე მეგობართან ერთად ვიყავი. ყველა ერთსა და იმავეზე საუბრობოდა, როგორ გადარჩა და რა მოხდა. რამდენიმეს ვკითხე ჩემი საუკეთესო მეგობრის შესახებ, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა მასზე. ვფიქრობდი, რომ დამნაშავე ვიყავი, ერთად უნდა ვყოფილიყავით. მეგობარმა სასტუმროს ოთახის კარი გააღო, შევედით და საინფორმაციო გამოშვებას ვუყურეთ. იყო რისხვა, მწუხარება, ძალიან ბევრი ემოცია. მამამ დამირეკა, ისინი უკვე მოვიდნენ. ლიფტით ჩავედი ქვევით. მამასთან და ძმასთან მივირბინე და ჩავეხუტე მათ. ვტიროდი, ჩემი ძმაც ტიროდა. ამ დროს ბიჭი შევნიშნე, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემს საუკეთესო მეგობარს.

მისი სახელი დავიყვირე. შემოტრიალდა, ის იყო. გადავეხვიეთ ერთმანეთს. ორივენი ვტიროდით. მოვუყევით ერთმანეთს, როგორ მოვახერხეთ თავის გადარჩენა. შემდეგ რეგისტრაცია გავიარე და სახლში წავედი. იქ მეგობრები შეკრებილიყვნენ და არ წასულან, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ კარგად იყავი. მათ გავესაუბრე წვენი და იოგურტი მივირთვი. მეგობარს დავურეკე. შემდეგ დავწექი, უკვე 3 საათი ხდებოდა. დედამ უარი თქვა ჩემს მარტო დატოვებაზე და ერთად დავიძინეთ.
რამდენიმე საათი გავიდა ამ ამბებიდან და ჯერ კიდევ შოკში ვარ. ვნახე ჩემი მეგობრების ცხედრები, რამდენიმე მათგანი დაკარგულია. გამიმართლა, რომ ცურვა ვიცოდი. მიხარია, რომ ცოცხალი ვარ. ღმერთმა გადამარჩინა.
ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც კუნძულზე მოწყობილ  ჯოჯოხეთში დაიღუპნენ.
ზაფხულის ლამაზი სიზმარი ნორვეგიისთვის ყველაზე საშინელ კოშმარად
იქცა.

მსგავსი ამბები

Back to top button