არქივი

Facebook-ის კონკურენტი მზადაა

f7ac3c0d9a52

ინტერნეტ-გიგანტმა საკუთარი სოციალური ქსელი Google+ გაუშვა. ივარაუდება, რომ იგი Facebook-ის ანალოგი და პირდაპირი კონკურენტი გახდება.

ავტორთა განცხადებით, Google+-ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უპირატესობა პირადი ინფორმაციის დაცვის პარამეტრებია, რომლებიც  მომხმარებლისთვის გასაგები და მარტივია: მეგობრების სიის ნაცვლად, მომხმარებელი  კონტაქტებს ცალკეულ ჯგუფებად (circles) აერთიანებს და თავად წყვეტს თითოეულმა მათგანმა მისი პირადი ინფორმაცია ნახოს თუ არა. „ასეთი მიდგომა ურთიერთობას კიდევ უფრო პრივატულს ხდის. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს კედლები და ფანჯრები და ზუსტად ვიცით, ვინ იმყოფება ჩვენთან ერთად ოთახში, ინტერნეტ-სივრცეში კი ინფორმაციას მთელს მსოფლიოს ვუზიარებთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესს კიდევ უფრო უსაფრთხოს გავხდით”, – აცხადებენ კომპანიაში. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეს ერთგვარი მინიშნებაა Facebook-ზე, რომელსაც რეგულარულად აკრიტიკებენ მომხმარებლების მონაცემების არასათანადო დაცვის გამო, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერნეტ-გიგანტი იგივე მიზეზით თავადაც არაერთხელ გახვეულა სკანდალში.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, Google+-ში  წარმოდგენილია ფუნქცია Sparks, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს მათი ინტერესების შესაბამის ინფორმაციას სოციალური ქსელი ავტომატურად შესთავაზებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ Google+-თ ჯგუფური ვიდეოკონფერენციით სარგებლობაც შეიძლება. სხვათაშორის, ეს ის სერვისია, რომელსაც Facebook-ის მომხმარებლები უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ელოდებიან.

სოციალურ ქსელთან ერთად, ინტერნეტ-გიგანტმა Android-სმარტფონებისთვის „მობილური კლიენტიც” წარადგინა. დამატების მეშვეობით მომხმარებლებს სმარტფონით გადაღებული ფოტოებისა და ვიდოების გამოქვეყნება შეუძლიათ, პროგრამაში გათვალისწინებულია Places ფუნქციაც, რომლითაც ისინი ვირტუალურ მეგობრებს საკუთარ ადგილმდებარეობას აცნობებენ. ავტორები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი დამატება iPhone-სთვისაც გამოვა.

ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა Google+-ის ინტეგრაცია ინტერნეტ-გიგანტის სხვა სოციალურ სერვისებთან ან ცოტა ხნის წინ წარდგენილ „+1″-თან, რომელიც Facebook-ის Like-ს ანალოგია. ამჟამად სოციალური ქსელი ბეტა-ტესტირების რეჟიმშია, თუმცა უკვე  40-ზე მეტი ენის მხარდაჭერა უკვე აქვს.  მათ, ვისაც Google+-თ სარგებლობა სურთ, საიტზე განაცხადი უნდა დატოვონ, პროექტის ამოქმედების შემდეგ კი შესაბამის ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

პირველად ინფორმაცია Google-ის სოციალური ქსელის შესახებ შარშან ზაფხულში გაჩნდა. ინტერნეტ-გიგანტს  Gmail-ში სოციალური ფუნქციების ინტეგრირების უშედეგო მცდელობებიც ჰქონდა, რის შემდეგაც Google-სა და Facebook-ს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა.

Google -ის წარმომადგენლებს Facebook არ უხსენებიათ, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ინტერნეტ-გიგანტის სტრატეგია მთლიანად იმ გარემოებებზეა აწყობილი,  რომელთა გამოც Facebook-ს აკრიტიკებენ.  თუმცა კრიტიკის მიუხედავად, მსოფლიოს ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. Facebook დარეგისტრირებული მომხმარებლების რიცხვმა რამდენიმე დღის წინ 750 მილიონს მიაღწია.

წყარო: liberali.ge

მსგავსი ამბები

Back to top button