არქივი

“წყეული დიდი მხატვარი”

74b44e7d9bd3
გაგრძელებაში პოლ სეზანის ბიოგრაფია…
ed363479d16f
პოლ სეზანის ბიოგრაფია, შესაძლოა, არ იყოს ისეთივე საინტერესო და გამორჩეული, როგორიც მისი თანამედროვე მხატვრების, მაგალითად, ვან გოგის ან გოგენისა. მას არც ეგზოტიკური მოგზაურობა ხიბლავდა, არც ქალები უცდუნებია და არც ფსიქიკის პრობლემებს შეუწუხებია ოდესმე.
პოლ სეზანი 1839 წლის 19 იანვარს საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსში დაიბადა. მამამისი თავიდან შლაპებით ვაჭრობდა, მაგრამ შემდეგ ბანკი “სეზანი და კაბასოლი” დააარსა და სულ მალე ექს-ან-პროვანსის მდიდარ მოქალაქეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი.კოლეჯ ბურბონში, სადაც პროვანსის შეძლებული მოქალაქეების შვილები სწავლობდნენ, პოლი პირველად შეეჩეხა სოციალურ წინააღმდეგობას, – წარჩინებულთა შვილები მასხრად იგდებდნენ ცოტა ხნის წინ გამდიდრებული მექუდის ვაჟს.
825f1f74a891
კოლეჯის შემდეგ პოლი მამის მოთხოვნით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ მალე მიატოვა და ემილ ზოლასთან ერთად პარიზში გაემგზავრა ხელოვნებასთან საზიარებლად, მაგრამ დედაქალაქში თავის დამკვიდრების პირველივე ცდა მარცხით დასრულდა. სეზანი ისევ პროვანსში დაბრუნდა და მამის ბანკში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ხატვა არ მიუტოვებია.1863 წელს ნაპოლეონ III-მ მხატვრებს სალონისგან უარყოფილი ნაწარმოებების გამოფენის ნება დართო. სხვა მხატვრებთან ერთად სეზანმაც წარადგინა თავისი ნამუშევრები “უარყოფილთა სალონში”.
993d5eaaffaa
1877 წელს იმპრესიონისტების მესამე გამოფენაზე პოლ სეზანის ნაწარმოების, ,,მობანავეების” თემის პირველი ნაწილი უმწვავესი კრიტიკის ობიექტად იქცა. ეს ტილო მხატვარს მრავალჯერ ჰქონდა გადამუშავებული. სეზანმა გადაწყვიტა, პარიზულ სახელოვნებო სამყაროს გასცლოდა და ურთიერთობა მხოლოდ პისაროსთან და ზოლასთან შეენარჩუნებინა.1886 წელს ემილ ზოლამ გამოაქვეყნა რომანი ,,შემოქმედება”, რომელიც მეგობრებს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა. რომანის მთავარი გმირის ცხოვრება ძალიან ჰგავს სეზანისას.
007c2d0eb18a
90-იან წლებში, მძიმე ხასიათის გამო, ბევრმა სეზანთან თითქმის გაწყვიტა კავშირი. ურთიერთობა დაეძაბა გოგენსა და ვან გოგთანაც. გოგენს ის ძალიან უყვარდა, მაგრამ სეზანი არც კი მალავდა ღვარძლიან დამოკიდებულებას მხატვრის მიმართ, რომელმაც რამდენიმე მხატვრული იდეის მოპარვაში დაადანაშაულა.კრიტიკოსთა უმეტესობა, მათ შორის – მისი მეგობარი ემილ ზოლაც, სეზანს “წყეულ დიდ მხატვრად” მოიხსენიებდა და ბევრი რამის გამო კიცხავდა, ხელოვანთა დიდი ნაწილი კი მას გამოჩენილ მხატვრად აღიარებდა. ასეთი იყო, მაგალითად, ანრი მატისი, რომელმაც “მობანავეების” სერიის ერთ-ერთი ტილო შეიძინა. ამბობენ, როცა შემოქმედებითი გზის ძებნისას ეჭვი შეიპყრობდა, ეს ტილო მას ეჭვის დაძლევაში ეხმარებოდაო.
4245afef7e4e
კარიერის მიწურულს მხოლოდ ეს აზრი აწუხებდა – მიაღწია თუ არა სრულყოფილებას ხელოვნებაში. სიცოცხლის ბოლოს ფიქრობდა, რომ ვერ მიაღწია იმას, რისკენაც ილტვოდა. პოლ სეზანი 1906 წლის 22 ოქტომბერს გარდაიცვალა.
პიკასო ამბობდა: “სეზანი ჩვენი ერადერთი მასწავლებელი იყო… შეიძლება ითქვას, იგი ყველა ჩვენგანის მამა გახლდათ”. თანამედროვეთაგან უარყოფილმა და მასხრად აგდებულმა სეზანმა უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა. ერთხელ ნაღვლიანად უთქვამს ერთ ახალგაზრდა მხატვართან: ,,როგორც ჩანს, მეტისმეტად ნაადრევად დავიბადე, მე უფრო თქვენი თაობის მხატვარი ვარ”.

წყარო: kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button