საკითხავისასარგებლო

როგორ გავთავისუფლდეთ მონა ლიზას ღიმილისაგან

მონა ლიზას მომაჯადოვებელი ღიმილის საიდუმლოს კარიესი ჰქვია. დიახ, სავარაუდოდ, მას ცუდი კბილები ჰქონდა და ასე მოკრძალებით ამიტომ იღიმის. უფრო მეტიც, შუა საუკუნეების მხატვრობაში ღიმილს პრაქტიკულად ვერსად დაინახავთ, ტილოებიდან მშვიდი და სათნო სახეები შემოგვცქერის. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან კი სილამაზის ახალი სტანდარტი – ფართოდ გაღებული ბაგეები, მკვეთრი, „ჰოლივუდის ღიმილია“.

სტომატოლოგთან წელიწადში ორჯერ ვიზიტი და კბილების სწორად მოვლა, ფაქტობრივად, ქმნის გარანტიას, რომ თქვენ პირის ღრუს დაავადებები ნაკლებად შეგაწუხებთ. ვიზიტებს თავი დავანებოთ და გადავიდეთ კბილების მოვლის იმ ელემენტარულ უნარ-ჩვევებზე, რომლის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტომატოლოგიური დაავადებები, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობას განსაკუთრებით ხშირად აწუხებს, არის – კარიესი, პაროდონტის დაავადებები და მომატებული მგრძნობელობა.თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ არ გამოვიყენებ არც ერთ სამედიცინო ტერმინს, გარდა იმისა, რაც თქვენც უნდა იცოდეთ:

1. პაროდონტი – კბილის და კბილის ირგვლივი იმ ქსოვილების კომპლექსია, რომლებიც ღეჭვითი წნევის გადანაწილებაში მონაწილეობენ. პაროდონტის დაავადებებს განეკუთვნება გინგივიტი (ღრძილების ანთება), პაროდონტიტი, (პაროდონტის ანთება, როცა პაროდონტის ქსოვილების დესტრუქციული ცვლილებები მინდინარეობს. (დესტრუქცია – დაშლა, განადგურება)
2. მინანქარი – ე.წ. კბილის ემალი
3. ბჟენი – პლომბი.

როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი

კბილის ჯაგრისი სტომატოლოგმა უნდა დაგინიშოთ, ნუ მოგერიდებათ, შეახსენოთ. კბილის ჯაგრისები არის მაგარი (ე.წ. hard ), საშუალო (medium) , რბილი (soft) და ძალიან რბილი (extra soft). ჯაგრისი ღრძილების და კბილი მინანქრის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ კბილების მომატებული მგრძნობელობა ( გაელვების მსგავსი ტკივილის შეგრძნება ცივი, ცხელი, მჟავე ან ტკბილი საკვების/სასმელის მიღებისას ), ან სისხლდენა ღრძილებიდან, აუცილებლად რბილი ჯაგრისები უნდა გამოიყენოთ. ამით ტრავმირებული უბნების მეტად გაღიზიანებას და დაზიანებას თავიდან აიცილებთ.

გაითვალისწინეთ, ჯაგრისის სიმაგრე/სიუხეშე მათ ეფექტურობას არ განსაზღვრავს. მთავარი გამოხეხვის სწორი ტექნიკაა. ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული და მაგარი ჯაგრისები რეკომენდებული არაა. ყურადღება მიაქციეთ ჯაგრისს ტარსაც, განივი შემაღლებები უნდა ჰქონდეს, რომ ხელზე არ გაგისრიალდეთ, ამით ლორწოვანს ტრავმული დაზიანებებისგან დაიცავთ.

სასურველია, ჯაგრისის ბოჭკოებს ჰქონდეს სამმომენტიანი განლაგება – სიმაღლე და მიმართულება. მისი სიგრძე 2.5 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს ( პირის ღრუში კომფორტული ნავიგაციისთვის) და რეკომენდებულია, იყოს მომრგვალებული კიდეებით (ისევ და ისევ, ტრავმის თავიდან ასაცილებლად).მაგარი ჯაგრისები რატომ არსებობს, ეშმაკმა იცის.ჯაგრისი სამ თვეში ერთხელ მაინც თუ არ გამოცვლით, თამამად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ პირის ღრუში ბაქტერიების ბუდე შეგაქვთ

როგორ გავიხეხოთ კბილები

კბილების გამოხეხვა ზედა ყბის კბილების ლოყისკენა ზედაპირებით უნდა დავიწყოთ. ჯაგრისი უნდა მოძრაობდეს ზემოდან-ქვემოთ, არავითარ შემთხვევაში ჰორიზონტალურად. შემდეგ გადავალთ საღეჭ ზედაპირებზე, საჭრელ (წინა) კბილებზე და ბოლოს წინა კბილების ‘უკანა’ ზედაპირებზეც ქვედა ყბაზეც იგივეს ვაკეთებთ, ოღონდ წმენდის მიმართულება – ქვემოდან-ზემოთ. ჯაგრისი გამდინარე წყალში უნდა გავრეცხოთ და შევინახოთ, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში – დახურულ სივრცეში. არ მოარგოთ თავსახური და ნუ მოათავსებთ კონტეინერში.

