საკითხავისამხედრო

ბარბაროსები(ნაწილიIII) გეპიდები, სკირები, საქსები


გეპიდები – გერმანული ტომების ჯგუფი, სავარაუდოდ გოთებთან მონათესავე. სიტყვა “გეპიდი” წარმოიშვა, გოთური ან გეპიდური სიტყვისგან “გეპანტა” – “ზარმაცი”. გეპიდები, გოთებთან ერთად დაიძრნენ სკანდინავიის ნახევარკუნძულიდან მდინარე ვისლის ნაპირამდე. სამი გემიდან ერთ-ერთი, რომელზეც იყვნენ გეპიდები, გზაში შეფერხდა და ნაპირამდე ბოლოს მიცურდა, ამიტომ მათ “ზარმაცები” უწოდეს.
II საუკუნეში, გეპიდები გადმოსახლდნენ სკანდინავიიდან, ბალტიის ზღვის სამხრეთით, საიდანაც განდევნეს ბურგუნდები. შემდეგ მათ დაიწყეს გადაადგილება სამხრეთ-აღმოსავლეთით და 210 წელს დაკიაში დასახლდნენ. გეპიდების გადაადგილებას სამხრეთით ხელმძღვანელობდა მეფე ფასტიდა. მან ბრძოლებით გაატარა თავის ტომი ბურგუნდების მიწებზე და შეხვდა წინააღმდეგობებს, როგორც მდინარე ვისლას სანაპიროებზე, ისე კარპატის მთიანეთში, სადაც მრავალრიცხოვანი ვენეტები სახლობდნენ.
გეპიდების პირველი შეტაკება რომაელებთან მოხდა 269 წელს, სადაც რომის იმპერატორმა კლავდიუს II-მ, ნაისთან ბრძოლაში მთლიანად გაანადგურა გერმანული ტომების გაერთიანება (გოთები, გერულები, პევკინები, გეპიდები), რომლებიც ქვემო მეზიაში, თრაკიასა და მაკედონიაში იყვნენ შემოჭრილები.

იმპერატორ პრობუსის ჯართან შეტაკების შემდეგ, როგორც თავად იმპერატორის ბიოგრაფი მოგვითხრობს, გეპიდების ნაწილი, ვანდალებთან და ოსტგოთებთან ერთად გადასახლდა იმპერიის ტერიტორიაზე, მდინარე დუნაის სამხრეთით. გეპიდების ლაშქრობები ჩრდილოეთ დაკიიდან, დაკავშირებული იყო მათ მისწრაფებაზე სამხრეთისაკენ. გოთებთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ ქალაქ გალტასთან 290 წელს, გეპიდები ისევ იძულებულები გახდნენ თავის სამშობლოს დაბრუნებოდნენ.
გეპიდები – ერთადერთი გერმანული ტომი, რომლებიც აღმოსავლეთით წავიდნენ. ტერიტორიები, რომლებიც გეპიდებმა დაიკავეს მოახერხეს მეფე არდარიხის წყალობით.

გეპიდების სამეფოს საზღვრები, ისტორიკოს იორდანს სამჯერ აქვს აღნიშნული :ერთხელ, როდესაც სკვითიას აღწერდა, მეორედ, როდესაც ძველ დაკიას აღწერდა და იმ მიწების აღწერისას, რომლებიც დროებით ვანდალებს ეკავათ.
გეპიდებს ემეზობლებოდნენ: აღმოსავლეთით – როქსოლანები, დასავლეთით – იაზიგები, ჩრდილოეთით – სარმატები და ბასტარნები. იორდანი მოგვითხრობს, ვანდალების მიერ გეპიდების დროებით დაპყრობაზე და მეზობლებად სულ სხვა ტომებს აღწერს: “აღმოსავლეთით ცხოვრობდა გოთი, დასავლეთით – მარკომანი, ჩრდილოეთით – გერმუნდოლი”.
პროკოპი კესარიელი აღწერს იმას, თუ ზუსტად სად მდებარეობდა გეპიდების სამეფო. გოთებთან გაცლის შემდეგ, მათ დაიკავეს დაკია. შემდეგ მოახერხეს დაეპყროთ სირმიუმის და სინგიდუნუმის მიმდებარე ტერიტორიები და დაიკავეს ეს ქალაქებიც.
პროკოპი წერს გეპიდების შესახებ: “მათ აიღეს ქალაქი სირმიუმი და თითქმის მთელი დაკია”. სირმიუმი მდებარეობს დაკიის საზღვართან, უფრო სწორედ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი დაკიის საზღვარს უერთდება. რაიონები სირმიუმი და სინგიდუნუმი, რომის იპერიისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები იყო დუნაის გადაღმა მცხოვრები ბარბაროსებისაგან თავის დასაცავად. მდინარე დუნაიზე გადიოდა მდინარის მთავარი ფონი, რომლებსაც გეპიდები ფლობდნენ და უზრუნველყოფდნენ რომის იმპერიის მტრების დუნაის მარჯვენა ნაპირზე გადასვლას.

