საკითხავისამხედროსასარგებლო

ჯონ “უმიწაწყლო”


ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ და უიღბლო მმართველზე, რომლის მმართველობის დროსაც მოხდა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, სწორედ მისი სისუსტის გამოისობით, ეს იყო “თავისუფლების დიდი ქარტია”, რამაც ერთგვარად საფუძველი ჩაუყარა ინგლისის პარლამენტის შექმნას. ჯონი ასევე ცნობილია იმით, რომ იყო რიჩარდ ლომგულის ძმა და რობინ ჰუდის ბალადების ერთ-ერთი უმთავრესი გმირი. მაშ ასე, დავიწყოთ თავიდან და გავეცნოთ იმ ხელმწიფის ბიოგრაფიას, რომელიც გამორჩეული იმითაცაა, რომ მას ჯონი ერქვა, როდესაც არც მანამდე და არც მის შემდეგ ინგლისს მონარქი სახელად ჯონი არასოდეს ყოლია.

ჯონ(იოანე) უმიწაწყლო (ინგლ. John Lackland, 1166 წ, 24 დეკემბერი, ოქსფორდი – 1216, 18/19 ოქტომბერი, ნიუარკი) – ინგლისის მეფე(1199 წლიდან)და აქვიტანიის ჰერცოგი პლანტაგენეტების დინასტიიდან, ჰენრი II-სა და ელეონორა აქვიტანელის ყველაზე უმცროსი ვაჟი(მეხუთე). მისი მმართველობა ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ პერიოდად ითვლება. ის დაიწყო ნორმანდიის საფრანგეთის მეფე ფილიპე II-ს მიერ დაპყრობით და დასრულდა სამოქალაქო ომით, რომელმაც მას ფაქტიურად სამეფო ტახტი დააკარგვინა(დამარცხების გამო მას კიდევ ერთი მეტსახელი შეერქვა: “რბილი ხმალი” Softsword). 1213 წელს ჯონმა ინგლისი რომის პაპის ვასალად სცნო, რათა დაესრულებინა შეხლა-შემოხლა კათოლიკურ ეკლესიასთან, ხოლო 1215 წელს აჯანყებულმა ბარონებმა ის აიძულეს ხელი მოეწერა “თავისუფლების დიდი ქარტიისთვის”( Magna Charta Libertatum). სწორედ ამ დოკუმენტის შექმნით არის ყველაზე ცნობილი მეფე ჯონის მმართველობის ეპოქა. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით ჯონ უმიწაწყლოს მმართველობა არც უკეთესი იყო ჰენრი III-სა და რიჩარდ I ლომგულის მმართველობაზე და არც უარესი, თუმცა ჯონის რეპუტაცია იმდენად დაბალი და სამარცხვინო იყო, რომ მას შემდეგ არცერთ ინგლისელ მმართველს თავისი მემკვიდრისთვის ჯონი აღარ დაურქმევია(ეს სახელი უბედურების მომტანად ითვლებოდა საფრანგეთისა და შოტლანდიის მმართველ დინასტიებშიც).
ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით ჯონ უმიწაწყლო 1160 წელს დაიბადა, თუმცა მეცნიერთა აზრით ეს ვარაუდი არაა ზუსტი და მომავალი მეფის დაბადების თარიღად ითვლება 1166 წელი, როდესაც მეფე-დედოფალი ერთად ცხოვრობდა ნორმანდიაში და არა ცალ-ცალკე როგორც ეს 1160 წელს იყო. როგორც ცნობილია ჯონს სახელი იოანე ღვთისმეტყველის საპატივსაცემოდ დაარქვეს, რომლის ხსენების დღესთან მიახლოებითაც ის დაიბადა(27 დეკემბერი). მამამ ხუთი წლის ჯონი სავოის გრაფის, გუმბერტ III-ს ასულ ალაისზე დანიშნა, რითაც აპირებდა განემტკიცებინა აქვიტანიაში ინგლისელთა სამფლობელოს საზღვრები, თუმცა ეს მომავალი ქორწინება არ შედგა, რადგან როდესაც ალაისი ჰენრი მეორის სამეფო კარს შეუერთა ჯონთან ქორწინებამდე, მოკლე დროში გარდაიცვალა. უფროსი ძმებისგან განსხვავებით ჯონს არ ებოძა სამფლობელოები საფრანგეთში, სწორედ ამიტომ მას “უმიწაწყლო”უწოდეს, თუმცა მიუხედავად ამისა ის მამის საყვარელ შვილად ითვლებოდა. ჰენრი მეორემ მას მიწები ინგლისსა და ირლანდიაში უბოძა(1177). ის ირლანდიაში 1185 წელს გაემგზავრა, დაარსა რამდენიმე ციხე-სიმაგრე და განამტკიცა ინგლისელთა მმართველობა, თუმცა რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდა, შეუშინდა რა ჰუგო დე ლეისისთან დაპირისპირებას, რადგან არ გააჩნდა საკმარისი სახსრები. ჰენრი II-ს წინააღმდეგ უფროსი ვაჟების აჯანყების შემდეგ, მისი მეფობის დასასრულს, ჯონმა მხარი დაუჭირა თავის ძმას რიჩარდ I ლომგულს, რომელიც ტახტზე 1189 წელს ავიდა. “უმიწაწყლომ”ცოლად შეირთო გლოსტერის გრაფის ქალიშვილი იზაბელა და მიიღო სამმართველოდ დიდი მიწები, რომელიც წლიურ შემოსავლად 6000 ფუნტს აძლევდა. იზაბელასთან ჯონს შვილი არ ჰყოლია და მალე მათი ქორწინება ჩაიშალა, რის მიზეზადაც სისხლისმიერი ნათესაობა დასახელდა, ამიტომაც იზაბელა დედოფლად არ ჩაითვალა.

