უცნაური

მამა გაბრიელის მიერ აღსრულებული სასწაულები

i261878538 76606 4

ეს არის მამა გაბრიელის მიერ აღსრულებული სასწაულები, ამის კითხვისას ცრემლები მომადგა თვალთ. წაიკითხეთ არ ინანებთ, სასწაულების შესახებ გვიყვებიან თვით ამ სასწაულების მომსწრენი 

* * *

ჩვენი შვილი ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული. სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ პატარა ტატო 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ – მაშინ, როცა ორგანიზმში თავის ქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა (მშობიარობის დროს თურმე ექიმებს ხელიდან გავარდნოდათ). ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვისას გაუკეთეს. მას თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანიზმი ჩაუდგეს. მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას. მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანიზმი, მარჯვენის ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო.

დღემდე ტატომ ხუთი ოპერაცია გადაიტანა. 4-ჯერ კი ხერხემლიდან სითხე აუღეს. ბავშვს არა თუ სიარული, ხოხვაც კი არ შეეძლო. მხოლოდ ეტლით დაგვყავდა. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფული სისწრაფით იწყო ზრდა. დააწვა ტვინს და დიდი ადგილი დაიკავა. ამან განავითარა ეპილეფსია. დღეში 20-25-ჯერ ემართებოდა გულყრა. გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. ექიმები ოპერაციის წინ გვეუბნებოდნენ, თქვენს შვილს არაფერი ეშველებაო. ასეთ მდგომარეობაში გავიგეთ, რომ მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავზე საოცარი კურნებები ხდებოდა. მე და ჩემმა მეუღლემ ვირწმუნეთ, რომ იქ გვეშველებოდა. გულშიც არ გაგვივლია ეჭვი მამა გაბრიელის ზეთის სამკურნალო თვისებებზე. ვიცოდით, რისთვისაც მივდიოდით და გვწამდა. როცა მცხეთაში მივედით და საფლავს მივუახლოვდით, ჩემს შვილს მოუსვენრობა დაეტყო. ინვალიდის ეტლში ვეღარ ჩერდებოდა. საფლავთან მიახლოებას ითხოვდა. ჩამოვსვით ეტლიდან და ტატო მის სიცოცხლეში პირველად დამოუკიდებლად მუხლებით მიუახლოვდა საფლავს. ჯერ ხელები დააწყო ზედ, მერე კი შუბლით ემთხვია და ასე მლოცველის პოზაში იჯდა კარგა ხანს. ეს იყო პირველი სასწაული.

დავბურნდით შინ. სამი დღის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად, ახალფეხადგმულივით ლოჯიდან საძინებელში გავიდა. რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ, ამას ვერ აღვწერთ. ის იყო ნამდვილი დიდი სასწაული.

საფლავიდან წამოღებულ ზეთს ყოველ დილა-საღამოს შუბლსა და მუხლისთავებზე ვცხებთ ჯვრის ფორმით, როგორც ზეთის მოხმარების წესში წერია. ტატოს მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ისწავლა მოფერება, კოცნა, ის კი არა – კარს ღიად ვერ ვტოვებთ – სახლიდანაც კი გვეპარება და ორი სართულით დაბლა ჩადის ხოლმე. ჩვენი ოჯახის წევრები და ნათესაობა უაღრესად მადლიერები ვართ ღვთისა და მამა გაბრიელის.

გოგიტა მურცხვალაძე
ქობულეთი. სოფ. ციხისძირი

* * *

3 წლის წინ ჩემს ძმას ჰქონდა თავში ავთვისებიანი სიმსივნე – უკვე ბოლო სტადიაში იყო, მეტასტაზები ჰქონდა გასული. მხედველობა დაკარგული ჰქონდა ორივე თვალში და გონებაც დაქვეითებული. წავიღეთ მამა გაბრიელის ზეთი. თავზე ვუსმევდით და ძლიერი ტკივილი მომენტალურად უჩერდებოდა. ორი კვირის შემდეგ ოპერაცია გავუკეთეთ. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ სიმსივნე აღარ ჰქონდა. არადა ოპერაციას არ უკეთებდნენ, აზრი არ აქვსო. ხელიც მოგვაწერინეს, რომ პასუხს არ აგებდნენ. ისეთი ტკივილები უნდა ჰქონდეს, ვერ უძლებდესო. ჩვენ კი იმ 2 კვირის განმავლობაში წამალი არ დაგვილევინებია, მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვუსმევდით. დღეს ჯანმრთელად და კარგად არის.

