გართობა

ქართული შაბლონური ფრაზები და სიტყვები

cd895a6504b9

ჩვენ შაბლონების სამყაროში ვცხოვრობთ. ყოველ შემთხვევაში, შაბლონების საქართველოში მაინც. ჩვენს ქვეყანაში შაბლონი უფრო მეტია, ვიდრე ჩინელი, რადგან თვითონ ეს შედარებაც, რომელიც სულ რამდენიმე ასოს წინ მოვიყვანე უკვე შაბლონია. ისევე როგორც შაბლონებია, ხუმრობა ლეიბორისტების უფულობაზე, საქართველოს ნაკრების უიმედო მდგომარეობაზე, ტაქსის ორდიპლომიან მძღოლებზე, ქართული სიმღერების ტექსტებში “წვიმისა” და “სევდის” სიჭარბეზე, აქუბარდიას ძილზე, “რუსთავი 2″-ის დეზინფორმატორობაზე, ლელა კაკულიაზე, ”გეპეის” სტუდენტზე (”გეპეი” იუმორის მარადიული მუზაა), სააკაშვილის ჰალსტუხზე და ა.შ
მოკლედ წრმოგიდგენთ ქართული შაბლონური ფრაზების ნაკრებს.

წინ დაჯექი, მალე მიხვალ” – მიმართვა პირისადმი, რომელიც გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს
დაარტყი, შენ დაგარტყა “პარალიჩმა” – მიმართვა ჯოკრის თამაშის დროს მოთამაშისადმი, რომელიც კარტის ჩამოსვლას აგვიანებს. (გამოთქმა შეიძლება შეგვხვდეს ფეხბურთის თამაშის ან ყურების დროსაც)
აი ემ ე თეიბლ” – ფრაზა, რომლის საშუალებითაც პირს სურს მის მიერ ინგლისურის არცოდნა ხუმრობით გადმოსცეს
რას გვიშვრება ეს მთავრობა? ამის გამო ვიდექით იმ წვიმაში?!” – ფრაზა, რომელიც გამოიყენება ყველა რევოლუციონერის თუ არარევოლუციონერის მიერ, საკუთარი ხელისუფლების “უგვან საქმეთა” გამოსახატად
საჰაერო გათხრებზე” – პასუხი “აღადავებული” აბიტურიენტისა ან სტუდენტისა (დამოკიდებულია კითხვის ფორმულირებაზე: “სად აბარებ” თუ “სად სწავლობ“), რომელსაც აუცილებლად მოყვება რეაქცია: “არა, მართლა, მართლა” და კვლავ პასუხი: “ჰო, კარგი, წყალქვეშა მეხანძრეობაზე
რატომ თავი არ დაგრჩა?!” -მასწავლებლების ყველაზე საყვარელი ფრაზა, როდესაც შენ, როგორც წესი არდაუწერელი დავალების შინ დარჩენაზე იტყუები.
ბოლო ჭიქა აღარ უნდა დამელია (დაგელია, დაელია)” – მიმართვა საკუთარი თავისადმი ან სხვისადმი, რომელიც (საკუთარი თავი ან სხვა) გახლეჩილი მთვრალია ან ნაბახუსევია და სინანულის გრძნობა ეღძვრება.
მთაწმინდიდან არ დაგანახებს” – მიმართვა პირისადმი, რომელსაც ვიღაცის გულის მოგებისა და მონადირების შანსს ჩანასახშივე უსპობენ
გუშინ რა ვჭამე ის არ მახსოვს” – ფრაზა, რომლის საშუალებითაც პირი საკუთარი მახსოვრობის სისუსტეს მაინცდამაინც კვების რაციონის მიხედვით განსაზღვრავს
არადა, გუშინ ვნახე იცინოდა” – ფრაზა, რომელიც რეფლექსურად მოდის თავში, როდესაც ვინმეს შესახებ ცუდ ამბავს შეიტყობ და გული მაინცდამაინც არ ჩაგწყდება
ვინ თქვა დინოზავრები გადაშენდნენო” – ფრაზა, როდესაც ბიჭს სურს მის პარამეტრებში ვერჩამჯდარი გოგო დაახასიათოს (შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სიტყვებიც, როგორებიცაა: “კრაკაძილი”, “მანდილოზავრი”, “ზვიანგი”, “კაბიანი”, “ულვაშებგასაპარსი” და სხვა)
სუდია, პიდარასტ” – სახალხო ფრაზა, როდესაც მსაჯის ორიენტაცია ერთი ჩასტვენის (ან არჩასტვენის) გამო ეჭვქვეშ დგება
კაცი (თამადა) ვარ თუ “პრობკა” – როდესაც პირი მეტისმეტად დიდ საფრთხეს უქმნის საკუთარ სტატუსს, სხვებისთვის ამ მეტად მცირე ალტერნატივის შეთავაზებით
ეს ის არ არის, რასაც შნ ფიქრობ” – მხატვრულ ფილმებში გავრცელებული ფრაზა, როდესაც საქმრო თავს იმართლებს საცოლესთან, რომელმაც ის სხვა ქალის ტუჩებზე მყოფი აღმოაჩინა
რომ გადახვალ, გააჩერე” – სიტუაცია, როდესაც მგზავრს ეჭვი ეპარება მძღოლის სწრაფ რეაქციაში და წინასწარ იღებს სათანადო ზომებს
ერთი (ორი) კაციც და გავდივართ” – სამარშუტო ტაქსის მძღოლების მიერ დამკვიდრებული ფრაზა, რომელსაც ახლა უკვე მათ გარდა, ყველა იყენებს
რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?” – ტრადიციული პასუხით “ღალატს
გერეკება?” – ამ ფრაზის ავტორი სპარტელთა ლექსიკის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერებოდა.
მაგარი კაცი ძაააან” – “”-თა რაოდენობა დამოკიდებულია დასახასიათებელი პირის “სიმაგრეზე
“ამ საღამოს რას აკეთებ? – როგორც წესი შაბლონური პასუხით: “ხარჩოს” ან “ბორშჩს
გსურთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?!” – ფრაზა, რომლითაც უნდა დაიწყო საუბარი, თუ იაღოველების იმიტაციის დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდა
დიდი მადლობა, რომ არსებობ” – გაურკვეველი სამადლობელი, სავარაუდოდ მიმართული ღმერთისა და შენი მშობლებისადმი

