არქივი

ნარკომანია სოციალური პრობლემა

f08a98d1c720

ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით. მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. იგი საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივი ნორმებისგან გადახრილი ქცევაა.

მომხმარებელთა ჯგუფები
ნარკომანია უმთავრესად გავრცელებულია 35 წლამდე ასაკის ქალაქში მცხოვრებ მამაკაცებს შორის, თუმცა შეიმჩნევა მომხმარებელი ქალების რაოდენობის მატებაც. საგანგაშო ის არის, რომ ნარკომანების უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა. მართალია, ნარკომანია უმთავრესად ქალაქების პრობლემაა, მაგრამ ბოლო ხანს მისდამი ლტოლვა ქალაქებიდან საკმაოდ მოშორებულ სოფლებშიც გაიზარდა. განათლების დონის მიხედვით ნარკომანები თანატოლებისგან არ გამოირჩევიან: მათ უმრავლესობას (83,3%) აქვს საშუალო, არასრული უმაღლესი და უმაღლესი განათლება, 61,7% შრომობს, 5,8 % სწავლობს; არც სწავლობს და არც მუშაობს 24,8%. 46% ნასამართლევია. ამათგან ყოველი მეორე სასჯელმოხდილია ან იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ყოველი მეოთხე მათი არაკანონიერი დამზადების, შეძენის, შენახვის, გადატანის გამოა დასჯილი. ყოველი მეორე ცხოვრობს ოჯახში, რომლის წევრიც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ნასამართლევი ან მძიმე ავადმყოფია. ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ლტოლვა ხშირად ყალიბდება ფსიქიკური ან ნერვული დაავადებების მქონეთა ოჯახის წევრებს შორის.

ნარკოტიკის ტიპები
ნარკოტიკებს აჯგუფებენ მათი წარმოშობისა და ორგანიზმზე მოქმედების დიაპაზონისა თუ ხარისხის მიხედვით. ცნობილია:
ოპიატები (მორფინი, პრომედოლი, ფენადოლი და სხვა);
ე. წ. მფრინავი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერებანი;
ფსიქოსტიმულატორები (ჩვეულებრივი სტიმულატორები);
კანაფის პრეპარატები (ჰაშიშური ნარკოტიკები);
ტკივილგამაყუჩებლები.

გამოყოფენ ნარკოტიკების მიღების რამდენიმე მიზეზს სოციალურს:
ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებული მშობლები, ემოციური კონტაქტის უქონლობა, არასრული ოჯახი;
საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკულ ნივთიერებათა ფართო გავრცელება და ბოროტად გამოყენება;
ახალგაზრდებს შორის არაადეკვატური არსებობის პოლიტიკა: რეალური პროფესიისა და სამუშაოს უქონლობა, ბევრი თავისუფალი დრო, უსაქმობა.
კონსტიტუციურ-ბიოლოგიურს:
ფსიქიკური ან ნარკოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური განწყობა;
ტრადიციულს:
საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების რელიგიური თუ სხვა ტრადიცია;
ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურს:
ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა;
უარყოფითი განცდების ნეიტრალიზების მცდელობა;
თანატოლების წრის შეხედულებებისადმი შესაბამისობის სურვილი;
ანომალიური პიროვნული თვისებები (ავანტიურიზმი, აგზნებადობა, მომატებული ან, პირიქით, დაქვეითებული თვითშეფასება, მერყევი ხასიათი);
უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული საპროტესტო რეაქციები;
თვითდესტრუქციული ქცევა;
ცნობისმოყვარეობა;
მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა.
ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე ყველაზე ხშირად მივყავართ სამს:
1. მოწყენილობასა და ცნობისმოყვარეობას;
2. მეგობართა თავყრილობის დროს ერთდროულ გამოყენებას;
3. არსებული რეალობისგან გაქცევის სურვილს.
ეს ნარკომანიის პირველადი მიზეზებია, მისი საბოლოო მიზეზი კი არის ადამიანურ ფასეულობათა შემეცნების უუნარობა, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვის შიში და მცდარი შეხედულება, რომ მძიმე წუთებში დახმარება მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია. ნარკომანად ჩამოყალიბება იწყება ნარკოტიკული ნივთიერების პირველივე გასინჯვიდან. საბოლოო შედეგამდე დრო უპირატესად პიროვნულ თვისებებსა და გამოყენებული ნარკოგენული პრეპარატის სახეობაზეა დამოკიდებული.

წყარო–http://mkurnali.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button