აღნიაშვილი გულნარა
დიდი დიღომი. პეტრიწის 9ა კორპ. ბ. 40

* * *

მქონდა ფიბრომა და მიომა. საოპერაციო ვიყავი. სნეულების გამო ენა მიბუჟდებოდა.

ნათესავმა მომიტანა მამა გაბრიელის ზეთი. ორჯერ რომ წავისვი, უკეთესობა ვიგრძენი. მესამედ რომ უნდა წამესვა, ენა ისევ დამიბუჟდა. მაინც არ მშველის-მეთქი და იმ საღამოს ისე დავწექი, რომ აღარ წამისვია ზეთი. იმავა საღამოს ვნახე სიზმარი: მღვდელი შემოვიდა დიდი წვერით ჩემთან სახლში და მითხრა: რა გაიძახი – არ მიშველა, არ მიშველა, რამ უნდა გიშველოს, როცა არ გილოცნია. აბა ილოცე, თუ არ გიშველოს. შემომხედე მე, მღვდელი ვარ და წვერი მაქვს. წვერი რომ არ მქონდეს, მღვდელი ვიქნებიო? რომ იძახი მწამსო, არა ლოცულობ და რა რწმენა შენა გაქვს. ილოცე და გეშველებაო.

გამომეღვიძა. გავაგრძელე ზეთის წასმა და თან ვლოცულობდი. გუშინ გადავიღე ექოსკოპია და არაფერი აღარ მაქვს. ექიმი გაკვირვებისაგან კინაღამ გაგიჟდა.

პელაგია თათარაშვილი
საგურამო

* * *

ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. გადავიღე ექოსკოპია. გამოჩნდა, რომ ბავშვს მუცლის არეში ჰქონდა კისტური წარმონაქმნი. ისეთ რთულ ფორმებში ჰქონდა, რომ ექიმის რჩევით აუცილებელი იყო აბორტის გაკეთება. უარი ვთქვი აბორტზე.

დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის ხმარება. გაჩნდა უჯანმრთელესი ბავშვი. მედპერსონალი გაოცებული დარჩა.

მარინა (მარიამ) კვიციანი

* * *

ჩემს მეგობარს შვილი საზღვარგარეთ ჰყავდა. თვითონ ეკლესიაში დადიოდა. იყიდა მამა გაბრიელის სურათი და თავისი სახლის შემოსასვლელში დაკიდა. ლოცულობდა და ხშირად ავედრებდა თავის შვილს მამა გაბრიელს. როდესაც მისი ბიჭი საკუთარი მანქანით საქართველოში ჩამოვიდა, სახლში შესვლისთანავე მამა გაბრიელის სურათი დაინახა. გაკვირვებულმა დედამისს შეეკითხა: ეს ვისი სურათია? ეს კაცი მთელი გზა, ძილი რომ არ მომრეოდა, მაფხიზლებდა და მამხნევებდა, რომ არ დამძინებოდაო.

* * *

ჩემს ბავშვს ორი წლის განმავლობაში თავზე, კეფის არეში ჰქონდა სირსველასავით ამობურცული სიმსივნე, რომელიც არ რჩებოდა და სტკიოდა. ხელს ვერ იკარებდა. მამა გაბრიელის საფლავიდან წამოვიღე მიწა და ზეთი. საღამოს ლოცვის შემდეგ რომ წავუსვი, დილით უკვე აღარ ჰქონდა. ნაკვალევიც კი აღარ აქვს.

ჯენეტი მენაბდიშვილი

მე-4 საშ. სკოლის პედაგოგი

* * *

მქონდა ჰიპოფიზის (ტვინის დანამატი) სიმსივნე. ეს დიაგნოზი დამისვეს 2002 წლის 2 იანვარს. ძალიან ცუდად ვიყავი. ვერც კი დავდიოდი. წამიყვანეს მამა გაბრიელის საფლავზე. იქვე ვიგრძენი უკეთესობა. იქიდან ჩემი ფეხით წამოვედი. ვისმევდი და ვსვამდი ზეთს, თან ვლოცულობდი და მამა გაბრიელს ვევედრებოდი განკურნებას. იმავე წელს აპრილის თვეში გავესინჯე კომპიუტერით და არაფერი აღარ აღმომაჩნდა.