დავშალოთ ფრაზები სიტყვებად. შაბლონური კი არა, უკვე გამაღიზიანებელია დაბეჩავებული და დაჭრილ-დაჩეხილი სიტყვები, რომელიც ამ ბოლო დროს არამხოლოდ “თინეიჯერებშია” გავრცელებული: “კომპი” (კომპიუტერი), “ნეტი, ინეტი” (ინტერნეტი), “უნი” (უნივერსიტეტი), “ლოვე” (მიჯნური, სატრფო, შეყვარებული – გააჩნია ლექსიკურ მარაგს), “მათი” (მათემატიკა), “სპ”, “სპს” (გმადლობთ!), “პკ” (აბა ჰე!), “ოკ, პკ” (რუსულისა და ინგლისურის ჰარმონიული შერწყმა), “პლზ” – please – გეთაყვა! (ქართულად რა კარგად გაიჟღერებდა: “გთყ”), “ომგ” – o, my, god (ღმერთო ჩემო!), “დაბდღე” – (დღე, როდესაც კიდევ ერთი წლით ბერდები), “გაიხარე” (”მადლობის” შემცვლელი, გამოიყენება ყოველ მეხუთე სიტყვაზე), “ოდნო”, “ოდნოები” – (”ადნაკლასნიკი”), “მპუა”, “პაჩი”, “მპუ” (კოცნის გამომხატველი უცნაური ნაწილაკები), “ძაააააააან” (საბრალო და ასგზის ნაწამები სიტყვის “ძალიან”-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია. ასევე გვხვდება “დზნ” ან “დზ, დზ”), 10x (”მადლობის” გადახდის კიდევ ერთი, კრეატიული ფორმა)

რა თქმა უნდა ენა ახალი სიტყვებით უნდა შეივსოს, მაგრამ ეს სიტყვები ყველაზე მინიმუმ, ყურს მაინც კარგად უნდა ხვდებოდეს. მაგალითად, ვერავის მოსთხოვ თქვას “დამამოკლეტექსტურშეტყობინებინე” “დამამესიჯებინეს” და “დაგვესაზოგადოებრივთავშეყრისადგილებინა” “დაგვებირჟავებინას” ნაცვლად.

წყარო: www.DOIN.GE

მსგავსი ამბები

Back to top button