როდესაც 1190 წელს რიჩარდ ლომგულმა თავის მემკვიდრედ დაღუპული ძმის, ჯეფრის ვაჟი გამოაცხადა, ჯონმა დაარღვია პირობა, რომ რიჩარდის ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებამდე საფრანგეთში დარჩებოდა და ინგლისში შეიჭრა, რათა ჩამოეგდო ძმის დატოვებული რეგენტი, უილიამ ლონგჩემპი და თავად დაეკავებინა მმართველობა. ამან მისცა საფუძველი ძველ პოემებში ჰერევარდზე, რომ ჯონი ბოროტ და მტარვალ ადამიანად გამოეყვანათ. ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდა რობინ-ჰუდზე, რომელიც გადმოცემის მიხედვით, შერვუდის ტყეში შეკრებილი მამაცი ანგლო-საქსი იომენებით(თავისუფალი გლეხი) ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჯონის უსამართლო მმართველობას.
როდესაც ჯონმა შეიტყო, რომ რიჩარდ ლომგული, რომელიც ჯვაროსნული ომიდან ბრუნდებოდა, ტყვედ ჩაუვარდა გერმანიის იმპერატორ ჰენრიხ VI-ს, მან სთხოვა ჰენრიხს, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი დაეყოვნებინა რიჩარდი ტყვეობაში, შეკრა კავშირი საფრანგეთის მეფე ფილიპე II-თან და მტკიცედ გადაწყვიტა ინგლისის მეფობა ჩაეგდო ხელთ. 1193 წელს ჯონი იძულებული გახდა ძმასთან დაზავებულიყო, მაგრამ არ გაუწყვეტია კავშირი ფილიპე II-თან და აჯანყებას ამზადებდა, რის გამოც რიჩარდმა ის განდევნა და მისი მამულების კონფისკაცია მოახდინა. 1195 წელს ლომგულმა შეინდო თავისი “უმიწაწყლო” ძმა და მამულები დაუბრუნა, შემდეგ კი მემკვიდრედაც გამოაცხადა.
ჯონი ტახტზე 1199 წელს ავიდა, რიჩარდ ლომგულის სიკვდილის შემდეგ. ჯონის უფროსი ძმის, ჯეფრის ვაჟს, არტურს, სამეფო ტახტზე უფრო მეტი უფლება გააჩნდა ვიდრე თვითონ ჯონს და მასვე ემხრობოდნენ საფრანგეთის ინგლისური სამფლობელოების არისტოკრატი, დიდგვაროვანი ბარონები, თუმცა არტური კონტინენტზე იყო გაზრდილი, საფრანგეთში, ხოლო ინგლისელ ხალხს მიუხედავად იმისა, რომ ჯონი არ უყვარდათ, “უცხოელ” არტურს, ისევ “ადგილობრივი” ჯონის მმართველობას ამჯობინებდნენ. როდესაც ბარონები მიხვდნენ თავიანთ სუსტ პოზიციას, დასახმარებლად მოუხმეს საფრანგეთის მეფეს, ფილიპე II-ს(რომლის ვასალადაც ითვლებოდა ჯონი და მისი ფრანგული სამფლობელო). ამას გარდა 1200 წელს ჯონი დაქორწინდა იზაბელა ანგულემზე, რომელიც თავის ვასალზე, ჰუგო X დე ლუზინიონზე იყო დანიშნული. ეს უკანასკნელიც ფილიპე II-ს მიემხრო.