კბილის ჯაგრისი კბილთაშორის სივრცეებში ვერ მოხვდება. ეს კი ის ადგილია, სადაც კარიესი ყველაზე ხშირად ჩნდება. ამიტომ, აუცილებელია, გამოვიყენოთ კბილის ძაფებიც (ე.წ. ფლოსი). სტომატოლოგთან ვიზიტისას ნუ დაგავიწყდებათ და მოგერიდებათ, სთხოვოთ, აგიხსნათ, როგორ გამოიყენოთ კბილის ძაფები, რადგან არასწორი მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება ღრძილის დვრილის ტრავმა, შემდეგ კი ლოკალური გინგივიტი გამოიწვიოთ. ძაფი ძალიან აკურატულად უნდა ჩააყოლოთ კბილის მინანქარს. სპეციალური ძაფები დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოიყენოთ, ისინი ანტისეპტიკური ნივთიერებებითაა გაჟღენთილი, ამიტომ ბებიის წითელ-ყვითელ ძაფებს ნუ დაეძალებით, სინამდვილეში „ფლოსსა“ და ჩვეულებრივ ძაფებს მხოლოდ ვიზუალი და სახელი აერთიანებს.

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა

კბილის პასტას ინდივიდუალურად თუ არ შეირჩევთ, არაფერი გამოვა. ძნელი დასაჯერებელია, ოჯახში, რომელშიც 10-მდე ადამიანი და ერთი კბილის პასტა ბინადრობს, ყველა მათგანის პირის ღრუს მდგომარეობას შეეფერებოდეს.დანიშნულების მიხედვით კბილის პასტები არის სამკურნალო და პროფილაქტიკური. გაითვალისწინეთ, კბილის პასტა სტომატოლოგმა უნდა დანიშნოს!

თუ სტომატოლოგის გეშინიათ და ეს ფობია, საოცარია, მაგრამ ვერც ფსიქოლოგმა დაგაძლევინათ, აწი გაითვალისწინეთ და „საოჯახო კბილის პასტის“ ფენომენი ნელ-ნელა დაასამარეთ. თუ კარიესისკენ გაქვთ მიდრეკილება, ფტორის/ ფტორდების და კალციუმის შემცველი პასტები უნდა გამოიყენოთ. ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის არჩევანი მცენარეების ექსტარქტებით (ექინაცეა, გვირილა რათანაიას, სალბი, პიტნა) ან ქიმიური ინგრედიენტებით (ტრიკლოზანი) გამდიდრებულ პასტებზე უნდა შეაჩეროთ.

იმ შემთხვევაში, თუ კბილების მომატებული მგრძნობელობა გაწუხებთ, არგინინის და კალიუმის შემცველი სამკურნალო კბილის პასტებია მოწოდებული. ეფექტი პასტის პირველივე მოხმარების შემდეგ დგება, რადგან, დენტალური ჰიპერმგძნობელობა დენტინის გაშიშვლებული მილაკების დამსახურებაა. ეს მილაკები ნერვულ დაბოლოებებს უკავშირდება, იქ მოხვედრილი ცივი, ცხელი, მჟავე და ტკბილი საკვები/სასმელი კი ტკივილის შეგრძნებას იწვევს, რომელიც მალევე გადადის. ქიმიური ინგრედიენტები მილაკს პირველივე კონტაქტისას ეცობა და გამღიზიანებლის ეფექტურობას ამცირებს. სრული კურსის განმავლობაში კი გაშიშვლებულ მილაკებს ავსებს და პრობლემაც გვარდება. ე.წ. სენსიტივებს თავისივე სავლები და სპეციალური რბილი ჯაგრისებიც მოჰყვება.

წყარო: netgazeti.ge

და ბოლოს – პირის ღრუს დამაკმაყოფილებელი ჰიგიენური მდგომარეობა ჯანმრთელობის გარანტიაა.

P.S პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემს პროფესიაზე დავდე პოსტი, ვიცი ბევრს გეშინიათ ჩვენი და სტომატოლოგიურ სავარძელს ელექტრო სკამი გირჩევნიათ და არც გამტყუვნებთ. ეს ჩემი ბოლო პოსტია და სექტემბრამდე აქ ვეღარ მოვახერხებ შემოსვლას :( უცნაურელებო ყველანი ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით ♥

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close