ღავთაძე ნესტანი
თბილისი. ლუსიანინის 20 (300 არაგველის მეტროსთან)

* * *

შარშან, მარტში დამისვეს დიაგნოზი: მკერდის და შინაგანი ორგანოების სიმსივნე. თითქმის ყველა ონკოლოგი მოითხოვდა ოპერაციის გაკეთებას.

მივედი მამა გაბრიელის საფლავზე, რათა მიმეღო გადაწყვეტილება. შემდეგ მქონდა ასეთი ხილვა:

იდგა მამა გაბრიელი და მიღიმოდა. ავივსე შინაგანი რწმენით და უარი ვთქვი ოპერაციაზე. სულ დავდიოდი საფლავზე, ვმკურნალობდი ზეთით.

2 თვის წინ გავიკეთე გამოკვლევა და ორგანიზმში სიმსივნური არაფერი აღმოჩნდა, როდესაც 2 კვირის სიცოცხლეს მაძლევდნენ ექიმები, თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი.

ლელა ცირეკიძე

* * *

დავიბადე არა მართლმადიდებლურ ოჯახში (დედა ებრაელი, მამა მუსულმანი). დედა მოგვიანებით გახდა მართლმადიდებელი. იგი მოინათლა, რის გამოც დედ-მამა ეთმანეთს გაშორდნენ. თავის დროზე მშობლებმა შემიყვანეს 75-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად დავდიოდი არიელის ებრაულ კოლეჯში.

1995 წელს ღვთის განგებით მომიწია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ცხოვრება. იქ ვხედავდი, რომ კელიაში ყველას ეკიდა მამა გაბრიელის სურათი. ვინატრე, ნეტა მეც მქონოდა მამა გაბრიელის სურათი.

ერთხელ მე დამიძახა მამა გაბრიელმა: შენ ურჯულო ურია, მოდი აქო. მან იქვე სკამზე დამსვა, თვითონ კელიაში შევიდა, გამომიტანა თავისი სურათი და მაჩუქა. თანაც მითხრა: აი, შენ ხომ ნატრობდი ჩემს სურათსო. მან მიამბო თავისი ცხოვრება. მე მაშინ ბავშვი ვიყავი, სურათი სკამზე დავდე, გონება სადღაც გამეფანტა და არ ვუსმენდი. მან ეს იგრძნო. გაბრაზდა, უკან გამომართვა თავისი სურათი და მითხრა: როცა ღირსი გახდები, 7 წლის მერე იყიდი ჩემს სურათსო. მართლაც, 7-8 წლის მერე ვიყიდე მისი სურათი.

დედაჩემი სამთავროში მოვიდა. იგი ტიროდა. ცუდად იყო. მკერდში ჯირკვლები ჰქონდა გადიდებული და სტკიოდა. უფალს თხოვდა, რომ მე სახლში დავბრუნებულიყავი, რადგან სახლში პატრონი არავინ ჰყავდა. თან ტირილით ლოცულობდა. ამ დროს მამა გაბრიელი იჯდა გარეთ. მან დედას უთხრა: შენ არ მოკვდები. გაიკეთებ ოპერაციებს, გადარჩები. შენი შვილიც სახლში დაგიბრუნდება, შენც გამოჯანმრთელდებიო. მან ისიც უთხრა: ყველაფერი უფლის ნებაა და უფალს მიენდეო. მან დედაჩემს უთხრა: შენი შვილი სახლში დაგიბრუნდება, მაგრამ უბედო იქნებაო. გათხოვდება, ქმარს გაშორდება, ეყოლება ბიჭი, რომელიც დაიბადება დიდ დღესასწაულზე და ამის მიხედვით დაარქმევთ სახელსო.

ეკლესიაში ყოფნისას, მძიმე მარხვის 39-ე დღეს, მამა საბამ სვეტიცხოვლიდან მამა გაბრიელთან გამომატანა სეფისკვერი და ღვინო. მამა გაბრიელთან რომ შევედი, ვუთხარი, რომ მამა საბამ გამომატანა სეფისკვერი და ღვინო. მამა გაბრიელს თვალებში ცრემლი ჰქონდა. მან მითხრა: მიიღე სეფისკვერი და დალიე ღვინო, რამეთუ 7 წელი ტაძარში აღარ შეხვალო. ყველაფერი ასრულდა, რაც მამა გაბრიელმა მე და დედაჩემს გვიწინასწარმეტყველა.