არდარიხი იყო ატილას ახლო მოკავშირე და უფრო მეტიც – მრჩეველი. მან გამოიყვანა თავისი არმია 451 წელს კატალაუნის ველზე, ჰუნების მხარეს. მათი წინამძღოლის გარდაცვალების შემდგომ, არდარიხმა არ ისურვა, რომ მის შვილებს დამორჩილებოდა და გამოიყვანა თავის ტომი და სხვა ტომები ჰუნების წინააღმდეგ. 454 წელს გამარჯვების მომტან ნედაოს ბრძოლაში დაიპყრო ჰუნების მიწები დუნაის მარცხენა სანაპიროზე.
VI-ე საუკუნის დასაწყისში, გარდა უნგრეთისა და რუმინეთისა ისინი ფლობდნენ თანამედროვე სერბეთის ტერიტორიასაც. გეპიდები რომის იმპერიის მოკავშირეები გახდნენ და ასე დარჩნენ VI-ე საუკუნის შუამდე. იორდანე წერს: “და იმ დღის შემდეგ, ეს ტომი იღებდა საჩუქრებს რომის იმპერატორისგან თუმცა იგივე იორდანე მათ უწოდებს: “რომის მოწინააღმდეგეებს” იმ მიზეზით, რომ გეპიდები ლანგობარდების მოსისხლე მტრები იყვნენ, ამ უკანასკნელებს კი კონსტანტინოპოლი უჭერდა მხარს.
567 წელს გეპიდები, რომელთაც მხარს უჭერდათ ბიზანტია, დამარცხდნენ ლანგობარდებისა და ავარების ერთობლივ ძალებთან ბრძოლაში. ავარებმა დაიკავეს გეპიდების სამეფოს ტერიტორიები. გეპიდების სამეფო საბოლოოდ განადგურდა.

სკირები (Skiren, Sciren) — გერმანული ტომი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ გუთების ჯგუფს და თავდაპირველად ცხოვრობდნენ ბალტიის ზღვის ნაპირზე და ვისლას სანაპიროზე კარპატების ჩრდილოეთით; შეუერთდნენ რუგებს და გერულებს, ისინი ძვ.წ II საუკუნეში შავი ზღვისაკენ დაიძრნენ; მიახლოებით 454 წ. ისინი გამოჩნდნენ შუა დუნაიზე და ახლანდელ მორავიაში. როგორც დამოუკიდებელი ტომი, სკირები განადგურდნენ ოსტგოთებთან ბრძოლაში 457—471 წწ.; მათი კვალი დაიკარგა და ისინი სხვა ტომებში გაითქვიფნენ. სკირები ენათესავებოდნენ კიმერიელებს და საუბრობდნენ ენაზე, რომელიც საოცრად გავდა ძველ ირანულს. ითვლება, რომ ეს ტომი სწორედ კიმერიელებს გამოეყო და შემდეგ დაიძრა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპისკენ. სკირებს ნათესაობრივი კავშირი ჰქონდათ ძველ სკვითებთანაც და თავდაპირველად სწორედ მათ ყოფილ ტერიტორიებზე სახლობდნენ. სკირები იბრძოდნენ ჰუნების მეფის, ატილას დროშის ქვეშ და მონაწილეობა მიიღეს კატალაუნის ბრძოლაში 451 წელს. წარმოშობით ნახევრად სკირი გახლდათ ვესტგოთთა ბელადი ოდოაკრი, რომელმაც რომი აიღო 476 წელს.

საქსები (ინგ: Saxons, გერმ: Sachsen) – ჩრდილო-აღმოსავლეთის ჯგუფის ძველგერმანული ტომი. სიტყვა საქსონი მოდის ამ ტომების ერთ-ერთი ძირითადი იარაღის, მოკლე მახვილის, “საქსის” სახელიდან.
საქსები მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ ნიდერლანდში, დღევანდელ ვესტფალიაში, სამხრეთ საქსონიაში, ჰოლშტეინში, მეკლენბურგში და ჩრდილო საქსონურ ანჰალტში. ახ.წ III საუკუნიდან რომაულ ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია საქსონი მეკობრეები, რომლებიც ხშირად ძარცვავდნენ სავაჭრო გემებს და თავს  ესხმოდნენ სანაპიროებს. III-V საუკუნეებში საქსონებმა ანგლებთან და იუტებთან ერთად რომაული ბრიტანეთისკენ აიღეს გეზი, ხოლო მას შემდეგ რაც რომაელებმა საბოლოოდ დატოვეს ეს მიწები, ისინი მასიურად ჩასახლდნენ ინგლისის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე, დღევანდელ საფოლკსა და ნორფოლკში. ცნობილი საქსონელი ბელადები იყვნენ ჰენგისტი და ჰორზა, რომელთაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოახერხეს ფეხის მოკიდება მე-5 საუკუნეში. ბრიტანელ მეფე ვორტიგერნს კი აიძულეს მათთვის მიწები მიეცა. ძველინგლისური ლეგენდების მიხედვით საქსების პირველი შემოჭრა მარცხით დასრულდა და ისინი ბადონის მთასთას იგივე მონს ბადონიკუსთან მეფე არტურმა დაამარცხა, რომელიც მხოლოდ ლეგენდარული პიროვნებაა. მე-6 საუკუნიდან ანგლო-საქსებმა უკვე მაგრად მოიკიდეს ფეხი ინგლისში და აქ თავიანთი სამეფოებიც დაარსეს, რომელთაგან გამოირჩეოდა: კენტი, მერსია, ნორთუმბრია, სასექსი, ვესექსი, აღმოსავლეთ ანგლია. გერმანიაში დარჩენილი საქსონები წარმართები იყვნენ მანამდე, სანამ იმპერატორმა კარლოს დიდმა არ დაიპყრო მათი მიწები და გააქრისტიანა.

ნიკა ხოფერია და ლევან ტავლალაშვილი

თეგები
Close
Close