1202 წელს ფილიპემ ჯონი თავის სამეფო კარზე მოიწვია და ამ დროს შეიჭრა ნორმანდიაში და არტურს ინგლისის თითქმის ყველა ფრანგული სამფლობელო დაუმორჩილა. ომის მიმდინარეობისას არტურმა ალყა შემოარტყა საკუთარ ბებიას, ელეონორა აქვიტანელს მირაბოს ციხე-სიმაგრეში. მირაბო მალე დაეცემოდა, რომ არა 80 წლის ელეონორას ჭკვიანური მოქმედება, მისი ბრძანებით ციხე-სიმაგრის გამაგრება და დაცვის ორგანიზება, რის შემდეგაც მირაბომ 1202 წლის 31 ივლისამდე გაძლო, როდესაც მეფე ჯონი გამოჩნდა ინგლისის ჯარით და არტური დაატყვევა. თავდაპირველად არტური ფალეზის ციხეში იჯდა ჰუბერტ დე ბურგის მეთვალყურეობის ქვეშ. ჯონმა ურჩი ძმისშვილისთვის თვალების დათხრა ბრძანა, მაგრამ ჰუბერტმა ეს ბრძანება არ შეასრულა. 1203 წელს არტური უილიამ დე ბრაოზის მეთვალყურეობით გადაიყვანეს რუანის ციხეში. ამის შემდეგ ისტორიიდან მისი კვალი ქრება და ცნობები აღარ არსებობს. სავარაუდოდ ის ან ციხეში გარდაიცვალა ან ჯონმა მოაკვლევინა. ხანგრძლივი ომი ინგლისისთვის წარუმატებლად მიმდინარეობდა. ჯონს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მისი არტურისადმი მოპყრობამ მოკავშირეები ვერ შესძინა, ფილიპე II კი კონტრშეტევაზე გადავიდა. 1203 წელს დაეცა ციხე-სიმაგრე გაიარი. ეს სიმაგრე რიჩარდ ლომგულის ბრძანებით ისე იყო გამაგრებული, რომ მიუდგომლად ითვლებოდა, მაგრამ ჯონმა რამდენიმე მოდიფიკაცია შეიტანა მის არქიტექტურაში, რამაც გამოიწვია ციხის ადვილად დაცემა. 1204 წელს დაეცა რუანიც. 1202-1204 წლის ომებში ჯონ “უმიწაწყლომ” საფრანგეთში ინგლისური მიწების დიდი ნაწილი დაკარგა(ნორმანდია, მენი, ანჟუ, პუატუს ნაწილი, ხოლო 1206 წლის ხელშეკრულებით ფილიპე II-თან, ინგლისმა დაკარგა ტურენიც).
1207 წელს რომის პაპმა ინოკეტი III-მ კენტერბერის ახალ არქიეპისკოპოსად სტეფანე ლენგტონი დანიშნა. ძალაუფლების გაძლიერების მიზნით ჯონმა უარყო მისი დანიშვნა, რის შედეგადაც პაპმა ინგლისს ინტერდიქტი დაადო(1208), “უმიწაწყლომ” კი ეკლესიის კუთვნილი მიწების კონფისკაცია დაიწყო. 1209 წელს ინოკეტი III-მ ჯონი ეკლესიიდან გარიცხა, 1212 წელს კი მეფის უღლიდან გაანთავისუფლა ინგლისელები ანუ თეორიულად უარყო ჯონის მმართველობა, როგორც უფლისგან მირონცხებული მეფის. 1213 წელს ფილიპე II პაპს მოელაპარაკა ინგლისში ლაშქრობაზე და ხომალდები შეკრიბა, მაგრამ მისი ფლოტი უილიამ ლონგესპმა გაანადგურა დამესთან. ამ დროისთვის ჯონმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა ბრძოლა პაპის ლეგატ პანდულფის გავლენის წინააღმდეგ. მეფე დამორჩილა პაპს, თავი მის ვასალად სცნო და ყოველწლიურად 1000 მარკის გადახდა იკისრა. მიუხედავად ამისა ინტედიქტი მხოლოდ 1214 წელს გაუქმდა.