მე დავტოვე მონასტერი, დავამთავრე იურიდიული, უცხო ენები, გავთხოვდი და ქმარსაც გავშორდი. 7 თებერვალს, დავითობას შემეძინა ვაჟი, რომელსაც დავითი დაარქვა იმ ექიმ-გინეკოლოგმა დავითმა, რომელმაც მამშობიარა. 7 წლის გასვლის შემდეგ დავიწყე ეკლესიაში სიარული. გავხდი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი (მოძღვარი – მამა ბესარიონი).

დედაჩემი გამოჯანმრთელდა. მანამდე მან გაიკეთა ოპერაციები. 2 წლის წინ დედაჩემმა მამა გაბრიელის საფლავიდან წამოიღო ზეთი. წაისვა მკერდზე და დილით არცერთი ნაკერი აღარ ემჩნეოდა, ჯირკვლებიც აღარ ჰქონდა.

ჩემს შვილს გავუკეთეთ აცრა, რომელმაც რეაქცია მისცა. ექიმებმა ვერ უშველეს. მე ბავშვი დავუტოვე ჩემს ბიძაშვილს და ეკლესიაში წავედი. დავესწარი ლოცვას. ბავშვმა თურმე ტირილით გაიღვიძა და თქვა: მამა გაბრიელი გადმოვიდა სურათიდან (სურათი კედელზე გვაქვს გაკრული), პირჯვარი გადამწერა, ხელი დამადო და მითხრა: არ ინერვიულო, კარგად იქნებიო. როცა სახლში შევედი და საბანი გადავხადე, ვნახე, რომ ფეხი აღარ ჰქონდა გასიებული და ის გამოჯანმრთელებულიყო.

ადრე მამა გაბრიელმა მითხრა: შენ ბოლოს მონაზვნობის ღირსი გახდები. შენი შვილი გასახელებსო. მადლობა მამა გაბრიელს ყველაფერისათვის.

ხანჯალიაშვილი ინგა-ქეთევანი
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი

* * *

მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ამჟამად ვარ პატიმარი, სასჯელს ვიხდი ქსნის კოლონიაში, №7 საპყრობილეში. საპატიმროში აშენებულია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სადაც პატიმრები ვლოცულობთ. პირადად მე კელია მაქვს მიჩენილი და ეკლესიას ვემსახურები.

მოგეხსენებათ დღევანდელი გაჭირვებული ჟამის შესახებ. ხალხს გარეთ უჭირს კვება, მკურნალობა და სხვადასხვა პრობლემების მოგვარება, მით უმეტეს, პატიმრისათვის ეს პრობლემები გაორმაგებულია.

ასეთ დროს, ჩვენთვის დიდად მანუგეშებელია მამა გაბრიელი. მისი სასწაულთმოქმედი ზეთით არა ერთი და ორი პატიმარი განიკურნა, რომელთა რიცხვიც უფრო და უფრო იზრდება. პირადად მეც, მამა გაბრიელმა ბევრჯერ მანახა თავისი სასწაულთმოქმედი ძალა.

საპყრობილეში, გრძელვადიან პაემანზე პატიმართან იმყოფებოდა მისი მეუღლე 10 თვის ბავშვთან ერთად. პატარა ძლიერ ავად გაუხდათ, მისცა ძალიან მაღალი სიცხე. ვერ გაუგეს, რა სჭირდა. დამიძახეს. მივედი, თან წავიღე მამა გაბრიელის ზეთი. როდესაც მივედი, ბავშვმა, რომელიც მანამდე მისუსტებული იწვა, ჩემსკენ გამოიწია. მე ნეკა თითი დავასველე ზეთში და შუბლზე ჯვრის სახით ვაცხე. პატარამ ზეთიანი თითის ლოკვა დამიწყო. ცოტა ხანში დაეძინა. გაეღვიძა სრულიად გამოჯანმრთელებულს. ამ ამბავს ბევრი თვითმხილველი პატიმარი ჰყავს.

მის მერე, თუ ვინმე ავად არის, მეძახიან და მთხოვენ მამა გაბრიელის საფლავის კანდელიდან აღებული ზეთის ცხებას.

