არქივი

შუბი

b6676d59027b
გაგრძელებაში ნახავთ სხვადასხვა სახის შუბებს

შუბი – საჩხვლეტი ან საჩეხი გრძელ ტარიანი ცივი იარაღი. შუბი გამოიყენებოდა როგორც
სასროლად ასევე ხელჩართული ბრძოლისთვის. შუბი შედგება ხის ტარისგან და მასზე
დამაგრებული ლითონის ბასრი წვერისგან. პირველი შუბი ძალზედ პრიმიტიული იყო, ის
უბრალოდ წაწვეტებული ხის ჯოხი იყო, თუმცა საუკუნეების მანძილზე შუბი განვითარდა
და სხვადასხვა ტიპებად დაიყო: სასროლი, საჩხვლეტი, საჩხვლეტ-საჩეხი. აქ მინდა
წარმოგიდგინოთ რამდენიმე მათთაგანი, რომლებსაც სხვადასხვა ერი სხვადასხვა ხანაში
იყენებდა:

პილუმი
df7f7da1bc36
პილუმი – სასროლი შუბი, რომელიც რომაული ლეგიონერების აღჭურვილობაში შედიოდა.
გაიუს მარიუსმა პილუმი რომაული ლეგიონის განუყრელ იარაღად აქცია. პილუმი
შედგებოდა ხის ტარისაგან და რკინის წვერისაგან, რომელიც შუბის ტარს უტოლდებოდა.
კეისრის დროს პილუმი სხვადასხვაგვარი არსებობდა, ზოგიერთს რკინის წვერი უფრო
გრძელი ჰქონდა ვიდრე ტარი და ზოგიერთს პირიქით. პილუმის სიგრძე 2 მეტრი იყო, ხოლო
მისი წვერი 60-100 სმ. შუბის წვერის დიამეტრი 7 მმ. შუბის მასა 2-4 კგ.
შეტევამდე ლეგიონერები შუბებს ტყორცნიდნენ და შემდგომ გადადიოდნენ იერიშზე.
პილუმს ისე ძლიერად ისროდნენ, რომ მოწინააღმდეგე ან კვდებოდა ან კიდევ შუბი მის
ფარში ღრმად ესობოდა და მეომარი იძულებული იყო ფარის გარეშე გაეგრძელებინა ბრძოლა.
ხელჩართულ ბრძოლაში პილუმი არ გამოიყენებოდა, მაგრამ ფარსალოსის ბრძოლაში,
კეისრის ბრძანებით, რომაელმა ლეგიონერებმა პომპეუსის კავალერიის წინააღმდეგ
ორიგინალურ ტაქტიკას მიმართეს: ქვეითებმა გამოიყენეს პილუმი, როგორც ჩვეულებრივ
შუბები.

ალებარდი
e2e3e2861021
ალებარდი – საჩხვლეტ-საჩეხი შუბი. ის შედგებოდა ხის ტარისაგან და ლითონის წვერისაგან,
რომლის ქვემოთაც იყო ნაჯახის პირი. შედიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში
XII-XVII საუკუნეებში. მოგვიანებით მას სამხედრო აღლუმებისთვის იყენებდნენ. დღეს
ალებარდი, მხოლოდ ვატიკანის შვეიცარიული გვარდიის შეიარაღებაშია.
ალებარდები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ ძირითადად ფორმით, ზომით და
კაუჭების რაოდენობით. ასევე, არსებობდა ალებარდები, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ
წვერი. კლასიკურ ალებარდს ზემოდან ჰქონდა ვიწრო გალესილი პირი, წინ წაწვეტებული
წვერი და ქვემოდან სამკუთხედი, ოდნავ მოღუნული ნაჯახი. სააბორდაჟო ნაჯახები
გამოირჩეოდნენ უფრო გრძელი კაუჭით და ასევე გრძელი ტარით, რომლის სიგრძეც 3
მეტრამდე აღწევდა.
ალებარდით აღწევდნენ ნებისმიერ ჯავშანში წვერის დახმარებით, ყრიდნენ მხედრებს
ცხენებიდან, აბორდაჟის დროს, ქაჩავდნენ გემებს თავიანთკენ კაუჭის დახმარებით,
აყენებდნენ მოწინააღმდეგეს მჩეხავ დარტყმებს და ა.შ. ალებარდის სიგრძე 2-2,5 მეტრი იყო,
ხოლო მასა 2,5-5,5 კგ. მიუხედავად მისი მრავალმხრივი გამოყენებისა, ალებარდი არც ისე
საიმედო იარაღი იყო. ის ხშირად იჭედებოდა მის მიერ გაჩეხილ ან გახვრეტილ საგნებში და
არც თუ ისე ბასრი იყო.