1211 წელს ჯონს მოუწია უელსელების აჯანყების ჩახშობა. 1214 წელს კი განახლდა სამხედრო მოქმედებები საფრანგეთთან. ომში ინგლისის მოკავშირეები იყვნენ გერმანიის იმპერატორი ოტო IV და ფერანო ფლანდრიელი. მოკავშირეებმა გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს ბუვინთან ბრძოლაში 1214 წლის 27 ივლისს. წარუმატებელმა საშინაო და საგარეო პოლიტიკამ, ფეოდალებთან დაპირისპირებამ და მათი ძალაუფლების დაკნინებამ გამოიწვია 1215 წელს ბარონთა აჯანყება, რასაც მხარი დაუჭირეს სასულიერო პირებმა, რაინდებმა და მოქალაქეებმა. ამბოხებულთა გავლენით 1215 წლის 15 ივნისს ჯონმა ხელი მოაწერა “თავისუფლების დიდ ქარტიას”, რომელიც ზღუდავდა მის ძალაუფლებას და მეტ უფლებებს ანიჭებდა ბარონებსა და მოქალაქეებს. მეფემ მალე დაიწყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა, გადმოიყვანა დაქირავებული ჯარები ინგლისში და ბარონებს შეუტია. პაპმა მას მხარი დაუჭირა და ბარონებს ეკლესიიდან გარიცხვით დაემუქრა, ასევე მოითხოვა “თავისუფლების დიდი ქარტიის”პირობების გაუქმება. აჯანყების სულიერმა წინამძღოლმა, არქიეპისკოპოსმა სტეფანე ლენგტონმა უარი განაცხადა პაპის ბრძანებების შესრულებაზე. ის რომში გაიწვიეს მეოთხე ლატერანულ საეკლესიო კრებაზე. ბარონებმა ვერ გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა ჯონს, რადგან მათი სულიერი წინამძღოლი და გამაერთიანებელი აღარ იყო ინგლისში, ამიტომ საფრანგეთიდან მემკვიდრე პრინცი, ლუდოვიკო VIII მოიწვიეს ინგლისის ტახტის დასაკავებლად. ის კენტში გადავიდა ფრანგული ჯარით და ლონდონში მეფედ გამოცხადდა, თუმცა მისი კორონაცია არ მომხდარა.
ჯონი გაიქცა თავის ხალხთან და მთელ სამეფო ძვირფასეულობასა და ოქროსთან ერთად, მაგრამ უოშის ყურეში ზღვის მოქცევისას მთელი ეს განძეული წყალმა წაიღო და დაიკარგა. ჯონმა ასეთი დარტყმის გადატანა ვეღარ შესძლო ნიუარკში, ლინკოლნშირში გარდაიცვალა 1216 წლის 18/19 ოქტომბერს დიზენტერიით.
ჯონის მემკვიდრედ გამოცხადდა მისი 9 წლის ვაჟი, ჰენრი, უილიამ მარშალის, პემბრუკის გრაფის რეგენტობით. ბარონებმა სცნეს ის და ლუდოვიკო VIII-ს მცდელობა ინგლისის ტახტის დაკავებაზე, წარუმატელად დასრულდა.

http://samxedro-istoria.blogspot.com/

ნიკა ხოფერია

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close