2002 წლის დეკემბრის თვეში (რიცხვი არ მახსოვს), ვოცნებობდი რომ ერთი დიდი სურათი შემეძინა მამა გაბრიელის. დილით რომ ავდექი, წავედი დღის შემოწმებაზე, რომელზეც იშვიათად დავიდავარ. უცებ მეძახის თანამშრომელი დათო. ჩემმა ცოლისძმამ შენთან მამა გაბრიელის სურათები და კალენდარი გამომატანაო. ძალიან გამიხარდა. მადლობა შევწირე უფალს და მამა გაბრიელს. სურათები და კალენდარი ჩემს კელიაში კედელზე გავაკარი. საღამოს დასაძინებლად დავწექი. მთელი დღის მანძილზე ძალიან დავიღალე, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. მამა გაბრიელს ვთხოვე შემწეობა. ჩამეძინა. ალბათ 5-10 წუთის შემდეგ ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა მეუბნება, ავდგე და გარეთ გავიდე. ავდექი, გავედი გარეთ და ვხედავ, ჩემი მეგობარია ავად. პირიდან სისხლს აფურთხებდა. კუჭი სტკიოდა. წამოვიყვანე ჩემს კელიაში. ვთხოვე, ერთად გვეთქვა ლოცვა. იგი ისე ცუდად იყო, რომ ლოცვასაც ვერ ამბობდა. ავანთე სანთელი, ვთქვი ლოცვა „მამაო ჩვენო“ და ჩემს მეგობარს ვაცხე ზეთი, შემდეგ ცოტა დავალევინე. 4 წუთში ტკივილმა საერთოდ გაუარა და ჩაის დალევაც მომთხოვა. დიდი მადლობა მამა გაბრიელს.

ჩემი მეუღლე II ჯგუფის ინვალიდია, ხერხემლის გამრუდება აქვს (სქოლიოზი). ამასთან, ზედ ხერხემალზე ჰქონდა მრგვალი ამობურცული ადგილი, რომელსაც ძლიერ იტკიებდა, ხელის შეხებითაც კი ტკივილისაგან გონს კარგავდა. თან ქალურად იყო ავად. არანაირი წამალი არ მიუღია. სულ 2-ჯერ ვაცხე მამა გაბრიელის ზეთი და დავალევინე. აღარც წელი სტკივა და აღარც ქალური დაავადება აწუხებს. დიდი მადლობა უფალს და მამა გაბრიელს.

ერთ დღეს საპყრობილეში დიდი მანქანით შემოიტანეს პროდუქტი. მე და დათო ნადირაშვილი ვიჯექით ჩემს კელიაში და მამა გაბრიელზე ვსაუბრობდით. გარეთ თოვდა და ციოდა. ამ დროს შემოგვესმა ხმა, რომ დახმარება სჭირდებოდათ, რადგან მანქანას ვეღარ ამუშავებდნენ. მე ვკითხე დათოს, სასწაულების თუ სჯეროდა. მან არაო მიპასუხა. ახლა მამა გაბრიელმა სასწაული რომ გაჩვენოს, მაშინ თუ დაიჯერებ-მეთქი. იგი დამეთანხმა. ავანთეთ სანთელი და ვთქვით ლოცვა „მამაო ჩვენო“. ამ დროს კიდევ ორი ადამიანი შემოგვესწრო. ლოცვის შემდეგ ყველანი გარეთ გავედით, სადაც მანქანას ისევ აწვალებდნენ და ვერ ამუშავებდნენ, აკუმულატორს დენი აღარ ჰქონდა. მე კიდევ ვთხოვე შემწეობა მამა გაბრიელს და უფლის ჩვენის, იესო ქრისტეს სახელით და მამა გაბრიელის მეოხებით, ვითხოვე დახმარება, რის შემდეგაც მანქანას ჯვარი გადავსახე და მოხდა საოცრება. ჯვარის გადასახვა არ მქონდა დამთავრებული, რომ მანქანის ძრავიდან რაღაც ცეცხლის მაგვარი გამოვარდა და მანქანაც ამუშავდა. გაოგნებული მძღოლი, რომელმაც დაინახა ყველაფერი, მანქანიდან ჩამოხტა და გვთხოვა, რომ მისთვის გველოცა. მან ეკლესიაში დაანთო სანთლები და წავიდა. ამ ამბავს ბევრი ადამიანი შეესწრო.

გაოცებული დათო და მე მთელი ღამე ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მოახდინა რწმენამ გაბრიელ ბერის ძალით.

