არქივი

მხატვრული ტანვარჯიში

7927fffc3ce2

ქალთა სპორტის სახეობა. მოიცავს სპორტული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს, საგნით და უსაგნოდ ვარჯიშთა კომპლექსს. ავითარებს მოქნილობას, მოძრაობის კოორდინაციასა და პლასტიკას, სხეულის ფლობის უნარს, ხელს უწყობს საერთო ფიზიკურ მომზადებას, ესთეტიკურ აღზრდას.

მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1963 წლიდან, ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1984-იდან.
მხატვრულმა ტანვარჯიშმა, ისევე როგორც ზოგადად ტანვარჯიშმა, განვითარების გრძელი გზა გამოიარა, სპორტის ცალკე სახეობად კი შედარებით გვიან ჩამოყალიბდა. მისი ფორმირების მნიშვნელოვანი პერიოდი XIX საუკუნის პირველ ნახევარზე მოდის და ცნობილი ფრანგი პედაგოგის, სცენური ჟესტის თეორეტიკოსის ფრანსუა დელსარტის (1811-1871) სახელს უკავშირდება. დელსარტმა დაამუშავა ადამიანის სხეულის მოძრაობათა ემოციური ფორმები და მხატვრული ჟესტის საფუძვლები, 1839 წელს პარიზში გახსნა სცენური გამომსახველობის კურსები. მანვე შემოიღო ტერმინი ”ესთეტიკური ტანვარჯიში”. მხატვრული ტანვარჯიშის ესთეტიკის ფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჟენევის კონსერვატორიის პედაგოგს ემილ ჟაკ დალკროზს (1865-1950). იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სპორტსმენებში მუსიკალურობისა და რიტმის გრძნობის განვითარებას, მოძრაობისა და მუსიკის ჰარმონიულ შერწყმას. დელკროზმა ჩამოაყალიბა ”რიტმული ტანვარჯიშის” საფუძვლები, 1911 წელს კი დრეზდენთან ახლოს, ჰელარაუში, რიტმის ინსტიტუტი გახსნა.

439dd87cdd3c

პირველმა შეჯიბრებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მხატვრული ტანვარჯიშის შემდგომი განვითარება. დროთა განმავლობაში იხვეწებოდა პროგრამა, იცვლებოდა წესები, ფართოვდებოდა გავრცელების არე. სოცბანაკის ქვეყნებს სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის ტანმოვარჯიშეები. 70-იანი წლებიდან ევროპელებთან ერთად შეჯიბრებებში აქტიურად ჩაებნენ ავსტრალიის, ბრაზილიის, მექსიკის, აშშ-ის, კანადის, იაპონიის სპორტსმენები.
სოკის 83-ე სესიამ (მოსკოვი, 1980) მხატვრული ტანვარჯიში ოლიმპიურ სახეობად აღიარა და ლოს-ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანა. პირველი აბსოლუტური ოლიმპიური ჩემპიონის სახელი მოიპოვა კანადელმა ლორი ფანგმა. ატლანტის ოლიმპიადის პროგრამაში პირველად შეიტანეს გუნდური ვარჯიში, რომელშიც ესპანელებმა გაიმარჯვეს.

790dd44b1173

თ ბ ი ლ ი ს შ ი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში თბილისში არსებობდა რიტმული პლასტიკის სტუდია, რომლის ბაზაზეც 1924 წელს შეიქმნა თბილისის რიტმის ინსტიტუტი. აქ უპირატესობას ანიჭებდნენ სცენური ჟესტის ცნობილი ფრანგი თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის, ფრანსუა დელსარტის იდეებს, ვის სახელსაც უკავშირდება ტერმინი ”ესთეტიკური ტანვარჯიში”. მხატვრული ტანვარჯიში სპორტული მიმართულებით 1940-იანი წლების მიწურულს განვითარდა. 1948 წელს თბილისში მოეწყო მეორე საკავშირო დათვალიერება-კონკურსი, თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში კი გაიხსნა მხატვრული ტანვარჯიშის ორი ჯგუფი. ლენინგრადიდან მოიწვიეს ცნობილი ტანმოვარჯიშე და მწვრთნელი იულია შიშკარიოვა, რომელმაც შეადგინა და დანერგა ორიგინალური ვარჯიშები.

შეჯიბრების წესები:

შეჯიბრება ტარდება კვადრატულ 12X12 მ ხალიჩაზე, დარბაზის სიმაღლე მინიმუმ 8 მ უნდა იყოს. ვარჯიში სრულდება მუსიკის თანხლებით. ინდივიდუალური ვარჯიშის დროს გამოიყენება: სახტუნაო, რგოლი, ბურთი, გურზი და ლენტი. სახტუნაო მზადდება კანაფის ან ნებისმიერი სინტეთური მასალისგან. სახელურები არა აქვს, ბოლოებში შეიძლება იყოს გადანასკვული (ხელში უკეთ დასაჭერად). სახტუნაოს სიგრძე სპორტსმენის სიმაღლის პროპორციული უნდა იყოს. რგოლი მზადდება ხის ან პლასტმასისაგან მისი წონაა მინიმუმ 300 გრ, დიამეტრი — 80-90 სმ. ბურთი მზადდება რეზინის ან ნებისმიერი სინთეტიური მასალისაგან, მისი წონაა 400 გრ, დიამეტრი — 18-20 სმ. გურზი მზადდება ხისგან ან ნებისმიერი სინთეტიური მასალისაგან, მისი წონაა 150 გრ,სიგრძე — 40-50 სმ. სატინისგან ან ნებისმიერი სინთეტური მასალისგან დამზადებული ლენტი მაგრდება ჯოხზე, რომლის სიგრძეა 50-60 სმ, კვეთის დიამეტრი _ 1 სმ. ლენტის სიგრძეა 4-6 მ, სიგანე _ 4-6 სმ, წონა — 35 გრ. მხატვრულ ტანვარჯიშში ასპარეზობენ მხოლოდ ქალები. შეჯიბრების პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ვარჯიშებს.

9fe47a32557c

ინდივიდუალური გამოსვლა გრძელდება 75-დან 90 წამამდე, მუსიკას თვით სპორტსმენი ირჩევს. ჯგუფში ერთდროულად გამოდის 5 სპორტსმენი.ჯგუფური გამოსვლა გრძელდება 120-დან 150 წამამდე. ჯგუფი ორჯერ გამოდის: პირველ გამოსვლისას სპორტსმენები ვარჯიშობენ ერთნაირი იარაღით, მეორე გამოსვლისას აქვთ ორი განსხვავებული იარაღი, მაგ: 3 რგოლითა და 2 ბურთით, მსაჯები აფასებენ სპორტსმენთა მოძრაობას – ცალკეული იარაღებით შესრულებული ვარჯიშების სიზუსტეს და მხატვრულ გამომხატველობას. ვარჯიშის მაქსიმალური შეფასება 10 ბალია. საბოლოო გამარჯვებული ვლინდება ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ბალების ჯამით. ტანმოვარჯიშეთა ძირითადი მოძრაობებია: ხტომები და კამარები, წონასწორობის შესანარჩუნებელი ელემენტები, ბრუნები, მოქნილობის გამოსავლენი ელემენტები, გადაადგილების სხვადასხვა ხერხი, მოხვევები და სხეულის ტალღისებური მოძრაობები.

წყარო: sok.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button