სარისა
aea71957b33d
სარისა – გრძელი, საჩხვლეტი და დასარტყმელი შუბი. სარისა, ფართო ხმარებაში შემოვიდა
ფილიპე II-ს, ალექსანდრე მაკედონელის მამის მეფობისას. თვითონ სიტყვა “სარისა”
მაკედონურია და როგორც ზოგიერი მკვლევარი მიიჩნევს “შუბის ტარს” ნიშნავს. რომაული
ეპოქის ანტიკური ავტორები, სახელწოდება “სარისას” იყენებდნენ არამარტო გრძელი შუბის,
არამედ სხვა მაკედონური შუბების დასახელებადაც. არიანეს მიხედვით ალექსანდრემ
უახლოესი მეგობარი და სარდალი კლიტოს შავი სარისით მოკლა, რომელიც მცველს
გამოსტაცა ხელიდან, შემდეგ კი მწუხარებაში მყოფმა თავის მოკვლაც ამ შუბით სცადა,
როდესაც სარისა ბოლოთი კედელს მიაყრდნო და წვერზე წამოგებას ცდილობდა.
ანტიკური ავტორები მერყეობდნენ სარისას ზომაზე. Eლიანუს ტაქტიკუსი და პოლიენი
ამტკიცებენ, რომ სარისას სიგრძე 14-16 წყრთა (6,3-7,2 მ) იყო. თუმცა, სხვათა მტკიცებით
სარისას ზომა 10-12 წყრთას (4,5-5,4 მ) აღწევდა.
სარისას ტარი მზადდებოდა შინდის ხისგან. თესალონიკის(სალონიკი) არქეოლოგიურ
მუზეუმში, ინახება სარისას მეტალის ნაწილები: ფოთლის ფორმის შუბის წვერი, შუბის უკანა
ნაწილში მყოფი მყოფი წვერი და ცენტრალური სამაგრი. სარისას დიამეტრი 3,2 სანტიმეტრია,
ხოლო მასა 6,8 კგ. შუბის უკანა ნაწილი წვეტიანი საყრდენი იყო, რომელსაც შეეძლო
დაეზიანებინა ფალანგაში მდგომი თავიანთი ჯარისკაცები და მისი დანიშნულება არ არის
ცნობილი. ითვლება, რომ საყრდენი საჭირო იყო შუბის მიწაში ჩასარჭობად.

ბერდიში
79d0b49a0dcb
ბერდიში – საჩხვლეტ-საჩეხი ნაჯახის ტიპის ცივი იარაღი. მისი ლითონის პირი,
ნახევარმთვარის მსგავსია და გრძელ ტარზეა დამაგრებული.
ბერდიშის მსგავსი კონსტრუქცია, ევროპაში საკმაოდ ადრე გამოჩნდა. რუსებში, ბერდიში XV
საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა. შემდგომ კი საყოველთაოდ გავრცელდა. ის რუსეთში
ევროპული ალებარდის ადგილს იკავებდა, თუმცა ცოტათი სხვა ფუნქციებს ასრულებდა.
გლეხებს ევალებოდათ, ომის შემთხვევაში გადანახული ქონოდათ იარაღი და მათ შორის იყო
ბერდიში. რუსული ბერდიშის პირები სხვადასხვა ფორმის იყო, ის დროის მიხედვით
იცვლებოდა. ადრეულ XVI საუკუნის ბერდიშებს წამახვილებული წვერი და ნაჯახისებრი
ქვედა მხარე ქონდათ. პირის სიგრძე არც თუ დიდი იყო 20-50 სმ. მოგვიანებით XVII საუკუნეში,
პირის ზედა ნაწილმა გაყოფა დაიწყო და უფრო ვიწრო წვერი გახდა. გაიზარდა ასევე პირის
სიგრძეც 60-დან 80 სანტიმეტრამდე. საცერემონიო ბერდიშების პირებს აჩუქურთმებდნენ ან
რთული ნახატებით რთავდნენ: ცალრქიანი ცხენებით, დრაკონებით, ქიმერებით და
სხვადასხვა ყვავილების ორნამენტებით. ბერდიშის სიგრძე 170 სმ იყო და 3 კილოგრამამდე
იწონიდა.
XV საუკუნის ბოლოს, ბერდიში შვედეთში შევიდა. ასევე გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებშიც.
პოლონეთში, როგორც ქვეითთა იარაღი 1674 წლიდან გამოიყენეს. XVIII საუკუნის ბოლოს
ბერდიში ხმარებიდან გამოვიდა.

წყარო: http://www.samxedro-istoria.blogspot.com/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button