შობას, 7 იანვარს, სანთლის სათხოვნელად ჩემთან მოვიდა ინვალიდი, კოჭლი ბიჭი, რომელსაც მუხლზე „მენისკი“ ჰქონდა და ჯოხის გარეშე ფეხს მიწაზე ვერ აბიჯებდა. მან საუბარი დამიწყო ჯადოქრობაზე და მკითხაობაზე. მე ავუხსენი, რომ ჯადო მხოლოდ იმ ადამიანზე მოქმედებს, რომელიც არაქრისტიანულად ცხოვრობს და ჭეშმარიტი რწმენა არა აქვს. მან მკითხა, როგორ მოქცეულიყო, რომ მასაც დაეძლია ბოროტისათვის. ვთხოვე ჩემთან ერთად ელოცა. ლოცვის შემდეგ, შუბლზე ჯვრის სახით ვაცხე მამა გაბრიელის ზეთი. ცოტა დალია კიდევაც. ცოტა ხანს ვისაუბრეთ. შემდეგ სნეულ ფეხზეც ვაცხე ზეთი ჯვრის სახით. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ფეხი ჯოხის გარეშე მიწაზე დააბიჯა. სიხარულისაგან იმ ფეხით დაიწყო ხტუნვა, რომელსაც ერთი წუთის წინ მიწაზეც კი დამოუკიდებლად ვერ აბიჯებდა. თან გაიძახოდა: ფეხი აღარ მტკივა, ფეხი აღარ მტკივაო. ახლა უჯოხოდაც კარგად დადის.

პატიმარი: ვასილ ნარინდოშვილი
ქსნის №7 საპყრობილე

* * *

1994-95 წელს, ცემისაგან მარცხენა ყურის ბარაბანი გამისკდა, რომლიდანაც დღემდე მდიოდა სისხლი და ჩირქი, თან სმენაც დავკარგე. გავიგე, რომ მამა გაბრიელის საფლავის კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს. სულ 2-ჯერ ჩავიწვეთე ყურში ზეთი და მოხდა საოცრება. ყველანაირმა ტკივილმა გამიარა და სმენაც აღმიდგა 80-90%-ით.

ამტკივდა ყელი. ვღეჭავდი სტრეპტოციდს, რომელიც ვერ მშველოდა. როგორც კი ზეთი დავლიე, ტკივილმა ხუთ წუთში გამიარა.

დიდი მადლობა უფალს და მამა გაბრიელს.

პატიმარი: გურამ მანაგაძე
ქსნის №7 საპყრობილე

* * *

მქონდა ჯირკვლების ანთება. 2003 წლის 5 იანვარს მივედი ვასილისთან. გავიგე, რომ ჰქონდა მამა გაბრიელის ზეთი, რომელიც ავადმყოფებს სასწაულებრივად კურნავდა. ვთქვი ლოცვა „მამაო ჩვენო“. ისე ძლიერ მტკიოდა, რომ სიმწრისაგან ფეხზე ძლივს ვიდექი. ვიცხე ზეთი. ხუთ წუთში ტკივილმა საერთოდ გამიარა და აღარც შევუწუხებივარ. მადლობელი ვარ მამა გაბრიელის. ახლა ხშირად მივდივარ ვასილისთან, რომ მამა გაბრიელის შესახებ უფრო მეტი რამ გავიგო.

პატიმარი: ნუკრი ბოჭორიშვილი
ქსნის №7 საპყრობილე

* * *

მქონდა კუჭის წყლული, რომელიც ხშირად მაწუხებდა. ამა წლის 2 იანვარს ძალიან შემაწუხა ტკივილებმა. ვეძებდი სოდას, რათა დამელია. ბიჭებმა მათქმევინეს „მამაო ჩვენო“. შემდეგ მამა გაბრიელის ზეთი მცხეს ჯვრის სახით და ცოტა დამალევინეს. ტკივილი მაშინვე დამიამდა. ახლა საერთოდ აღარ მაწუხებს კუჭი, რანაირი საკვებიც არ უნდა მივიღო.

პატიმარი: არტურ სუკასიანი
ქსნის №7 საპყრობილე

* * *

რამდენიმე წელია მაწუხებს ასთმა. გაძნელებული სუნთქვით მივედი ვასილთან. მან მამა გაბრიელის ზეთი მცხო და ცოტა დამალევინა კიდევაც. მოულოდნელად სუნთქვა გამეხსნა და თავს ახლაც კარგად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, მამა გაბრიელი კიდევ მრავალ პატიმარს უშველის.

მადლობა ყველაფრისათვის უფალს და მამა გაბრიელს.

პატიმარი: შალვა ბახუტაშვილი
ქსნის №7 საპყრობილე

წყარო http://www.orthodoxy.ge/

მსგავსი ამბები

Back to top button